გოგოს ცისფერ თვალებში ცრემლებია, გულში ჩახუტებულ დათუნიასაც სევდიანი მზერა აქვს… თითქოს ორივეს ვედრება აღუვლენიათ… უსიტყვოდ ამბობენ: „რატომ“?
ეს სურათი ფეისბუქზე შეგვხვდა და მაშინვე მხატვარს, მარი ბორძიკაშვილს დავუკავშირდით.
– ამ დღეებში ყურადღება მიიპყრო თქვენმა ნახატმა – „ღმერთო, დაიფარე ყველა პატარა“…
– პირველ რიგში, მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს და სრულიად ქვეყანას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დღევანდელი ვითარება უკრაინაში ისეთი ემოციურია, ალბათ არ არსებობს ადამიანი და მშობელი, ვისაც პატარა ჰყავს, არ განიცდიდეს იმ ბავშვების ტანჯვას და იმ ემოციებს, რაც მათ თვალებში ჩანს.
შიში და დაუცველობის შეგრძნება, – დავინახე და გადავიტანე ტილოზე. ეს ის თვალებია, საიდანაც არასოდეს ამოვა ის კადრები და შეგრძნებები, რისი გადატანაც უწევთ ახლა იქ მყოფ ბავშვებს… ღმერთო, დაიფარე ყველა პატარა…
– ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრეთ… გასაკვირი არ არის, რადგან მხატვრების ოჯახში გაიზარდეთ, მამა – თენგიზ ბორძიკაშვილი მხატვარი იყო…
– პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. დავიბადე სოფელ ზემო ალვანში. მოგეხსენებათ, თუშები ხელოვანი ხალხია. მამა – თენგიზ ბორძიკაშვილი მხატვარ – დიზაინერი იყო. ამზადებდა ხის ჭაღებს და მუშაობდა შუშა კერამიკაზე. დედა – რუსულის პედაგოგი. უფროსი ძმა მყავს, რომელიც ასევე მხატვარია. დეიდა, ბიძა მხატვრები არიან. მოკლედ, ჩემ გარშემო ყველა ან მხატვარია ან მღერის. ასე რომ, შეუძლებელია, ასეთ გარემოში ხელოვნებისადმი გულგრილი ვყოფილიყავი.
ბავშობიდან ვხატავდი. მამა ძალიან ამაყობდა ჩემი ნამუშევრებით და უხაროდა. სამწუხაროდ, 1996 წელს გარდაიცვალა. ყოველთვის, როცა რაიმე წარმატებას ვაღწევ, შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის გვერდში მიდგას და ამაყობს. ეს მეტ სტიმულს მაძლევს. ჩემს გულში, ყველა ჩემს წინგადადგმულ ნაბიჯს მის ხსოვნას ვუძღვნი.
– საზღვარგარეთ ცხოვრების დროს დაიბადა სამკაულების შექმნის იდეა… პირველი ნაკეთობანი…
– ხუთი წელი ვცხოვრობდი ესპანეთში. ჩემი მიზანი და დიდი სურვილი იყო ჩემი პროფესიით მემუშავა. შემექმნა რაიმე ახალი და განსხვავებული. მქონოდა ჩემი ბრენდი. რატომღაც რომ ჩამოვედი, ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ვგეგმავდი. პატარები მეყოლა და ცოტა შემაფერხა. მაგრამ ამ დროის განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ვცადე თავი, თუმცა არცერთი აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო.
ვფიქრობ, ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებას ანიჭებს და არ ღლის, ფსიქოლოგიურად და ემოციურად.ვენეციაში ყოფნის დროს გამიჩნდა ეს იდეა. ზოგადად, ბავშვობიდან მიყვარდა აქსესუარები.
ჩემი ყურადღება მიიქცია ხელნაკეთი აქსესუარების ერთ – ერთმა მაღაზიამ, სადაც ძალიან ლამაზად ჰქონდათ სივრცე მოწყობილი. ყველა ფერის ქვას თავისი კუთხე ჰქონდა. ისეთი მომხიბვლელი იყო, ყველა აქსესუარს სიამოვნებით ვიყიდდი. რომ დავუკვირდი, არც ისე რთულად შესასრულებელი მეჩვენა და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩამოვიდოდი, ჩემთვის აუცილებლად დავიმზადებდი. ასეც მოვიქეცი. პირველივე ნამუშევარმა, დიდი ყურადღება მიიქცია და მოწონება დაიმსახურა. თავიდან ქვებით დავიწყე. შემდეგ ტყავიც ვცადე და ასე გავამრავალფეროვნე.
– ძალიან ლამაზი და დახვეწილია ხელნაკეთი ბროშები, ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები… ამავდროულად, – ფერადოვნები… შექმნის დროს რაზე ფიქრობთ, უწინარესად რითი უნდა მოიხიბლოს მნახველი?
– ჩემი აქსესუარები ერთმანეთისგან განსხვავდება. ბევრი სახეობის მასალას ვიყენებ. მრავალი დიზაინის აქსესუარი შევქმენი 5 წლის განმავლობაში. მიყვარს ფერადოვნება, ორიგინალურობა. არ მიყვარს პრიმიტიული და მასობრივი აქსესუარების მზადება,რაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ხიბლავს ჩემი გვერდის: M-style accessories მომხმარებლებს.
ჩემი ინიციატივით არასოდეს ვამზადებ აქსესუარებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რა თქმა უნდა, თუ არ მთხოვა მომხმარებელმა. უპირატესობას დიზაინს და ფერთა შერწყმას ვანიჭებ.
აქსესუარი ისეთი უნდა იყოს, რომ ჩანდეს, როცა გიკეთია.
– მუშაობის დროს თუ ანიჭებთ უპირატესობას შთაგონებას?
– შთაგონების წყარო ყოველთვის წელიწადის დროებია. ყველა დროს თავისი ფერები მოაქვს, რაც ძალიან ლამაზად აისახება აქსესუარებზეც, ასევე – მუსიკა, რომელიც აცოცხლებს მას. ჩემს აქსესუარებს ყოველთვის აქვს თავისი სახელი, ისევე როგორც ნახატებს.
– ფერადოვანი და სახასიათოა თქვენი ნახატები: „სიყვარული“, „ფერადი ფიქრებით“, „მოლოდინი“, „ჩემი სახლი“… როგორ შეიქმნა თუნდაც „მოლოდინი“?
– ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მაქვს, რომ მეტი დრო დავუთმო. მაგრამ ხანდახან ისე შემომაწვება ხატვის მუზა, ყველაფერს გვერდზე ვდებ და ჩემი ემოციები ტილოზე გადამაქვს. ნახატებში ყოველთვის იგრძნობა ავტორის სულიერი სამყარო. ის აურა ნახატზე აისახება, რაც მას სულში აქვს.
ასე რომ, ხელოვანი ადამიანის სულიერი სამყაროს დანახვა გაცილებით იოლია.
– ფერადოვანი და სახასიათოა თქვენი ნახატები: „სიყვარული“, „ფერადი ფიქრებით“, „მოლოდინი“, „ჩემი სახლი“…
– ეს ის ემოციები და ფიქრებია, რაც მხატვრებს ტილოზე გადაგვაქვს. ნახატი „მოლოდინი”… ადამიანი ალბათ ყოველთვის რაღაცის მოლოდინშია. მე ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რაღაცას ველოდები.
– ქმნით ტილოებს ინტერიერისთვის – ზამბახები, თეთრი მაგნოლია, სამოთხის ჩიტები… თქვენს გვერდზე რომელი ნამუშევარი მოსწონს მნახველს უფრო მეტად?
– „თეთრი მაგნოლიები” მამშვიდებს. ასევე, ძალიან მოსწონთ ,,გოგონა აივანზე”, რომელიც ბედნიერ და ლაღ წლებს აგონებს ადამიანებს. თემატური ნახატები მიყვარს.
ნახატს რომ შეხედავ, კარგ ხასიათზე უნდა გაყენებდეს და განწყობასაც იმავეს უნდა გიქმნიდეს.
– თქვენს სამკაულებს ცნობილი ადამიანები დაატარებენ…
– კი, ჩემს აქსესუარებს სიამოვნებით იკეთებენ ცნობილი სახეებიც. ყველა გემოვნებიან ქალბატონს უყვარს, იყოს ორიგინალური და ავანგარდული. ეს ხომ ბიჟუტერია არ არის, ეს ხელოვნების ნიმუშია და ყველა მათგანს თავისი სიტყვა ეთქმის. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ბიჟუტერიასთან აიგივებენ.
ცნობილი ქალბატონები ასევე გვეხმარებიან, წარადგინონ ჩვენი ნაწარმი და გააცნონ მათ ესა თუ ის ნაწარმი, რაც ახალია და ჯერ არ არის ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა.
ჯერჯერობით არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში უდგანან დამწყებ მეწარმეებს ყოველგვარი ანგარების გარეშე, თუმცაღა ძალიან ცოტანი არიან ასეთები…
– ჰობი…
– ჰობი, რა თქმა უნდა, ხატვა და აქსესუარებზე მუშაობა. აქ მხოლოდ მუშაობა არ არის მისი შექმნაა მთავარი.ძალიან საინტერესოა როდესაც წარმოიდგენ, ხორცს შეასხამ და სულს ჩაბერავ. ასევე ის ემოციები და შეფასებები რომელიც მოდის მომხმარებლებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
– დღეს, როცა უამრავი აკეთებს ხელნაკეთ ნივთებს, როგორ უნდა შეინარჩუნო ინდივიდუალობა?
– მე როცა დავიწყე აქსესუარების დამზადება, მაშინ ჯერ ასე მასობრივად არ ამზადებდნენ. ახლა, პანდემიის პერიოდში, ბევრმა მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. თუმცა ეს არც ისე იოლია, როგორც შორიდან ჩანს. თუ ფანტაზია არ გაქვს და ფერებში ვერ ერკვევი, განსხვავებულს ვერ შექმნი. მე, პირადად, ფანტაზიის დეფიციტი არ მაქვს, პირიქით. ამიტომაც არ მაშინებს კონკურენცია. ადამიანები, რომლებიც განსხვავებულს და ორიგინალურს არჩევენ, ყოველთვის ინდივიდუალურია მათი ნამუშევრები.
– გამოფენა…
– გამოფენა არ მქონია მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ პერსონალურს. ეს იქნება აქსესუარების და ნახატების ერთობლივი გამოფენა.
– როგორ გეხმარებათ ოჯახი მუშაობაში…
– ოჯახი ძალიან მეხმარება, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობენ, ასევე პატარებიც. როდესაც ვმუშაობ, მაქსიმალურად ცდილობენ, არ შემაწუხონ.
ცოტა ხნის წინ ჩემმა 7 წლის ბიჭმა დამიხატა საყურე და მთხოვა, დამემზადებინა. იმ დღესვე დავამზადეთ. საკმაოდ საინტერესო მოდელი აღმოჩნდა და იმ დღესვე გაიყიდა. ისეთი ბედნიერი იყო. თავისი პირველი ჰონორარით სკეიტბორდი შეიძინა. ვცდილობ, დავაინტერესო და მათაც შევაყვარო ხელსაქმე. რაც ყოველთვის გამოადგებათ. ეს ხომ მეორე პროფესიაა.
– სამომავლო გეგმები…
– რა თქმა უნდა, ვაპირებ ამ საქმის გაგრძელებას, უფრო გაფართოებას. მინდა, რაც შეიძლება მეტ ხალხს გავაცნო ჩემი შემოქმედება, რომ შეაფასონ და შეიყვარონ. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა და მის გარეშე არ შემიძლია.
თამარ შაიშმელაშვილი