პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

პრემიერმინისტრმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და „კარგი მმართველობის ფონდის” (GGF) მეშვეობით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის მხრიდან: დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და თემთა პალატის წევრები – ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი, ჯუდიტ ქამინსი, ტიმოთი ლაუთონი, ჯესიკა მორდენი და მარკ პაუსი, ხოლო საქართველოს მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები