„უკრაინელმა ჯარისკაცებმა ყველაფერი მშვიდობიან მოსახლეობას დაუთმეს“ – „აზოვსტალის“ თავშესაფარში გადარჩენილების ისტორია
„ვინც მარიუპოლიდან გამოდიოდა, ამბობდა, რომ იქ ჯოჯოხეთია, ხოლო „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კიდევ უარესი. რა შეიძლება იყოს ჯოჯოხეთზე უარესი, მაგრამ ის არსებობს და ამ ციხესიმაგრეს „აზოვსტალი“ ჰქვია“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
24 თებერვლამდე მარიუპოლი ლამაზი და პროგრესული ქალაქი იყო აზოვის ზღვის სანაპიროზე. სანამ ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი ნელ-ნელა კვდებოდა, მარიუპოლი ყვაოდა. 2 თვეზე მეტია, რუსეთი ქალაქს ანადგურებს. მათ ათასობით მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, სახლები დაანგრიეს.
მარიუპოლი სრულიად ბლოკირებულია ოკუპანტების მიერ. უკანასკნელ ციხესიმაგრედ რჩება „აზვოსტალის“ ქარხანა, სადაც „აზოვის“ მებრძოლებს, საზღვაო ქვეითებთან ერთად, პოზიციები დღემდე უჭირავთ და არ აქვთ საშუალება გამოვიდნენ ან დაჭრილი მეომრების ევაკუაცია მოახდინონ.
გასულ კვირას „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო – სამშაბათს ზაპოროჟიეში მანქანების პირველი კოლონები ჩავიდა ადამიანებით, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე თავდასხმას გადაურჩნენ.
ვოვა, 14 წლის, „აზოვსტალიდან“ დედასთან და ძმასთან ერთად წამოვიდა
„მამამ „აზოვსტალში“ მიგვიყვანა. მისი თქმით, ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში მზეც კი არ გვინახავს.
მამა სამხედროა, ის იქ დარჩა. მინდა გადავცე, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს და უფრო ფრთხილად იყოს.
შვრიას ჩენჩოსთან ერთად ვჭამდით, რომლის ჭამაც არ შეიძლება. კაცები მეზობელ კორპუსში დარბოდნენ და სიცოცხლის რისკის ფასად გვიმზადებდნენ საჭმელს. სამხედროებს თავიანთი საჭმელი მოჰქონდათ ჩვენთვის, რათა შიმშილისგან არ დავხოცილიყავით.
ჩვენმა სამხედროებმა გამოგვიყვანეს „აზოვსტალიდან“, შემდეგ გადაგვცეს რუს სამხედროებს. ჩვენ მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოგვატარეს.
შემდეგ ბანაკში დაგვასახლეს, ღამე კარვებში გავათიეთ და წავედით ბერდიანსკში. ბანაკში რომ მივყავდით, ქალებს ხდიდნენ, ყველას თითები დაუსკანერეს, გადაუღეს, ტელეფონები შეუმოწმეს.“
ელინა, 54 წლის, წამოვიდა მეუღლესთან, შვილთან და სიძესთან ერთად
„მე „აზოვსტალის“ კომბინატში ვმუშაობდი, იმავე შენობაში, სადაც თავშესაფარი გვქონდა. თავშესაფარი ჩვენ 100%-ით არ გვიცავდა. თუკი პირდაპირი დარტყმა მოხდებოდა, ყველაფერი ჩამოინგრეოდა და ჩვენც დავიღუპებოდით. ჩვენ უბრალოდ დავიმარხებოდით და ეს ყველაზე საშიში იყო. ჩვენზე არაფერი იყო დამოკიდებული.
ყოველი ღამე ღმერთისადმი ლოცვით ვწვებოდი: „ღმერთო, გთხოვ, ააცილე ყველა ბომბი ჩვენს თავშესაფარს. ჩვენ მაინც ნუ მოგვხვდება. გადაგვარჩინე“. მე ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილი გადარჩენილიყო. ერთიც და მეორეც. ვლოცულობდი, რომ ჩვენი ერი არ განადგურებულიყო.
მე არ ვიცი, რა ბედი ეწია 82 წლის დედაჩემს. როდესაც მას ვურეკავდი, რომ თავშესაფარში წამოსულიყო, მიპასუხებდა: „ელია, ნუ პანიკიორობ. რატომ ღელავ? არაფერი არ მოხდება. მას არ მისცემენ ამის უფლებას“. დედა ჟურნალისტად მუშაობდა სსრკ-ში და დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში.
ჩვენი სახლების ფოტოები ვნახეთ. ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ისინი. სამხედროები იყვნენ მოსული და კადრები გვაჩვენეს. ქალიშვილმა თავიდან არაფერი არ მითხრა, რომ არ ავნერვიულებულიყავი. მერე, მხოლოდ 30 აპრილს მომიყვა, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვრჩა, რომ ჩვენ ყველაფერი დაგვეწვა.
ჩვენ არ გვაქვს სახლი და არსებობის საშუალება. ჩვენ უბრალოდ შევეგუეთ ამას.
სამხედროები იშვიათად მოდიოდნენ. მოდიოდნენ და ბავშვებისთვის საჭმელს გვაძლევდნენ, რადგან დიდებს შიმშილი შეგვიძლია, ბავშვებს კი – არა.
თავშესაფარში გვყავდა 4 წლის ბიჭი. ის სულ ამბობდა: „დედიკო, მშია!“ დედა კი ამბობდა, რომ ის სახლში ასე ბევრს არ ჭამდა, აქ კი გამუდმებით საჭმელს ითხოვს. დედა მას ეუბნებოდა: „შენ ხომ არ გიყვარს ეს?“, ის კი პასუხობდა: „მე მიყვარს, ყველაფერი მიყვარს“.
აი, როდესაც ჩვენი გაყვანა დაიწყეს… გახსოვთ ფილმი „2012“? როდესაც იქ ყველაფერი დაინგრა და აპოკალიფსი დადგა? აი, ეს არის აპოკალიფსი, სრულიად ბუნებრივი აპოკალიფსი!
იყო ცხრასართულიანი შენობა.. კედლები იდგა… მაგრამ შუაგული უბრალოდ არ ჰქონდა… ან ყველაფერი დამწვარი იყო. ჩვენი ბინები უბრალოდ გაშავებული იყო.
რუსები საკვებს არიგებდნენ – ერთი თვის მარაგს და ჰიგიენის საშუალებებს. სამი დღე უნდა მდგარიყავი რიგში, რათა ეს მიგეღო. მე მათი დანახვა არ შემეძლო. როდესაც თავშესაფარში ვიჯექით, ვამბობდი, რომ ღმერთმა არ ქნას, რუსეთში მოგვიწიოს წასვლა, იმ წუთშივე დამიჭერდნენ, როგორც კი პირს გავაღებდი.
მე მივეჩვიე, რომ უკრაინაში თავისუფლად ვსაუბრობ, თავისუფლად ვაზროვნებ. კი, ხანდახან ზედმეტსაც ვლაპარაკობ, მაგრამ მე მივეჩვიე ამას. იქ ამის გაკეთება არ შეძლება.
იცი, კიდევ რა იყო საშინელი? ჩაგვსვეს, წაგვიყვანეს, გზა, დაახლოებით, ვიცოდი… და მე ვხედავ, რომ ჩვენ მივდივართ ტაგანროგის გზატკეცილის გასწვრივ და არა პორტ-სიტის მიმართულებით. მეშინოდა, რომ რუსეთში წამიყვანეს. არ ვიცოდი, რომ ფილტრაციის ბანაკში მივყავდით. მთელი გზა ვტიროდი.
შემდეგ კი, როცა ზაპოროჟიეს ავტობუსები დავინახე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ჩვენთან ავტობუსში დაჭრილები არ ყოფილან. ჩვენმა სამხედროებმა თქვეს, თუ თქვენთან ერთად ვიქნებით, საფრთხეში ჩაგაგდებთო.
ერთხელ თავშესაფრიდან გადმოგვიყვანეს დაჭრილებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. თქვეს, რომ მსუბუქად დაჭრილებს იქ დაასახლებდნენ. ეს „მსუბუქად დაჭრილები“ ვნახე. ხელები არ ჰქონდათ. იქ ჭრილობიდან ძვლები ჩანდა. არც წამლები აქვთ, არც სახვევები.
სამხედროები მოვიდნენ და იკითხეს, რა სჭირდებოდათ სამოქალაქო პირებს. მე ასთმა მაწუხებს. თავიდან ვთქვი, რომ ინჰალატორი მჭირდებოდა. მოიტანეს. და მერე ვფიქრობ: „სულელო! რატომ იღებ, თუ მათ არ აქვთ?” მე ვამბობ: „არ მინდა, დაუტოვეთ ეს სამხედროებს!”. ისინი კი ამბობენ: „არა, არა, იყოს.” თურმე, მათ ყველაფერი მშვიდობიან მოსახლეობას დაუთმეს.“