დაიბადა თბილისში. 2008-2020 წლებში სწავლობდა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში”. საქართველოს ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია.
ამბობს, რომ ბავშვობიდან ბოდიბილდერობაზე ოცნებობდა და ამ ოცნების ასასრულებად ყველაფერს აკეთებდა. სხვადასხვა დროს სწავლასთან ერთად კურიერადაც მუშაობდა, რომ სპორტში წარმატებების მისაღწევად საჭირო თანხა ჰქონოდა.
არის საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაციის და ნაკრების წევრი.
2018-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო ბოდიბლდინგში, კატეგორია ,,მენს-ფიზიკში” საქართველოს ღია ჩემპიონატში.
ამჟამად სწავლობს და აქტიურად ვარჯიშობს ბოდიბილდინგში. მაისში მონაწილეობს საქართველოს ღია ჩემპიონატში და სერიოზულად ემზადება. ჩვენს რამდენიმე კითხვით მივმართეთ ამ მონდომებულ, სპორტზე შეყვარებულ ახალგაზრდას. – ლექსო ბოსტაშვილის პერსონა.
– ბავშვობა დადებითად მახსოვს, ყოველთვის ბოდიბილდერობაზე ვოცნებობდი, რადგან ამ სპორტში განსაკუთრებით იდგა თავისუფლების სუნი.
მეათე კლასში საქართველოს ჩემპიონატისთვის მოვემზადე და სცენაზეც დავდექი იმავე წელს, რთული იყო სწავლასთან შეთავსება, მაგრამ შეუძლებელი არ ყოფილა.
– ჯერ კიდევ სკოლაში სწავლასთან ერთად მუშაობდით… საკუთარი შრომით ოჯახს ეხმარებოდით…
– ძალიან რთული, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო ეს წლები, რომ სირთულე შეუმჩნეველი ხდებოდა, რაც მთავარია, ჩემს ამბიციებს სპორტში მუშაობა და ფინანსები სჭირდებოდა და სჭირდება დღესაც…
– რატომ გადაწყვიტეთ ბოდიბილდინგი და არა ვთქვათ, სპორტის სხვა სახეობა?
– ბოდიბილდინგი ყველაზე ესთეტიკური და ჩემი ხასიათის სპორტი იყო და არის, სადაც სპორტსმენები იმ სულისკვეთებას ავლენენ, რითაც მე ვარ შეპყრობილი…
– ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობთ... როგორ უთავსებდით სწავლას და ვარჯიშს?
– უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ცხოვრებაში, შენი ასაკის ადამიანებთან დროის გატარება აუცილებელი მგონია თინეიჯერის განვითარებაში, სამწუხაროდ, სპორტმა წელს უკვე ძალიან დიდი დრო და შრომა მოითხოვა ჩემი მხრიდან, ამიტომ უნივერსიტეტისთვის მომიწია ცოტა დროის მოკლება და ჩემს სპორტზე გადართვა…
ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ და თან სამომავლოდ მიზნად დავისახე, რომ თუ ჩემით დაინტერესდებიან ცნობილი სარეკლამო სააგენტოები, მათი სარეკლამო სახე გავხდე…
– „ვოლტის“ რეკლამაში გადაგიღეს… ერთხანს „ვოლტში“ მუშაობდით კიდეც… რა იყო ამ წლებიდან საინტერესო?
– „ვოლტში“ უამრავი უმაგრესი მეგობარი შევიძინე და დღემდე მიხარია „ვოლტის“ არსებობა ჩემს ცხოვრებაში, რადგან იმედი მაქვს, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მექნება აპლიკაცია, სადაც შრომით შევძლებ შესაბამისი ფულის შოვნას ჩემი მიზნებისთვის…
– 2018-2019 წლებში მონაწილეობდით საქართველოს ღია ჩემპიონატში ბოდიბლდინგში, კატეგორია „მენს-ფიზიკში”… რა მოგცათ ამ ჩემპიონატმა?
– უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ახლა ჩემს ბევრად მაღალი დონის მზადებაში ვიყენებ. ვიცი, როგორ რეაგირებს ჩემი ორგანიზმი დიეტის დროს სხვადასხვა ნივთიერებაზე და, შესაბამისად, ვუთავსებ ჩემს მზადებას ამ ნივთიერებებს….
– საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაციის და ნაკრების წევრი ხართ… რას იტყოდით ჩვენთან სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე? რა პრობლემები ექმნებათ სპორტსმენებს?
– ჩვენი სპორტი ამჟამად საშინელ დღეშია, უამრავი ათლეტი ვერ ახერხებს მომზადებას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და კერძო სექტორის მინიმალური რესურსის არსებობის გამო, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყაროა ყველა განვითარებულ ქვეყანაში ჩვენი სპორტისთვის…
– ჰობი…
– ჩემი ჰობი მუსიკაა… ამჟამად ვსწავლობ დიჯეინგსა და პროდიუსინგს. რა თქმა უნდა, სპორტი მაფერხებს, მთელი ღამით მუსიკალურ აპარატთან ვიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონს გარეთ აუცილებლად მოვახერხებ მუსიკალურ საქმიანობაში განვითარებას…
– როგორ ემზადებით საქართველოს ღია ჩემპიონატისთვის, რომელიც მაისში გაიმართება…
– საქართველოს ღია ჩემპიონატისათვის მზადება ძალიან რთულია, მაგრამ ემოციებითაა სავსე, არის ნერვიულობა ფორმის გაფუჭებაზე, შეკავებული წყალი ხანდახან ცხიმის გვგონია ხოლმე, მაგრამ ყოველ დილით ვრწმუნდები პროგრესში…
ბოდიბილდინგში ჩემი ტიტულოვანი მწვრთნელი, ტატო ჯოგლიძე ჩემთვის უდიდესი მოტივატორია, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას ასეთი დიდი თანადგომისათვის… ტატო მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემ მიერ არჩეულ გზაზე მყარად ვიდგე, განვაგრძო პროგრესი და მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ…
– რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ?
– ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სპორტის ამ სახეობაში, ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, წარმოაჩენს თუ არა ეს სპორტი მათ ხასიათს, ჩასწვდნენ ბოდიბილდინგის სულისკვეთებას და გამოცდილი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყონ პროგრესირება…
თამარ შაიშმელაშვილი