„რექტორის კაბინეტში შვიდი სტუდენტი შეგვიყვანეს და გარიცხვით გვემუქრებოდნენ“  – 1978 წლის 14 აპრილი პედაგოგის და მხატვრის ცხოვრებაში და  უცნაურობა „განაქარვე ნაღველის“ ხატისა, რომლის ათივე ვარიანტი გაჩუქდა…   

ზეინაბ ბუაჩიძე შვილიშვილებთან ერთად

ბავშვობიდან უყვარდა მხატვრობა და ისტორია. აუსრულდა ორივე სურვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, პარალელურად კი მეორად ფაკულტეტზე ფერწერას ეუფლებოდა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაიწყო მუშაობა. თან სახვით ხელოვნებას ასწავლიდა სკოლაში. ამჟამად  ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის ისტორიის და ხელოვნების პედაგოგია.
ხატავს, გალობს, წერს ლექსებს, მოთხრობებს, ქმნის ხატწერის ნიმუშებს..
ავტორია წიგნისა „გზა გოლგოთისა“, რომელიც აერთიანებს მოთხრობებ საქარველოს ისტორიიდან, ლირიკულ პროზა და ლექსებს. ასევე არის „ხარაგაულის ქრონიკების“ თანაავტორი.
1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეს 45 წლის გადასახედიდან საინტერესოდ ახსენდება ის ხანა და მომავალ  თაობებსაც  აძლევს სასარგებლო რჩევებს. – პედაგოგისა და მხატვრის, ზეინაბ ბუაჩიძის პერსონა.  

 ხარაგაულში გაატარეთ ბავშვობა…   მხატვრობა და ისტორიკოსობა გინდოდათ…
– დავიბადე ბორჯომში, 5 წლამდე მზრდიდა ბებო. შემდეგ მშობლებმა ხარაგაულში გადმომიყვანეს. სამი წლიდან დავიწყე ხატვა. მეექვსე კლასში ეგვიპტური კულტურის შესწავლამ გააღვივა ჩემში ისტორიის სიყვარული.
ბავშვობის მოგონებებიდან შემომრჩა ბორჯომი,  მისი მშვენიერი ხედები.
– სტუდენტობა… ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდით, პარალელურად ფერწერას აუფლებოდით…

ზეინაბ ბუაჩიძე (შუაში)

– 1976-81 წლებში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. დღის მეორე ნახევარში კი – ამ სასწავლებლის მეორად ფაკულტეტზე ვეუფლებოდი ფერწერას. ეს იყო ბედნიერი წლები.
მახსენდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრება, მისი ქადაგებები ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, ღამის თევები სიონში, სააღდგომო ლიტურგიების დროს. იქ ხშირად ვხედავდი ზვიად გამსახურდიას, რომელიც ოჯახთან ერთად მოდიოდა. მახსენდება ჩემი ლექტორები, რომელთა შორის ჩემთვის გამორჩეული იყო აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე. მახსენდება პრაქტიკული სამუშაოები სამთავროს ველზე, ბაგინეთში, აკადემიკოს  ანდრია აფაქიძესთან და მრავალი სხვა.
– მასწავლებლობს არ აპირებდით, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაინც მოგიწიათ სახვითი ხელოვნების მასწავლებლობამ…
– 1981 წელს მუშაობა დავიწყე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. პარალელურად სახვით ხელოვნებას ვასწავლიდი სკოლაში. გარკვეული დროის შემდეგ მომიხდა სკოლიდან წამოსვლა. დამეწყო ნოსტალგია ბავშვების მიმართ, დავტოვე მუზეუმი და გადავედი სკოლაში. ამჟამად ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის ისტორიის და ხელოვნების პედაგოგი ვარ.
– გალობთ, ხატავთ, ხატწერას ქმნით… ხარაგაულის მფარველი ღვთისმშობელიხარაგულის ეკლესიის სამლოცველოშია  დაბრძანებული. ალბათ თქვენი ოჯახის ტრაგედიამ ჩაგაღრმავათ სულში, როცა ხატებს წერთ…
– განსაცდელის ჟამს ჩემი ერთადერთი ნუგეში  ეკლესია იყო. გალობა და ხატწერა იმიტომ დავიწყე, რომ გამომეხატა ჩემი მადლიერება ყოვლად წმინდა სამების მიმართ. ყველაზე მეტჯერ ღმრთისმშობლის ხატი მაქვს დაწერილი. „განაქარვე ნაღველის“ ხატი 10-ჯერ მაინც დავწერე და ყველა საჩუქრად დავარიგე. ის თითქოს ჩემთან არ ჩერდება…
ბოლო ნამუშევარი, რომელიც შევიდა წიგნში „გზა გოლგოთისა“, ახლახან ვაჩუქე წიგნის „ხარაგაულის ქრონიკების“ დიზაინერს. დავით აღმაშენებლის ხატი კი სპეციალურად დავუწერე ექიმ – ანდროლოგ დავით ოთხმეზურს, რომელმაც ჩემს ოჯახს დიდი სიკეთე გაუკეთა.
– 14 აპრილი მოახლოვდა. თქვენ იყავით 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის მონაწილე… ეს მართლაც საამაყოა… რას გაიხსენებთ 45 წლის თავზე?

14 აპრილის დემონსტრაციის მონაწილე თანაკურსელებთან ერთად

– ეს იყო 1978 წლის 14 აპრილი. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. გამიმართლა, რომ ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარი იყო თამარ ჩხეიძე, იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის ლიდერი.
მახსენდება დემონსტრაციის წინა დღეები, შევადგინეთ საპროტესტო პეტიცია ხელმოწერებით, რომელიც გავაგზავნეთ  მოსკოვის  საკონსტიტუციო კომისიაში. ხელმოწერები უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე შეგროვდა. ამან შეაშფოთა მთელი რექტორატი და მასთან არსებული „კაგებეს“ განყოფილება.
რექტორის კაბინეტში შვიდი სტუდენტი შეგვიყვანეს, ხელმოწერებს გვთხოვდნენ, გარიცხვით გვემუქრებოდნენ… მეორე დღეს კი გამოსვლები დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ  ამ დიდ ეროვნულ საქმეში ვმონაწილეობდი.
– როგორც ისტორიკოსი, რას იტყოდით რუსეთ-უკრაინის ომზე? ზოგადად, ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე და რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე?
– რუსეთ-უკრაინის ომი იმ გლობალური დაპირისპირების ნაწილია, რომელიც მსოფლიოს ხელახლა გადანაწილებას გულისხმობს. ცნობილია, როგორ მოქმედებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, როცა თვლიან რომ დედამიწა „გადაიტვირთა“. იწყება ომები, პანდემიები. პირველ მსოფლიო ომს „ისპანკის“ პანდემია მოჰყვა და 5 მლნ. ადამიანი შეეწირა. ახლა ჯერ პანდემია იყო და მერე ომი დაიწყო. მათთვის სულ ერთი არაა? ასეთ დროს იწირებიან შედარებით პატარა ერები და უდანაშაულო ადამიანები, ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ღმრთისმშობლის წილხვდომილი პატარა საქართველო გადარჩეს, არ აღმოჩნდეს ჩათრეული ამ დაუნდობელ სისხლის ღვრაში.
– სამიოდე წლის წინ თქვენი რედაქტორობით გამოიცა „ხარაგაულის ქრონიკები“… წიგნში თქვენი ნარკვევებიც არის შესული…

„ხარაგაული შემოდგომით“ (ქაღალდი, პასტელი)

– „ხარაგაულის ქრონიკებში“ აღწერილია ზემო იმერეთის პატარა კუთხის ისტორია, ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან დღემდე. წიგნში შევიდა მუნიციპალიტეტის 80 სოფლის ქრონიკები. ეს იყო წიგნის შექმნის მიზანი.
 წიგნიგზა  გოლგოთისა აერთიანებს მოთხრობებ საქარველოს ისტორიიდან, ლირიკულ  პროზა და ლექსებს.  ერთი  მსახიობის თეატრმა და იზა ვეფხვაძე თავის დროზე მისი განხილვაც მოაწყეს… როდის დაიწყეთ წერა?
– ლექსების წერა სტუდენტობისას დავიწყე. ეს უნარი ჩემში დიდმა ემოციამ გააღვიძა. ვწერ დღემდე. თუ ღმერთი ინებებს, მსურს, გამოვცე ჩემი მესამე წიგნი. ადრე აქტიურად ვმონაწილეობდი ქალბატონ იზა ვეფხვაძის ლიტერატურულ კონკურს „ოდეონში“. აქ შექმნილი ერთი ჩემი მოთხრობა „პონტოს ნაპირი“ დაიბეჭდა ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“.

„ხარაგაული შემოდგომით“ (ქაღალდი, პასტელი)

–  რომელი ისტორიული პიროვნების ღვაწლი წაადგებოდა დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად?
– რომ დაიბადონ დავით აღმაშენებლის და ილია ჭავჭავაძის სულის ადამიანები, საქართველო ძალიან მალე დადგება ფეხზე.
–  ოჯახი…
– მყავს ერთი ვაჟიშვილი გივი, ის მარტომ გავზარდე, რადგან მამამისმა სხვა ოჯახი შექმნა. მყავს შესანიშნავი რძალი მარიკა და სამი საუკეთესო შვილიშვილი – ვაჩე, ერეკლე და სოლომონი.
–  რას ეტყოდით მომავალ თაობებს?
– მომავალი თაობის ვალია, გაუფრთხილდნენ დედა ეკლესიას, ვინაიდან ამაშია ჩვენი გადარჩენის საიდუმლო. უყვარდეთ სამშობლო და ნუ გაცვლიან  მას სხვა ქვეყნის სამოთხეზე. განა ვის მიუტოვებია თავისი ავადმყოფი დედა და გაქცეულა სხვაგან? შეიყვარონ წიგნი, იყვნენ განათლებულნი და გამოადგნენ საკუთარ ქვეყანას.

დათო ბუაჩიძე (ქაღალდი, პასტელი)

ხარაგაულის ღვთისმშობლის ხატი

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები