„მშვიდობის მტრედის“ კომპოზიციის ასაწყობად თეთრი ფერის ვიოლა გამოვიყენე“ – ომი უკრაინაში და ხელოვნებათმცოდნის ორიგინალური ხელნაკეთი აქსესუარები

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, მუშაობ ხელოვნების მასწავლებლად და ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
პანდემიის დროს აქტიურად დაიწყო ხელნაკეთი ნივთების კეთება. ამზადებ აქსესურებს, გულსაკიდებსა და საყურეებს. ყველაზე მეტად კი ბუნებრივად გამშრალი მცენარეების და ყვავილების კომპოზიციების შექმნით დაინტერესდა. ამ ბოლო დროს უკრაინის თემაზე შექმნილი ნამუშევრებით მიიპყრო ყურადღება. – ეთო ივანელაშვილის პერსონა.
– ხატვა ბავშვობიდანვე მიტაცებდა და რამდენიმე წელი  კიდეც დავდიოდი ხატვაზე. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ფსიქოლოგია შემესწავლა, თუმცა მალევე შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება და ხელოვნებათმცოდნეობაზე გადავედი. პროფესიის დაუფლების დროს ძალიან გამიმართლა და შემხვდნენ საუკეთესო პროფესიონალი ლექტორები, რომლებმაც შემაყვარეს ხელოვნების ისტორია და ჩემი პროფესია.
მუშაობ ხელოვნების მასწავლებლად და ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში...
– სტუდენტობიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სახელოვნებო პროექტში, თუმცა პირველი პროფესიული გამოცდილება  გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების კვლევით ცენტრში მივიღე, სადაც სტაჟიორად ვიმუშავე.
2017 წლიდან გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში  საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერად ვმუშაობ და ვცდილობ, სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობით გავაცნო მომავალ თაობას, ჩვენი ქართული მწერლობის და ლიტერატურის  კულტურული მემკვიდრეობა.
სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით ვცდილობ, მოსწავლეებისთვის  ჩემი საგნის შეყვარებას.
პანდემიის დროს  აქტიურად დაიწყეხელნაკეთი ნივთების კეთება… ამბობთ, რომ ყველაზე მეტად ბუნებრივად გამშრალი მცენარეებისა და ყვავილების კომპოზიციების შექმნით დაინტერესდით…
– ზოგადად, მცენარეები ძალიან მიყვარს და პანდემიის დროს აქტიურად ვიყავი დაკავებული მათი მოვლით. ამან ერთგვარი ბიძგი მომცა, რომ დამეწყო ყვავილების გაშრობა და ჰერბარიუმების გაკეთება. თუმცა სურვილი  დიდი იყო, მაგრამ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან იმ მცენარის გაშრობასაც ცოდნა სჭირდება. ამიტომ დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და შესწავლა.
პირველი ნამუშევარი ჩემთვის საცდელად გავაკეთე, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე, უფრო მეტი განსხვავებული კომპოზიციის შექმნა ყვავილებით. რაც მთავარია, ძალიან სასიამოვნო საკეთებელია ჩემთვის.
მარტში შეუერთდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას უნიმარკეტზე, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაიმართა. რა წარადგინეთ საქველმოქმედო გამოფენაზე და როგორი მოწონება დაიმსახურა?
– თავად ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო, რომ  ილიაუნიმ ასეთი არაჩვეულებრივი საქველმოქმედო ღონისძიება დაგეგმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ამიტომ მივიღე მათი ინიციატივა და ჩემი ხელნაკეთი აქსესუარებით შევუერთდი ამ ღონისძიებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი მქონდა  გამშრალი ყვავილებით შექმნილი გულსაკიდები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
HerbalArt-ჰერბალ არტი – თქვენს გვერდზე არის ბუნებრივად გამშრალი ყვავილებით დამზადებული აქსესუარები, გულსაკიდები, საყურეები… რომელ ყვავილს ანიჭებთ უპირატესობას?
– მე თვითნასწავლი ვარ ამ საქმიანობაში, თავად დამოუკიდებლად სხვადასხვა სოციალური ქსელის და ვიდეოპორტალის დახმარებით ვისწავლე ის ტექნიკა, რომელსაც ვიყენებ  ნამუშევრების შესაქმნელად. თავად ვჭრი სხვადასხვა ფორმისა და ზომის მინებს, ვათავსებ ბუნებრივად გამშრალ ყვავილებს, რომელსაც მე ვაშრობ და ტიფანის ტექნიკით ვუკეთებ მეტალის კარკასს.
გამორჩეული ყვავილი არ მაქვს, თუმცა მინდვრის ყვავილებით უფრო კარგი კომპოზიციები გამოდის.
– როგორ შეიქმნა  – მშვიდობის მტრედი უკრაინის დროშის ფერებით“? რომელი ყვავილები გამოიყენეთ?
– რაც უკრაინის ომი დაიწყო, მსურდა რაღაც განსხვავებულის შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა უკრაინის მოვლენებთან, ასე შეიქმნა „მშვიდობის მტრედი”, რომელიც ყველაზე რთული ნამუშევარი გამოვიდა, 4 საათი დამჭირდა ამ კომპოზიციის ასაწყობად და საკმაოდ რთული ტექნიკაც გამოვიყენე. ნამუშევარში გამოყენებულია თეთრი ფერის ვიოლა. იმედი მაქვს, ეს ომი მალე დასრულდება და უკრაინელი ხალხი დიდ გამარჯვებას იზეიმებს.
– ჰობი…
– ერთი კონკრეტული ჰობი არ მაქვს, ბევრი რამ მაინტერესებს. ჩემი ხელნაკეთი ნივთებიც ჩემი ერთ-ერთი ჰობია.
– ოჯახი… როგორ გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?
– ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც აქტიურად მეხმარებიან ჩემს ახალ წამოწყებაში. ჩემი კოლეგები მამარაგებენ ნაირ-ნაირი ყვავილებით და მცენარეებით, რომლებსაც ვაშრობ და ვქმნი მშვენიერ ნამუშევრებს.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს პროფესიულ საქმიანობას და ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ერთმანეთთან?
–  საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, გამოვნახო დრო ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრებისთვის. უფრო მეტად საღამოს საათებში მიწევს მუშაობა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა, რომ აქტიურად მივიღო მონაწილეობა თბილისურ საკვირაო ღონისძიებებში, შევქმნა უფრო მეტი საინტერესო ნამუშევარი  და ფართო საზოგადოებას  ჩემი ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო გავაცნო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები