„გულს ჟანგბადივით აკლია ჩემი სოფელი“ – სტომატოლოგი და პოეტი, კესანეების სიმშვენიერისა და უბრალოების განცდით

სამაჩაბლოში დაიბადა და გაიზარდა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა. ძარწემის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტზე სტომატოლოგიის სპეციალობით განაგრძო სწავლა, სტუდენტობის პერიოდშიც  მრავალი ლექსი დაიწერა.
ახლახან მისი პირველი კრებულის  – „არ დამივიწყო, კესანე“ წარდგენა  გაიმართა.
ამბობს, რომ ექიმობაც და პოეტობაც სულიერ სიფაქიზეს საჭიროებს.  სხვაგვარად  ვერც ერთგან  იქნები სრულფასოვანი და ვერც მეორეგანო. – სტომატოლოგის და პოეტის თამარ გოგიძის პერსონა.

– სამაჩაბლოში დაიბადეთ… როდის დაიწერა პირველი ლექსი? რატომ აირჩიეთ სტომატოლოგობა?
– დავიბადე სამაჩაბლოს ულამაზეს სოფელ ძარწემში. მამას წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის ეკონომიკის  ფაკულტეტი. დედა  პედაგოგია და ამავე სოფლის მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. მყავს ოთხი და. მშობლებმა ბავშვობიდან ჩაგვინერგეს წიგნის სიყვარული.
წარჩინებით დავამთავრე სოფელ ძარწემის საშუალო სკოლა და ასევე – სამედიცინო ფაკულტეტი სტომატოლოგიის სპეციალობით, თუმცა მედიცინის სხვა სპეციალობებიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
პირველი ლექსი დავწერე ოთხი წლის ასაკში. სკოლის პერიოდში ვწერდი უმეტესად ბოლო კლასებში და შემდგომ, სტუდენტობის წლებში. ლექსის წერა ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალებაცაა,  მოდის თავისით და სიცარიელეს მივსებს, რომელიც სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული.
– როგორი დაგამახსოვრდათ ძარწემი ომამდე?
– ძარწემი ომამდე ულამაზესი ბუნებით შემკული იყო. იქ დამრჩა ლაღი ბავშვობა, ტკბილი მოგონებები და ჰაერი. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, იქ რომ ვსუნთქავდი, ახლა ვეღარსად ვსუნთქავ ისეთ ჟანგბადს… გულს ჟანგბადივით აკლია ჩემი სოფელი.
– სტუდენტობა და შემოქმედება… სტომატოლოგიურზე სწავლობდით… თან სწავლობდით, თან წერდით?
– სტუდენტობა ძალიან დატვირთული მქონდა. ვიყავი ფრიადოსანი სტუდენტი და ეს დიდ შრომას მოითხოვდა.. ამ დროს ლექსის წერა იყო განტვირთვის საშუალება ჩემთვის.
– „არ დამივიწყო, კესანე“ – თქვენი პირველი კრებულია…
–  პირველი კრებულია, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც დაიბეჭდა. რედაქტორი გახლავთ  ნიჭიერი პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, ქალბატონი ირინა ხურციძე, რომელიც ემიგრაციაშია.
ტექნიკური რედაქტორი – უნიჭიერესი ქალბატონი რუსუდან მიქენაია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ წიგნი შთამბეჭდავი და ხარისხიანი გამოსულიყო.
ნახატი ეკუთვნის სამაჩაბლოს ნიჭიერ წარმომადგენელს ნინი ჯახველაძეს, რომელიც ჯერ კიდევ მოსწავლეა.
წიგნის სათაური გადამაწყვეტინა კესანეს სიყვარულმა და მისმა შინაგანმა არსმა – კესანე არის ჩემთვის ყველაზე მშვენიერი ყვავილი ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. მასში ვხედავ უბრალოებას, რომელიც ყველაზე დიდი მშვენიერებაა…
უბრალოებაა სწორედ ძლიერი სიყვარულის, არდავიწყებისა და ერთგულების საწინდარი, რაც ჩემს თითოეულ ლექსშია ჩაქსოვილი…
– სტომატოლოგი და პოეტი – როგორ წერთ?
– თუ სულში პოეზია გინთია, პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ექიმობაც და პოეტობაც სულიერ სიფაქიზეს საჭიროებს.  სხვაგვარად ვერც ერთი იქნები სრულფასოვნად და ვერც მეორე.
მუზა მომდის დიდი სულიერი ტკივილის ან დიდი სიხარულის დროს, როდესაც შეგრძნებები გამძაფრებულია, ან სულაც ლამაზი, კლასიკური მუსიკის მოსმენისას, ბუნების პეიზაჟის ყურებისას, მუზები ლივლივა  ტალღებივით იწყებენ ჩემკენ მოდინებას…
ტუდენტობისას ბევრი ლექსი დავწერე და შემდეგ ვხევდი. ერთ-ერთ აუდიტორიაში დავწერე შესვენებისას და ლექციის ბოლოს დავკუჭე და იქვე დავტოვე. ჩემს მეგობარს გაუშლია ნაწერი, მომიტანა და მთხოვა, არ გადამეგდო. დღეს ეს ლექსი ჩემს კრებულშია და ძალიან მომწონს.
– თქვენი ოჯახი დევნილია სამაჩაბლოდან. თქვენი აზრი, როგორ  უნდა მოგვარდეს ურთიერთობები, რომ დავბრუნდეთ მშობლიურ მხარეში?
– ვფიქრობ, არსებულ რეალობაში დაბრუნების იმედი მცირეა. თუმცა  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმერთისთვის“…
მხოლოდ უფლის რწმენა და ქრისტესმიერი სიყვარული, ერთობა დაგვაბრუნებს.
– როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოეტი?
– ნამდვილი პოეტი არ უნდა იყოს ამბიციური. უნდა ჰქონდეს საკუთარი ლამაზი სამყარო და არ ეძებდეს სხვისას..
– რა განცდა გაქვთ წარდგენის შემდეგ?
– ყოველ ჯერზე, როცა ლექსის წერას ვასრულებ, გულწრფელად ვფიქრობ,  მეტი რა უნდა დავწერო… მაგრამ ჩემი წიგნის ნახევარი ასეთი აზრით დავწერე… თუმცა მაქვს ხოლმე პაუზები. ნამდვილად არ ვიცი, კიდევ რამდენს დავწერ, ჩემზე არაა დამოკიდებული, უფალი მადლს თუ კიდევ მომცემს და ჩამთვლის ღირსად, დავწერ.
– ოჯახი… ალბათ სიყვარულით შექმენით. გვიამბეთ მეუღლეზე, შვილებზე… რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
– უსიყვარულოდ სრულფასოვანი სიცოცხლე წარმოუდგენლად მიმაჩნია. მყავს ორი პატარა გოგონა – 6 წლის მარიამი და 2 წლის ქეთევანი. მარიამმა უკვე გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი და მისი პატარა ლექსები ჩემი წიგნის ერთ გვერდზეა წარმოდგენილი.
ჩემი კრებული მეუღლის თანადგომით გამოვიდა და თითოეული ლექსის დაწერისას მორალურად მიდგას მხარში. ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრი ლექსის დაწერას ნამდვილად ვერ შევძლებდი.
სიყვარული თავად ღმერთიაო, ამბობენ და ვეთანხმები. როდესაც გიყვარს, გაქვს რწმენა, რომ შეუძლებლის გაკეთებასაც შეძლებ და თან –  დიდი სიამოვნებით..
– ჰობი…
– ჰობი – ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს კლასიკური ნაწარმოებების მოსმენა და კულინარია, – როდესაც ჩემს პატარებს გემრიელ ნუგბარს ვუმზადებ.
– ერთი ლექსი…

* * *

რომ არ მიყვარდეს, როგორ დავწერ მზით გამთბარ ლექსებს,
როგორ შევიგრძნობ გაზაფხულზე ატმის დაკვირტვას..
რომ არ მიყვარდეს, გული ფეთქვას როგორღა შეძლებს,
ან, ამ ცხოვრების ორომტრიალს როგორ აიტანს..
რომ არ უყვარდეს, გულს რად უნდა მაშინ სიცოცხლე..
ან რა მადლი აქვს უგრძნობელად ანთებულ სანთელს!
უსიყვარულოდ გული წრფელად როგორ ილოცებს,
ან, ვის სიცოცხლეს შესთხოვს უფალს, რომ არ უყვარდეს!
რომ არ მიყვარდე, გული ვეღარ გათბება წრფელი,
არც ამღერება მოუნდება სულში იადონს.
მაგ თვალებიდან წამოსული სხივები შენი,
რომ არ მათბობდნენ, მერე რაღამ გამამზიანოს..
რომ არ მიყვარდეს,-ვემსგავსები უმთვარო ღამეს,
ღრუბლიან ზეცას, წყურვილისგან ჩამომჭკნარ ვარდებს..
რომელთაც მხოლოდ მზის სხივები ვერ გააცოცხლებს…
მწყურვალ პლანეტას ვემსგავსები,
რომ არ მიყვარდეს!

– სამომავლოდ…
– ვგეგმავ, უფრო აქტიურად ჩავერთო სამედიცინო საქმიანობაში.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები