სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ირგვლივ, თათბირი გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა და მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დეტალები განიხილა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მოეწყო.
შეხვედრები, მუნიციპალიტეტის 50-ვე სოფელში ჩატარდა და ადგილობრივებს საშუალება მიეცათ სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტები შეერჩიათ.
სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე სკვერების და სპორტული მოედნების კეთილმოწყობა დასახელდა.
,,სამუშაო ჯგუფმა განიხილა გარკვეულ პროექტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების შესაძლებლობა და მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი 660 000 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატა 118 000 ლარი. თითოეული პროექტი თავად მოსახლეობის გათვალისწინებით იქნა შერჩეული, ახლა მთავარია შესრულების ხარისხი იყოს საუკეთესო და მოსახლეობა დარჩეს კმაყოფილი”, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.
სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული საბოლოო ვერსია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლო მომავალში გადაეგზავნება.