„ჩემი გიტარა ძალიან ძველი მომეჩვენა, ჩავრთე ბლუზი და მოვხატე“ – ავტოპორტრეტი პირბადით და დიზაინერი, რომელიც მედიტაციური მუსიკის ფონზე ქმნის სამკაულებს

დაიბად თბილისში, თვითნასწავლი მხატვარი, მოდელირებადიზაინიპროფესიით. ამბობს, რომ ხატავ ყველგან და ყველაფერზე.
ხატვის გარდა კერას, ქარგავს, ძერწავს… ქმნის ულამაზეს ხელნაკეთ სამკაულებს, სამაჯურებს, გულსაკიდებს, ბეჭდებს…
სამომავლოდ სახელოსნო-სალონის შექმნაზე და პერსონალურ გამოფენებზე ფიქრობს. –
 ქრისტინა ალექსანდრიდის პერსონა.

– ბავშვობიდან რაც მახსენდება, უფრო წსკითხული წიგნები და როკმუსიკა იყო შთაგონების წყარო. პირველი ნახატები სწორედ მუსიკის ფონზე წაკითხული წიგნის შინაარსს ან პერსონაჟს ასახავდა… პირველი ნახატები  იყო გრაფიკული, ფანქრით შესრულებული ჩანახატები.
ძალიან პატარამ დავიწყე ხატვა, ალბათ სამ-ნახევარი წლიდან, მთელი დღე ვხატავდი. 14 წლიდან უკვე პირველ ნახატებს და ხელნაკეთებს ვყიდდი…
– ამბობთ, რომ ხატავთ ყველგან და ყველაფერზე… –  მოპედი, გიტარა, საცურაო აუზი…  როგორ ირჩევთ მოსახატ საგანს?
– იშვიათად შემირჩევია რაიმე წინასწარ დაგეგმილად. გიტარა პირველად მოიხატა სპონტანურად: შვებულების დროს დაკვრა მინდოდა და ჩემი გიტარა ძალიან ძველი მომეჩვენა, ჩავრთე ბლუზი და მოვხატე… ამის შემდეგ მოიხატა დანარჩენი 4 გიტარაც. მქონია შეკვეთაც: თეატრის სამოსის ან რომელიმე ტერასის კედლების გალამაზების მიზნით.
– მსოფლიოს განწყობა კორონავირუსისადმი ერთ პატარა ავტოპორტრეტში – გოგონა პირბადით გადმოეცით…
  საინტერესო ის იყო, რომ ყველაფერი გაჩერდა პანდემიის დაწყებისას. ორივე ობიექტი, სადაც ვმუშაობდი, ერთ – ერთი პირველი დაიკეტა. სპონტანურად დავხატე ეს ავტოპორტრეტი. პირბადის ხატვის დროს დამებადა ახალი საქმის იდეა – პირბადეების კერვა-გაყიდვა დავიწყე სახლიდან, ორი თვე ძალიან ბევრი პირბადე დავამზადე, დავიხმარე და დავასაქმე სხვა ადამიანებიც, სანამ პირბადის დეფიციტი იყო, პირბადეებს ვამზადებდით. ეს ნახატი რომ არა, ალბათ არ მომაფიქრდებოდა…
–  ხელნაკეთი სამკაულები, სამაჯურები, გულსაკიდები, ბეჭდები…  რა მასალას იყენებთ და როგორ იქმნება ეს სამკაულები?
–  მასალა შერეულია. არის თვლებიც, ენერგეტიკულად ძლიერი ქვებიც, ძირითადად, ვიყენებ დადებითი ენერგიის მომტან ქვებს: ვარდისფერ კვარცს, ლაზურიტს, მთვარის ქვას და ა.შ.
მიყვარს ეს პროცესი, თუმცა ძალიან შრომატევადია. იქმნება რამენაირი წინასწარ შექმნილი დაგეგმილი ესკიზის გარეშე. უბრალოდ ვჯდები მაგიდასთან, სადაც ყველა მასალა თვალწინ უნდა მელაგოს. ვრთავ მედიტაციურ მუსიკას და ერთი თვლიდან დაწყებული მივყვები ისევ სპონტანურად… სრული იმპროვიზაციაა. თუ რამე არ მომეწონა, შემიძლია, ბოლომდე დავშალო და  ახლიდან დავიწყო, სანამ არ დამაკმაყოფილებს შედეგი.
– კერავთ, ქარგავთ, ძერწავთ…  რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
– ყველაზე საინტერესო ნამუშევარი იყო თექის პანო, სადაც ყველაფერი იყო ჩართული: მოხატული თიხის ელემენტებიც, კერვაც და მძივებიც, ტყავიც კი. ეს პანო გაყიდულია, სამწუხაროდ,  ფოტოც არ დამრჩა.  გამოვყოფდი, ასევე, ორსულობის დროს შესრულებულ ნახატს.
–  როგორ გიდგას გვერდში მეუღლე თქვენს საქმიანობაში?
– მეუღლე გაცნობის დღიდან დიდი ხალისით მონაწილეობდა ჩემს შემოქმედებით საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია  თუნდაც ხატვასთან. რაც არ უნდა წამოვიწყო ახალი, ინტერესს გამოხატავს და  შეძლებისდაგვარად გვერდში მიდგას. მეტიც – დიდი სურვილი აქვს, ჩემი მიზნების მიღწევაში მთლიანად ხელი შემიწყოს. ამ მხრივაც ძალიან გამიმართლა.

–  უკრაინის ომს არ შეიძლებოდა ზეგავლენა არ მოეხდინა…
–  ომი – ნგრევის საშინელი ფორმაა, მიუღებელი. ძალიან განვიცადე… უკრაინის თემამ ისევ ფუნჯი ამაღებინა ხელში. ზოგადად, როცა რაღაცას ძალიან განვიცდი, მნიშვნელობა არ აქვს ნეგატიურს თუ პოზიტიურს, ყოველთვის რაღაც იქმნება…
–  ჰობი…
–  ჰობი ყოველთვის იყო მუსიკა (მელომანია) და მედიტაცია.

სამომავლო გეგმები…
– გეგმები… მინდა დიდი. სივრცე, ე.წ. სახელოსნო-სალონი მქონდეს, სადაც ჩემი ყველა მიმდინარეობის და ინტერესის ერთად შექმნა – ხილვა იქნება შესაძლებელი. იქვე გაიმართება პერსონალური გამოფენა-გაყიდვები, დაიხატება ტატუები, აჟღერდება ხარისხიანი მუსიკა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები