მიხეილ სარჯველაძე – თორნიკე რიჟვაძეზე: ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა სიცოცხლის გადარჩენისთვის

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ რიჟვაძეს ყველა გადაუდებელი ღონისძიება ჩაუტარდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

„გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ საჭირო პარამეტრები აღდგენილიყო. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინაიდან მძიმე ტრავმები აქვს. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა სიცოცხლის გადარჩენისთვის. ძალიან მძიმე, შოკის მომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის. ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები