დაიბადა გორში… დაამთავრა ატენის საშუალო სკოლა. აქედან – ერთი წელი ისწავლა ქობულეთში. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, ცეკვავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს… მაგრამ ბოლოს იურისტობა არჩია…
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ადვოკატურის განხრით დაამთავრა..
საკუთარი კრებული არ გამოუცია, თუმცა მისი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები ადრეული ასაკიდან სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდებოდა, თანამედროვე შემოქმედთა – საერთო ტომეულებში, ჟურნალ- გაზეთებში..
ამჟამად ემიგრანტია, ცხოვრობს გერმანიაში და სულ თან დაჰყვება, სამშობლოსავით, სიკეთე და სიყვარული, პოეტური სული…
ამბობს, რომ სიცოცხლესავით უყვარს – ცეკვა, სიმღერა, სპორტი … და ენატრება აქაურობა… – ქეთი ატენელის (ბზიშვილი) პერსონა.
– შეიძლება ითქვას – ერთ ჩვეულებრივ კეთილ ოჯახში დავიბადე, მაგრამ რამდენადაც ვფიქრობ, თუ ვინ იყვნენ ჩემი მშობლები – ჩემი აზრით, ეს არ იყო ჩვეულებრივი ოჯახი. ვინც ჩემს მშობლებს იცნობდა, უკეთესად ისაუბრებდნენ მათზე, მე მიჭირს საკუთარზე, თუმცა ჭეშმარიტად საამაყოზე, საუბარი, მაგრამ გეტყოდით მათზე მცირედს, როგორც სიკეთის მაგალითზე:
დედა – ეთერ კუბლაშვილი, ადამიანი, რომელიც ჭირსა და ლხინს მუსიკით უძღვებოდა (უკრავდა რამდენიმე სახეობის მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მღეროდა ), ეს ისე…
ახლა ვფიქრობ და არავინ მეგულება მისი მსგავსი – ვიდრე პირუტყვს არ გამოკვებავდა, თავად ლუკმას არ მიიღებდა – პირუტყვია, ვერ იტყვის, მშიაო… ხომ წარმოგიდგენიათ, გაჭირვებული ადამიანებისთვის როგორი იქნებოდა, – ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ სხვისი ტკივილი არ ენახა, საოცარი ქალი იყო, კიდევ მეტი – მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე – მთელ სოფელს სიყვარულით ახსოვს და დღესაც ცრემლს გაურევენ, როცა მას იხსენებენ, თუ ვისთვის რა მადლი გაუღია (ამას თავად დედა არასოდეს იტყოდა, ჩუმად აკეთებდა სიკეთეს, ისე, რომ არც თვლიდა რამედ) , შორს წამიყვანს მის საოცარ ხასიათსა და სასწაულ ქმედებებზე საუბარი…
მამა – ვიქტორ ბზიშვილი, ასევე უპატიოსნესი ადამიანი, კაცი არ მოიძებნება მისგან ნაწყენი, დურგალი იყო. აქაც, ერთს გავიხსენებ მამის სიკეთეზე და ვფიქრობ ნათელი იქნება, თუ ვინ იყო – ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც ძალიან ჭირდა – პურის რიგები, უშუქობა, ეკონომიური კრიზისი…
მეზობელს ჩვილი დაეღუპა, ჩასასვენებლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ, არ იყო ეს მამის ხელობა, მაგრამ მისთვის ვალდებულება იყო, რამე მოემოქმედებინა, მძიმე იყო მისთვის „ასეთი საქმე” – მეზობელი… ჩვილი… დედაც ეხმარებოდა, ცრემლებით აკეთეს „საქმე“… ამას მოჰყვა მეორე გაჭირვებულის ბედი… მერე – მესამე… და ასე შეეთვისა ახალ დარდიან საქმეს – „ჩასასვენებლების” კეთების.. აქ კი საოცარი რა არის, იცით? – არავის ურიგდებოდა როგორც საქმეზე, არ იღებდა ფულს, თუ ვინმე მაინც დააძალებდა – აუცილებლად უკან აძლევდა ნაწილს..
მამაზეც დაუსრულებელი სიკეთეები მახსოვს…
– ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან დაგყვათ… ეს კი, უპირველესად, ოჯახმა და შინაგანმა მოწოდებამ განაპირობაო…
– აბა, მარტო წვრთნა რას გიზამს, თუ ბუნებამც არ გიშველა – ვეთანხმები დიდ აკაკის! არ ვიცი მხოლოდ „ცხოვრების რეჟიმი“ რაში გამომწვრთნიდა, რომ არა ჩემი სულმზიანი მშობლების გენი, რომელთა შვილობა ბედნიერებად მერგო – რაც უნდა ძნელი დრო გვქონოდა – ჩემს ოჯახში ცეკვა-სიმღერა იყო ყოველივე სიძნელის დამძლევი, განსაკუთრებით, დედის სულიერი მოვალეობა იყო მხიარულება, მასაც თავისი ოჯახიდან მოსდევდა ხელოვნებისადმი სიყვარული, დედის ოჯახში ყველა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული (ასე ვიტყოდი), ხელოვნების მოტრფიალე იყო, დედას ერთ-ერთი ძმა – ამირან კუბლაშვილი ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა სულმნათ ჰამლეტ გონაშვილთან ერთად… შორს წამიყვანა ფიქრმა… მთელი ჩემი პასუხი, ვფიქრობ, ნათელია, თუ რამ განაპირობა ჩემში ხელოვნების სიყვარული…
– ლექსებს ბავშვობიდან წერთ… ხატავთ… ანსამბლ „მთიებში“ ცეკვავდით და მღეროდით… და მაინც ადვოკატი გამოხვედით…
– ექვსი წლის ვიყავი, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ვერა რამაზაშვილი. მის ოჯახში თითქმის ყველა წერდა და ალბათ პოეზიისადმი მისი სიყვარული იყო მიზეზი, რომ თავის აღსაზრდელებშიც ეპოვა „პოეზიის სული“.
ერთხელაც, დავალებად მოგვცა, დაგვეწერა ლექსი, ვის როგორ შეგვეძლო. მახსოვს, აღვფრთოვანდი, ძალიან გამიხარდა „დავალება“, თუმცა მანამდე არასოდეს მიფიქრია – არც ლექსის დაწერაზე და არც პოეზიაზე, წარმოდგენაც არ მქონდა, რა დამეწერა. არადა, დედაც წერდა, იქნებ გვიან, მაგრამ მაინც ამედგა ფეხი პოეზიაში, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ სწორედ ჩემი პირველი მასწავლებლის – ვერა რამაზაშვილის მადლი იყო საფუძველი, პოეზიაში ჩემი პირველი ნაბიჯისა და წარუშლელი ემოციისა, რომელიც ამ დრომდე მომყვება და მათბობს…
დავალება მხოლოდ ორმა მოსწავლემ შევასრულეთ, გიამ (გვარს აღარ მივუთითებ შეგნებულად, ისე კი, მინდა ნახოს მისი სახელი და ის სიყვარულიანი დრო გაიხსენოს…) და მე. თუმცა აღმოჩნდა, რომ გიას წიგნადან გადაეწერა „კომში, კომში კომარა“….
ჩემი – ექვსი წლის მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების შეფასება კი ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლისგან ასეთი იყო – თავისთან მიმიხმო, ჩამიხუტა, მეფერა და შემამკო ათასი საქებარი სიტყვით, თუმცა ჩემთვის გაუგებარი იყო, ვინ პოეტების სახელს ახსენებდა და რა წინსვლის გზას მისურვებდა – განცდა ბავშვური სიამაყისა, რომ მე რაღაც „დიდი საქმე გავაკეთე“ – დღემდე შეუდარებელი სიტკბოთი მავსებს. არადა, ახლა სულ სხვა ვარ – რაც უნდა მართლაც დიდი სიკეთე თუ საქმე გავაკეთო, არაფრად მიმაჩნია, რაიმე სასიკეთოს შექმნა ჩვეულებრივი მგონია.. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რა ლექსი დავწერე. ზუსტად ვიცი, არ ემგვანებოდა ლექსს, მაგრამ რაღაც იყო მასში პოეზიური ალბათ – „ასე რომ შემაფასა“ მასწავლებელმა…
– ორიოიდე წელი ქობულეთშიც სწავლობდით, სადაც წარმატებასაც კი მიაღწიეთ ხატვაში…
– ბავშვობაში ხატვა ძალიან მიყვარდა. ჩემი უფროსი და – მზია თვითნასწავლი მხატვარი იყო, ასე ვიტყოდი ცოტა თამამად, რადგან საოცარი ნამუშევრები ჰქონდა (გული მწყდება, რომ ის ამ სფეროს ვერ გაჰყვა) და ვფიქრობ, ამან მოახდინა ჩემზე გავლენა…
ქობულეთის ერთ-ერთ სპეციალურ საგანმანათლებლო სკოლაში ერთი სემესტრით ვიყავი გაგზავნილი ატენის საშუალო სკოლიდან. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი. სკოლის ხელმძღვანელობას ხატვისადმი ჩემი მისწრაფება და სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩენია, ამიტომ სკოლის დირექტორმა – რევაზ კვაჭაძემ და სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა – ამირან ჯაბუამ მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს ჩემი, არა როგორც მხოლოდ ხატვისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა – მათ მთლიანად დამითმეს საკუთარი კაბინეტები (გეტყვით, როგორც ბავშვს, ეს სიამაყით მაშინ მავსებდა), მომცეს გასაღები და უფლება მქონდა, ნებისმიერ დროს, როცა ხატვის მუზა მოვიდოდა, სიმშვიდესა და სიწყნარეში რომ მემუშავა, მესარგებლა მათი კაბინეტებით მაშინაც კი, თუნდაც მათ თავადაც ჰქონოდათ საქმე „საკუთარ სივრცეში”.
ერთი სიტყვით, ჩატარდა საქართველოს სკოლებს შორის კონკურსი ხატვით ხელოვნებაში და ბევრს არ გავაგრძელებ – პირველი ადგილი და გამარჯვება მე მხვდა წილად (ცრემლი მომგვარა იმ დროის სიხარულიანი წუთების გახსენებამ)…
ამის შემდეგ იყო მეტი სიხარული – ასეთ თბილ სკოლასთან განშორების დროის მოახლოებით გამოწვეული დარდი, ბატონმა რევაზ კვაჭაძემ წარმოუდგენელი სიხარულით ჩამინაცვლა – მიიღო გადაწყვეტილება, არსებული სკოლის დაფინანსების ხარჯზე დავრჩენილიყავი მათთან მომდევნო სასწავლო სემესტრიც… არ შემიძლია, არ ვთქვა: – თუ რამე ბედნიერი დრო გამახსენდება ჩემი ცხოვრებიდან, დრო, როდესაც ყველა დღე ზღაპარში ვიყავი, ეს არის – ერთი სასწავლო წელი ქობულეთში… ქობულეთი ჩემი სულის სავანეა!..
ცეკვა და სიმღერა – ესეც ჩემი პოეზიაა… არ არსებობს დღე ცეკვისა და სიმღერის გარეშე, უბრალოდ, არ შემიძლია, როცა მტკივა, მაშინაც სიმღერა და ცეკვაა ჩემი საკურნებელი…
ოთხი და ვიყავით, მე უმცროსი ვარ, ანუ უფროსი დების მაცქერალი ვსწავლობდი მათგან. ოთხივე ვცეკვავდით და ვმღეროდით, უფროსი და – თინა 52 წლის ასაკში დაგვეღუპა და ბოლო წუთამდე მღეროდა, სასუნთქ გზებზე ჟანგბადზე მიმაგრებული… ამით იმის თქმა მინდა, რომ ვფიქრობ, სწორედ „სისხლშია” ყველაფერი მთავარი …
სიმღერაზე კი, მგონი, მარტო მე დავდიოდი, გურამ დუდაევი (ეს სახელი ყველას გვახსოვს ალბათ ეროვნული მოძრაობიდან) იყო ჩემი ხალხური საკრავებისა და სიმღერის მასწავლებელი… დღესაც, ამ ჩემს მრავალწლიან ემიგრანტობაში, თითქმის „სახლმოკიდებულს“ მიწევს სიარული და ყველა ნივთის შემცირება შევძელი, ჩონგურის გარდა…
თუ როგორ გავხდი იურისტი – ხელოვნებაზე ასე დიდად შეყვარებული ადამიანი, ეს ვრცლად სასაუბრო თემაა და ნამდვილად ადვოკატის მოვალეობებზე მოგვიწევს საუბარი, რომელიც შორს წაგვიყვანს, ერთს კი ვიტყვი: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც სურს, რომ იყოს ცუდი, ყველა რაღაც მიზეზმა მიიყვანა დანაშაულამდე და ამაში მხოლოდ „დამნაშავე“ არაა დამნაშავე, არავინ დაბადებულა ბოროტად, უფრო მეტი მიზეზი ყველგან შეიძლება იყოს, ვიდრე იმ ერთ დამნაშავეში…
ახლა ჩვენ უნდა დავაკავშიროთ როგორმე ხელოვნება და კანონმდებლობა ერთმანეთს .. ეს ისე (ვიცინი)…
– და მაინც, დატოვეთ საქართველო და საზღვარგარეთ წახვედით სამუშაოდ…
– 2009 წლიდან ემიგრაციაში ვარ. მიზეზი ტკივილიანია – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველაფერი აირია… მქონდა საკუთარი ბიზნესი გარკვეული წლების განმავლობაში, საცალო და საბითუმო მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, და რომ სწორედ ჩემი ერთ-ერთი ლექსიც ამბობს სათქმელს – „მე ვერ შევცოდავ, ვერ გავმდიდრდები” – ყოველთვის მაწუხებდა გაჭირვებულის ბედი… ჭირდა „კარგად ყოფნა”… ამ ომმა კი რადიკალურად შეცვალა ყველაფერი – ჩემი ეკონომიკაც და პირადი ცხოვრებაც.. მოვერიდები ამ საუბრის გაგრძელებას, რადგან არც ყველაფერში მტყუანი და არც მართალი ვარ ალბათ…
ასე რომ, ყველაფრის დასავიწყებლად წავედი ემიგრაციაში… ეს, რა თქმა უნდა, არ იყო გამოსავალი, .. უცრემლო ერთი დღე არ მქონია, მაშინ, როცა ყველას ღიმილიანი ვახსოვარ.. სიტყვის მასალად არ გეგონოთ – „ერთი დღე“, არა – ყველა ჩემი ძილისპირული, როდესაც მარტო ვრჩებოდი ბალიშთან – ენით გამოუხატავი ტკივილი იყო…
ახლა კარგიც მინდა გითხრათ: ბოლო მეორე წელია გერმანიაში ვიმყოფები და განვლილი წლების ფონზე – ნამდვილ სამოთხეში ვარ, ისეთი ადამიანების გვერდით ვარ – უკეთილშობილეს ელკე ნოინცერის ოჯახში (ეს თემა ცალკე სიყვარულია ჩემს ცხოვრებაში). უბრალოდ არ მაქვს დარდის დრო, რადგან მყავს ძვირფასი ელკე…
– გერმანიაში ხართ და ფეისბუქზე ხშირად აქვეყნებთ თქვენი ცხოვრების ლამაზ ამბებს, სამშობლოსგან მოშორება ძნელია, მაგრამ სიკეთე ყველგან აძლებინებს ადამიანს… მინდა, სწორედ თქვენს ამ ოჯახზე და მოხუცზე გვიამბოთ…
– როგორც გითხარით, ვარ ძალიან კარგ ოჯახში. ეს არ არის ჩემი სამუშაო ოჯახი… ჩვენ ვმეგობრობთ და გეტყვით, ელკეს თქმით გათამამებული, რომ მე მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვარ (ამაში წინააღმდეგობის უფლებას არ მაძლევენ). ელკესნაირი ადამიანი იშვიათია, ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ეს ქალბატონი ნამდვილი ქრისტეს მოციქულია, ასე დავარქვი. არ შეიძლება ის სხვაგვარად შეაფასო..
ელკე მე მეუბნება, მადლობა ღმერთს, რომ გაგიცანიო, მაგრამ ის ნამდვილად მეტია, მე სიკეთეზე შეყვარებულმა – „ახალი სიკეთეების“ კეთება ვისწავლე ელკესგან… არ მომწყინდება მის ღვთისნიერ ადამიანობაზე საუბარი, მასზე აუცილებლად დავწერ, თუ მეყო ძალა მისი სიკარგის ზუსტად გამოსახატავად…
ელკეს მამა – ანტონ ნოინცერი უაღრესად კეთილშობილი პიროვნებაა… სპორტსმენი, გერმანიის მრავალგზის გამარჯვებული სირბილში. ახლაც ბევრს დავდივართ ფეხით, არ ემჩნევა ასაკი და ძალიან ყოჩაღად არის ოთხმოცდაათ წელს მიტანებული კაცი. არ არსებობს საქმე, რაშიც ის არ მეხმარება, ტორტის გამოცხობაშიც კი დიდი წვლილი მიუძღვის… გამეცინა, ასეა ნამდვილად!..
ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს ამ ხნის ადამიანისგან – ჯენტლმენობაა. ვიტყვით, რომ რაც არის ადამიანი ახალგაზრდობაშიო… მაგრამ ისეთ ნიუანსებზე მაქვს საუბარი – ახალგაზრდასაც რომ შეიძლება გამორჩეს – არც ერთხელ არ ყოფილა, ჩემზე წინ შესულიყოს სახლში, სიტყვა – „გთხოვ“- ის გარეშე მოემართოს და ერთხელ მაინც ეთქვას რამეზე – „მომიტანე“, „წაიღე“ და სხვ. არ დაგავალებს არაფერს – ამის თქმა მინდა…
ბაბუა ტონიზე და მის ქალიშვილზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ასევეე – მათ შეძენილ ნათესავზეც, როგორც ჩვენში იტყვიან – სიძეზე, მანიფრედ რუბენზე… არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე მისი სიკეთე და უშუალობა .. ძმა არ მყავს და მითხრა, აგერ არ ვარო … არ გეგონოთ, ეს მხოლოდ სიტყვები – ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა საქმით…
თუკი რამე წამომცდა ან მომენატრა, ი ან მიყვარს.. მართლა- ყველაფერს მშობლებივით მისრულებენ.. ღმერთისთვის იმდენი მადლობა არასოდეს მითქვამს, რამდენიც – ამ ოჯახთან დაკავშირებისთვის!.. მადლობა ღმერთს! არაფერი ხდება შემთხვევით – მჯერა!..
– საქართველოს როგორ იცნობს ეს თქვენი ოჯახი?
– მხოლოდ სტალინს იცნობენ… მე კი მათ საქართველო შევაყვარე, ამ გოგომ წიგნიც კი იყიდა – „ქართული სამზარეულო“ და როცა მეპატიჟება, ქართულ კერძებს მახვედრებს, როცა ვქეიფობთ, აუცილებლად ქართულად იწყებენ: „გაუმარჯოს“…
ქართულს ვასწავლი და ვუყვები ყველაფერ კარგზე, საქართველოს ვგულისხმობ… უკვე იცნობს რამდენიმე ჩემს მეგობარს და ყველა უყვარს…
გერმანიაში არავის მიიღებენ სტუმრად ორი დღეც კი… სამი კვირა მყავდა ქართველი მეგობარი, და ეს არ აკმარა, ჰოლანდია, ბელგია მოატარა…
არ მკითხო ვინმეს მოსვლაზეო, იცოდე, შენ ოჯახის წევრი ხარ და ვინც გსურდეს, დაპატიჟეო, – ასე მეუბნებიან…
საოცარი ურთიერთობა გვაქვს
– რა განწყობაა გერმანიაში რუსეთ-უკრაინის ომის გამო? თქვენ სოლიდარობის ფოტოც გამოაქვეყნეთ… გორიდან ხართ და ყველამ ვიცით, 2008-ში გორმა რა გადაიტანა…
– რუსეთ – უკრაინის ომმა გერმანიაშიც გამოიწვია ღელვა… როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც ტარდება დემონსტრაციები, ჩვენც მათ გვერდით ვართ…
ომი რაც არის, კარგად ვიცით ქართველებმა, და ახლა, თითოეული უკრაინელი ადამიანი ვარ მე… ისე, ჩემთვის გერმანია – ელკე ნოინცერია, მისით მაქვს წარმოდგენა გერმანელ ხალხზე… ნებისმიერი საუბრისას, მინდა თუ არ მინდა, მის საოცარ საქმეებზე მიწევს საუბარი… მე მყავს მეგობრები უკრაინაში და მან მითხრა, რომ ჩამომეყვანა ისინი ჩვენთან, გერმანიაში…
ელკეს მეგობარმა გამოყო საცხოვრებელი ფართი უკრაინელებისთვის… ისე კი, მრავალმხრივი გვერდში დგომა გაუწია გერმანიამ უკრაინას…
– ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვედრიხართ, მათ შორის – გურამ დოჩანაშვილს…
– საინტერესო ამბები ნამდვილად მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ახლა ჩემს საყვარელ მწერალს და უფროს მეგობარს – გურამ დოჩანაშვილს გავიხსენებ…
25-27 წლის ვიყავი, ბატონი გურამი თავის წიგნებს ყიდდა გლდანის მეტროსთან… მე იქვე, სუპერმარკეტ „მარიამიში“, ვმუშაობდი. თავისუფალ დროს სულ მასთან სასაუბროდ მეჩქარებოდა, მოვადუღებდი ყავას ან ჩაის და ტკბილ საუბარს დავაყოლებდით… მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე – არ ულხინდა… როდესაც ჩემს შემოქმედებას გაეცნო, სულ მეუბნებოდა, წიგნი დაბეჭდე, მე დაგეხმარებიო.. მე ვწერდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმესთვის საინტერესო იქნებოდა ჩემი „ნაწერები”.
ერთხელაც წასაკითხად სახლში წაიღო ჩემი „რვეული”, თან მითხრა: – ახლა ამას მე გავასწორებ, რაც გასასწორებელია და აუცილებლად დავბეჭდოთო… ერთი-ორი დღე აღარ მოვიდა, ვიდარდე… მოვიდა მერე – არც ამინდი ვარგოდა და თან შენს პროზასაც მივხედე, შეცდომა გავასწორეო.. ისედაც ხათრიანს, მომერიდა, გავიფიქრე – შესასწორებელი იქნებოდა, აბა, მე რა მწერალი ვარ-მეთქი…
ამ დროს გადამიშალა რვეული და წითელი კალმით ჩამატებულ მძიმეზე მიმანიშნა: აი, ეს იყო მთელი შეცდომა, ყოჩაღ! ასეთ პროზას შენი ასაკისანი არ წერენ, შენ ერთი ათი წლით დიდი ხარო… ამის მერე მეტს და მეტს მაძალებდა, წიგნად გამომეცა (ფინანსური მხარე მოვიდე მიზეზად, ალბათ იყო კიდეც)… და, იცით, რა მითხრა – მხოლოდ მინიმალური, რაც მასალას სჭირდება, მოახერხე, დანარჩენ მომსახურებას მე მივხედავო… სად დამემალა ჩემი სიხარულიანი უხერხულობა, არ ვიცოდი… სულ მახსოვს ეს და მიხარია, რომ მისი მეგობრობა ბედნიერებად მხვდა წილად!..
აცხონოს მისი სული ღმერთმა! ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნება…
– შვილები – თორნიკე და საბა წერენ ლექსებს, უყვართ ხელოვნება, გვიამბეთ მათზე… თქვენს ოჯახზე…
– დიახ, თორნიკესაც და საბასაც უყვართ პოეზია. შვილების კარგობაზე საუბარი მიჭირს… სტუდენტები არიან.. მგონი, ორივე ნიჭიერია, ორივე გრანტით შევიდა უნივერსიტეტში…
თორნიკემ – სკოლის დამთავრების შემდეგ, სკოლის განათლებით, პირველივე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. შემდეგ უცხო ენების სერტიფიკატიც აიღო .. ახლა კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მოკლედ, სულ სწავლობს.. იყო 2021 წლის „პერსონა“…
საბამაც სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი კურსის სტუდენტია… იტაცებს ფილოსოფიური მეცნიერება.. 2021 წლის ლიტერატურულ კონკურსში მიღებული აქვს ფულადი ჯილდო… ოთხი წლიდან, ათი წლის განმავლობაში, იყო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავე, სოლისტი. მოიარა, მგონი, მსოფლიო.. ასევე აქტიური იყო ფეხბურთში, სადაც ასევე მიღებული აქვს ფულადი ჯილდოები გატანილი გოლებისთვის… ცეკვაც და ფეხბურთიც მისი სულიერებაა, მაგრამ ახლა სწავლაზეა მთლიანად გადართული. წარჩინებით სწავლობს უმაღლესში, ამ შედეგებს არ ველოდი… მინდა გითხრათ, ძალიან მონდომებულია….
– ერთი ლექსი…
აგერ, გუშინაც გიჟი მიწოდეს,
სახლი არ აქვს და რაც აქვს, არიგებს…
ღმერთო, შენ ხელი გამომიწოდე,
შენ მეტი კარგს ვინ რას დამარიგებს…
….
მივდივარ ქუჩად, შემომხვდა ბავშვი,
მე ჩათბუნებულს შიშველი მიმზერს,
სხვა არა ფიქრი მომსვლია თავში,
თუ არა ჩემში ვპოვებდე მიზეზს…
ჰოდა, გავიხდი, ჩავაცმევ ობოლს,
ნაკლულს ალერსის ჩავიკრავ გულში,
დღეს ლუკმა-პურით კი ვივსებ გოდორს,
მაგრამ არ მქონდა მეც ლუკმა გუშინ…
იქვე, მოხუცმა გზად ჩამიარა,
მიუსაფარმა წამკიდა თვალი…
გულზე სიკვდილმა გადამიარა,
ჩემს ცხოვრებაზე დავდექი მწყრალი…
ვერ მოვიხდინე ტანზე სამოსი,
კუჭში საჭმელის სიმჟავე ვიგრძენ,
ატყდა ფიქრების დავა, ქაოსი,
სიყვარულს მოკლე ჰქონია სიგრძე,
ისინი გვხიბლავს, ვისაც ვეფერით,
ვინ ზარ -ზეიმით მოგვაგებს სალამს,
თურმე ღიმილიც ერთი შეხედვით
გულს ათასგვარი ცოდვებით კალავს…
არ განვიკითხავ უფლის განსაკითხს,
„ისინიც“ თვისი ცოდვებით მეწვის,
ეწირებიან სულის გასაყიდ
ოქრო-ვერცხლს, რაღაც ოდენა ბეწვის.
მუცელავსილი როგორ შეამჩნევს
მშიერს, მისთვის თუ არ შეუხედავს,
„მაძღარო“ სულს თუ ძღომას შეაჩვევ,
მერე მშიერ სულს ვინ გაგიხედნავს?!..
…მოხუცის ხელებს ვემთხვიე კრძალვით,
– გთხოვთ, ვისადილოთ“ – ვუთხარი, – სადმე,
მომჩერებია თვალთა დაძაბვით,
– გამშორდი, – მანაც, გიჟოო, – მაგდებს.
ვერ დაიჯერა სითბო ამგვარი,
თუმც ჩემს თვალებში წაკითხვა სურდა…
ადამიანი მხეცთან ნაჯვარი…
იმ წუთს მეხცემულს მკვდარისა მშურდა.
მშურდა და ცოდნის წყურვილი მკლავდა,
დამესვა კითხვა მდიდრისთვის ერთი,
უფლის ქმნილებას თუ რითი ჰგავდა,
რით გაერჩია შავი და თეთრი.
მინდოდა მეთქვა, – მდიდარო ჩემო,
რა ცხონებაა ბრჭყვიალა ფარჩა,
სრა-სასახლეებს როგორა ჩემობ,
შენს დას, ძმას ქოხიც თუკი არ დარჩა?!
თუ დაგავიწყდა, მოხველ საიდან,
ყველა სიცოცხლე უფლის გზას ერთვის,
მაშინ დაიწყე კითხვა თავიდან,
რომ დედამიწელს მამა ჰყავს ერთი.
დღე როგორ მიგყავს ღამემდე მშვიდად,
ჭამე, გაძეხი „ობლის კვერამდე“,
კუჭამოვსილი წვები და ფშვინავ,
ღმერთი არ არის, არა, შენამდე…
შენც მებრალები, კი არ გიწყრები,
„ბავშვი”, „მოხუცი” მადარდებს, მაგრამ
გლოცავ შენ მეტად, არ მავიწყდები,
სული გაწუხებს, ვერა ხარ კარგად…
…
…მივალ, ვაგროვებ გზადაგზა ტკივილს,
ვარიგებ, ნებით რაც მაბადია…
გიჟია, – უკან ვიღაცა კივის,
არც ქუდი აქვს და არც ნაბადია…
შენ თუ გიწოდა ვიღაცამ ღმერთი,
როდი ყოფილხარ „გიჟზე“ ჭკვიანი…
სჯობს მოაცილო სულს მძიმე „კეთრი”,
ვიდრე არ არის ჯერაც გვიანი…
….
ვერ გავერევი ალმასის მონებს,
არ მსურს სიმშვიდე მტირალის გვერდში,
უყველაფრობა ვერ შემაღონებს,
მეყოფა სულის ცხონება ღმერთში!
მეძახე გიჟი, გზაარეული
„ჭკვიანო “, თავზე ზე-განდიდებით,
უფალს ვეჩვენო გამორჩეული,
მე ვერ შევცოდავ, ვერ გავმდიდრდები!
რასაც რომ მომცემ, უქონელს მივცემ,
ღმერთო, უკან მგზავრს დაველოდები,
სხვაზე მეტობის სურვილებს დავცემ,
წინ მდგომს აროდეს გავეტოლები!
„ჭკვიანო“, შენ თუ არ დამინახავ,
არ მიმასპინძლე და ხელი მკარი,
მე მაინც ლოცვად შემოგინახავ,
მეყოფა – ღმერთმა გამიღოს კარი!!!
– შორიდან დანახული საქართველო?
– კარგი კითხვაა. ბევრჯერ მისაუბრია საკუთარ თავთან, თუ რა შეიძლება ჩავიტანო ჩემი ქვეყნისთვის ჩემი ემიგრანტობიდან ისეთი, რაც ჩემს სამშობლოს სასიკეთოდ გამოადგება.. უჭირს ჩემს ქვეყანას და მშველელს ვერ ვხედავ მის შვილებს შორის, სხვა უკეთესი ვინ მიხედავს?!.. ქვეყნის მმართველობას საჭირო ჭკუაც სჭირდება და გულიც, ეს ორივე ერთად თუ არ ჰქონდა ადამიანს – კი ვართ ისე, როგორც ვართ… არ მინდა, საწყენი რამე ვთქვა, არადა ამ კითხვამ პოლიტიკურად მომმართა… ღმერთმა გაგვიშუქოს საქართველოს მომავალი! გვისმინოს ღმერთმა…
– რა გაწერინებთ ლექსს? შთაგონება როგორ მოდის?
– ყველა ჩემი ლექსი ექსპრომტია, ალბათ ამიტომაცაა, რომ უცბად მოვარდნილის დამახსოვრებას ტვინი ვერ ასწრებს და არცერთი ჩემი ლექსი ზეპირად არ ვიცი… ყველგან ვწერ ლექსს, ყველგან – შინ, გარეთ, მგზავრობაში, ცეკვისას, საქმის კეთების დროს… გაგეცინებათ და – აბაზანაშიც.. ეს თქვენს გასაღიმებლად იყოს, არ დაბეჭდოთ… არადა – სიმართლეა!
ლექსის წერის მიზეზი მრავალფეროვანია, მაგრამ ჩემი ლექსების დაბადების მიზეზი, უმეტესად – ტკივილია, სიყვარული უფრო დააწერინებს ადამიანს ლექსს, მე თავად სიყვარული მიყვარს ძალიან და სიყვარულზე დაწერილი ლექსებიც ტკივილით დაიწერა, რადგან ჩემგან, სიყვარულის სიხარულით მიძღვნა არავის მოუპოვებია ჩემში… მოკლედ, საიდუმლოების გამჟღავნებამაც მომიწია, მგონი…
– ცხოვრებაში რა არის თქვენთვის უმთავრესი?
– სიყვარული! ამაზე წინ როგორ შეიძლება რამე იყოს მნიშვნელოვანი?!
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბევრი რამაა – მიზანში სროლა, მოტოციკლეტი, ზოგადად – სპორტი, ცხენით ჯირითი, ცეკვა… ჩამოთვლას ვერ მოვრჩები…
– რაზე ოცნებობთ? სამომავლო გეგმები…
– ეს ჩემი უპირველესი ოცნებაა – აღმაშენებლის დროინდელი საქართველო…
ღრმა ბავშობიდან კი ეს ოცნება მომყვება- მომეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ობოლ ბავშვთა, მოხუცთა და მიუსაფართა მოვლა-პატრონობა შემეძლოს, არა ჩემი ხელმძღვანელობით, პირადად – გულში ჩახუტებით მე ვჩუქნიდე სითბოს და სიყვარულს, რომელიც აკლიათ და რომელიც არცერთ „სოციალურ მომარაგებაში“ არაა…
თამარ შაიშმელაშვილი