„მირჩევნია, დავხატო ის, რაც მინდა, რომ მალე მოხდეს, ანუ მშვიდობას და სიყვარულს ავსახავდი და არა – ომის საშინელებას“ – „მლოცველის“ თბილი ფერები და ხატწერ-რესტავრატორი, ორნამენტების საიდუმლო ხიბლით…

ხელოვნება ბავშვობიდან დედამ შეაყვარა. მშობლებს ხშირად დაყავდათ ტაძარში, სადაც ფრესკების ხილვისას მისტიკური განცდა ეუფლებოდა…
შემდეგ ხელოვნებათმცოდნეობაზე განაგრძო სწავლა, ბოლოს კი ხატმწერ-რესტავრატორობა გადაწყვიტა.
ექსპედიციებში დადიოდა და ფრესკების რესტავრაციაში მონაწილეობდა. ამბობს, რომ ისტორიული ნიმუშის აღდგენა ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმიანობაა, სხვანაირად განაწყობს ადამიანს ამ წუთისოფლის მიმართ... სხვანაირად აღიქვამ სამყაროს…
ოჯახის შექმნის შემდეგ კი,  ვინაიდან რესტავრაციის ექსპედიციებში ვეღარ  ახერხებდა წასვლას, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი რამ შეექმნა, რაც ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში არ დააშორებდა..
ასე ნელ-ნელა სხვადასხვა ნივთს და ინტერიერისთვის განკუთვნილ საგნებს აფორმებდა და ქმნიდმისებური ინტერპრეტაციით, ორიგინალური ხელწერით.
„სანამ სარკეში  ჩემს თავს შევხედავ, იქამდე, პირველ რიგში, ორნამენტების თვალწარმტაც შთაბეჭდილებას ვაკვირდები და მათ სხვანაირ ინტერპრეტაციაზე ვფიქრობ… იდეები ხშირად მოდის ამ დროს... გიპყრობს და გიზიდავს მისი ფერების იდუმალება..  ეს არის ჩემი ორნამენტების საიდუმლო ხიბლი… ჩემს ნამუშევრებს წინასწარი მოსამზადებელი პროცესი ნამდვილად არ აქვს“.
მისი ნამუშევრები ინახება არა მარტო საქართველოს ტაძრებში, არამედ კერძო პიროვნებების კოლექციებშიც, მათ შორის დაცულია საზღვარგარეთაც, კერძო კოლექციებში. – ხატწერის, რესტავრატორის და ფერმწერის – თამთა თოიძის პერსონა.

ბავშვობიდან ეკლესიურად იზრდებოდით, ხატვაც ბავშვობიდან დაიწყეთ…
– ბავშვობა სასიამოვნოდ მახსენდება, უმეტესწილად, არდადეგების პერიოდი მიყვარდა განსაკუთრებულად, რადგან იმ პერიოდში სოფელში – ქალაქგარეთ წასვლა გარდაუვალი იყო ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის, ეს პერიოდი განსაკუთრებულად მხიბლავდა. ბუნებასთან ახლოს ყოფნა სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და ეს ჩემთვის ყოველთვის უფრო დასამახსოვრებელი იყო…
რაც შეეხება ეკლესიურობას, მშობლები უფრო რელიგიურები იყვნენ, ვიდრე ბებია და ბაბუა, მაინც კომუნისტური პერიოდის პიროვნებებისთვის ეკლესიასთან კავშირი რთული იყო, თუმცაღა ის აზროვნება, რაც რეალურად მართლმადიდებელ ქრისტიანებს ახასიათებთ და მოეთხოვებათ, ყოველთვის მათ ხასიათსა და ცხოვრებაში ნათლად ჩანდა…
რელიგიურობის მხრივ კი, ვცდილობ, მართლმადიდებელი ქრისტიანის სახელი ღმერთისთვის სათნოდ ვატარო და არა უბრალოდ – ფასადური შთაბეჭდილების გამომხატველად…
რელიგიური ცხოვრების დაწყებისთანავე, რადიკალურად გარდაიქმნა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრება, ანუ როდესაც პიროვნება უკვე მრევლი ხდება და ცდილობს,  ის ვალდებულებები, რაც მოეთხოვება ქრისტიან ადამიანს, შეასრულოს, იზრდება და იცვლება სულიერადაც და ხორციელადაც…
ხელოვნებასთან კავშირი კი, დედის განსაკუთრებული ყურადღების გამო, ბავშვობიდანვე მქონდა. სათამაშოების თამაშზე მეტად მე და ჩემს და-ძმას ხატვა და პლასტელინით გართობა  გვხიბლავდა… რეალურად დედამ გადადგა ის ნაბიჯი, რომ ამ კუთხით დავინტერესებულიყავით.
ხატმწერ-რესტავრატორობა ალბათ შემთხვევით არ აირჩიეთ…
– არასდროს მიფიქრია ხელოვნებაზე, როგორც პროფესიაზე,  ჩემთვის ხელოვნება ჰობად იყო ქცეული. ხელოვნებაში ყოველთვის ვიყავი სხვადასხვა მხრივ  ჩართული, ანუ სწავლას და მუშაობას ვგულისხმობ, მაგრამ  პროფესიულად მაინც არ ვიყავი დაინტერესებული..გარკვეული წლების შემდეგ მივხვდი, რომ  ეს სფერო, სადაც დღეს ვმოღვაწეობ და ვარ, ჩემთვის საინტერესო და ახლოს მყოფი საქმე იყო…
თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობდი და შემდეგ უკვე დავინტერესდი ხატმწერ- რესტავრატორობით.
ბავშვობაში ხშირად დავყავდი მშობლებს ტაძარში.  ფრესკებს ხშირად ვაკვირდებოდი, დიდ აღფრთოვანებას და მისტიკურ შეგრძნებას მმატებდა მათი ხილვა..
ხატი – სხვა სამყაროში გამავალი რამ არის, ისეთი რაღაც, რაც სიტყვებით არ გამოითქმის და შინაგანად უნდა იგრძნო..
მოკლედ რომ ვთქვა, ეს ის სამყარო იყო და არის, რაც წუთიერი სამყაროდან საუკუნო სამყაროში მიგიძღვება…  მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში და ხატმწერ- რესტავრატორი გავხდი..
რით იყო გამორჩეული სტუდენტობის პერიოდი?
– სტუდენტობის პერიოდი, ვგონებ, ყველას ცხოვრებაში საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ ძიებების და აღმოჩენების ეტაპია, მეგობრების შეძენის და მათთან ერთად მხიარული დროის გატარების ყველაზე კარგი საშუალება..
სტუდენტობის პერიოდში რამდენჯერმე მომიწია ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება ჩემს კურსელებთან ერთად და ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში…
როგორც ხატმწერ-რესტავრატორი, ფრესკების რესტავრაციაზე მუშაობდით. ალბათ ძალიან საპასუხისმგებლოა და, იმავდროულად, შინაგანად სხვანაირი მოკრძალების განცდა ეუფლება ადამიანს. რით გამოირჩეოდა ექსპედიციების დროინდელი პერიოდი? რომელი ფრესკები აღადგინეთ?
– ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმე იყო, როდესაც რესტავრაციაზე სხვადასხვა ექსპედიციაში ვმონაწილეობდი, ეს დიდ კრძალვას, შრომას და ცოდნას მოითხოვდა ჩემი მხრიდან, მართლაც ამაღელვებელი პერიოდი განსაკუთრებულად სხვანაირ დამოკიდებულებას მიქმნიდა ჩემს პროფესიასთან, ეს დარგი ჩემთვის უკვე მხოლოდ პროფესია აღარ იყო, გაზრდის და განვითარების მხრივ რადიკალურ ცვლილებას ნამდვილად მაძლევდა ეს გამოცდილება…
თავდაპირველად დერჩის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ფრესკები აღვადგინეთ, შემდეგ წალენჯიხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გვქონდა რამდენიმეთვიანი ექსპედიცია…
ფრესკების რესტავრაციაზე მუშაობა ძალიან მეამაყება, როდესაც ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდ საქმეს შევეჭიდე იმ პერიოდში, როდესაც ექსპედიციებში ვმუშაობდი…
ისტორიული ნიმუშის აღდგენა განმაცვიფრებლად სხვანაირად განგაწყობს ამ წუთისოფლის მიმართ… სხვანაირად აღიქვამ უკვე სამყაროს…
როგორ ქმნით სარკის დიზაინს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს?
– წინასწარი ესკიზები ნამდვილად არ მჭირდება, გონებაში ვითვალისწინებ დეტალებს და ექსპრომტად იმპულსურად გადმომაქვს პირდაპირ მასალაზე…
 თქვენ მიერ შექმნილი ნივთები, ჩარჩოები სხვადასხვა დიზაინით ლამაზი და საინტერესოა… ქართული ორნამენტები, ოღონდ ჩემეულადო, ამბობთ.  რას ნიშნავს ეს ჩემეული?
– „ჩემეული“ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს ასლი ანუ მიმსგავსებული არ არის, შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი იყოს, მაგრამ, რეალურად, ორნამენტების ეს შერწყმული ვარიანტი მართლაც რომ ჩემეულია, თუმცაღა ინსპირაციის სინთეზი – შეიძლება რომ ასეც ითქვას, ქართული და აზიური ორნამენტებიდან მაქვს მიღებული…
სარკეს მოჰყვა ჟურნალის მაგიდა, სასაჩუქრე ჩანთები და საფულეები…
– როდესაც ოჯახი შევქმენი, რესტავრაციის ექსპედიციებში უკვე ვერ ვახერხებდი წასვლას და ამიტომ ალტერნატიული ვერსიის ძიება დავიწყე,  დავიწყე ფიქრი, რისი შექმნა შემეძლო სახლში, ისეთი რამის, რაც ოჯახს თვეებით არ დამაშორებდა..
მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავედით და, საჭიროებისამებრ, ინტერიერისთვის დაგვჭირდა ნივთები. საინტერესო და განსხვავებულ ავეჯს და დეკორატიულ ნივთებს ვეცნობოდი.  ძიების პროცესში მივხვდი, რომ შემეძლო ისეთი რამის შექმნა, რაც ჩემთვისაც საჭირო და სასარგებლო იყო და თან შესაძლებელი იქნებოდა, კომერციული სახით მისი რეალიზაცია..
როდესაც  ექსპრომტად სარკის შეკვეთა  მივეცი, ორნამენტებით გაფორმება მოვიწადინე და განვახორციელე კიდეც, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა შეკვეთების თვალსაზრისით. იმდენად მომეწონა, რომ ყავის მაგიდაც მოსახატავი ვერსია შევუკვეთე. მესამე მცდელობა სასაჩუქრე ჩანთების და საფულეების გაფორმება იყო და ასე ნელ-ნელა  დავიწყე გაფორმება ავეჯზე, სამოსზე და აქსესუარებზეც…
როგორც ხატწერა, ასევე ფერწერული ტილოები, არის მშვიდი ფერებით, ქართული ხასიათით… თუნდაც ნატურმორტი გვირილებით… ანდა ალავერდის ფონზე… თუნდაც ნარიყალა და ანგელოზი… როგორ იქმნება ეს სურათები? შთაგონება როგორ მოდის?
– სურათების ინსპირაცია განწყობების და ოცნებების მიხედვით იქმნება… მე უფრო იმპულსური ხელოვანი ვარ და როდესაც პირდაპირ ტილოს  ვხედავ, ზოგჯერ გაუაზრებლად და ხშირ შემთხვევაში, გონებაში გააზრებულ იდეას ხორცს უკვე მასალაში ვასხამ…
ვცდილობ, ბუნებრივი საღებავები გამოვიყენო, რადგან სახლში ვმუშაობ, სადაც ჩემი პატარა შვილები არიან…
ამავდროულად, მინდა რომ ჩემმა ნამუშევრებმა დროს გაუძლოს და ხარისხიან მასალებს ვიყენებ.
პირველ რიგში, სარკეში, სანამ ჩემს თავს შევხედავ იქამდე, ორნამენტების თვალწარმტაც შთაბეჭდილებას ვაკვირდები და მათ სხვანაირ ინტერპრეტაციაზე ვფიქრობ… ამ დროს იდეები ხშირად მომდის… მიპყრობს და მიზიდავს მისი ფერების იდუმალება.. ეს არის ჩემი ორნამენტების საიდუმლო ხიბლი…
ამბობთ, რომ ესკიზებს არ იყენებთ და ექსპრომტად, მუშაობის პროცესში, თქვენებური ინტერპრეტაციით იქმნება ჩარჩო ანდა ორნამენტები
– ჩემს ნამუშევრებს წინასწარი მოსამზადებელი პროცესი ნამდვილად არ აქვს. ესკიზებს საერთოდ არ ვიყენებ.. როდესაც ჩარჩოს ან მასალას შევარჩევ, შემდეგ ინსტინქტურად ვმოქმედებ და ფერებსაც და ორნამენტებსაც ექსპრომტად, მუშაობის მომენტში, ვახორციელებ ნამუშევრებში…
უამრავ ხელოვანს შორის როგორ უნდა შეინარჩუნოს მხატვარმა ინდივიდუალურობა, რომ არავის არ ჰგავდეს?
– მგონია, რომ ინდივიდუალურობა მაინც შინაგანიდან მოდის,  რადგან ორი მსგავსი ფოთოლიც კი არ არსებობს ამქვეყნად, ადამიანის გონებაც მეტად ფართო ასპარეზის მქონე იქნება, ვგონებ.. თუ ადამიანი საკუთარ გონებას და გულს მოუსმენს, მიხვდება, მისთვის სასურველი რა არის და იმას, რასაც გულწრფელად შექმნის, მგონია, რომ ზუსტად ის იქნება ინდივიდუალური სამეტყველო ენა იმ ხელოვანისთვის!…
 როგორც ჩანს, ოჯახის შექმნის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო თქვენს შემოქმედებაში ეს თქვენს მხატვრობაზეც აისახაროგორ ახერხებთ პატარა შვილებთან ერთად მხატვრობისთვის დროის გამონახვას?
–  როდესაც ოჯახი შევქმენი, უკვე ექსპედიციებში თავისუფლად ვმონაწილეობდი და სწორედ ამ პერიოდში დავიწყე სახლის დეკორატიული ნივთებით გაფორმებაც.
ძიებები იმისა, თუ რა შემიძლია მე, როგორც დედას, სახლში არცთუ ისე მარტივად, მაგრამ (თუ სურვილი გაქვს ადამიანს, მგონია, ყველაფერს გააკეთებს), შეძლებისდაგვარად, მეუღლეც მიდგას მხარში და მთლიანად ოჯახიც. იმდენად კარგები არიან, რომ ყველანაირად  ცდილობენ, ჩემი შემოქმედებითობის განვითარების სიყვარული და სურვილი  არ შეაფერხონ. ყველანი გვერდში მიდგანან. ამ მხრივ მართლაც რომ გამიმართლა!.
მყავს  2.7 თვის შვილი – დავითი და 1 წლის ანდრია, რომლებიც ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები არიან (ისეთი მოუსვენარია, რომ საღებავებს და ნამუშევრებს ხელით ეხება) ოჯახში.
მას თუ მოსწონს ჩემი ნამუშევარი, გამოხატავს ძალიან ამაღელვებლად.  მის გამო გადავწყვიტე, რომ ჩემი საღებავები ყოფილიყო სუფთა ეკოლოგიური!

ჰობი…
– ჰობი პროფესიად გადაიქცა ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება რომ ასეც ითქვას!
 სააღდგომოდ რის შექმნას აპირებთ? როგორ ემზადებით, როგორც ხელოვანი?
– წინასწარ თქმას ნამდვილად ვერ შევძლებ, რადგან უკვე აღვნიშნე, რომ იმპულსურად უფრო ვქმნი ნამუშევრებს, ვიდრე პირიქით, წინასწარი მზადებით და მთელი გეგმებით, ნამდვილად არ ვარ მსგავსი პიროვნება… ვნახოთ, არ ვიცი…
–  არ შეიძლება, რუსეთ-უკრაინის ომის თემა ხელოვანს არ აღელვებდეს…
– რუსეთ-უკრაინის ომის თემა ყველასთვის მძიმე და რთული მოვლენაა ნამდვილად… ჯერჯერობით ამ თემაზე მხოლოდ ერთი ნამუშევარი მაქვს, რომელსაც „მლოცველი“ ჰქვია… ცისფერი ფერის ყვავილები, ყვითელი გულით, უკრაინას აღნიშნავს და წითელი – საქართველოს…
სამომავლოდ, თუ დრო მექნება, ვაპირებ, არა ბატალური სცენის ამსახველი ნამუშევრის შექმნას, არამედ მირჩევნია, ის დავხატო, რაც მინდა, რომ მალე მოხდეს, ანუ მშვიდობას და სიყვარულს გადავიტანდი ნახატზე და არა – ომის საშინელებას, რაც რეალუარად დღეს იქ ხდება და ვითარდება, ყველასდა სამწუხაროდ!…

„მლოცველი“

 თქვენი ნამუშევრები არა მარტო საქართველოს ტაძრებში, არამედ კერძო პიროვნებების კოლექციებშიც ინახება, მათ შორის – საზღვარგარეთაც… გვიამბეთ გამოფენებზე და სამომავლო გეგმებზე…
– ჩემი ნამუშევრები, კერძო კოლექციებში ინახება არა მარტო საქართველოში, არამედ – მსოფლიოს მასშტაბითაც… ტაძრებშიც არის დაბრძანებული ჩემ მიერ დაწერილი ხატები და პირად პიროვნებებთანაც…
გამოფენებში ხშირად მიწვევენ და, შეძლებისდაგვარად, დროის მხრივ ვცდილობ, დავთანხმდე და მივიღო მონაწილეობა, ხოლო რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ თემაზე არ მიყვარს საუბარო, რადგან წინასწარ თქმას და სურვილების გადმოფრქვევას მირჩევნია უკვე გაკეთებული საქმეებით ვისაუბრო, ვიდრე – პირიქით!

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები