„უკრაინის დროშის ფერებში შექმნილ თოჯინებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა“ – დიზაინერი დროში მოგზაურობის შეგრძნებით და სიახლეების მოლოდინით

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტ დაამთავრა.  მაგისტრატურის კურსიც ასევე აკადემიაში გაიარა ტექსტილის დიზაინის მიმართულებით, სადიპლომო თემით  -„ტოტემიზმი”. სწავლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობდ ქართულ ტანსაცმლის რამდენიმე ბრენდთან. ამასობაში დაოჯახდა,  შეეძინა პატარა და პანდემიაც დაიწყო. სახლში ყოფნისა და პანდემიის პერიოდში აღმოაჩინ ახალი გატაცება- თოჯინების შექმნა.
ჩვენი ყურადღება კი  უკრაინის დროში ფერებში შექმნილმა თოჯინებმა. მიიპყრეს. თამარ ქისიშვილის პერსონა.

– ბავშვობა დუშეთის უმშვენიერეს სოფელ შუახევში გავატარე. იმ პერიოდში არსებული ყველა სირთულის მიუხედავად, მე და ჩემს და-ძმას მაინც ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო დედასა და ბებიას (მამის დედას),  რომლებიც საამისოდ ძალებს არ იშურებდნენ.
9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა, ის მაშინ 33 წლის იყო.
ქართულ-ოსურ სოფელში ვცხოვრობდი, სადაც ახალგაზრდები ჩვეულებრივ ქართულად საუბრობდნენ, ხანდაზმულები კი – ძირითადად, ოსურად.  მე კი მეგონა, რომ ადამიანები ახალგაზრდობაში ქართულად საუბრობენ, სიბერეში კი – ოსურად?!
ეს მოგონება ბავშვობიდან ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა.
– ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ. პირველი ნახატები…

პირველი ნახატებიდან

– საკუთარი თავი ხატვის გარეშე მართლა არ მახსენდება. ვხატავდი ყველგან, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა  – რვეულებში, ვაღიარებ, ჩემდა სამარცხვინოდ, წიგნებშიც,  მერხებზე, კედლებზე, ღობეებზე…
ვხატავდი სულ გოგონებსა და ყვავილებს, იშვიათად კი – სხვა რაღაცებს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის გარდა (დედაჩემისგან განსხვავებით) სხვა ვარიანტს არ განვიხილავდი. ვფიქრობდი, რომ თუ იქ არ ვისწავლიდი, სხვანაირად ნამდვილი ხელოვანი ვერ გავხდებოდი. კარგი სტუდენტი ვიყავი, თუმცა ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, შემეძლო, უფრო მეტად მომენდომებინა.
საინტერესო იყო, მქონოდა ურთიერთობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა უამრავ ნიჭიერ ადამიანთან, რომელთაც საკუთარი შრომით შეძლეს ბევრის მიღწევა.
მოდის დიზაინში ყველაზე მეტად მისი ცვალებადობა მომწონს, რაც დროში მოგზაურობას ჰგავს. ასევე – მისი მასობრიობა, სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიის გამოყენება, მუდმივი აღმოჩენები და ექსპერიმენტები.
– მაგისტრატურა ტექსტილის დიზაინიის განხრით დაამთავრეთ, სადიპლომო თემით ტოტემიზმი , სადაც ნამუშევრები ცივი და ცხელი ბატიკის ტექნოლოგია გამოიყენეთ...
– ტოტემიზმი, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც უმარტივესი და უძველესი რელიგიის ფორმა, ჩემთვის საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ პირველყოფილი ადამიანი თაყვანს სცემდა და აღმერთებდა ბუნებასა და მის შვილებს. საკუთარ თავს მათ ნათესავად ან მოკავშირედ მოიაზრებდა. თანამედროვე ადამიანი კი – როგორ ძალიან განსხვავდება მისგან და არაფრად აგდებს ბუნებაზე მის მავნე ზემოქმედებას.
შევეცადე, ქსოვილზე აბსტრაქტულად  გადამეტანა ამ ზემოქმედების დამღუპველი მხარეები, უსიცოცხლო, გადაჭრილი ხეებით, მკვეთრი მუქი კონტურებითა და მწვანე ფერით, რომელსაც სიხასხასე აკლია და შესაძლოა, მალე საერთოდაც გაქრეს…
თანამშრომლობდი  ქართულ ტანსაცმლის რამდენიმე ბრენდთან… რა შეგძინათ ამ პერიოდმა?
– უნარი – ვაღიარო, თუ რაღაც არ ვიცი ან არ გამომდის… მივხვდი, რომ საუკეთესო მასწავლებელი ყველა დარგში არის გამოცდილება. მუდმივად უნდა გვქონდეს რაღაც ახლის სწავლის სურვილი ადამიანებისგან, რომელთან ერთადაც გვიწევს მუშაობა.
ამავდროულად,  არ უნდა დავკარგოთ ინდივიდუალიზმი. არ უნდა მოვექცეთ ჩარჩოებში ისე, თითქოს იმის იქით აღარაფერია. საკუთარ თავს ხშირად უნდა მივცეთ ახალი შანსი, მუდმივ ძიებაში ვიყოთ და არ გვეშინოდეს ცვლილებების, თუნდაც ეს არ იყოს ის ცვლილება, რასაც ვგეგმავდით. მე ასე მიმაჩნია
– პანდემიის პერიოდში ახალი გატაცება გაჩნდა – თოჯინები…
–  სანამ შვილი მეყოლებოდა,  თოჯინების შექმნაზე არასოდეს მიფიქრია. ეს კი დაახლოებით 3 წლის წინ მოხდა. მისი პირველი დაბადების დღე პანდემიის დაწყების  პერიოდს დაემთხვა. ჩემს შვილს მელაკუდებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა. ამიტომ პირველი, რისი შეკერვაც აზრად მომივიდა, მელია და პატარა პირბადე იყო – იმავე თემატიკაზე.
ამ ნამუშევარმა როგორც იუბილარის, ისე გარშემომყოფების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც გადამაწყვეტინა ამ საქმისთვის უფრო მეტი დროის დათმობა.
– ამ ბოლო დროს თქვენ გვერდზე უკრაინის თემაზე შექმნილი თოჯინები გაჩნდა…
– უკრაინის პროცესები ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, ძალიან ემოციურია. გარკვეულწილად,  ეს 2008 წლის „დამსახურებაა“. ჩემი სოფელი საკმაოდ ახლოს მდებარეობს ახალგორის რაიონთან, საიდანაც გამუდმებით მესმოდა აფეთქების ხმები, ვხედავდი სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას – ეს კადრები დღემდე ჩემი ღამის კოშმარია.
მინდოდა  გამომეხატა  მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი – თუნდაც სულ მცირე და თუნდაც – ჩემი საქმიანობით. აქედან დაიბადა თოჯინის შექმნის იდეა უკრაინის დროშის ფერებში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი მიკავშირდება. მთხოვენ, დავუმზადო მსგავსი თოჯინა. ეს თოჯინები უფრო მეტად სჭირდებათ უკრაინელი მეგობრებისთვის საჩუქრად, მათ გასამხნევებლად. მოხარული ვარ, რომ ამ საქმით, თუნდაც რამდენიმე წამით, ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ.
– რა მასალას იყენებთ თოჯინების დასამზადებლად?  გჭირდებათ თუ არა შთაგონება ამ დროს?
– თოჯინების შექმნისას, პირველ რიგში, რასაც ვითვალისწინებ, არის მასალა. მასალის შერჩევისას ორიენტირებული ვარ მის ბუნებრივ შემადგენლობაზე, შემდეგ კი – მის ორნამენტიკაზე. მომწონს მცენარეული პრინტის მქონე ქსოვილები, ყვავილები, ხილი, ცხოველები. სხვადასხვა ფერის გამა. მოკლედ, ყველაფერი, რაც ბუნებას უკავშირდება. რაც შეეხება შთაგონების წყაროს, მას საკუთარ შვილსა  და ბუნებაში ვპოულობ.
– დღეს ბევრი ქმნის თოჯინებს. როგორ უნდა შეინარჩუნოს ხელოვანმა ინდივიდუალობა ასეთ დროს?
–  თანამედროვე ეპოქაში რთულია, არ ჰგავდე სხვას. მით უმეტეს, თოჯინების ის სტილი, რომლითაც მე ვმუშაობ, საუბარია „ტილდა“ სტილზე – საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია. უბრალოდ, საკუთარი ინდივიდუალურობის შესანარჩუნებლად, ყოველთვის  უნდა შეეცადო,  გადმოსცე ის, რასაც გრძნობ და რაც ნამდვილად შენია.
– ჰობი…
– მოგზაურობის სიყვარული, სიახლეების შეგრძნება, ახალი ადგილების აღმოჩენისადმი სწრაფვა… ყველანაირი ხელსაქმის კეთება მომწონს.
ზაფხულის უმეტეს დროს ახლაც სოფელში ვატარებ, მიყვარს მიწის დამუშავება, ყვავილებისა და ბოსტნეულის მოვლა. ჩემთვის ერთგვარი აზარტია მათი ზრდის პროცესისათვის თვალის დევნება და შედეგით ტკბობა.
მიყვარს წიგნის კითხვა თავისუფალ დროს.
– გამოფენები…
– ჯგუფურ გამოფენებში მივიღე მონაწილეობა –  თბილისსა და ბათუმში. ვმონაწილეობდი საერთაშორისო ვორკშოპში  თემაზე: „პროფესია და ხარიახი”,  რომლის დასკვნითი გამოფენაც  ფლორენციაში გაიმართა.
მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გავიცანით. ისიც ხელოვანია, საერთო ინტერესები გვეხმარება საერთო გეგმების დასახვაში. გვინდა გვქონდეს სივრცე მაღაზია-სახელოსნოსთვის, სადაც გაიყიდება ჩვენ  მიერ ადგილზე შექმნილი ნამუშევრები. შეგვეძლება, ვუმასპინძლოთ ადამიანებს, რომელთაც  მიეცემათ საშუალება, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები თოჯინების შექმნაში, ტილოზე  ხატვაში, მოიყვანონ პატარები და სიამოვნებასთან ერთად დრო  შემეცნებითადაც  გაატარონ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები