უკრაინელი როკ-მუსიკოსის ემოციური მიმართვა რუსეთის მოქალაქეებს – „თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ომი!“

პოპულარული უკრაინელი როკ-მუსიკოსი და კომპოზიტორი სვიატოსლავ ვაკარჩუკი რუსი ხალხის მიმართ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ჯგუფ Okean Elzy-ს სოლისტი საკუთარ გზავნილში რუსეთის მოსახლეობას სთხოვს, გამოვიდნენ ქუჩებში და პუტინის დანაშაულებრივი ქმედებები გააპროტესტონ.

ემოციურ მიმართვაში ვაკარჩუკი ამბობს, რომ კრემლი დღეს არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან და თავად რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ომობს.

„რუსებო, ეს მიმართვა თქვენთვის არის! მეხუთე დღეა მთელ უკრაინაში ადამიანები რუსული ნაღმებისგან იღუპებიან…ჩვენი მშვიდობიანი ქალაქები ახლა თქვენი ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის ქვეშ არიან. ჩვენი შვილები თავშესაფრებში იბადებიან და ასევე, რა ხდება საშინელებაც, როდესაც ისინი რუსული ბომბების გამო იღუპებიან…

ეს არის სამხედრო დანაშაული, რომლის მსგავსი ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს! ამ ყველაფერში დამნაშავე კრიმინალის სახელი მთელმა მსოფლიომ უკვე კარგად იცის… თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ის! დიახ, სწორედ რომ თქვენ!!!

თუკი ფიქრობთ, რომ ეს ბრძოლა წარუმატებელი იქნება, ცდებით – ყველა უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას მოსთხოვოთ, შეწყვიტოს ეს სიგიჟე და გაიყვანოს თქვენი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

თქვენი შიში უმნიშვნელოა იმასთან, თუ რამხელა უფსკრულისკენ მიჰყავხართ თქვენს შეშლილ დიქტატორ პუტინს! ნუ გაჩუმდებით! სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი…
გამოდით ყველა! თქვენი ქალაქების, სოფლების მოედნებზე, ქუჩებში…მთელს რუსეთში – რაც მეტი იქნებით, მით ნაკლებად შეგეშინდებათ… მოითხოვეთ ომის შეწყვეტა!
ასევე, მივმართავ რუს დედებს – ახლა თქვენს შვილებს პუტინი კლავს. ყველა თქვენი შვილი საფრთხეშია! პუტინმა მათ თავისუფალ სამყაროში მომავალი თითქმის უკვე წაართვა და ახლა უმოწყალოდ წირავს მათ… თქვენ გაქვთ შვილების გადარჩენის ბოლო შანსი – ესაუბრეთ მათ და დაარწმუნეთ, უარი თქვან უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე!

ნუ გახდებით კრემლის დამნაშავეების მიერ თქვენი შვილების მკვლელობის თანამონაწილეები!
რუსებო, გადაირჩინეთ თავი! პუტინი ომობს არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, ის მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თქვენც გებრძვით!“, – აცხადებს მუსიკოსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები