სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გაეროს სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტის(UNECE) წევრებს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის მიმდინარეობა გააცნო
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა გაეროს სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტის (UNECE) სარკინიგზო ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის 78-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე – “სარკინიგზო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესება”, სააგენტოს დირექტორმა, მოწვეული სპიკერის რანგში, სესიის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის ასპექტები და მიმდინარეობა გააცნო.
„პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ რეფორმის 1-ელი ფაზის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულ სარკინიგზო სისტემას გარდავქმნით თანამედროვე, გამჭვირვალე კანონმდებლობაზე დაფუძნებულ, ევროპულ სისტემად, რამაც დამსწრეთა შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის შედეგად სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ეფექტურობის გაზრდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხელს შეუწყობს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციის გაგრძელებისთვის”, – განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა.
პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, თურქეთი) ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციების მიმოხილვას, მათ შორის ე.წ. შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის ჭრილში. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, სახმელეთო ტრანსპორტის (საავტომობილო/სარკინიგზო)გავლით ტვირთბრუნვის მოცულობამ ჯამურად 21 მლნ. ტონა შეადგინა, საიდანაც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის წილი დაახლოებით 44%-ია (9.25 მლნ. ტონა). სარკინიგზო ტრანსპორტის წილის ამ მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად აჭარბებს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) 1947 წელს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) მიერ დაფუძნდა. UNECE-ს მთავარი მისია პან-ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობაა. კომისია აერთიანებს 56 სახელმწიფოს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებიდან. საქართველო 1993 წლის 30 ივლისიდან UNECE-ს წევრია.