„მე რევაზ ლაღიძის ყველა სიმღერას ვუკრავდი და ვასრულებდი“ – ადამიანი, ვისთვისაც მუსიკა და ჰარმონია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. სასკოლო სპექტაკლებსა და კონცერტებში მონაწილეობდა.
კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით დაამთავრა, შემდეგ იყო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტი…
1976-2008 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში,  მუსიკა-გალობის სპეციალობის ფაკულტეტზე – გუნდისა და საგუნდო საგნების აქ წლების მანძილზე რევაზ ლაღიძესთან ერთად მოღვაწეობდა…
30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა  ქალთა გუნდს ილიას უნივერსიტეტში… პედაგოგად. აქვს დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. მონაწილეობდა  მრავალ ფესტივალში – როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ: ესპანეთში, იაპონიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, უკრაინაში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, აზერბაიჯანში…
60-მდე სიმღერის, საფორტეპიანო პიესების, საორკესტრო ნაწარმოებების, ჰიმნების (ბათუმისადმი, სამების აღმშენებლობისადმი)… ავტორია. ძირითადად დაინტერესებულია საგუნდო ჟანრით.
ამბობს, რომ სიმღერა, მუსიკა და ჰარმონია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. – კომპოზიტორ დიმიტრი ჯავახიძის პერსონა.

–  მუსიკა ალბათ დაბადებიდან ჩემეულია. დედა ამბობდა ხოლმე, აკვანში ნანას რომ გიმღეროდი, შენც ამყვებოდი, აკვნიდანვე მღერიო. .. ბავშვობაში კარგი ხმა მქონდა, სულ ვმღეროდი. ამიტომ ყველგან მამღერებდნენ.
– სკოლიდან რა დაგამახსოვრდათ?
– მახსოვს, სკოლაში მუსიკას გეოგრაფიის სპეციალისტი გვასწავლიდა, ის კი გაკვეთილს სულ მე მატარებინებდა… ვმონაწილეობდი სასკოლო სპექტაკლებში, კონცერტებში… ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, სანამ მუსიკალურ განათლებას მივიღებდი, ბიძამ მასწავლა გარმონზე დაკვრა, წვეულებებზე მთხოვდნენ, დამეკრა და მემღერა. განსაკუთრებულად ისტორიის და მუსიკის გაკვეთილი მომწონდა.

ქეთევან ჯავახიძის გამოფენაზე

– კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი  საგუნდო-სადირიჟორო განხრით დაამთავრეთ.  შემდეგ კი კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტი…
– სასწავლებელში ყოფნის დროს პირველად ვეზიარე კლასიკურ მუსიკას, დავესწარი რამდენიმე საოპერო სპექტაკლს (პირველი ოპერა, რაც ვნახე იყო  როსინის „სევილიელი დალაქი“), რომლებმაც შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ჯერ კიდევ კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის დროს მახსენდება ერთი ფაქტი, როცა გამოჩენილი ცნობილი კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი გვასწავლიდა სოლფეჯიოს, განსაკუთრებით ქებით გამომარჩევდა ხოლმე, რადგან კარნახს 5 წუთში ვწერდი ნოტებზე, სხვა სტუდენტები ზოგჯერ საათს ანდომებდნენ.
კონსერვატორიაში სწავლისას ჩემი პედაგოგები იყვნენ: მიხეილ ძიძიშვილი, ვახტანგ ფალიაშვილი, ჯემალ გოკიელი, დავით ჩხეიძე, ანზორ კავსაძე და სხვები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს მუსიკალურობაზე.
შემდეგ წავედი ჯარში, სადაც ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს ვხელმძღვანელობდი, ოფიცერთა სახლში ქალთა გუნდიც ჩამოვაყალიბე, ჩიტაში ვიმოგზაურეთ და პირველი ადგილი ავიღეთ ჩვენი შესრულებული ნომრით. ეს ამბავი იმ ქვეყნის გაზეთებშიც გაჟღერდა.
– 1976-2008 წლებში მუშაობდით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მუსიკა-გალობის სპეციალობის ფაკულტეტზე – გუნდისა და საგუნდო საგნების პედაგოგად.  აქ წლების მანძილზე რევაზ ლაღიძესთან ერთად მოღვაწეობდით…
– ჯარიდან რომ ჩამოვედი, უსინათლოთა საზოგადოებასთან არსებულ სამუსიკო კაპელას ჩავუდექი სათავეში, რომელიც გურამ ბაქრაძემ დააარსა და პარალელურად დავიწყე მუშაობა პედაგოგიურ უნივერსიტეტში. აქ გავიცანი დიდი ქართველი კომპოზიტორი, რევაზ ლაღიძე, რომელიც თავიდანვე ჩემ მიმართ სიმპათიით განეწყო.
იგი ძალიან თბილი პიროვნება იყო, თავმდაბალი, პატრიოტი, უყვარდა სხვისი აზრის მოსმენა-გაზიარება. მე ყველა მის სიმღერას ვუკრავდი, ვასრულებდი. ყველგან თან დავყავდი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე უცხოელი სტუმარი ესტუმრებოდა, მე მაკვრევინებდა და მასრულებინებდა თავის შემოქმედებას. მან საკუთარი ხელნაწერი ნოტებიც კი მისახსოვრა წარწერებით, სადაც „ძმას“ მიწოდებს.
ჩემს ქორწილში რევაზ ლაღიძემ ასეთი სიტყვა თქვა: აქ მე იმიტომ კი  არ ვარ, რომ  როგორც რევაზ ლაღიძემ, დავამშვენო იგი, დიმიტრი თვითონ გვამშვენებს ჩვენო. მოფერებით „მიტროს“ მეძახდა, კარგი მეგობრობა გვქონდა, მოსწონდა ჩემი შემოქმედება. მახსოვს, ერთხელ, კათედრის სხდომაზე თქვა: „ამ კაცისგან დადგება დიდი ქართველი კომპოზიტორი“…  იმ პერიოდში ჩემს ორ  სიმღერას მიენიჭა პრემია, როგორც საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომს.
– 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდით ქალთა გუნდს ილიას უნივერსიტეტში… მონაწილეობდით მრავალ ფესტივალში – როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ. რომელ კონცერტებს გამოყოფდით ამ წლებიდან?
– ფაქტობრივად, ყოველ „სტუდენტურ დღეებში“ ქალთა გუნდით ვმონაწილეობდი, დიდ სადღესასწაულო კონცერტზე წარვდექით „დავით-გარეჯობაზე“, ხოლო ვაჟთა ანსამბლთან ერთად წავედით ბულგარეთში. პარალელურად ვხელმძღვანელობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, რომელთა მონაწილეობით მრავალი ქვეყანა მოვიარეთ, გამოვარჩევდი ტაშკენტს, მაიკოპს (ადიღე), კიევს, ნორვეგიას. ამ უკანასკნელში გაზეთებში ასეთი ტექსტიც კი დაწერეს ჩვენზე: „ისეთი შესანიშნავი შესრულება ჰქონდათ, თითოეული მონაწილის  ევროპის ნებისმიერი საოპერო თეატრის სცენაზე მიწვევა შეგიძლიათო“.
კონსერვატორიაში ჩამოვაყალიბე ვაჟთა ფოლკლორულ-ვოკალური ანსამბლი, მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისის მწერალთა კავშირის სიმპოზიუმში, ასევე – მრავალ საზეიმო დღესასწაულზე გამოვდიოდით, როგორც სოლო შემსრულებლები.
ვმუშაობდი, აგრეთვე, ხელოვნების მუშაკთა სახლში, საიდანაც ორჯერ პეტერბურგში მიგვიწვიეს, აქაც ვაჟთა ანსამბლს ვხელმძღვანელობდი, აგრეთვე, ვხელმძღვანელობდი ანსამბლ „მხოლოდ შენ ერთს“. მათ ჩემი არაერთი სიმღერა გააჟღერეს. კიდევ,  ანსამბლ „კერეონს“ ვედექი სათავეში, რამდენჯერმე ჰოლანდიაში ვიყავით გასტროლებზე.
მოსკოვსა და იაპონიაში ვიყავი კვინტეტ „სულიკოსთან“ ერთად.
ჩვენს პატრიარქს მოსკოვში შევხვდი, მგალობელთა გუნდთან ერთად იყო ჩამოსული, ქართული სიმღერები ვუმღერეთ, დაგვლოცა. სხვათა შორის, მას ძალიან უყვარს რევაზ ლაღიძის „ტიალო დარიალაო“…
– თქვენს ფოტოალბომში საპატიო ადგილი უკავია ფოტოს ლეილა აბაშიძესთან…
– ლეილა აბაშიძე თბილი და საინტერესოდ მოსაუბრე იყო, ერთხელ ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით, ვისაუბრეთ მის მიერ შესრულებულ როლებზე, ვკითხე, რომელს გამოარჩევდა მათგან, რომელი უყვარდა განსაკუთრებით. მან მითხრა, რომ მაია წყნეთელი იყო მისი საყვარელი როლი. მე ვუმღერე, მივუძღვენი მაია წყნეთელის სიმღერა „დილით რად გიყვარს ტოროლას მღერა“…
ეს ჩემი ბავშვობის საყვარელი სიმღერაც იყო…

ლეილა აბაშიძესთან ერთად

– 60-მდე სიმღერა, საფორტეპიანო პიესები, საორკესტრო ნაწარმოებები, ჰიმნები (ბათუმისადმი, სამების აღმშენებლობისადმი)… თქვენ თავად რომელი ნაწარმოები გიყვართ თქვენი შემოქმედებიდან და რატომ?
თავდაპირველად სიმღერების წერა დავიწყე ბავშვთა გუნდებისთვის. თვითმოქმედი კომპოზიტორების კონკურსზე, სადაც შოთა მილორავა იყო თავმჯდომარე, გავიმარჯვე და მივიღე პირველი პრემია. ორი სიმღერით წარვდექი: „მიყვარს შენი მთა-ბარი“ და იოსებ  ნონეშვილის ტექსტზე – „ბაღნარით“.
გამორჩევით მიყვარს ჩემი „იავნანა“, რადგან ეს იყო ჩემი შთაგონებით შექმნილი ნაწარმოები, და არა შეკვეთით ან რაიმე კონკრეტული თემისთვის სპეციალურად მიძღვნილი.
– დატირება ერეკლე მეორისადმი – როგორ დაიწერა ეს ნაწარმოები?
ჩემმა სტუდენტმა და მეგობარმა, ანსამბლ „წინანდლის“ ხელმძღვანელმა, ლევან აბაშიძემ მთხოვა დამეწერა მისი ანსამბლისთვის ერეკლე მეფის დატირება, საკმაოდ უცნაურ რითმიან ტექსტზე, ქიზიყელი ქვრივი ქალის – ახუას დატირებაზე.
– გიყვართ მირზა გელოვანის პოეზია, სიმღერაც დაწერეთ…
პედაგოგიურ უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში გატაცებული ვიყავი მირზას შემოქმედებით და მისი ერთ-ერთი ლექსი „მწყემსის მუქარა“ გახდა ჩემი ერთ-ერთი სიმღერის შთაგონების წყარო. უნივერსიტეტთან არსებულ ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში გაჟღერდა  ეს სიმღერა ვაჟთა ანსამბლის მიერ.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები… შვილი – ქეთი ჯავახიძე მშვენიერი მხატვარია, რომელსაც ბავშვობიდან ხატვა მუსიკის ჰანგებზე უწევდა…  მეუღლე  ეკონომისტია, ალბათ ხელს გიწყობთ მუშაობაში…
– მე და ჩემი მეუღლე – ნანული ბარბაქაძე 43 წელია ერთად მივუყვებით ცხოვრების დინებას, მისი ხელშეწყობით, მხარდაჭერით მართლაც ბევრი ნაწარმოები შევქმენი. მეუღლის მხარში დგომა და დაფასება აუცილებელი პირობაა ხელოვანი ადამიანისთვის. შვილები – ნინო და ქეთევანი – ორივე ხელოვნების კუთხით განვითარდა , ნინო მუსიკოსია, ქეთევანი – მხატვარი, აქტიურად მოღვაწეობს ამ კუთხით და, როგორც თვითონ ამბობს, ხშირად მუსიკა შთააგონებს  ნამუშევრის სიუჟეტს. ვფიქრობ, ნაწილობრივ ჩემმა მუსიკალურმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა მათ არჩევანზე.

მეუღლესთან ერთად

– გიყვართ მცენარეების მოვლა, მოგზაურობა, ცხოველები… მრავალი ჰობი გაქვთ… აქედან რომელს გამოყოფდით?
– დიახ, ბუნების სიყვარული, განსაკუთრებით მიზიდავს მიწათმოქმედება, მაგალითად, ვაზის მოვლა, ღვინის დაწურვა-დაყენება, ხეხილის გაშენება (ამ ყველაფრისთვის ახლა, ამ ასაკში უფრო მოვიცალე)…
–  რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ…
– ამჟამად დაკავებული ვარ ჩემი შემოქმედების, საგუნდო არანჟირებების, სიმღერების თავმოყრით და გაციფრებით. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ კრებულად გამოვცე და ჩემი ნაწარმოებები გავაჟღერო სხვადასხვა შემსრულებელთან.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები