„რუსმა ჯარისკაცებმა ჩემი მეუღლე მოკლეს, მე კი – გამაუპატიურეს“
უკრაინის ჯარის მიერ გათავისუფლებულ კიევის რაიონებში ბევრი ადამიანია, რომელიც, ალბათ, ვეღარასდროს შეძლებს რეაბილიტაციას გადატანილი სისასტიკის შემდეგ. BBC-ის კორესპონდენტი ქალებს შეხვდა, რომლებიც რუსი ჯარისკაცების მსხვერპლნი გახდნენ და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნიათ.
„50 წლის ანას (სახელი შეცვლილია) ჩვენ წყნარი სოფლის რაიონში შევხვდით, კიევიდან 70 კილომეტრში. 7 მარტს მასთან და მის მეუღლესთან სახლში შეაიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსაც რუსი ჯარისკაცის ფორმა ეცვა.
„იარაღის მუქარით, მან მეზობელ სახლში წამიყვანა და მიბრძანა: „გაიხადე ან მოგკლავო“, შემდეგ კი, ჩემი გაუპატიურება დაიწყო“, – იხსენებს აცრემლებული ქალი.
ანა თავდამსხმელს „კადიროველს“ უწოდებს – ახალგაზრდა, გამხდარი მებრძოლი.
„სანამ ის მე მაუპატიურებდა, კიდევ ოთხი ჯარისკაცი შემოვიდა. მეგონა, რომ მომკლავდნენ, მაგრამ მათ ის გაიყვანეს. მეტჯერ მე ის არ მინახავს“, – ამბობს ანა.
ის ფიქრობს, რომ მისი გადამრჩენელი ჯარისკაცები სხვა დანაყოფიდან იყვნენ. სახლში დაბრუნებულმა თავისი მეუღლე დაჭრილი ნახა. როდესაც ის ანას დასახმარებლად აპირებდა წასვლას, სხვა ჯარისკაცმა მუცლის არეში დაჭრა. მუდმივი აფეთქებებისა და სროლის გამო, ანამ მეუღლის საავადმყოფოში წაყვანა ვერ შეძლო და ორი დღის შემდეგ მამაკაცი დაიღუპა.
თავისი ისტორიის მოყოლისას ანა გამუდმებით ტირის. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც – ადგილს მაჩვენებს, სადაც თავისი მეუღლე დამარხა. ჯერჯერობით, საფლავს, რომელიც თვითონ ამოთხარა მეზობლების დახმარებით, საფლავის ქვა არ აქვს.
ანას თქმით, მასთან ახლა კავშირზე არიან ადგილობრივი საავადმყოფოს თანამშრომლები და ისინი ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
სამხედროები, რომლებმაც ის მოძალადისგან იხსნეს, მის სახლში რამდენიმე დღე გაჩერდნენ. იარაღის მუქარით, ისინი მოკლული მეუღლის ნივთებს სთხოვდნენ. უცნაურად იქცეოდნენ, თითქოს, მთვრალები იყვნენ. როდესაც წავიდნენ, ანამ იპოვა მათ მიერ დატოვებული დიმედროლი, წებო და კიდევ რაღაც-რაღაცები.
„ისინი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათგან უმრავლესობა მკვლელი, მოძალადე და მაროდიორია. ნორმალური იქ ცოტაა“, – დარწმუნებულია ქალი.
ანასთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი საშინელი ისტორია გავიგეთ. მეზობლების თქმით, ანას გაუპატიურებამდე იმავე ჯარისკაცმა ერთ-ერთ მეზობელ სახლში მცხოვრები, დაახლოებით, 40 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი საკუთარი სახლიდან გაიყვანეს, მეზობლის ცარიელ სახლში გააუპატიურეს და სასტიკად მოკლეს. საძინებელი, რომელიც ლამაზად იყო გაფორმებული, ახლა დანაშაულის ადგილია. ლეიბსა და საბნებზე სისხლის დიდი ლაქებია. კუთხეში სარკე დგას, რომელზეც ტუჩსაცხით წერია: „ნაწამებია უცნობი ადამიანების მიერ. დაკრძალულია რუსი ჯარისკაცების მიერ“.
სხვა მეზობელი, სახელად ოქსანა, ამბობს, რომ წარწერა სარკეზე სხვა რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს. მათ ქალი უკვე მოკლული იპოვეს და მისი ცხედარი მიწას მიაბარეს.
„ამ სამხედროებმა მითხრეს, რომ ის გააუპატიურეს, მერე ყელი გამოჭრეს და გულში გაუყარეს დანა – ის სისხლის დაკარგვისგან დაიღუპა. ამბობდნენ, რომ ბევრი სისხლი იყო“, – იხსენებს ოქსანა.
საფლავი მისი სახლის ეზოში ამოთხარეს. ჩვენი მისვლიდან მომდევნო დღეს იქ მივიდნენ პოლიციელები და დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს ექსპერტიზისთვის. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ტანისამოსი არ ეცვა.
კიევის რაიონული პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებატოვი კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ჰყვება, რომელსაც მისი თანამშრომელბი იძიებენ. სოფლის განაპირას ცხოვრობდა სამწევრიანი ოჯახი: 35 წლამდე ცოლ-ქმარი და ბავშვი.
„9 მარტს მათთან რამდენიმე რუსი ჯარისკაცი შეიჭრა. მამაკაცი ცოლისა და შვილის დაცვას ცდილობდა, ამიტომ ის გამოიყვანეს ეზოში და მოკლეს. ამის შემდეგ რამდენჯერმე გააუპატიურეს მისი ცოლი. თითქოს, შემდეგ უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ისევ ბრუნდებოდნენ და ყოველ ჯერზე აუპატიურებდნენ.
ქალი შეაშინეს, დაემუქრნენ, თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, შვილს მოუკლავდნენ. ბავშვზე გამო, ის ხმასაც არ იღებდა“, – ამბობს ნებიტოვი.
ქალმა ბავშვთან ერთად გაქცევა მოახერხა და პოლიციამდე მივიდა. თანამშრომლებმა მისი ჩვენება ჩაიწერეს. შემდეგ წავიდნენ სახლში სამხილების მოსაპოვებლად, მაგრად სახლი აღარ დახვდათ. მხოლოდ აგურებიღა დარჩა.