თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ დამატებითი დოზები ჩამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ დამატებითი დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისია.
„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და აღდგენა, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე. ერთი მილიონი „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. ახლა, პირველი შემოტანა 25%-ია ამ დოზებს, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ ჯაჭვი სრულად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.