„ვფიქრობდი, რა უფრო საშინელი იქნებოდა – შვილების სიკვდილი შიმშილის, თუ ბომბების გამო“ – ზაპოროჟიელი დედის ისტორია
ზაპოროჟიელი ევგენია პირველად 21 წლის ასაკში გახდა დედა. ის ამბობს, რომ ეს გააზრებული გადაწყვეტილება იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე ევგენია ორგზის დედა გახდა.
– უმცროს ვაჟს სამი კვირა შეუსრულდა, როდესაც ომის დაიწყო. მახსოვს, როგორ ვიდექი და ვაჭმევდი, თან ახალ ამბებს ვათვალიერებდი. ზოგიერთ Telegram არხზე წერდნენ, რომ ზაპოროჟიეს აეროპორტი დახურული იქნებოდა დილის 7 საათამდე, მაგრამ მიზეზი არ უთქვამთ. იმ მომენტში ჩვენი სახლის თავზე გამადანგურებელმა გადაიფრინა. ეს ძალიან საშიში იყო. მაშინვე ავტირდი. მეუღლე ოთახში შემოვარდა და მითხრა, რომ ოდესას და კიევს ბომბავენ და ომი დაიწყო.
იმ დღეს უფროსი ქალიშვილი სოფიიკა ავად გახდა. მას უეცრად აუწია სიცხემ, ხოლო სახლში სიცხის დამწევი არ მქონდა.
– მეუღლემ ყველა აფთიაქი შემოირბინა, ყველა რიგში დადგა, მაგრამ საჭირო პრეპარატი აღარ იყო. მან რაღაც სიროფი მოიტანა, რომელიც საერთოდ არ მოქმედებდა. ძველებური მეთოდის გამოყენება მომიწია, დავზილე, რომ ტემპერატურა ჩამომეგდო, შემდეგ კი, პატარასთან გავრბოდი და ვაჭმევდი. როდესაც ბავშვები ავადმყოფობენ, ყოველთვის რთულია, მაგრამ ახლა თან ომიც იყო.
ევგენია ჰყვება, რომ ის გამგზავრებას არ გეგმავდა, ვინაიდან ვაჟი ძალიან პატარა იყო. ბევრი რამის ეშინოდა: მაგალითად, როგორ უნდა მოქცეულიყო, თუკი ის გზაში ავად გახდებოდა ან რძე გაუშრებოდა?
– პრიორიტეტი იყო, ლაქტაცია შემენარჩუნებინა. სტრესი, ახალი ამბები და პროდუქტების დეფიციტი ამას ხელს არ უწყობდა. მეორე სირთულე, რასაც ჩვენ გადავაწყდით, ეს პირველ დღეებში ნაღდი ფულის უქონლობა იყო. ზოგიერთი მაღაზია უარს აცხადებდა ბარათით გადახდის მიღებაზე, ხოლო ქაღალდის ფული არსად იყო. პამპერსის ყიდვაც კი არ შეგვეძლო.
ომის მომდევნო დღეები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. იყო მოღრუბლული და ცივი ამინდები, საღამოობით კი, სირენები და შინაგანი მღელვარება ირთვებოდა.
– ომის პირველ დღეებში უმცროსი შვილი ღამით თან მეწვინა. მე ვგეგმავდი, როგორ დამეფარა ბავშვი ანასხლეტებისგან, თუკი ახლოს ბომბი ჩამოვარდებოდა. გვერდზე ოთახში ქალიშვილს ეძინა, რომელიც ჯერ 8 წლისაც არ არის. მე კი ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის იქ მარტო იყო. ხანდახან ძალიან პესიმისტური ფიქრებიც მოდიოდა. მაგალითად, ვმსჯელობდი, რა უფრო საშინელება იქნებოდა: ბავშვების შიმშილით თუ ბომბებისგან დაღუპვა.
პატარა ბიჭუნა სირენების ხმაზე კი არა, საერთო მღელვარების გამო ეღვიძებოდა ხოლმე. ის თითქოს ჰაერში იგრძნობოდა. თავიდან ქალიშვილის დამშვიდებას ყველა ცდილობდა, თითქოს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. დედასა და შვილს შორის კი სერიოზული საუბარი შედგა.
„ერთხელ სოფიიკასთან მივედი, რომ ღამე მშვიდობისა მესურვებინა, მან კი მკითხა:
– დედა, ჩვენს ქვეყანაში ომია?
– კი.
– სიმართლე მინდა გითხრა: დე, მე ძალიან მეშინია!
გვერდით ვეჯექი და ცრემლები მომდიოდა. მე არ შემეძლო მისი მოტყუება, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა და სიმართლე ვუთხარი:
– შვილო, მეც ძალიან მეშინია.
ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩვენთვის, ორივესთვის.
რა თქმა უნდა, ის ღელავდა, ტიროდა, მაგრამ ჩვენ მას ბანქოს თამაში ვასწავლეთ.
მე ძალიან ბევრი ფაზლი და სამაგიდო თამაში შევუკვეთე. ჩვენ ვცდილობთ, ყურადღება გადავიტანოთ. ჩვენ გავერთიანდით, ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად, რაზეც აქამდე არც გვიოცნებია! მე ჩემთვის ბევრი დასკვნა გამოვიტანე. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა კი ის არის, რომ დედობაში მთავარია, არ დანებდე. მთავარია, ჩანდეს, რომ შენ კარგად დგახარ და არ ნებდები. შენ, უბრალოდ, დედა არ უნდა იყო – უნდა იყო მეომარი!“