პროფესიით ჟურნალისტია. ამბობს, რომ ხელოვნებაში ძალები არასოდეს მოუსინჯავს. თუმცა ერთი წლის წინ შემთხვევით გააკეთა ხელნაკეთი ნივთი. მას შემდეგ ეს საქმიანობა არ შეუწყვეტია.
ფეისბუქგვერდ „თაიას“ დამაარსებელია, რომლის მიზანიც საქართველოში მინიატურული ნამუშევრების კულტურის განვითარება და გავრცელებაა.
ამბობს, რომ მისი წვლილი საქართველოში მინიატურების სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანია, ცდილობს, პოპულარიზაცია გაუწიოს, ამიტომ არ უშინდება სირთულეებს და სიახლეებს, მონაწილეობ გამოფენებში, სასწავლო პროგრამებში. – თამარ იანვარაშვილის პერსონა.
– ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას. ამ პერიოდში სამყაროსაც სხვანაირად აღვიქვამთ, ყველაფერი ნათელ ფერებში გვეჩვენება. ხშირად ვფიქრობ ბავშვობის დღეებზე, ადამიანებზე… ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყაროთი, მიყვარდა ცა და რაც იმის იქით ხდებოდა, საყვარელი თემა ასტრონომია იყო, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ხელოვნება კი ალბათ ერთადერთი სფეროა, სადაც ძალების მოსინჯვა არასდროს მიცდია.
– მინიატურების დამზადება შემთხვევით დაიწყეთ… მას შემდეგ არ შეგიწყვეტიათ… ალბათ სულ რამდენიმე წელია, რაც აკეთებთ?
– მინიატურების დამზადება 1 წელია, დავიწყე – კოვიდის პერიოდში, როდესაც სახლში გამოვიკეტეთ და უბრალოდ გადავწყვიტეთ, საახალწლოდ განსხვავებული დეკორაციის შექმნა. ასე დავამზადე ჩემი პირველი დიორამა. ხის მორზე, პატარა სახლით და მაღაზიაში ნაყიდი ხის ირმებით, ხეები ნაძვის ტოტებისგან, მას შემდეგ სხვადასხვა შინაარსის დიორამას ვამზადებ.
– თქვენს გვერდზე ხის ტოტებისგან, მცენარეების ნაყოფებისგან და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი მინიატურული ნაკეთობებია განთავსებული, გადასაგდებად გამზადებული კაბელის დასახვევი კოჭაც კი ვნახე… როგორ აგროვებთ მასალებს, რას იყენებთ?
– თავიდან ბუნებრივ მასალებს ვიყენებდი: ხავსს, ხის მერქანს, ნაძვის ტოტებს, რკოებს, თუმცა დროთა განმავლობაში შევცვალე მასალა, რადგან ხმებოდა და, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვისაც მისაღები არ იყო. ამიტომ ბუნებრივი ჩავანაცვლე ხელოვნურით.
– მინიატურული წიგნების კარადა, გიზის პირამიდა, სავარძელი, საქანელა, იაპონია, ფუძიამა – ფუჯის მთა, ზღაპრის გმირები, მინიატურული სახლები… და მაინც, რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
– ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია: „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ახლახან შექმნილი მინიატურაა აფხაზეთის თემაზე. ალისა ჩემი საყვარელი მულტფილმია, სადაც არარეალური სამყაროა, ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია და უნდა რომ იყოს, თითქოს ჩემს ნამუშევრებსაც ჰგავს, მისტიკურია, ზღაპრული, ემოციებით დატვირთული.
– სახლი აფხაზეთში… როგორ შეიქმნა?
– სახლი აფხაზეთში – ეს არის ჩემებური პროტესტის გამოხატულება ბოროტების მანქანის – რუსეთის მიმართ, რომელიც უკვე წლებია, ახორციელებს ოკუპაციას. ამ ნამუშევრით მინდოდა მეთქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და რუსეთი ოკუპანტია.
როდესაც იდეის დამუშავების პროცესში ვიყავი, მინდოდა რეალური სახლის მინიატურის შექმნა და არა – ჩემი წარმოსახვით.
ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე ყველაზე საინტერესო, ლამაზი და მეტყველი სახლი. მისი ნახვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ განადგურებულია, მაგრამ მაინც ცოცხალია და ნათლად გამოხატავს სათქმელს.
– თქვენი მინიატურები ხეებზეც არის განთავსებული… სურვილი გაქვთ, რომ მინიატურები სკვერებშიც იყოს… ხომ არ გიცდიათ უკვე?
– ზაფხულში მქონდა ასეთი კამპანია, რომ ჩემს მინიატურებს ხეებზე ვათავსებდი, მინდოდა პოზიტივი გამოეწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – ბავშვებში და ასეც მოხდა. სხვადასხვა კუთხიდან მქონდა შეკვეთები და ასე გავავრცელე სხვადასხვა ადგილას.
ლისზე გავაკეთე ერთ-ერთი მინიატურული ბაღი. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში განადგურებული დამხვდა.
ახლა ისევ ვაპირებ საზოგადოებრივ ადგილებში გავრცელებას. იმედია, ამჯერად გაუფრთხილდება ხალხი.
– როგორც ხელოვანს, რა სირთულეები გაქვთ?
– ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები. რაც შეეხება დიორამას, სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი.
სამწუხაროდ, გამოფენები მინიატურების კუთხით არ ჩატარებულა, არც კულტურის სამინისტროს აქვს მსგავსი გამოფენები.
ეს სფერო იმდენად საინტერესოა, ვფიქრობ, აუცილებელია, ჩვენ მაინც, ვინც ვამზადებთ დიორამას, გავუწიოთ პოპულარიზაცია, რათა საზოგადოება გაეცნოს და შეიყვაროს.
– როგორ იქმნება მინიატურა? შთაგონებით თუ წინასწარ იცით, რა უნდა გააკეთოთ?
– გონებაშიც და ფურცელზეც აუცილებლად ვაკეთებ წინასწარ მონახაზს, ვხაზავ ჩემთვის გასაგებ დონეზე, ვაკეთებ ჩონჩხს, მოგეხსენებათ, პატარა დეტალების დამზადება საკმაოდ შრომატევადი და რთულია, ამიტომ შეკვეთის დროც სირთულის მიხედვით განისაზღვრება, დაახლოებით 3-4 კვირამდე აუცილებლად ვეუბნები მომხმარებელს.
– სააღდგომოდ რის გაკეთებას აპირებთ?
– სამწუხაროდ, სააღდგომოდ, ამ ეტაპზე, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვასწრებ. გიმის გამო, რომ ვსწავლობ და ასევე 2 სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობ ბიზნესის განვითარების კუთხით,
– ჰობი…
– მრავალი ჰობი მაქვს, ზოგადად, მიყვარს სიახლეები და ვცდილობ, რაც კი რამე სურვილი მაქვს ან მქონდა, გამოვცადო. მაგალითად, გორგოლაჭებზეც ახლახან დავდექი, ასევე – სნოუბორდზე, მიყვარს სპორტი და ვფიქრობ, საჭიროა დღევანდელი არაჯანსაღი გარემოს ფონზე გავუფრთხილდეთ თავს და, შეძლებისდაგვარად, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი, ბავშვები ხშირად არიან ჩართულები ჩემს საქმიანობაში, რაც მათ მოტორიკასაც უწყობს ხელს, განსაკუთრებით მოსწონთ და სიამოვნებთ თიხასთან მუშაობა.
– მონაწილეობთ გამოფენებში, სასწავლო პროგრამებში… კიდევ რას გეგმავთ სამომავლოდ?
– ჯერჯერობოთ ვამუშავებ სხვადასხვა ტექნიკას, მინდა საქართველოს ბაზარი ავითვისო, ვსწავლობ, როგორ ვმართო მცირე ბიზნესი, გავერკვე, რა სეგმენტზე არის მორგებული ჩემი ნამუშევრები, მოხმარებლისთვის რა უფრო მისაღებია. სამომავლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვგეგმავ გატანას.
თამარ შაიშმელაშვილი