„ბავშვებისთვის რომ წერო, ბავშვად გადაქცევა უნდა შეგეძლოს“ – მწერალი, წინაპართა ნაცქერი სივრცეების მონატრებით და ოკუპანტების მიერ გავლებულ საზღვართან ამოსული ყაყაჩოების სევდით

საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში დაიბადა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მუშაობდა გამომცემლობა ნაკადულში“; იყო „სალიტერტურო გაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი; გაზეთ „შარავანდის“ პასუხისმგებელი რედაქტორი;
გაზეთ რაეოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; ჟურნალ მახარობლის“ მთავარი რედაქტორი; გამომცემლობა „საუნჯის“ რედაქტორი.
მისი ლექსები, მოთხრობები, საბავშვო ნაწარმოებები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევები იბეჭდება ქართულ სალიტერატურო, საზოგადოებრივ და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში.
არის ლიტერატურული კონკურსის – „პენ-მარათონის“ ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის – „ერთგულების“ სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურული კონკურსის – „ემიგრანტის წერილის“ გამარჯვებული პროზაში, საბავშვო ლექსების კონკურსის – „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული (პირველი ადგილი), იაკობ გოგებაშვილისა და საგურამოს პრემიების ლაურეატი...
გამოცემული აქვს მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, საბავშვო წიგნები და ისტორიული გამოკვლევები. – მწერლისა და მკვლევრის, გივი ჩიღვინაძის პერსონა.

– საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში დაიბადეთ…  ბავშვობიდან წერდით ლექსებს…
– ბავშვობა ჩემს სოფელში, მოხვაში, გავატარე და ბედნიერი ვარ ამით. სანამ ქალაქისაკენ გამოვემართებოდი, მუდამ მთებში, ტყეებსა და მინდვრებში დავდიოდი  –  ხან საქონელს ვმწყევსავდი, ხან ვთევზაობდი, ხან ვთიბავდი, ხან სოკოს ვაგროვებდი, ხან თანატოლებთან ვთამაშობდი, ხან ვნადირობდი, ხანაც იდუმალი უღრანების წიაღში სულ მარტოდმარტო დავხეტიალობდი და ჩემთვის უცნობ ადგილებს ვნახულობდი (დღესაც ჩემს მთებსა და ტყეებში სიარული ყველაფერს მირჩევნია)… ბავშვობა ოქროს ხანაა, ისაა ყველაფრის საფუძველი და თუ რამე დამიწერია, ბავშვობაშია მისი სათავე, იქიდან მოვდივარ, იქიდან ვიწყები – ჩემი სოფლიდან, ჩემი მთებიდან და ტყეებიდან…
პირველი ლექსი მგონი თორმეტი წლისამ დავწერე, სიყვარულზე არა, ზამთრისპირის სურათი დავხატე. თუმცა შეყვარებულიც ვიყავი უკვე. მერე ხანდახან ვწერდი, ზოგჯერ გამოვაჩენდი ხოლმე კიდეც. ამ საქმეს უფრო სტუდენტობისას მოვკიდე ხელი, თუმცა დაბეჭდვას არ ვჩქარობდი. ბოლოს პირველი ლექსები გამოვაქვეყნე ჟურნალ „ცისკარში“…
– ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით… რით იყო საინტერესო სტუდენტობა?
– სტუდენტობა ტკბილად მაგონდება, ჩემთან ძირითადად გოგონები სწავლობდნენ და ულამაზესი თანაკურსელებით ვიყავი გარემოცული.
ეს დრო იმითაა გამორჩეული, რომ ცოდნა მივიღე, რაც დღეს ჩემი ცხოვრების საფუძველია. ამ დროს მუდამ შეუცნობელისკენ სწრაფვა ახლდა, რაც მეტს წავიკითხავდი, უფრო მეტი ინტერესი ჩნდებოდა და ასე, ძიებაში მიდიოდა სტუდენტობის წლები. მყავდნენ ბრწყინვალე ლექტორები, ზოგიერთ მათგანს ბოლოს დავუახლოვდი კიდეც და დღესაც მაქვს ურთიერთობა.
– სხვადასხვა დროს მუშაობდით როგორც ლიტერატურულ, ისე სხვა პროფილის გამოცემებში: გამომცემლობა „ნაკადულში“, იყავით – „სალიტერატურო  გაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი; გაზეთ „შარავანდის“ პასუხისმგებელი რედაქტორი; გაზეთ „რაეოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; ჟურნალ „მახარობლის“ მთავარი რედაქტორი; გამომცემლობა „საუნჯის“ რედაქტორი… საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალია…
რას გაიხსენებთ ამ წლებიდან, თქვენი საგამომცემლო-ჟურნალისტური საქმიანობიდან?  ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– პირველად გამომცემლობა „ნაკადულში“ დავიწყე მუშაობა. ვახტანგ ჭელიძემ მიმიღო სამსახურში, ასე ვთქვათ, პირდაპირ ქუჩიდან მისული ახალგაზრდა, მისი ყურადღება არც მერე მომკლებია. გამომცემლობაში ბევრი წიგნი გამოდიოდა, ეს საქმე ჩემად ჩავთვალე და ხალისით ვმუშაობდი, იქვე ბევრი მწერალი და ღირსეული ადამიანი გავიცანი. გარკვეული კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში გამომცემლობის სხვა დირექტორებმა თუ თანამშრომლებმა – იორამ ქემერტელიძემ, ოთარ ჭელიძემ, ანზორ აბულაშვილმა, მინდია არაბულმა და სხვებმა. „ნაკადულის“ შემდეგ სხვადასხვა გამომცემლობასა და რედაქციაში ვმუშაობდი, დღესაც გამომცემლობაში ვარ…
– წერთ ლექსებს და მოთხრობებს…   შთაგონება გჭირდებათ მუშაობისას?
– რა თქმა უნდა, რაღაც შთაგონება მოდის და მას მოჰყვება რაიმეს დაწერის სურვილი. ვწერ ძალიან თავისუფლად, ლაღად, თითქოს თამაშ-თამაშით. ჩემი შემოქმედების წყარო გარკვეულწილად მონატრებაა – წარსულის, ბავშვობის, გარდასული ადამიანების, ჩემი მთა-ტყეების…
– ზოგჯერ ლექსი ან მოთხრობა   საინტერესო ამბის შთაგონებით იწერება…
– არ ვიცი, რა მოგაჩვენოთ საინტერესოდ. მაგალითად, ლექსი „სიზმარი”, რომელიც მამას ეძღვნება, მართლაც სწორედ სიზმრის გამოძახილია. რაც ვნახე, მხოლოდ ის გადმოვეცი ლექსის სტრიქონებით, არაფერი დამიმატებია.
მაქვს ლექსი – „მოხვური სკივრები“. ერთხელ მეცხრამეტე საუკუნის ერთ რუსულ ჟურნალში ვნახე უნიკალური მასალა. საჩხერელი მასწავლებელი ყარამან ჩხეიძე წერდა, რომ სოფელ მოხვის მცხოვრებლები სკივრების კეთებაში იყვნენ დახელოვნებული, რომლებიც შემდეგ საჩხერის ბაზარზე გაჰქონდათ და თითქმის ნახევარი იმერეთი ჩვენი სკივრებით მარაგდებოდა. სკივრი მაშინ მთავარ სამზითვო ავეჯს წარმოადგენდა და ესე იგი, ნახევარზე მეტი იმერელი ქალიშვილი მოხვური სკივრებით მზითვდებოდა. ეს ცნობა რომ უფრო ახლოს მიმეტანა ხალხთან, რომ ბევრს გაეგო, ამ ამბავზე ლექსი დავწერე და ყველას მოსწონს დღესაც.
მაქვს ლექსი „ყაყაჩოები ქართლის ველებზე”… რამდენიმე წლის წინათ მე და ჩემი მეგობარი მწერლები სოფელ ნიქოზში ვიყავით. გაზაფხული იყო და ქართლის მინდვრები ყაყაჩოებით იყო გადაწითლებული. სკოლაში მივედით, ბავშვებს ახალი წიგნები მივუტანეთ და შეხვედრა გავმართეთ. იქვე ოკუპანტების მიერ ახლად გავლებული საზღვარია და ქართლის მშვენიერი მინდვრები იმ საზღვრით თითქოს წელზეა გადაჭრილი. ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, ისეთი სევდა შემომაწვა გულზე, უკან დაბრუნებულმა დავწერე ლექსი.
– მრავალი საბავშვო ლექსის და მოთხრობის ავტორი ხართ… ბავშვებისთვის იოლი არ უნდა იყოს წერა…
– ბავშვებისათვის წერა მართლაც არაა ადვილი. უბრალოდ ბავშვად გადაქცევა უნდა და სამოქმედო სივრცის წარმოდგენა, სადაც ჩვენებური მცენარეები, ცხოველები თუ ფრინველები იქნებიან. ასეთი სივრცეები მე ჩემი ბავშვობიდან მომყვება. მერე ამ სივრცეში ბავშვებისათვის საინტერესო მოქმედებები უნდა განავითარო და… კიდევ უნდა რაღაც, განსაკუთრებული მადლი, თუ სიყვარული, რაც საბავშვო ნაწარმოებს გაწერინებს.
მე ყველა ჩემი ნაწარმოები მიყვარს, გამორჩეულები კი ისინია, რომლებიც ბავშვებმა შეიყვარეს, განსაკუთრებით ლექსების ციკლი – „თოვლიანი ტყის ამბები”, საბავშვო ანბანთქება, წიგნი „მზე შინა და მზე გარეთა”, სადაც ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებებია ბავშვებისათვის აღწერილი. ასევე ახლად გამოსული „რითმოცანების წიგნი” და სხვები.
– დღეს კომპიუტერმა ბავშვი წიგნს მოსწყვიტა… ალბათ გიფიქრიათ ამაზეც… როგორ შევაყვაროთ მათ კითხვა?
– გეთანხმებით, ძალიან ძნელია კომპიუტერის მიტოვება და წიგნის ხელში აღება. ვფიქრობ, საბავშვო წიგნები გარეგნულად ძალიან ლამაზი, ფერადი ნახატებით ილუსტრირებული უნდა იყოს, რომ პატარას თვალი გაექცეს მისკენ. მერე თუ აიღო და წაიკითხა, წიგნი თავად შეაყვარებს თავს. ჰოდა, თუ ბავშვობაში გაიგო კითხვის გემო, მერე მუდამ ეყვარება.
–  ამბობთ, რომ თბილისში დიდხანს გაჩერება არ შეგიძლიათ… რა გიზიდავთ სოფლად?
– სოფლად მიზიდავს მშობლიური სახლი, კარ-მიდამო, ჩემი მთები და ტყეები. ბავშვობის მოგონებები, რომლებიც ნეტარებასავით გაიელვებს ხოლმე, იქ უფრო რეალური ხდება..
– „და იკარგება შორი სოფელი – ვაზი, ვაშლები, მსხლები, შინდები – რომელსაც ისე ვემშვიდობებით, როგორც ჩამოშლილ ბუდეს ჩიტები. სადღა იქნება გამოსავალი, ამ ქვეყნის საშველს ვინღა მოძებნის?! – გაიფოთლება ერდოსთან სევდა ობმოდებული დედაბოძების“… – თქვენი ლექსიდანაა… როგორ ვუშველოთ სოფელს?
– ეჰ, ეს ძალიან ძნელი საქმეა. პირველ რიგში, ალბათ მაინც მიწის სიყვარულმა, მოვალეობის გრძნობამ, წინაპართა დანატოვარის ერთგულებამ უნდა გადაარჩინოს სოფელი. მე მგონია, რომ ურბანულ ურჩხულად გადაქცეულ თბილისში, სადაც უამრავი ერთმანეთზე მიდგმული კორპუსი ხალხით შეივსება, სუნთქვაც კი გაჭირდება და ხალხის უმეტესობა რეგიონებს, მშობლიურ ადგილებს მიაშურებს. იქნებ ამან მაინც უშველოს სოფელს.
– მკვლევარი ხართ… „წინაპართა ნაცქერი სივრცეები“ (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევები (2021 წ.); „ჩვენი ჯრუჭის მონასტერი“ (2021)… როგორ შეიქმნა ეს წიგნები? კიდევ უნდა ველოდოთ ახალ წიგნს…
– ძალიან მიზიდავს მშობლიური ადგილების წარსულის კვლევა. ჯრუჭის მონასტერი ჩემი სოფლის ახლოს მდებარეობს. იგი თავად წერეთლებს ეკუთვნოდა. მისი ისტორია მრავალმა უცხოელმა თუ ქართველმა მეცნიერმა გამოიკვლია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა ჯრუჭის მონასტერს ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელიც მოგვიანებით გამოიცა. მიუხედავად ამისა, ჩვენი წარსულის ამ უდიდესი კულტურული, საეკლესიო და ისტორიული ძეგლის კვლევა მაინც გრძელდება. მასზე უამრავი ისტორიული საბუთი არსებობს ჩვენს არქივებში. ეს ძეგლი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. მეც ვზრუნავდი მის აღდგენაზე და პარალელურად ისტორიასაც ვიკვლევდი.
მოვალედაც მიმაჩნია თავი, რადგან ჩემი გვარი ამ მონასტერს ეკუთვნოდა, საეკლესიო გლეხები ვიყავით. ვთვლი, რომ ამ საქმიანობაში ღმერთმაც შემიწყო ხელი. წილად მხვდა პატივი, მე აღმომეჩინა და შემესწავლა ჯრუჭის მონასტრის უძველესი ლაპიდარული წარწერა, რომელსაც მონასტრის დანგრევის შემდეგ გადაეცალა კირის ფენა.
დიდი ფიქრის შემდეგ მე ავხსენი ტოპონიმ „ჯრუჭის“ მნიშვნელობა. შევისყიდე და დავაბრუნე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ჯრუჭის მონასტრის პირველი, უნიკალური, საუკეთესო ფოტოები, რომლებიც 150 წელი იდო აღნიშნული მუზეუმის საცავში ისე, რომ არავის უნახავს.
დღეს მონასტრის მთავარი ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ჩემი წიგნის სრული ტირაჟიც მალე გამოვა მაღაზიებში, რომელშიც ზემოთ აღნიშნულის გარდა სხვა მრავალი საკითხია განხილული.
მეორე წიგნში – „წინაპართა ნაცქერი სივრცეები” წარმოდგენილია ნარკვევები რაჭის ქედსა და მის ორივე მხარეს არსებული ისტორიული ძეგლების, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების, სოფლების, წარსულის მოვლენებისა და ადამიანების შესახებ.
მაქვს გამოკვლევა საჩხერეში არსებული უმნიშვნელოვანესი ძეგლის – „მოდინახეს ციხის“ შესახებ. ამასთან, შევკრიბე მისდამი მიძღვნილი ისტორიული თუ ლიტერატურული მასალები და ძალიან საინტერესო კრებული გამოდის. ეს წიგნიც მალე დაიბეჭდება..
– ჰობი…
– ჰობად შეიძლება რამდენიმე რამ წარმოვიდგენო. მაგალითად, მთებში სიარული, ვაზის ჯიშებისა და ღვინოების კოლექციის შეგროვება.
– ერთი ლექსი…
– ახლა სოფელში ვარ და სიამით ვუყურებ გაზაფხულის ამწვანებულ ქედებს. ჰოდა, ამიტომ ლექსსაც გაზაფხულზე შემოგთავაზებთ.

გაზაფხულის ამინდი

მზიანი ქედის ფონზე მიდიხარ
და ყვავილები ნამით ნამული
ამკობს სიჩუმეს… ხშირად ვიკითხავ,
მოწყენილი ხარ, თუ სინანულით
ხვდები გაზაფხულს, ფიქრს რომ აგიშლის,
რომ გიხალისებს ზოგჯერ ბუნებას,
აღარ შეგაკრთობს ხმები ქარიშხლის,
რომელიც მუდამ გედიდგულება
და იის სურნელს, ვით მონატრებას,
წავიღებ საგზლად შენი სულიდან,
დაგელოდები ძველ მონასტერთან,
ჩაივლის წლები და წარსულიდან
წამოგვეწევა სხივი ფერებად…
დღეთა ჩქერებს კი დრო მიაქანებს
და თუკი ახლა არ მემღერება,
სევდას ხომ ვატან ამ ნიავ-ქარებს!..

გივი ჩიღვინაძე

– რას ფიქრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე?
– ღმერთმა მშვიდობა მისცეს უკრაინელ ხალხს, საქართველოს და მსოფლიოს. ქვეყნის ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ხალხის წინაშე. ეს უნდა ესმოდეს ყველას…
– ბევრი პრემიის და პრიზის მფლობელი ხართ. რომელს გამოარჩევდით და რატომ?
– მე მგონი, არც ისე ბევრის. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მათგან იაკობ გოგებაშვილის პრემიას, საგურამოს პრემიას და საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდებას…
– სამომავლო გეგმები…
– მე აქ არ მისაუბრია ჩემს მოთხრობებზე, რომლებსაც თავისი მკითხველი ჰყავს და მეც ძალიან ვაფასებ, როგორც ჩემი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ორი პროზაული კრებული მაქვს გამოცემული, რომლებიც უკვე აღარსად აღარაა. მათი გამოცემის შემდეგ კიდევ დამიგროვდა მოთხრობები, რომლებიც სხვადასხვა გამოცემაში დაიბეჭდა. წელს მინდა მოთხრობების სრული კრებულის გამოცემა. მინდა ასევე დროზე გამოვიდეს  ზემოთ ნახსენები „მოდინახეს ციხე“ . უკვე დამიგროვდა ახალი საბავშვო ლექსები, რომლებიც საუკეთესოდ მეჩვენება ჩემს საყმაწვილო ნაწარმოებში. ასე რომ, ვცდილობ, ახალი საბავშვო წიგნიც გამოვცე.
ბოლოს კი მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს რედაქციას, თანამედროვე ავტორების წარმოჩენისათვის…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები