ცხედრებთან ერთად, რუსების ტყვეობაში – 130-მა ადამიანმა პატარა სარდაფში სამი კვირა გაატარა

კლუმჩუკი

ნესტიან თეთრ კედელზე, ჩერნიჰივის რაიონის სოფელ იაგოდნოეში მდებარე სკოლის სარდაფში, წითელი ფანქრით დახატულია რაღაც, კალენდრის მსგავსი. ეს იმ ადამიანების წამების ქრონიკაა, რომლებიც იქ ხუთი მარტიდან ორ აპრილამდე იყვნენ.

იაგოდნოე კიევიდან ჩრდილოეთით, 140 კილომეტრში მდებარეობს. ასევე, ახლოს არის ბელარუსის საზღვართან. სოფელი რუსული  ჯარის კონტროლქვეშ, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში იყო.

როდესაც ჯარისკაცები სოფელში შევიდნენ, მათ, იარაღის მუქარით, წაიყვანეს კაცები, ქალები და ბავშვები. ისინი სკოლის სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც ოთხი კვირის მანძილზე ამყოფებდნენ. 65 კვ.მ. სარდაფში, დაახლოებით, 130 ადამიანი ცხოვრობდა.

ერთ-ერთი მათგანი იყო 60 წლის ნიკოლაი კლუმჩუკი, რომელიც ეBBC-ის ესაუბრა.

კიბის ბოლო საფეხურზე, სარდაფის ჩასასვლელთან უკვე ლპობის და ავადმყოფობის სუნი დგას. ოთახში სიბინძურე იყო, იატაკზე ლეიბები, ფეხსაცმელი, წიგნები ეწყო. შუაში 4 საბავშვო საწოლი, კუთხეში კი, ჭურჭლის გროვა. ნიკოლაი, პირველ რიგში, უკან მდებარე კედელთან წავიდა.

„მე ნახევარი კვადრატული მეტრი მქონდა. ფეხზე მეძინა. ჩემს თავს „შვედურ კედელზე“ ვაბამდი, რათა არ ჩამოვვარდნილიყავი“, – ამბობს ის.

მისი ხმა ჩაწყდა და ნიკოლაი ატირდა.

როგორც მამაკაცი ჰყვება, სარდაფში გადაადგილებისას შეუძლებელი იყო, ვინმესთვის ფეხი არ დაგედგა. მისი თქმით, იქ 40-50 ბავშვი იმყოფებოდა, მათ შორის, ჩვილები. ყველაზე პატარა ორი თვის იყო.

ჩერნიჰივზე თავდასხმისას რუსმა ჯარისკაცებმა კონტროლქვეშ მოაქციეს იაგოდნოეს მსგავსი სხვა სოფლებიც. თავად ჩერნიჰივის მოსახლეობა 300 ათას ადამიანს ითვლის. მათ ალყა შემოარტყეს და გარე სამყაროსგან მოწყვიტეს. წინააღმდეგობასთან შეჯახებისას რუსეთის ჯარმა ამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო ისევე, როგორც მრავალი სხვა უკრაინული ქალაქის. ხიდი გზაზე, რომლითაც ადამიანები კიევისკენ მიდოდინენ, ააფეთქეს. მოსახლეობას უბრალოდ გასაქცევიც არ ჰქონდა.

წარუმატებლობის გამო, რუსებმა დატოვეს ქალაქი და წავიდნენ. BBC-ის ჟურნალისტებმა ერთ-ერთმა პირველებმა მოახერხეს ქალაქში შესვლა და მშვიდობიანი მოსახლეობის ამბების გაგება. ასე ახლოს საზღვართან ყოფნის გამო, მოსახლეობას ეშინია, რომ რუსი ჯარისკაცები შესაძლოა დაბრუნდნენ.

15 წლის ანასტასია სარდაფში ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა.

„ადგილი, თითქმის, არ იყო. ჩვენ სულ ვისხედით. ასეც გვეძინა, თუ ამას ძილი ჰქვია. ეს შეუძლებელი იყო, ირგვლივ იმდენი ჭურვი ვარდებოდა“, – ამბობს გოგონა.

სარდაფში არ იყო ვენტილაცია. ფანჯრები აჭედილი იყო. ნიკოლაის თქმით, იქ ყოფნისას ის 12 სიკვდილის მოწმე გახდა.

ცხოვრება დაღუპულებთან

დაღუპულთა უმრავლესობა მოხუცებულები იყვნენ. ნიკოლაიმ არ იცის მათი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ისინი გაიგუდნენ. სარდაფიდან დაღუპულების მაშინვე ამოყვანის საშუალება არ იყო. ჯარისკაცები ამის უფლებას მათ ყოველდღე არ აძლევდნენ. გამუდმებით სროლისა და აფეთქებების გამო, ეს სახიფათოც იყო.

ხალხს, მათ შორის ბავშვებს, დაღუპულებთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნა დიდხანს უწევდათ. ხანდახან ეს რამდენიმე დღეც გრძელდებოდა.

„მე ისინი ძალიან მეცოდებოდნენ. მათ ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. უბრალოდ, ისხდნენ და კვდებოდნენ“, – ამბობს ანასტასია სარდაფში დაღუპულებზე.

„ნორმალურ პირობებში ისინი არ დაიხოცებოდნენ. პუტინი სამხედრო დამნაშავეა. ჩემმა ფეხმა დასიება დაიწყო, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობდი, რომ უნდა გადავრჩენილიყავი, ჩემი ქალიშვილისთვის და შვილიშვილებისთვის“, – ამბობს ნიკოლაი.

დიდი ხნის მანძილზე ხალხი სარდაფიდან ვერ გამოდიოდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი. მათ სათლების გამოყენება უწევდათ.

„ხანდახან რუს ჯარისკაცებს  გამოვყავდით, ცოცხალი ფარის მაგივრად გვიყენებდნენ“, – ამბობს ნიკოლაი.

როდესაც გარეთ გასვლის უფლებას აძლევდნენ, მძევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცეცხლზე საკვები მოემზადებინათ. სოფელში საკვების საკმარისი მარაგი იყო, ხოლო წყალს ჭებიდან ეზიდებოდნენ.

ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ნიკოლაის უთხრა, რომ მათ ოთხდღიანი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ უკრაინაში და ამ დროში კიევი აეღოთ.

რუსეთის ჯარი იაგოდნოედან სამ აპრილს გავიდა. ახლა სოფელს უკრაინელი სამხედროები იკავებენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, მეზობელ რაიონებში გადაიყვანეს. ანასტასია ამბობს, რომ ახლაც ეღვიძება ღამღამობით და ეჩვენება, რომ აფეთქებების ხმა ესმის. სოფლებსა და იაგოდნოეს მსგავს მცირე დასახლებებს რუსი ჯარისკაცები იმიტომ იკავებდნენ, რომ ალყაში მოექციათ ჩერნიჰივი. ქალაქში მათ შესვლა მაინც ვერ შეძლეს, მაგრამ ბევრი შენობა დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ჩერნიჰივში, დაახლოებით, 350 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც რუსი ჯარისკაცები წავიდნენ, მოხალისეები დაღუპულებს ასაფლავებენ. ადგილობრივი სასაფლაოს დიდი ნაწილი უკვე ახალი საფლავებით შეივსო. თითოში ჩარჭობილია ხელნაკეთი ჯოხები სახელებითა და გვარებით.

ადგილობრივები ეძებენ ახლობლებს, სასაფლაოზე მიდიან, რათა წარწერები შეამოწმონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები