თვითნასწავლი მხატვარია, პროფესიით – არქეოლოგი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. ხატვა კი ორიოდე წლის წინ დაიწყო. ამ ბოლო დროს თოჯინების გაკეთება დაიწყო.
ხატავს, ქარგავს და ქმნის თოჯინებს. – შორენა ტერაშვილის პერსონა.
– ხელოვნების და კონკრეტულად ხატვის სიყვარული ბავშვობიდან ნამდვილად არ მქონია, დაახლოებით ორი წლის წინ შემთხვევით ვნახე ვიდეო, სადაც ულამაზესი პეიზაჟი დახატეს და იმ წამს იმდენად მომინდა, რომ მეც იგივე გამეკეთებინა. მანამდე არასდროს გამჩენია მსგავსი სურვილი, მთელი დღე ვუმეორებდი ჩემს თავს, რომ მეც შემეძლო იმავეს გაკეთება, მეორე დღესვე მოვიმარაგე საჭირო ნივთები, საღებავები და პირველად ჩემს ცხოვრებაში – დავხატე.
– პირველი ნახატები…
– ძალიან მიყვარს სიმწვანე, ბუნება და ჩემი პირველი ნახატიც სწორედ ბუნება იყო.
– რას განიცდით ხატვისას? შთაგონება როგორ მოდის?
– ყოველთვის, როცა ხატვის სურვილი მიჩნდება, ვარ მოწყენილი ან რაიმეზე გაბრაზებული, ხატვას ვიწყებ და მაშინვე ქრება ყველაფერი უარყოფითი, მთელი გონებით ვერთვები ხატვის პროცესში, წინასწარ არ ვიცი, რას დავხატავ. ვიწყებ ხატვას და შთაგონებაც თანდათან, ხატვის პროცესში მოდის.
– თოჯინები… ჟღალთმიანი, ლამაზები… როგორ იქმნება თქვენი თოჯინა?
– თოჯინების შექმნის იდეა სულ ახლახან, დაახლოებით ერთი თვის წინ გამიჩნდა. ვუყურებდი თოჯინას და გავიფიქრე, მეც ხომ არ მეცადა-მეთქი. ვიცოდი, რომ გამომივიდოდა და რატომაც არა, მოდი, ვცდი-მეთქი. და ჩემმა მცდელობამ გაამართლა, დაიბადა ჩემი თვალებციმციმა გოგონა.
თოჯინებს ვკერავ ნაჭრით, თმებს ვუკეთებ საქსოვი ძაფებით…
– ვინმეს მიამსგავსეთ თუ ფანტაზიით შექმენით?
– ფანტაზიით… სასიამოვნო იყო შექმნის პროცესი და შემდეგ ჩემი შრომის შედეგით ტკბობა, კიდევ უფრო სასიამოვნო და სასიხარულო იყო, როცა ჩემმა გოგონამ უამრავი შექება დაიმსახურა.
შემდეგი იყო პატარა ჟღალი ბიჭუნა, რომელიც ჩემი მეუღლის ბავშვობას მივამსგავსე… სხვათა შორის, ძალიან ჰგავს.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, ჩემი თოჯინები ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდნენ.
– მეუღლეს მოეწონა?
– კი, ძალიან მოეწონა. იმდენი დადებითი ემოცია და გამოხმაურება დაიმსახურეს ჩემმა თოჯინებმა, იმდენად მახარებს ეს ფაქტი, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ვფიქრობ, ეს არის ის საქმე, რაც მინდა, რომ ვაკეთო, საქმე, რომელიც მსიამოვნებს, მახარებს და დადებითი ემოციებით მავსებს.
– თოჯინებს სახელებს არქმევთ?
– ჟღალ გოგონას და ბიჭუნას სახელები ჰქვიათ. ბიჭს ჩემი მეუღლის სახელს ვეძახი, გოგოს – მერის. მერი ჩემი მეუღლის და არის. ბევრი მეუბნება, რომ ჩემი გოგონა მერის ჰგავს.
ერთი თვეა, დავიწყე თოჯინების დამზადება და მალე მეხუთე თოჯინაც მეყოლება, ისიც ბიჭუნა – ეშმაკუნა გამომეტყველებით.
– მეუღლეს, როგორც ჩანს, თქვენი შემოქმედება მოსწონს და გვერდში გიდგათ…
– მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, ერთ ჯგუფში ვიყავით. ყოველთვის მოსწონს, როცა რაიმე ახალს ვქმნი – ნახატს, თოჯინას… ობიექტურად აფასებს და არა ისე, როგორც მე გამიხარდება, ცდილობს, დამეხმაროს განვითარებაში და სტიმულს მაძლევს, ვაკეთო ის საქმე, რაც მე მიყვარს და მსიამოვნებს.
– ანუ მეუღლეც არქეოლოგია?
– კი, თუმცა ჩვენი პროფესიით არცერთი არ ვმუშაობთ. ასე ვთქვათ, ძიების პროცესში ვართ.
– კარანტინის დროს როგორ მუშაობდით – ნაყოფიერად თუ პირიქით?
– განწყობაზეა დამოკიდებული, არის პერიოდები, როცა არ ვარ ხატვის განწყობაზე და საკმაოდ დიდი დროის მანძილზე არაფერს ვხატავ და არის პერიოდი, როცა ბევრს ვხატავ…. ასე რომ, კარანტინის დროსაც ისე ვმუშაობდი, როგორც სხვა დროს.
– როგორ დაიხატა ბაბუაწვერა და მოცეკვავე ფერიები?
– ბაბუაწვერები ძალიან მიყვარს, ადამიანის ცხოვრებას ვადარებ – იბადება, იზრდება, ლამაზდება და მერე ნელ-ნელა ბერდება. თითოეული ნაწილი თანდათანობით ტოვებს სხეულს ისე, როგორც ადამიანის სხეულს ტოვებს სული, ბაბუაწვერაც, ადამიანის მსგავსად, თავისი წასვლის შემდეგ ტოვებს მის ნაწილს, რომელიც შემდეგ ქმნის მომავალს და ბადებს ახალ სიცოცხლეს…
რაც შეეხება ჩემს ნახატს, სადაც ბაბუაწვერა და მოცეკვავე ფერიებია გამოსახული, მინდოდა მეტი სიცოცხლე შემეძინა მისთვის. ამიტომ დავხატე ფერიები, ბაბუაწვერას თუ დააკვირდებით, მისი ეს პატარ – პატარა ნაწილები თითქოს მართლა ჰგავს მოცეკვავე ფერიებს.
ამ ნახატით გადმოვეცი სწორედ ცხოვრების ის პერიოდი, რაც ზემოთ გითხარით, სულის და სხეულის განშორება და მომავლის დაბადება.
– სამომავლოდ რას აპირებთ?
– სამომავლოდ ვაპირებ ამ საქმის გაგრძელებას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მაქვს თოჯინებთან დაკავშირებით. მივიღე რამდენიმე შემოთავაზება და ვფიქრობ, რომ განვავითარებ ამ საქმეს.
თამარ შაიშმელაშვილი