„სიამოვნებით წავიდოდი და დავეხმარებოდი მათ ქალაქების გალამაზებაში, როცა ომს მოიგებენ“ – 11 წლის მცხეთელმა მხატვარმა, რომელიც სადარბაზოებს აფერადებს, უკრაინელ ბავშვებს სოლიდარობის ნიშნად ნახატი მიუძღვნა

მინდა გარშემო გავაფერადოთ ეს პატარა დედამიწა და ყველაფერი ნათელი, ფერადი და ლამაზი გავხადოთ ყველამ ერთად და არა ისეთი, როგორიც დღეს უკრაინაშია. სიამოვნებით წავიდოდი და დავეხმარებოდი მათ ქალაქების გალამაზებაში, როცა ომს მოიგებენ“, – ეს სიტყვები 11 წლის მცხეთელ მხატვარს – დავით ბარბაქაძეს ეკუთვნის, 9 წლისამ კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოაჩინა, რომ ხატვის ნიჭი ჰქონდა.
მას შემდეგ ხატავს, აფერადებს სადარბაზოებს და  ბევრი გეგმაც აქვს. – დავით ბარბაქაძის პერსონა.

– ხატვა კორონავირუსის დროს დაიწყე…  პირველი ნახატები?
– ვცხოვრობ ქალაქ  მცხეთაში – დედასთან, მამასთან და  ჩემს ორ ძმასთან ერთად. ვსწავლობ მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მეექვსე კლასში.
პირველად კორონავირუსის დროს, როდესაც იზოლაციაში მოგვიწია ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ მაშინ დავიწყე ხატვა. დედა გარეთ არ გვიშვებდა. ჩემი ძმა კი მანამდე ხატვაზე დადიოდა და ხშირად ხატავდა ხოლმე.
ერთ დღეს მეც დავჯექი და გადავწყვიტე, რამე დამეხატა და გამომივიდა. ასე დავიწყე ხატვა.  ყველაზე ხშირად პეპლებს ვხატავდი და ახლაც ხშირად ვხატავ ხოლმე. მერე დავიწყე ინტერნეტში ვიდეოების ნახვა „იუთუბიზე“ და დღემდე, ასე ნებისმიერი რამის ხატვის სწავლა შეიძლება. მართალია, თავიდან წესები არ ვიცოდი, ახლაც არ ვიცი, მაგრამ გზადაგზა სკოლაშიც ბევრ რამეს ვსწავლობ და ვიდეოებითაც.
– შობა ახლობლებს იესოს ხატით მიულოცე…
– ეს ჩემი პირველი დაწერილი ხატია. ძალიან დიდხანს მოვუნდი, თითქმის ორ თვეს და ბევრს ვნერვიულობდი. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, შობისთვის აუცილებლად დამესრულებინა და ბებოს  გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე  მისთვის რამე გამეკეთებინა.
ბებო  შობას დაიღუპა. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა, არ გამომივიდოდა… სხვა დროს დედა სულ მაძლევს შენიშვნას, როცა რამე არ მოეწონება და მეც ვცდილობ მის გამოსწორებას და შეცვლას. ხატზე კი გამაფრთხილა, რომ ვერაფერს მირჩევდა და ეს მაშინებდა. სახე თითქმის არასდროს გამომდის კარგად, ხატის დაწერის წინ, ჩემი მოძღვრის რჩევით, ჯერ სახარებას ვკითხულობდი და შემდეგ ვიწყებდი, ალბათ ამიტომ გამომივიდა პირველივე ჯერზე, რადგან ღმერთი დამეხმარა.
ახლა მეორე ხატს ვწერ და იმედი მაქვს, ისიც ასეთივე გამომივა.
– სადარბაზოს მოხატვა რამ გადაგაწყვეტინა?  რას გეუბნებოდნენ ოჯახის წევრები, მეზობლები?
– იმდენს ვხატავდით მე და ჩემი ძმა  დროის გასაყვანად, რომ ფურცლები სულ გაგვითავდა, მცხეთაში კი ვერსად ვყიდულობდით, რადგან მსგავსი მაღაზიები დაიკეტა და ერთ დღესაც გადავწყვიტე, ჩემი სადარბაზო გამეფერადებინა და მომეხატა. დედას მოეწონა ეს იდეა და მითხრა, რომ გვერდში დამიდგებოდა. მეზობლებსაც ძალიან მოსწონდათ და ზაფხულში ხშირად ნაყინებითაც მამარაგებდნენ… თავიდან არ მეგონა, თუ გამომივიდოდა და, მით უმეტეს, არ მეგონა, ასე თუ მოეწონებოდათ სხვებს.
– შენი სადარბაზო ახლა ძალიან ლამაზია,  მანათობელი პეპლებით… როგორც ამბობ, ფოსფორს იყენებ…
– ფოსფორი შევურიე საღებავს. ფოსფორის პეპლები მზის შუქზე იტენება, თუ შუქი არ ანთია, ეხმარებიან ადამიანებს ღამე სახლამდე მისვლაში…
ჯერ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს. მინდა ბოლომდე ჩავყვე და ჩემს სართულზე პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყო.
ბოლო ნახატი „ფორმულა ერთის“ ლოგოებია. სკოლის პერიოდში ვერ ვხატავ, დრო არ მრჩება და არდადეგებს და ამინდებს  ველოდები.
– რატომ გიყვარს პეპლების ხატვა და რით არიან განსაკუთრეული ეს პეპლები?
–  პეპლები, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზები არიან  და, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ ცოცხლობენ. ალბათ ამიტომ…
– შენი ძმა – საბაც ხატავს…  მასაც აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი…  მშობლებიც ხომ არ ხატავენ?
– ჩემი ძმა ხუთი წლიდან ხატავს და ხატვა ძალიან უყვარს. ხატვაზეც ხუთი წლისა შევიდა. მისი დამსახურებაცაა, მე  რომ ხატვა მომინდა.
ჩემმა მშობლებმა ხატვა არ იციან, მაგრამ რჩევებს ყოველთვის მაძლევენ.

„არა ომს“! –  თანადგომა უკრაინას

– ბავშვები ხატავენ – „არა ომს“! როგორ ხედავს 11 წლის დავით ბარბაქაძე ომს?
– სწორედ დღეს დავასრულე ნახატი უკრაინაზე. ჩემებურად გამოვხატე მათი თანადგომა.
ომი საშინელებაა, ოჯახები ნადგურდება, ქვეყანა ინგრევა და ბავშვებიც იხოცებიან. იმედი მაქვს, ეს ომი მალე  დასრულდება  და არასდროს არსად აღარ იქნება  ომი და სიცოცხლეს არ წაართმევენ  ბავშვებს.
– საინტერესოა, როგორ დაიხატა „ლამაზი ოცნება“?
– ჯერ ფანჯარა დავხატე, სადაც გოგონები იდგნენ და გარეთ  იხედებოდნენ, თავიდან  გადაწყვეტილი მქონდა, ფანჯარაში ლამაზი ბუნება დამეხატა. კვირა დღე იყო და ვუყურებდი მულტფილმს, სახელად „მაღლა“… იქ, როგორც იცით, სახლი მიაქვს ბუშტებს  და უცებ მომინდა, მეც იგივე დამეხატა… ასე გავაგრძელე და სრულიად სხვანაირად დავასრულე, ვიდრე თავდაპირველად მქონდა ჩაფიქრებული.
– დათბა და მალე ახალ ნახატებსაც შემოგვთავაზებ…
– აუცილებლად, განსაკუთრებით – არდადეგებზე… ამჟამად ვწერ ღვთისმშობლის ხატს და პარალელურად სხვა პატარა ნახატებსაც ვახატავ. გამოფენებში ვმონაწილეობ, მაგრამ ისე ინტენსიურად ვერ ვახერხებ, შექმნილი ვითარების გამო.  იმედი მაქვს, მალე დასრულდება პანდემია, რადგან მინდა  ბევრ გამოფენაში მივიღო მონაწილეობა.
–  თუ გაგიჩნდნენ თანამოაზრე მეგობრები, რომლებიც ასევე დაასუფთავებენ სადარბაზოებს და მოხატავენ?
– დიახ, ერთი ბიჭი თბილისიდან, რომელთანაც მეც ვიყავი ჩასული. ამ ბოლოს სხვა სადარბაზოების ნახატებიც ხშირად შემხვდა ინტერნეტშიც, რაც ძალიან მახარებს. მინდა გარშემო გავაფერადოთ ეს პატარა დედამიწა და ყველაფერი ნათელი, ფერადი და ლამაზი გავხადოთ ყველამ ერთად და არა ისეთი, როგორიც დღეს უკრაინაშია. სიამოვნებით წავიდოდი და დავეხმარებოდი, როცა ომს მოიგებენ, ქალაქების გალამაზებაში.
– მომავალში რას აპირებ? ალბათ ხატვას გაჰყვები…
–  ჯერჯერობით არ ვფიქრობ ხატვაზე შესვლას. რადგან ასე ვხატავ ისე, როგორც მინდა და რაც მინდა. მომავალში ჯერ არ ვიცი… მინდა მათემატიკა ვისწავლო ძალიან კარგად,  ხატვა კი ალბათ მუდამ ჩემი ჰობი იქნება…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები