„სურნელით ყველაზე მეტად მიყვარს პოლ მაკარტნი, სილამაზით და სურნელითაც – ოდრი ვილკოქსი“ – ნანდი არაბულის „სავარდეთის“ ისტორია: მონასტრიდან ივერთუბნამდე

პროფესიით ფილოლოგია. ყაზბეგის საჯარო სკოლა დაამთავრა. ერთხანს მონასტერში ცხოვრობდა პატრიარქის კურთხევით. შემდეგ მეუღლესთან ერთად ივერთუბანში ულამაზესი  ბაღი გააშენა და დღემდე თავს ევლება ულამაზეს „სავარდეთს“.  ორი წლის მანძილზე უამრავი ვარდის ნერგი დარგო.
ვხედავდი, რომ ჩემთან, ჩვენს გარემოში, თბილისში, ივერთუბნის ჰაერზე, მაინც ავლენდენ  განსხვავებულ ხასიათს, თუნდაც ერთმანეთისადმი...  ყველა ვარდს აქვს საკუთარი ლოგოსური სამყარო და ისტორია“. – ნანდი არაბულის პერსონა.
– 47 წლის წინ დავიბადე ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, არაბულების ოჯახში. დედაც და მამაც არაბულები იყვნენ.  ყაზბეგის ცენტრში ვცხოვრობდით. მამაჩემი გაზეთ „დარიალის“ რედაქტორი, 4 წიგნის ავტორი, მწერალთა კავშირის წევრი შოთა არაბული იყო.  მე 1978 წელს გავჩნდი, შემდეგ, 1982 წელს, ჩემი ძმა დაიბადა. ასე რომ, გავიზარდე ყაზბეგში.
დავამთავრე ყაზბეგის საჯარო სკოლა. მაგრად რომ გაგვიჭირდა, დავიწყეთ მიწის დამუშავება, ეს იყო 1996 – 97 წლები. ვკრეფდით ჟოლოსაც, დავიწყე მთებთან და ბუნებასთან  ინტენსიური შეხება. მანამდე წიგნებით, რომანებით და ფილოსოფიური ნაწარმოებებით აღვიქვამდი სამყაროს.
სტუდენტობა. ფილოლოგი ხართ?
– 1997 წლიდან სულხან საბას უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი სპეციალობა ფილოლოგიაა. ბავშვობიდან ხატვა ცეკვა მინდოდა. სამთავროში მეორე და მესამე ხმას ვგალობდი. თუმცა 2001 წელს წავედი მონასტერში პატრიარქის კურთხევით, თან ისე, რომ დაუსწრებლად მევლო და დამემთავრებინა უნივერსიტეტი.
ერთხანს  ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში ვიყავი, სადაც ახალი დაწყებული იყო  მიწის გალამაზება, ყვავილებით, მცენარეებით, შემდეგ  სამთავროს დედათა მონასტერში ვცხოვრობდი.  მიწაზე მუშაობა, მიწის გალამაზება მთელი ერთი წლის მანძილზე მე მებარა. ასევე ვასუფთავებდი, ვალაგებდი მამა გაბრიელის საფლავს… შემდეგ  დავტოვე მონასტერი. რამდენიმე თვეში კი დავქორწინდი.– ქორწინების შემდეგ შეიძინეთ ივერთუბანში ნაკვეთი… ჯერ ხეხილის ბაღი გქონდათ, ბოლო დროს კი ულამაზესი „სავარდეთი“ გაქვთ…
– 2007 წელს შევიძინე  ნაკვეთი  ივერთუბანში. 2 ათას კვადრატულ მეტრზე ცოტა მეტია.  ჩემი ოცნება იყო ზუსტად ის სულიერებით გამსჭვალული მატერიალური  ბუნების სილამაზის შექმნა ჩემ გარშემო,  რომელშიც ვფუსფუსებდი მონასტერში.   მონასტრული ენერგიით სუფთა ენერგიით  გამსჭვალული გარემო მინდოდა. თუმცა ჯერ არ ვიცოდი, რომ ვარდები რომ უნდა დამერგო. რატომღაც ხეხილი, ბოსტანი, ჯანმრთელი საკვები ვარდებზე არ მიფიქრია, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მყვარდა.
ივერთუბანში  ვრგავდით ნერგებს. მიწის ნაკვეთს ვამუშავებდით 2019 წლიდან. ასე შევქმენით ბაღი. მერე სახლიც ავაშენეთ.
2023 წლის შემოდგომით პომიდორი სულ გამიფუჭდა… ატმებს ხუჭუჭა ეცა. მსხლებს რაღაც დაესია… გარგრებსაც… დავისტრესე… შეწამვლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მე კი არაფერს არ მივირთმევ სასუქიანს და ნაწამლს. პრინციპი მაქვს ასეთი.
და აი დადგა 2024 წლის გაზაფხული და მივხვდი, რომ ვარდი კი არა, ერთი უბრალო ყვავილიც კი არ მქონდა ეზოში. მქონდა უამრავი ჯიშის ხეხილი, ბაღი, ბაღჩა, ბოსტანი, მაგრამ არ მქონდა ყვავილი.
2024 წელს, უცებ გავიაზრე, რა მაკლდა ყველაზე მეტად –  ვარდები… ვარდის სურნელი და ვარდის სილამაზე…
პირველად 8 მაისს ვიყიდე 7 ვარდი. მხოლოდ სურნელოვნები. სანერგე, სადაც ვიყავი, სამოთხედ მომეჩვენა. ამდენი ვარდი არსად მინახავს. მონასტერში მაქსიმუმ 15 ვარდი გვქონდა ეზოში.
და… დაიწყო ჩემი დავირუსება ვარდის სანერგეებით.მოვიარე თბილისში და თბილისის გარშემო ყველა სანერგე, ყველგან ვიყავი, ვეძებდი კიდევ მეტს, რაღაც განსაკუთრებულს, განსხვავებულს, და აუცილებლად სურნელით.
მომქონდა, ვრგავდი, მომქონდა, ვრგავდი.  ჩემით  ვაკლამებდი ვარდებს. მეზობლებმა რომ გაიგეს,  ვარდებით გატაცება დავიწყე,  გასხლული ნასხლავები არ გადაყარეს და მე მომცეს.  დავჭერი, დავაკლამე გემრიელად და სამასმა კალამმა გაიხარა.  და ამასობაში აღმოვაჩინე, რომ მაქვს უამრავი ჯიშის ვარდი. უმეტესად სურნელით.
დადგა 2026 წელი. ვხედავ, რომ 2024 წელს ნაყიდი 1, 2, და 3- წლიანი ნერგები დღეს უკვე ზედ დამყურებენ.– თქვენი „სავარდეთი“ სურნელოვანი ვარდების ბაღია…
–  დიახ, 90 პროცენტი ძლიერ სურნელოვანია. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ არსებობდა სურნელოვანი ვარდების ამდენი დასახელება. ავიღოთ პოლ მაკარტნი. სანერგეებში არ არის გავრცელებული, არ იყიდება. არადა, ვფიქრობ, ეს არის ულამაზესი ფორმის ბუჩქოვანი ჩაის ჰიბრიდი, რომელსაც გერტრუდა ჯეკილზე მეტად ძლიერი სურნელი აქვს. რომელიც ოსტინის ვარდებიდან ყველაზე სურნელოვან ვარდად ითვლება. განმეორებით მოყვავილედ არ ითვლება, მაგრამ ყვავილობს დიდხანს. ჩემთან ორი ძირი მაქვს, აქვს ასეთი თვისება, რომ დაიწყებს მაისში გაკვირტვას და გაყვავილებას, შეიძლება სექტემბერშიც წვრილ – წვრილად, ალაგ-ალაგ ჰქონდეს ყვავილები. მაისსა და ივნისში კარგად ყვავის. ზოგი ამბობს, აგვისტოში არ ყვავისო, ჩემთან ყვავის. ვარდს  თავისებური მოვლა – მიდგომა და  კვება სჭირდება, არანაირი სასუქი.
– როდის იჩაგრება ვარდი?
– სასუქით ქიმიური, შეწამლვებით, მას სურვილი აღარ აქვს, რომ იცოცხლოს. ეს დავადგინე. და კვდებიან შინაგანად. ენერგეტიკულად. შეიძლება ფიზიკურად გაქაჩონ, მაგრამ ენერგეტიკულად უკვე სხვა ენერგიას აფრქვევენ. უზიანდებათ იმუნიტეტი. ყველა ცოცხალ არსებას აქვს იმუნიტეტი. იმუნიტეტგანადგურებული ვარდი ქმნის მწერებშიც მუტაციასაც. მუტაციას ახდენს ქიმიური საშუალებები, მწერებს მონსტრებად აქცევს.  დიახ, ქიმიები მავნებლებს მონსტრებად აქცევს.ვარდებიც კი თურმე არჩევენ მეგობრებს. რას გვეტყვით თქვენს დაკვირვებაზე?
–  ორი წლის მანძილზე უამრავი ვარდის ნერგის დარგვა  მომიწია, ძირითადად, ქარის, მზის და ჩრდილის გამძლეობის მიხედვით  ვაკვირდებოდი.  მიუხედავად ინტერნეტში და საიტებზე არსებული მონაცემებისა, ვხედავდი, რომ ჩემთან, ჩვენს გარემოში, თბილისში, ივერთუბნის ჰაერზე მაინც ავლენდნენ  განსხვავებულ ხასიათს  თუნდაც ერთმანეთისადმი.
შეიძლება ეს კონკრეტული მოვლენა ჯერ ამ მხრივ არც განხილულა მებაღეთა და მევარდეთა მიერ, მაგრამ შინაგანი ინტუიციით ვიგრძენი. მაგალითად, ხვიარა ტანჯერინ სქაიმ ხვიარა აბრაჰამ დერბის გვერდით ვერ იგრძნო თავი. არადა 2 მეტრი იყო დაშორება. ჰქონდა მზეც, კარგად დამუშავებული ნიადაგიც, მაგრამ რაღაცნაირად ყურებჩამოყრილი იყო. როგორც კი ამოვიღე და გადავიტანე ბუჩქოვან დავთვოლკის გვერდით, მომენტალურად გაილაღა. თუმცა მიწა, ნიადაგი და მზე იმავენაირად ჰქონდა. და ფერითაც კი საოცრად მოუხდა დავთვოლკს. გამიჩნდა კითხვა, ნეტა რატომ?  და მივიღე პასუხი – ხვიარა აბრაჰამ დერბი უზომოდ ამაყი და დიდებული ვარდია. და ენერგეტიკულად მოკრძალებულ ტანჯერინ სქაის თითქოს აპატარავებდა. ყველა ვარდს აქვს საკუთარი ლოგოსური სამყარო და ისტორია. პიროვნებები არიან. რომელ ვარდებზეა მოთხოვნა?
–  მწერენ,  რომ ხვიარებიდან, უნდათ:  აბრაჰამ დერბი, გოლდენ სელებრეიშენი, გრეჰამ ტომასი, ლედი ოფ შალოტი, ფლორენტინა და ვესტერლენდი. რა თქმა უნდა, არის კიდევ უამრავი ხვიარა.
ბუჩქოვანი ვარდებიდან,  მეკითხებიან, მაქვს თუ არა ცეცხლისფერი სტაფილოსფერი ვარდები. მაგალითად: კომფეტი, ალბრეხტ დიურერი, სურნელოვნებიდან – ჩანდოს ბიუთი, მაკარტნი, პომპოდური. სურნელით ყველაზე მეტად  მიყვარს მაკარტნი, და სილამაზით და სურნელითაც – ოდრი ვილკოქსი.
იცით, რატომ ვყიდი ვარდებს? იმდენი თანხა დამეხარჯა ვარდების ყიდვაში, მინდოდა, ბიზნესი კი არ მქონოდა, თავისი თავი მაინც ამოეღოთ, იმდენი, რაც მათ მოვლა – პატრონობას სჭირდება. ძალიან იაფად ვყიდი ორწლიან ნერგებს. ხვიარების უზარმაზარი ნერგები მაქვს.  მე  ვარდების მოვლა და მათ გარემოში ყოფნა ყველაზე მეტად მიხარია.
მონასტერშიც რომ წავედი, ჩემთვის იყო სიმშვიდე, მატერიაზე ფიქრი არ მართმევდა იმ დროს, როცა მე უნდა მელოცა. ახლაც თავს ვაძალებ, რონ ნერგები გავყიდო  და ის ფული, რასაც ავიღებ, ისევ ვარდებში გამოვიყენო. მოვიყვანო ტრაქტორი, დავამუშავებინო  მიწა. ჯერჯერობით არავინ მეხმარება. მეუღლე ექიმია და ის მეხმარება მოთიბვაში. მე მარტოს მიწევს ფიზიკურად მუშაობა. ვარდები უკვე ძალიან დიდ ტერიტორიაზე მაქვს  დარგული.
ქართული ვარდი
–  მე და ჩემმა მეუღლემ სოფლიდან შარდან ჩამოვიტანეთ ძველისძველი ბუჩქოვანი ვარდისფერი ვარდი, უძლიერესი სურნელით. ეს ვარდი 75 წლის დარგული იყო.   ხომ მართლაც საოცარია. როცა ამოვიღეთ, იმ მომენტში იყო 1, 70მ. – ჩემი სიმაღლის. გავსხალით და თბილისში წამოვაბრძანეთ. ახლა გვყავს დედოფალივით მზის გულზე, ეზოს შუაგულში. ოღონდ სახელი არ ვიცით, რა ჰქვია. დაკალმებას ვცდილობ, ძალიან პრეტენზიული გამოდგა ამ მხრივ. იმედია, რამდენიმე კალამს მაინც გავახარებ. გეხმარებათ მეუღლე… 
– ჩემი მეუღლე არის ონკოთერაპევტი და ფიტოთერაპევტი ვახტანგ შერვაშიძე. წლებია უკვე მცენარეული პრეპარატების განხრით მუშაობს, თავისი კაბინეტი აქვს დიდუბეში. ხშირად ამბობდა ვარდების დარგვაზე. ოღონდ მხოლოდ სურნელოვანი ვარდები სურდა. მაგრამ ამდენი რაოდენობით ნამდვილად არც კი უფიქრია.
როცა 2019 წელს ივერთუბანში გადმოვედით საცხოვრებლად, ეზოში 70 -ზე მეტი ხეხილის ხე დარგო. ყველა თავისი ხელით. კატეგორიული წინააღმდეგია შხამქიმკატების და სასუქის. ზუსტად 2019 წლის პანდემიის ჩაკეტვიდან დავიწყეთ ნაკვეთის დამუშავება. მე ბოსტანი გავაშენე და ბაღჩეულობა მომყავდა. ვახტანგი ხეხილის ხეებს უვლიდა.ჰობი
– ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ვარჯიში, სამკურნალო ვარჯიშები, სულიერი ფილოსოფიური ტექსტების ანალიზი, და დღეს უკვე ვარდების სიცოცხლის ფორმის, ფერის და სურნელის შეცნობა, შესწავლა, და ბუნების და ადამიანების მოფრთხილება მცენარეული პრეპარატების და ჯანსაღი კვების დახმარებით.
გეგმები
– ბუნებაზე და სილამაზეზე შეყვარებული ნათელი ადამიანების პოვნა, მათთან მეგობრობა, სიცოცხლის ყოველი ფორმის მოფრთხილების ალტერნატივის ძიება ჩემს მეუღლესთან ერთად. ყოველთვის საუკეთესო ვარიანტის პოვნა, სადაც ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და სილამაზეს სჭირდება გადარჩენა. და, საბოლოოდ, მთავარი – ფერი, ფორმა, სურნელი და გემო არის სამყაროსთან უნივერსალური საუბრის სწავლა, ანუ ლოცვა.

                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები