გურჯაანის რაიონში დაიბადა. თეთრიწყაროში გაატარა ბავშვობა. შემდეგ იყო არაშენდის საშუალო სკოლა და თბილისის 42-ე მათემატიკური სკოლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე უკვე სტუდენტი – ძველმა ქართულმა ლიტერატურამ და ბიბლიურმა წიგნებმა გაიტაცა.
ერთხანს მოსწავლე-ახალგაზრდობის (ყოფილი პიონერთა სასახლე) სასახლეში ქართული ენის კაბინეტში მასწავლებლად მუშაობდა… შემდეგ იყო კერძო სკოლა, 26 წელია რელიგიის ისტორიას და კულტურას ასწავლის.
პედაგოგობის პარალელურად, წერდა ლექსებს, მოთხრობებს…. მისი ლექსები და პატარა პუბლიკაციები ბავშვობიდან ქვეყნდებოდა ჯერ გაზეთ „გაზაფხულში“ და შემდეგ – უფრო სერიოზულ პერიოდულ პრესაში.
ორი პოეტური კრებულის ავტორია: „ხმა მომავლიდან“ და „სიმაღლეების სევდა“.
არის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი პირველი-მეოთხე კლასებისთვის – „გაკვეთილები მეტყველების კულტურაში“.
თარგმნა დიმიტრი ლიხაჩოვის „წერილები სიკეთესა და მშვენიერებაზე“, თავისი წინასიტყვაობით.
ცხოვრობს სიკეთით და სიყვარულით, ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტად ქართული სიტყვის მსახური და ამბობს, რომ ცხოვრებაში შეხვედრილი უამრავი წინააღმდეგობისა და ტკივილის მიუხედავად, სიცოცხლე საჩუქარია, საჩუქარი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და ეცადო, ღირსეულად ატარო. – პედაგოგისა და მწერლის, ნინო არსენაშვილის პერსონა.
– დავბადებულვარ 1953 წლის 17 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, დედულეთში. ამით გავანაწყენე მამის მშობლები და დავარღვიე ერთგვარი ტრადიცია. რადგან ოჯახში მეორე შვილი ვიყავი, უფროსი ძმა უკვე სამი წლის ხდებოდა, ჩვენი კუთხის, კახეთის ტრადიციის მიხედვით უნდა დავბადებულიყავი ამავე რაიონის სოფელ არაშენდაში, სადაც ცხოვრობდნენ მამაჩემის მშობლები. მამა იმ პერიოდში მუშაობდა თეთრიწყაროში და ცოლ-შვილით იქ ცხოვრობდა. სოფელში მშობლების სანახავად ჩამოსულიყვნენ. დედას თავისიანების ნახვაც მოენდომებინა.
ჩვენი სოფლიდან მშვენივრად ჩანს მელაანი, შუაში ერთი ლაკბისხევი ჩამოუდით. ჩვენს მხარეს ამ ხევის ფერდობებზე შინდიანისა და ბურიანის ტყეებია შეფენილი. სასიამოვნოც კი იქნებოდა შემოდგომის დასაწყისში იმ ფერდობის გადავლა და საყვარელი ადამიანების მონახულება. თანაც ეტყობა, მაინცდამაინც იმ დღეებში არ მელოდნენ. მე კი აღარ მოვიცადე და მეორე დღეს, ხუთშაბათს, მშვიდი და ნათელი დილის 9 საათზე გამოვჩნდი. თუმცა კიდევ ერთი რამით დავარღვიე ტრადიცია. გამოჩენით კი გამოვჩნდი ანუ გავჩნდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, ალბათ გაოცებული ვარკვევდი: ეს სად მოვხვდი-მეთქი; ახლად ნამშობიარებ დედაჩემსაც ჩასთვლემია და იქ მყოფნი ისეთ ისტერიკაში ჩაცვივნულად (ორივე მკვდრები ვეგონეთ, ეტყობა), რომ ვეღარ გაეგოთ, ვინ მე მირტყამდა და ვინ დედაჩემს აფხიზლებდა. ბოლოს კი ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
დედაჩემმა, განაწყენებული დედამთილი რომ შემოერიგებინა, მისი სახელი დამარქვა. ასე შევუდექი აქაურ ამბებში მონაწილეობას შაქრო (ზაქარია) არსენაშვილისა და ნინო ბერიძის მეოთხე შვილიშვილი. მამაჩემის მშობლებს ათი შვილიშვილი ვყავდით. დანარჩენები ჩემს მერე გვესტუმრნენ.
თეთრიწყაროში გავატარე ჩემი არსებობის პირველი ხუთი წელიწადი. მამას სამსახურებრივი მივლინებების გამო ხშირად გვიწევდა ყოფნა თბილისში. ექვსი თვის რომ ვყოფილვარ ორმხრივი ფილტვების ანთება დამმართვია და ისეთ დღეში ჩავვარდნილვარ, მიუხედავად იმისა, რომ მამიდაჩემის წყალობით (პროვიზორი გახლდათ და მთავარ სააფთიაქო სამმართველოში მეგობრები ჰყავდა) გაუჩენელი წამლებიც კი გაუჩენიათ, ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი დაუკარგავთ. დედას ტირილით წამოვუყვანივარ საავადმყოფოდან. გამოწერისას ერთ ღვთისნიერ ექიმს დედაჩემისთვის უთქვამს: ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი ვცადეთ, ღმერთი თუ გადაგირჩენთ ამ ბავშვსო. ჰოდა, დედაჩემიც ამ სიტყვებს ჩასჭიდებია.
ავლაბარში ვცხოვრობდით. ერთი ოთახი გვქონდა დათმობილი ახლობლების, – ვარდო და სათენიკა ხარაზიშვილების სახლში. ჩემი ავადმყოფობის გამო ხან ერთი ბებია იყო ჩვენთან და ხან – მეორე, დედაჩემთან ერთად მორიგეობით მითევდნენ ღამეებს. მტირალი დედაჩემი ბებიას უნუგეშებია და უთქვამს: რაკი ექიმმა მასე გითხრა, მოვნათლოთო. დედა შეფიქრიანებულა.
მამაჩემი იმ დროისთვის თანამდებობის პირი იყო, თანაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეთრიწყაროს რაიონიდან და ასეთ დროს შვილის მონათვლა შეიძლებოდა ადამიანის დახვრეტის მიზეზი გამხდარიყო. ბებიამ ეს ამბავი დიასახლისს შესჩივლა. ბოლოს, ნაცნობი მღვდელი გაიხსენა სათენიკა ნათლიამ და მეც და ჩემი უფროსი ძმაც შუაღამისას მოგვნათლეს სიონში. ნათლიები დიასახლისთან ერთად დედაჩემისა და მამაჩემის უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათაც, რაღა თქმა უნდა, საფრთხეში ჩაიგდეს თავი.
ჩემი ნათლიები უკვე დიდი ხანია რაც ამ სოფლიდან გავიდნენ, მაგრამ მე დღემდე მადლიერი ვარ მათი და იმ მოძღვრისაც, ვინც მიშუამდგომლა უფალთან და სიცოცხლე მაჩუქა.
გავიდა დრო. მამას შესთავაზეს სამუშაოდ გადასულიყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თან მისი პროფესორი სერგი დურმიშიძე (შემდგომ აკადემიკოსი) ასპირანტურაში იწვევდა სწავლის გასაგრძელებლად. მან კი ამ შეთავაზებებზე უარი განაცხადა და მოითხოვა, მშობლიურ სოფელში გამოეძებნათ მისთვის სამსახური. უმცროსი ძმის ომში დაკარგვის შემდეგ მამა თავს მოვალედ თვლიდა, მშობლების გვერდით ყოფილიყო და მათთვის ეს დანაკარგი რამდენადაც შეეძლო შეემსუბუქებინა. ასე დაიწყო სოფელ არაშენდის კოლმეურნეობის მთავარ აგრონომად მუშაობა მამამ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, 1959 წელს.
– არაშენდის სკოლაში სწავლობდით… ალბათ ბავშვის ხსოვნაში შემონახული იმდროინდელი მოგონებებიც გექნებათ…
– ექვსი წლისა უკვე არაშენდის სკოლაში დავდიოდი. თუმცა მთელი პირველი სემესტრი სიაში არ ვეწერე. მაშინ მხოლოდ შვიდი წლის ბავშვებს იღებდნენ პირველ კლასში, მე კი, ჩემი მშობლების ხათრით, თავისუფალ მსმენელად დამიშვეს.
ერთ მშვენიერ დღესაც რაიონის განათლების განყოფილებიდან შემოწმებაზე იყვნენ მოსულები. შემოვიდნენ ჩვენს კლასშიც და ეტყობა, ჩემს საყვარელ მასწავლებელს, აწ განსვენებულ ანიკო ქაჩლიშვილს უსაყვედურეს ჩემ გამო. დამიძახა ანიკო მასწავლებელმა და სთხოვა იმ სტუმრებს: ჰკითხეთ პირველი კლასის პროგრამიდან რაც გინდათო. დამიწყეს გამოკითხვა. მკითხეს ისეთი რამეებიც, რაც ჯერ არ გაგვევლო. ჯერ ხომ მხოლოდ პირველი სემესტრი იწურებოდა (მაშინ სასწავლო წელი ოთხ სემესტრად იყოფოდა შუალედებში ერთ ან ორკვირიანი დასვენებებით). როგორც გაირკვა, იმდენად კმაყოფილები დარჩნენ ჩემი პასუხებით, რომ თვითონ შესულან თხოვნით დირექტორთან, გამონაკლისის სახით შევეყვანე სიაში. ასე გავხდი ოფიციალური პირველკლასელი.
ზემოთ უკვე ვთქვი, ეს პერიოდი ქვეყნისთვის უმძიმესი იყო-მეთქი. მთელ საბჭოთა კავშირს და მასში შემავალ ყველა ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა „ხრუშჩოვშჩინა“. სტალინის გამო განსაკუთრებით ჩვენ, ქართველებს გადაგვემტერა ეს „ქიმიისა“ და ამერიკული სიმინდის მოყვარული მმართველი. ცხოვრება ისე გაჭირდა, ნორმალური პურიც კი არ იშოვებოდა სოფელში.
ჩვენს მხარეში, კახეთში მხოლოდ ერობის წისქვილზე შეიძლებოდა ნორმალურად ხორბლის დაფქვა. მხოლოდ ერობის წისქვილში დაფქული ფქვილით ცხვებოდა თეთრი და გემრიელი პური.
ეს ერობის წისქვილი სადღაც წინამხარში იყო. ამიტომ იქ ხორბლის წასაღებად რამდენიმე ოჯახი უნდა მოგროვილიყო, რომ მანქანა ექირავებინათ ხორბლის წასაღებად; თანაც თეთრი ფქვილის მისაღებად გაცილებით მეტი ხორბალია საჭირო და ამის საშუალება ყველას არ ჰქონდა. ამიტომ ერობის წისქვილიდან მოტანილი ფქვილით პურს რომ გამოაცხობდა ბებია, წესისამებრ, ერთ ლავაშსა და ერთ პურს მოსაკითხად გასცემდა და თითო პურსაც მე და ჩემი ძმა გადავდებდით მეორე დღეს სკოლაში წასაღებად, რომ იქ თანაკლასელებისთვის გაგვენაწილებინა. დღესაც მახსოვს იმ პურის სურნელი და ბავშვების გაბრწყინებული თვალები. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, მაგრამ აღარც ისეთი გემრიელი პური მიჭამია და არც ისეთი სიხარული განმიცდია, მეგობრების სიხარულის თანაზიარი.
– ერთხანს თბილისის 42-ე მათემატიკურ სკოლაში სწავლობდით… შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა…– გავიდა ხანი და ისევ თბილისში მოგვიწია გადმოსვლა საცხოვრებლად. ჯერ ჩემი ძმა ჩაირიცხა თბილისის 42-ე მათემატიკურ სკოლაში და ორი წლის შემდეგ მეც იქ გავაგრძელე სწავლა.
ერთხელ სკოლიდან ჩემმა თანაკლასელმა მანანა ანასაშვილმა წამიყვანა პიონერთა სასახლეში (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) გაზეთ „გაზაფხულის“ რედაქციაში. მომეწონა იქაური თბილი გარემო, პედაგოგები: გაზეთის მაშინდელი რედაქტორი როზა დევდარიანი, შემდგომში ჩემი საყვარელი მასწავლებელი ანო კასრაძე, გული სალუქვაძე და სხვანი. იმ დღიდან გავხდი სასახლის გაზეთის ნორჩი კორესპონდენტი და აქტიურად ჩავები გაზეთის მომზადების საქმეში. ვმონაწილეობდი „გაზაფხულის“ ახალი ნომრის მაკეტის შედგენაში, ვაკეთებდი კორექტურას და ამასთან ხანდახან ჩემი პატარა წერილები თუ ლექსებიც იბეჭდებოდა ამ გაზეთში სხვა მასალებთან ერთად.
მეათე კლასში უმაღლეს მათემატიკას ვახტანგ ბერიტაშვილი გვასწავლიდა. მომწონდა მისი გაკვეთილები და ვფიქრობდი: უნივერსიტეტში (მაშინ საქართველოში ერთი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო) ფილოლოგიურზე კი ჩავაბარებ, მაგრამ მერე მათემატიკურ ლინგვისტიკაში ვიმუშავებ-მეთქი. უკვე სტუდენტი კი ძველმა ქართულმა ლიტერატურამ და ბიბლიურმა წიგნებმა გამიტაცა. მართალია, ერთი საინტერესო საკურსო ნამუშევარი „ვნებითი გვარის ზმნები სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისაში“ ძველი ქართული ენის კათედრაზეც წარვადგინე. ნაშრომი მომიწონეს და შემომთავაზეს ენის განხრით გამეგრძელებინა სწავლა, რაც ალბათ ჩემი ჩანაფიქრის განსახორციელებლად უფრო გამომადგებოდა, მაგრამ მე უკვე გულში მქონდა ამოჭრილი ძველი ქართული ლიტერატურა და უნივერსიტეტიც ამ განხრით დავასრულე.
– საინტერესო მოგონება გაკავშირებდათ ცნობილ მეცნიერ ივანე ლოლაშვილთან…
– სადიპლომო ნამუშევარი, რომლის ხელმძღვანელიც გრივერ ფარულავა გახლდათ, დავით გურამიშვილის „დავითიანში“ ბიბლიურ ელემენტებს, კერძოდ კი, ბიბლიურ მხატვრულ სახეებს ეხებოდა. რეცენზენტი პროფესორი ვანო ლოლაშვილი იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკვე ვმუშაობდი საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციის რეფერენტად, ლიტერატურის ინსტიტუტში კვლავ შევხვდი ბატონ ვანოს, მოვიკითხე, გამიხსენა და შემომთავაზა, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, როგორც ერთი საინტერესო საკითხი ძველ ქართულ ლიტერატურაში განმევრცო მისი ხელმძღვანელობით და საკანდიდატო დისერტაციად მექცია. შევადგინეთ მონახაზი, ჩამაწერინა ლიტერატურა, მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები და შევუდექი შრომას. ერთი – ორ სხდომაზე მოხსენებითაც გამოვედი ლიტერატურის ინსტიტუტში აღნიშნული საკითხის ირგვლივ. ბევრი მეუბნებოდა, რომ ლამის სადოქტორო ნაშრომის მასალა მქონდა უკვე, რაც ბატონ ვანოს ძალიან ახარებდა.
ისე კი მოხდა,რომ ვეღარც საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი. ამის მიზეზი ბატონ ვანო ლოლაშვილის ტრაგიკული აღსასრული გახდა. 1984 წლის გაზაფხულზე სტუდენტებთან ერთად იყო დავითგარეჯაში, სადაც ბალახებით დაფარული ხორბლის შესანახი ღრმა ჭა ვერ შენიშნა და ჩავარდა. მძიმე დანაკლისი იყო ჩემთვის ბატონი ვანოს გარდაცვალება.
იმავე 1984 წლის შემოდგომაზე პროფესორმა რეზო ბარამიძემ მითხრა, რომ მასთან შემეძლო გადამეტანა თემა და გამეგრძელებინა მუშაობა. სანამ მე მოვიფიქრე და განაცხადი შევიტანე ინსტიტუტის დირექციაში, ჩემი დაწყებული და თითქმის გაკეთებული თემა რატომღაც სხვა ხარისხის მაძიებლის ხელში აღმოჩნდა და ამ მიზეზით უარი მითხრეს. ერთი შანსი მქონდა, ახალი თემა უნდა ამეღო და თავიდან დამეწყო მუშაობა, რაც მე აღარ ვისურვე.
სანაცვლოდ, ძირითად სამსახურთან შეთავსებით, პედაგოგიურ საქმიანობას მოვკიდე ხელი, კერძოდ, ჩემი ბავშვობის პიონერთა სასახლეს დავუბრუნდი ქართული ენის კაბინეტში მასწავლებლად. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დასაწყისს ბიძგი მისცა ენათმეცნიერმა გურამ ბედოშვილმა, რომელმაც ერთგვარი რეკომენდაცია გამიწია. სასახლეში ისევ თბილი გარემო და ჩემი ყოფილი მასწავლებლები დამხვდნენ.
– პედაგოგობა ახსენეთ და… ამჟამად მუშაობთ რელიგიის მასწავლებლად კერძო სკოლაში. ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა და სიფრთხილით უნდა ისწავლებოდეს…
– 1995 სასწავლო წელი სიახლით დაიწყო. სასწავლო პროგრამას ახალი საგანი დაემატა – „რელიგიის ისტორია და კულტურა“. დირექტორის თხოვნით წავედი გასაუბრებაზე მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც ამ საგნის მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები გაიხსნა. გასაუბრებას პროფესორი რევაზ თვარაძე (სახელმძღვანელოების ავტორი ამ ახალ საგანში) და აკაკი მინდიაშვილი წარმართავდნენ. მსურველები საკმაოდ იყვნენ. გასაუბრების შემდეგ ბატონმა რეზიმ მითხრა, კურსების გავლა აღარ გჭირდება, სერტიფიკატს ახლავე შეგივსებთო. ასე რომ, სკოლაში რელიგიის ისტორიისა და კულტურის მასწავლებლის საბუთით დავბრუნდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (1992 წლის მარტიდან) გავხდი მრევლი მეტეხის ტაძრისა. ავლაბარში ვცხოვრობდით და საკურთხი ორმოცი დღის მანძილზე, შემდეგ კი მიცვალებულთა ხსენების დღეებში ამ ტაძარში მიმქონდა. ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. გადავწყვიტე, მეთქვა აღსარება და, ნებას თუ მომცემდნენ (კურთხევას თუ მივიღებდი), ვზიარებულიყავი კიდეც.
ასე დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. აქ მე ბევრი რამ ვისწავლე. მანამდე მქონდა მხოლოდ თეორიული ცოდნა საღვთო წიგნებისა და რაც მთავარია, მქონდა რწმენა. ეკლესიამ, ღვთის სახლმა, ჩემმა მოძღვარმა – მამა გიორგიმ (ცნობილაძემ) და სულიერმა და-ძმებმა გამაძლიერეს ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში.
ახლაც, როცა ასე რთულ საქმეს უნდა შევდგომოდი, მამა გიორგის მივმართე. დამლოცა, დამარიგა. ერთი ჩემი სულიერი ძმა, დღეს დეკანოზი მიქაელი ასევე აპირებდა ამ საგნის მასწავლებლობას. შემდეგში ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას.
ჩემი ცოდნაც ძველი ქართული მწერლობისა დიდად გამომადგა. საგანი მესამე კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით ისწავლებოდა. შემდეგ კი ისე დაინტერესდნენ ბავშვები, რომ მოითხოვეს, გაგვეგრძელებინა სწავლა მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. შევადგინე პროგრამა მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებისთვის და შევიტანეთ საპატრიარქოში ნებართვისთვის. მივიღეთ დასტური. რადგან კერძო სკოლა იყო, არც სამინისტრომ შეგვზღუდა და რამდენიმე წლის მანძილზე ეს საგანი ჩვენს სკოლაში ისწავლებოდა მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
მახსოვს, მეთერთმეტე კლასში ქრისტიანული ფსიქოლოგიის საკითხებს გავდიოდით (მეხმარებოდა პროფესორ დავით ცქიტიშვილის წიგნები) და ისეთი ინტერესით ისმენდნენ, იმართებოდა დებატებიც, ერთხელ, შენდობის კვირას, ასეთი რამ მითხრეს: თქვენც მოგვიტევეთ, რასაც გაბრაზებთ და რაც გაწყენინეთ, ჩვენც მოგიტევებთ, ოღონდ გაკვეთილი აღარასდროს გაგვიცდინოთო (ისე მოხდა, რომ ავადმყოფობის გამო ერთი გაკვეთილი გამიცდა).
სწავლება რთული იყო იმდენად, რამდენადაც არანაირი გამოცდილება ამ საგნის სწავლებაში არ გამაჩნდა. არც სახელმძღვანელო არსებობდა. რევაზ თვარაძის სახელმძღვანელოები საკმარისი არ იყო. ბევრს ვკითხულობდი. იმ პერიოდში გამოიცა „საღვთო სჯული“ (საკითხავი წიგნი), რომელიც მალევე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. მასში მოცემული იყო ქართული ეკლესიის ისტორიაც, მაჩუქეს ნესტორ ყუბანეიშვილის წიგნიც ამავე სახელწოდებით. ვიყენებდი და ვიყენებ იაკობ გოგებაშვილის „საღვთო ისტორიას“; ამასთან, ვეცნობოდი წიგნებს სხვა რელიგიურ კონფენსიებზე. სხვაგვარად გავიაზრე „მამათა სწავლანი“.
ენერგიას მმატებდა ისიც, რომ როცა ბავშვები ტაძარში მიმყავდა, ტაძრის არქიტექტურის ან კედლის მხატვრობის გასაცნობად, ხშირად მომყვებოდნენ მშობლები, პაპა-ბებიები და მლოცავდნენ. დღესაც გული სიამით მევსება, როცა მხვდებიან ყოფილი მოწაფეები, უკვე დაოჯახებულები, ზოგჯერ შვილებთან ერთადაც და მადლობას მიხდიან. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
რაც შეეხება საგნის სწავლებას ამ სახით – „რელიგიის ისტორია და კულტურა“ აუცილებელია რომ ისწავლებოდეს, ოღონდ კადრია საჭირო. რთული საგანია და მასწავლებელი თუ ვერ ერკვევა, ჯობს, ხელი არ მოჰკიდოს.
უკვე ოცდაექვსი წელია ამ საგანს ვასწავლი. მყავდა და მყავს სხვა რელიგიებისა თუ სექტების წარმომადგენლები მოსწავლეთა შორის, მაგრამ როდესაც ობიექტური ხარ, როდესაც ცდილობ სიყვარულით ასწავლო, ბავშვებს საკუთარი სარწმუნოების სიყვარულსა და სხვათა პატივისცემას აჩვევ, იქ ღმერთიც გეხმარება და სადაც ღმერთი გეხმარება, დაუძლეველი არაფერია. თუ გვინდა, სრულფასოვანი – ჯერ ჩვენი ქვეყნის და შემდეგ მსოფლიო მოქალაქე აღვზარდოთ, აუცილებელია ვასწავლოთ რელიგიის ისტორიაც, რაც მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია.
– ჟურნალ „დილასთან“ ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ. საბავშვო ლექსების და მოთხრობების ავტორი ხართ…
– მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბავშვობიდან იბეჭდებოდა ჩემი ლექსები და პატარა პუბლიკაციები ჯერ გაზეთ „გაზაფხულში“ და მერე უფრო სერიოზულ პერიოდულ პრესაში, მათ შორის ლიტერატურულშიც: „ლიტერატურული საქართველო“, „ნობათი“, „ცისკარი“, მაინც არ მიფიქრია, რომ ქართული სიტყვის მსახურებას ვეღარ შეველეოდი. 1996 წელს თანაკურსელისა და მეგობრის შერმადინ ქალდანის სამსახურში, ჟურნალ „დილის“ რედაქციაში მოვხვდი, და თუ ადრე ამ ჟურნალის პატარა მკითხველი ვიყავი, იმ დღიდან მოაქამომდე ვმეგობრობ საყმაწვილო ჟურნალთან. ამ მეგობრობამ და სიყვარულმა დამაწერინა ის საბავშვო ლექსებიც, რომლებიც ჟურნალ „დილაშივე“ დამიბეჭდეს. 2014 წლიდან ჩემი პროექტის ფარგლებში „მე ასე ვფიქრობ, შენ?“ დავბეჭდე ოცდაოთხამდე მოთხრობა. სურვილი მაქვს, პატარა წიგნაკად ავკინძო ეს მოთხრობები, მით უმეტეს, რომ მომწონს ჟურნალ „დილის“ მხატვრებიც.
ცხოვრებაში შეხვედრილი უამრავი წინააღმდეგობისა და ტკივილის მიუხედავად, ვთვლი, რომ სიცოცხლე საჩუქარია, საჩუქარი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და ეცადო ღირსეულად ატარო.
– ხართ ლექსების ორი კრებულის ავტორი. მეორე კრებული „ხმა მომავლიდან“ შარშან გამოვიდა… „ხმა მომავლიდან“ მაინც 21-ე საუკუნეს ეკუთვნისო, ამბობთ. წიგნიდან წიგნამდე „სიმაღლეების სევდიდან“ მეორე კრებულამდე – როგორი განცდით მიხვედით? სათქმელი როგორ შეიცვალა?
– უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და ლიტერატურული წრის საქმიანობაში. ვსწავლობდი ფრიადებზე. მესამე კურსიდან გავხდი გალაკტიონ ტაბიძის სტიპენდიატი, რამაც სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც დამაკისრა. უფრო კრიტიკულად შევხედე ჩემს ნაწერებს. არ ვჩქარობდი გამოქვეყნებას. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალე უკვე დაბეჭდილი მქონდა ლექსები ჟურნალებში: „ნობათი“, „ცისკარი“, „დროშა“, „საქართველოს ქალი“, გაზეთებში: „ლიტერატურული საქართველო“, „ახალგაზრდა კომუნისტი“.
1990 წელს თავი მოვუყარე ამ ლექსებს, დავამატე ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი ლექსებიც და კრებული „სიმაღლეების სევდა“ გამოსაცემად მზად მქონდა. მაგრამ ჯერ პირად ცხოვრებაში მომხდარმა ამბებმა და შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ ჩემი გეგმა შეცვალა. წიგნმა მზის შუქი მხოლოდ 2000 წელს იხილა. მასში ძირითადად სკოლისა და სტუდენტობის წლებში შექმნილი ლექსებია შეტანილი. როგორც მკითხველს არაერთხელ უთქვამს, წიგნი „სიმაღლეების სევდა“ მართლაც ძალიან სევდიანი ლექსებითაა შედგენილი, მაგრამ იქ ჩემი ახალგაზრდობაა მოცემული და დაკვირვებული თვალი ამასაც უცილოდ შეამჩნევს.
მერე შემოქმედებითი პაუზა დაიწყო. უფრო სწორად, წიგნის გამოცემამდე უკვე სხვა საკითხზე გადავერთე. კერძოდ, მუშაობა დავიწყე დამხმარე სახელმძღვანელოზე პირველი-მეოთხე კლასებისთვის „გაკვეთილები მეტყველების კულტურაში“. ამ საგანს ვასწავლიდი დამოუკიდებელ სკოლა „მოძღვარში“ ჩემ მიერვე შედგენილი პროგრამით, რომელიც მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტმა დაამტკიცა 1994 წელს. ეს პროგრამა ერთ-ერთი საფუძველთაგანი იყო კერძო სკოლის დაარსებისა. 2011 წელს გამოვეცი ამ წიგნის პირველი ნაწილი, ხოლო 2016-ში – მეორეც. წიგნების რეცენზენტები იყვნენ: უნივერსიტეტში ჩემი მასწავლებელი და პროფესორი ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე და თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პროფესორი თამილა ლასხიშვილი და რა თქმა უნდა, სკოლის დაწყებითი საფეხურის მოქმედი მასწავლებლები.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად მაგრამ მაინც ვწერდი ლექსებს, მინიატურებს, ჩანახატებს. ვთვლიდი, რომ მუზამ მიმატოვა და უფრო მეტს ვხევდი და ვყრიდი.
მალე მივხვდი, რომ მწერლობა პროფესია არ არის, ის ბედისწერაა, რომელსაც ვერ გაექცევი და ეს სწორედ XXI საუკუნეში მოხდა.
ერთი პატარა ლექსი ჟურნალ „დილაში“ 2001 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა. აი, ისიც:
„საუკუნეს ახალს
გაუხსენით არტახები
საუკუნეს ახალს.
გზა მართალი ღმერთმა კიდევ
თუკი დაგვანახვა,
ლამაზ სიზმრებს.ფერად სიზმრებს
უკვე ცხადში ვნახავთ.
გაუხსენით არტახები
საუკუნეს ახალს“.
ამას მოჰყვა სხვა ლექსებიც. ისეთი განცდა მქონდა, შორეული მოგზაურობიდან შინ რომ დაბრუნდები. ალბათ ახალ კრებულში „ხმა მომავლიდან“ უფრო შინდაბრუნებულის ლექსებია. ერთ ჩემს ლექსში, რომლითაც განვაახლე თანამშრომლობა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოსთან“, „სიტყვის ბატონები“, ვწერდი:
„როცა მეგონა, მოვიხადე ლექსის სახადი,
სიტყვაზე ამცრეს და გამირთულდა“…
ეს გართულება დღემდე მომყვება. ასე სიტყვაზე აცრილმა შევქმენი ის ლექსებიც, რომლებიც შევიტანე კრებულში „ხმა მომავლიდან“.
– როგორი უნდა იყოს მწერალი?
– ძნელია თქმა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მწერალი, მაგრამ ცხადია, მწერალი აუცილებლად მადლიანი უნდა იყოს. გოდერძი ჩოხელი გამახსენდა: „ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო,… შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი“…. („ადამიანთა სევდა“). ამავე დროს მწერალი უნდა იყოს გულწრფელი, სხვაგვარად არ შეიძლება, არ დაუჯერებენ.
– დიმიტრი ლიხაჩოვის წერილებს თარგმნით. რატომ გადაწყვიტეთ მისი თარგმნა?
– დიმიტრი ლიხაჩოვის პატარა წიგნი, 1989 წელს ლენინგრადში გამოცემული, „წერილები სიკეთესა და მშვენიერებაზე“, 1990 წელს მაჩუქა მეგობარმა და წაკითხვისთანავე დავიწყე თარგმნა. ჩემი ნათარგმნი ერთი წერილი „სიტყვის ხელოვნებასა და ფილოლოგიაზე“ მალევე დაიბეჭდა“ ჟურნალ „კრიტიკაში“, წერილი „აღზრდის შესახებ“ უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებაში“, მაგრამ ქვეყანა აირია და აღარც ეს წერილი დაიბეჭდა. დიმიტრი ლიხაჩოვი მსოფლიოში ცნობილი სწავლული იყო. მას, მართალია, ეტყობოდა საბჭოთა ცენზურის გავლენა, მაგალითად, ჩემ მიერ ნათარგმ წიგნში იგი ბიბლიას პირდაპირ არ ასახელებს, ამბობს, ერთ დიდ წიგნში ასე და ასე წერიაო; მის ნაწერებში ჩანს რუსული ხასიათი და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ დიმიტრი სერგეის ძეს შეეძლო სწორად შეეფასებინა სხვა ეროვნებათა კულტურაც, დაენახა მათში განსხვავება და ეპოვა მსგავსებაც. მან არაერთი შესანიშნავი წერილი უძღვნა ქართველ ხელოვნებათმცოდნეს, ხელოვნებისა და კულტურის საოცარ მოამაგეს, საქართველოში ხელოვნების მუზეუმის, ხოლო რუსეთში ტრეტიაკოვის გალერეიის დამაარსებელს, ანდრეი რუბლიოვის შემოქმედებისა და ანჩისხატის ტაძრის გადამრჩენელს, დავით არსენიშვილს.
დიმიტრი ლიხაჩოვის „წერილები სიკეთესა და მშვენიერებაზე“ სულ ორმოცდაექვსი წერილისგან შედგება და ორმოცდაექვსივე ვთარგმნე თავისი წინასიტყვაობით. ჩემი ნათარგმნი ერთი წერილი „ხსოვნის შესახებ“ 2019 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ანეულში“, ხოლო წერილი „შევიმეცნოთ ხელოვნება“ ჟურნალმა „ოლემ“ გამოაქვეყნა.
ამ წიგნის წინასიტყვაობიდან მოვიყვან აქ მცირე ამონარიდს და ვფიქრობ, გასაგები იქნება, რატომ ვთარგმნე ეს წიგნი და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ახალგაზრდობისთვის: „ჩემს წერილებში მე არ ვცდილობ ავხსნა, რა არის სიკეთე და რატომ არის კეთილი ადამიანი შინაგანად ლამაზი, რატომ ცხოვრობს იგი საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და ბუნებასთან თანხმობით. ამ დამოკიდებულებათა განმარტებანი და განსაზღვრებანი შეიძლება საკმაოზე ბევრიც იყოს; მე სხვა რამისკენ ვისწრაფი – კონკრეტული მაგალითებისკენ, ვითვალისწინებ რა ადამიანური ბუნების ზოგად ხასიათს….. ჩემი მაგალითები არ არის იდეოლოგიური, რადგან მე ისინი მომყავს ბავშვებისთვის მანამდე, სანამ ისინი დაემორჩილებიან რომელიმე განსაზღვრულ მსოფლმხედველობით პრინციპს.
ბავშვებს ძალიან უყვართ ტრადიციები, ამაყობენ თავიანთი სახლით, ოჯახით, საკუთარი სამყაროთი, თუმცა მათ ასევე მშვენივრად ესმით სხვისი ტრადიციები, ადვილად ხვდებიან იმ საერთოს, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს. მე ბედნიერი ვიქნები, თუ მკითხველი, რა ასაკისაც უნდა იყოს იგი (ხომ ხდება, რომ დიდებიც კითხულობენ საბავშვო წიგნებს), ჩემს წერილებში იპოვის ნაწილს მაინც იმისას, რაშიც დამეთანხმება. თანხმობა ადამიანებს შორის, სხვადასხვა ხალხს შორის ყველაზე ძვირფასია და ამჟამად ყველაზე აუცილებელი კაცობრიობისათვის“. ამ სიტყვებს დიმიტრი ლიხაჩოვი გასული საუკუნის 80-იან წლებში წერდა და ვთვლი, რომ დღესაც აქტუალურია, – თანხმობა ადამიანებს შორის და თანხმობა ეროვნებათა შორის დღესაც აუცილებელია ჩვენი თანაცხოვრებისთვის ამ სამყაროში.
– ჰობი…
– მოგზაურობა და ცხენები. თუმცა ორივეს მონატრებაღა დამრჩა. 90-იანი წლების მერე ცხენზე აღარ ვმჯდარვარ, სამაგიეროდ, ინტერესით ვუყურებ ფილმებს ამ კეთილშობილ ცხოველზე. და მოგზაურობაც ამ არეულ სამყაროში ჯერჯერობით ვეღარ მოვახერხე.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებზე წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. უფრო სურვილია, გამოვცე ერთი-ორი წიგნი მაინც, კიდევ შევძლო,რომ ვისწავლო და ვასწავლო.
თამარ შაიშმელაშვილი