თბილისში დაიბადა. ფსიქოლოგი და თვითნასწავლი მხატვარია. ხატვა გვიან, 2015 წელს დაიწყო, პარალელურად სწავლობს გეშტალტ ინსტიტუტში.
ამბობს, რომ ბევრს უმადლის კურატორ ლეილა კიკნაძეს (გოგი ჩაგელიშვილის მეუღლე), ვინც პირველად აღმოაჩინა, როგორც მხატვარი და პირველი პერსონალური გამოფენაც მისი თაოსნობით გაიმართა.
მონაწილეობდა, აგრეთვე, პრაღის ჯგუფურ გამოფენაში და პლენერზე – ვენეციაში.
ამ ბოლო დროს მის შემოქმედებაში რუსეთ-უკრაინის ომიც აისახა.
ამბობს, რომ მთავარია, გიყვარდეს სიცოცხლე, სამყარო, ადამიანები, იყო გულწრფელი, სირთულეებსაც გაცილებით მარტივად გადალახავ.
„მე რადიკალურად შევცვალე ჩემი პიროვნება და ჩემი ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თავად შეცვალო შენი სამყარო“. – ფსიქოლოგის და მხატვრის, ინგა ახვერდოვას პერსონა.
– ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი ცელქი ბავშვი ვიყავი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, სამყაროს საკმაოდ განსხვავებულად ვხედავდი – ბევრი კითხვა მაწუხებდა და მუდამ ვცდილობდი, თავად მომეძებნა პასუხები. ბავშვობაში საერთოდ არ მეხერხებოდა ხატვა. სკოლის დავალებას დედა მიხაზავდა. 17 წლის ასაკში მამა გარდამეცვალა. დედამ გაგვზარდა მე და ჩემი უმცროსი და.
– სკოლა და პროფესიის არჩევანი – თუ ხატავდით სკოლის დროს?
– რუსული სკოლა დავამთავრე და სტომატოლოგობა დედის რჩევით გადავწყვიტე, თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო და დედის ხათრით ვსწავლობდი. რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, ადამიანების სილამაზეზე მეზრუნა. ასე რომ, ამ პროფესიაშიც თვითნასწავლი ვარ.
ეს პროფესია ჩემთვის იყო და არის ხელოვნება, როდესაც ადამიანი მოდის შენთან და მისი გარეგნობა და განწყობა შენზეა დამოკიდებული. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა.
33 წლის ასაკში მივხვდი, რომ არც ეს იყო ჩემთვის საკმარისი და გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩაბარება. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და ახლაც ასე ვარ. ამ პერიოდში სტრესი მივიღე და ერთხანს ვერ ვსუნთქავდი. ვიცოდი, რომ უჰაერობა სტრესით იყო გამოწვეული და ვერაფერს ვშველოდი.
– ამბობთ, რომ ხატვა 2015 წელს დაიწყეთ. პირველი ნახატები…
– ერთ დილას გავიღვიძე და გადავწყვიტე, მოლბერტი, ფუნჯები და ტილო მეყიდა. ეს იყო 2015 წლის 28 აპრილს. მე-2 კურსზე ვიყავი. მახსოვს ის დაუვიწყარი განცდა, პირველი ნახატი რომ დავხატე… პირველი ნახატის შემდეგ 1-2 საათს ვსუნთქავდი. და ასე ყოველი დახატული ნახატის შემდეგ შემეძლო, სულ მეტი და მეტი დრო მესუნთქა.
თითქმის ყველა პირველი ნახატი გაიყიდა. მე-2 კურსის შემდეგ მთლიანად გადავერთე ხატვაზე და აკადემიური ავიღე. თუმცა 2019 წელს გადავწყვიტე, ჩემს პროფესიას კვლავ დავბრუნებოდი მეტი სერიოზულობით…სწავლას ვაგრძელებ გეშტალტ ინსტიტუტში…
– პერსონალური გამოფენა გქონდათ. გოგი ჩაგელიშვილის მეუღლემ აღმოგაჩინათ…
– შარშან, პარალელურად, უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, ფსიქოლოგიურზე. 2017-ში მქონდა პერსონალური გამოფენა, ლეილა კიკნაძის ორგანიზებით. ლეილა ჩემი კურატორი და ძვირფასი ადამიანია. ბევრი რამ მასწავლა და სხვანაირ ფერებში დამანახვა სამყარო
პირველი გამოფენა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც იცი, ყველა მოდის შენი შინაგანი სამყაროს დასათვალიერებლად.
– თქვენს გვერდზე უკრაინის თემაზე შექმნილი ნახატები გამოჩნდა…. თავშესაფარში ბავშვები არიან და ზემოთ ბრძოლები მიდის…
– ომი არის ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ერთი მმართველის გამო იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და იმდენად მტკივნეული იყო ამ კადრების ნახვა, რომ ისევ უჰაერობა დამეწყო… ამ ემოციის ნახატზე გადმოტანა ჩემთვის შვებაა.
– მეორე ნახატია „თავისუფლების ფასი“…
– „თავისუფლების ფასი” – ეს არის ჩემთვის საინტერესო ფაქტი, როგორც ომში ასევე ადამიანებში. ზოგადად, ადამიანები მიისწრაფვიან თავისუფლებისკენ და ისევ თავად იგებენ ხაფანგებს და იზღუდავენ თავისუფლებას. თავისუფლებას ხშირად გარეთ ვეძებთ, ამ დროს თავისუფლება ადამიანს შიგნით გვაქვს და ძალიან ძვირი გვიჯდება ამის გაცნობიერება. ხშირად მთელი ცხოვრებაც კი არ არის საკმარისი, რომ ადამიანმა გაიაზროს ეს მარტივი და, ამავდროულად, რთული ფაქტი.
– თქვენი ნახატები უჩვეულო ფანტაზიით არიან შექმნილი… პოეზია იგრძნობა… ფილოსოფია, სიღრმე… თუნდაც „პიანინო“, სადაც რამდენიმე ამბავია გადმოცემული…
– პიანინო… ეს არის ცხოვრების თეთრი და შავი გზები. რომელ გზას აირჩევს, ადამიანის ხელშია და ამისათვის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სჭირდება, შინაგანი თავისუფლება და გაცნობიერება – იყოს აქ და ამჟამად. ხშირად თავად ადამიანი გაუცნობიერებლად გადადის თეთრი ზოლიდან შავში და აბრალებს სამყაროს ან სხვა რამეს.
„ხიდი” – ეს ნახატიც დაახლოებით იგივე შინაარსისაა, სიბნელიდან შეგიძლია გადახვიდე სინათლეში და ამას მხოლოდ თავად თუ შეძლებ.
– მხოლოდ საინტერესო მხატვარი არ ბრძანდებით, თქვენ პოეტიც ხართ, და ალბათ, მუსიკოსიც, რასაც შეეხებით, ზღაპრად აქცევთ ყველაფერს, ჯადოსნური ჯოხი გაქვთ… გწერთ ერთი მნახველი. რა არის ამ ჯოხის საიდუმლო?
– დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი.მე რადიკალურად შევცვალე ჩემი პიროვნება და ჩემი ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თავად შეცვალო შენი სამყარო.
ჯადოსნური ჯოხის საიდუმლო სიმარტივეშია.
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ უჭირს გამარტივება. ამიტომ ადამიანი თავად ართულებს ყველაფერს. და ეს სიმარტივე არის სიყვარულში. როდესაც გიყვარს სიცოცხლე, სამყარო, ადამიანები და ხარ გულწრფელი, სირთულეებსაც გაცილებით მარტივად ლახავ. ტკბობა ყოველი წამით და დანახვა იმისა, რაც არის აქ და ამჟამად.
– ჰობი…
– მიყვარს კულინარია და, როგორც ამბობენ, გემრიელადაც გამომდის. ამიტომ ჩემთვის ესეც ხელოვნებაა.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– ამჟამად ვისვენებ სწავლის და სამსახურის გამო არც ისე ბევრი თავისუფალი დრო მრჩება. მყავს 19 წლის ბიჭი და საყვარელი ადამიანი. ვცხოვრობთ ყველა ერთად, ბედნიერად და მხიარულად. ამ ეტაპზე ვფიქრობ, სწავლა უნდა დავამთავრო. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, კვლავ გაიმართოს ჩემი პერსონალური გამოფენა საქართველოში.
თამარ შაიშმელაშვილი