ხატვა და წერა ბავშვობიდან დაიწყო… სამხატვრო სკოლაში დადიოდა და თან ლექსებს წერდა…
ამბობს, რომ 10 წლის მანძილზე სამხატვრო სკოლაში სიარულმა კარგი მოგონებები დაუტოვა, თუმცა პროფესიად მაინც მედიცინა არჩია...
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა.
სწავლის პარალელურად კლინიკაში მუშაობდა… ამჟამად „ავერსის“ კლინიკაში ოფთალმოლოგი/რეზიდენტია.
მისი თქმით, ეს სფეროც სიმბოლურია: „სამყაროში არსებული ფერების აღქმის ძირითადი საშუალება ხომ თვალებია“?!
პარალელურად დაასრულა ჯანდაცვის მიმართულებით მაგისტრატურა.
„დედამიწა წრეზე ბრუნავს, მე კი ჩემი წრის საწყისი წერტილიდან დავიწყე სვლა, რომელიც სასრულ წერტილამდე გაგრძელდება… და სამყარო ჩემთვის ყველა ფერია“. – ოფთალმოლოგისა და მხატვრის, მზია გოისაშვილის პერსონა.
– ბავშვობა ჩემთვის ლაბირინთში ხეტიალს ჰგავდა… ყოველთვის მქონდა უამრავი კითხვა, ვცდილობდი პასუხების პოვნას… ყველაზე საინტერესო კი ძიების პროცესი იყო, სამყაროს შეცნობისა და საკუთარი თავის პოვნისა.
1994 წლის 16 ივნისი, წვიმიანი დღე და ჩემი დაბადება… ასაკის მატებასთან ერთად მატულობდა კითხვები, მძაფრდებოდა სამყაროს შეცნობის სურვილი… ყველაფრის დაკვირვებამ ახალ გატაცებამდე მიმიყვანა… დავიწყე ხატვა, ჯერ მშობლების სახასიათო ატრიბუტებით, შემდეგ – ყვავილების და ასე, დაუსრულებლად… სურვილი წყურვილში გადავიდა და სამხატვრო სკოლაში დავიწყე სიარული. ფურცლები ჩემზე დიდი იყო. არ ვიცოდი საღებავების მოხმარება და ფუნჯს ჯერ აკვარელში ვასველებდი, მერე კი – წყალში.
ჩემი უბრალო ბავშვური „ახირება“ წარმატებული გამოდგა… შემდგომი გატაცება ლექსების წერა იყო.
– სამხატვრო სკოლაში დადიოდით, თან ლექსებს წერდით… და მაინც, რა უფრო მოგწონდათ, წერა თუ ხატვა?
– არის მომენტები, როცა საკუთარი ემოცია გინდა ფერებით გადმოიტანო და უხმოდ დაამსხვრიო შენი განცდები, ხან კი გინდა საუბარი და წერა… რაც შეიძლება მეტი საუბარი მეტ ადამიანთან.. ამ ორს ვერ შევადარებ ერთმანეთს, ორივე საკუთარი შინაგანი ემოციის ერთგვარი გადმოცემაა, მაგრამ სხვადასხვა სახით.
რაც შეეხება სამხატვრო სკოლას, ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა, რომ ვიხსენებ იმ პატარა გოგოს, რომელიც ძლივს ასწევდა ხოლმე თავის ჩარჩოს, გოგოს, რომელმაც საღებავების გამოყენებაც კი არ იცოდა, მეღეიმება. მეღიმება იმ ნამუშევრების ნახვისას, რასაც იქ ვხატავდი… ეს სასიამოვნო შეგრძნებები და კადრები ყოველთვის ცოცხლდება და ამიტომაცაა ასეთი ღიმილის მომგვრელი.
პირველი ლექსი მიკროავტობუსში დავწერე, ქალაქიდან რაიონში მივდიოდი…12 წლის შეყვარებული გოგოს ლექსი…გზაში საგულდაგულოდ ვიმეორებდი, რომ არ დამვიწყებოდა… სატრფიალო ლექსები მარტოსულის აღსარებად იქცა, დღეს კი ვერლიბრის ფერები ირეკლება მასში… პირველი ჩემი ლექსების კრებული, სახელად „შუშის პეპლები” იყო.
10 წლის მანძილზე სამხატვრო სკოლაში სიარულმა მოგონებები დამიტოვა, და მძაფრად ასახული ფერები, რომლებიც ჩემს შემოქმედებაში ირეკლება.. .პროფესიად კი სულ სხვა რამ ვარჩიე…
– და მაინც, შემოქმედებითი აღმაფრენის მიუხედავად, სამედიცინოზე ჩააბარეთ… პარალელურად კლინიკაში მუშაობდით…
– მჯერა, ადამიანები იმისთვის იბადებიან, რომ რაიმე შეცვალონ სამყაროში… მედიცინა კი შანსს მაძლევდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის შემეცვალა ცხოვრება უკეთესობისაკენ. ამ დროს შემოქმედებითი გზა გრძელდებოდა უფრო მეტად პოეზიის მხრივ, სწორედ ამ პერიოდში გამოვეცი ლექსების კრებული.
– ოფთალმოლოგი ხართ… პარალელურად ხატავთ.. ამბობთ, რომ სამყაროში ფერების აღქმის ძირითადი საშუალება ხომ თვალებია?! მართლაც, ფერადოვანია თქვენი ნამუშევრები…
– სულ ერთი წუთით ყველამ რომ დახუჭოს თვალები და ეცადოს სამყაროს შეცნობა ან თუნდაც ნივთის, გაიგებს, ის რბილია თუ მყარი, ცივია თუ ცხელი, როგორი ფორმა აქვს, დაახლოებით შეიძლება თქვას, რა არის… მაგრამ ფერი? მხოლოდ თვალებს შეუძლიათ ფერების აღქმა და სწორედ ესაა ჩემი შემოქმედებაც, სამყარო – თავისი ყველაფრით… სამყარო ყველაფერია – მასში ყველა ფერია.
– თქვენი ფერწერა – ნატურმორტები, პეიზაჟები… ფერთა საინტერესო ჰარმონიაა… როგორ ხატავთ? საინტერესოა ოფთალმოლოგისეული ხედვა…
– ყველაზე საინტერესო სწორედ ის პროცესია, როდესაც ფერებით იწყებ ხატვას, სამყარო ძალიან ლამაზია, ყველაფერია მასში. მე უბრალოდ ვხატავ იმას, რასაც ვხედავ მთელი თავისი სილამაზით… ყველაფერი ჩვენ თვალწინ არის, უბრალოდ უნდა შევძლოთ ამის დანახვა… მე კი ეს დანახული გადამაქვს ტილოზე…
მინდა გავიხსენო ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც ძალიან უჩვეულოდ შეიქმნა… სამხატვრო სკოლაში რომ მივედი, დავჯექი და დავიწყე ხატვა. წინ ნატურმორტი იდო, ლარნაკში კი – ფერადი ყვავილები… იასამნისფერი, ვარდისფერი და მოლურჯო, მაშინ არ ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა საღებავები და ფუნჯებს ჯერ აკვარელში ვავლებდი, მერე – წყალში და ისე გადამქონდა ქაღალდზე…
– ადამიანები, რომლებმაც კვალი დატოვეს თქვენს ცხოვრებაში…
– საკმაოდ გრძელია სია იმ ადამიანებისა, ვინც კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში… არ აქვს მნიშვნელობა, რა ფუნქცია ან რა როლი ჰქონდათ… ის, ვინც იყო ან არის ჩემს ცხოვრებაში, ყველა მონაწილეა ამ ყველაფრის… როგორც იტყვიან, არ არსებობს დიდი და პატარა როლი… არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები… მეხსიერებიდან არ იშლებიან ადამიანები, უბრალოდ ტოვებენ საკუთარ კვალს…
– საყვარელი მხატვარი…
– ლეონარდო და ვინჩი… მისი შემოქმედება ხელოვნებას სცდება… და, ზოგადად, ეს ადამიანი ხელოვნებაზე მეტი იყო… იტევდა უამრავ სფეროს …
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და თქვენს ძირითად პროფესიას?
– რთულია, იყო მედიცინაში, ეს ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს – როგორც ფიზიკურს, ასევე გონებრივს… დროის რესურსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ როცა მეძლევა დრო, ამას ხელოვნებისთვის ვიყენებ…
– Mzia goisashvili’s Art – თქვენი გვერდიდან იძენენ ნამუშევრებს… როგორ ელევით მათ?
– ჩემი ნამუშევრები უამრავი ადამიანის სახლშია, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო განცდაა, როდესაც სხვა იღებს სიამოვნებას ჩემი ნამუშევრის ყურებით, როდესაც სხვამდე მიმაქვს ის ემოცია, რასაც მე მისი შექმნის დროს განვიცდი… ძალიან ამაღელვებელია, გქონდეს შენი ადგილი სხვის სახლში და ანიჭებდე ბედნიერებას სხვებს…
– წელიწადის რომელი დროის დახატვა გიყვართ უფრო მეტად?
– ჩემთვის ყველაზე საყვარელი შემოდგომაა, როგორც წელიწადის დრო – „ყველაზე ჭრელი, ყველაზე ჭრელი“…
„შემოდგომაა და დაეკარგა ყველაფერს ფერი”…
– ჰობი…
– გატაცებული ვარ ფილოსოფიით…
– ჯანდაცვის მიმართულებით მაგისტრატურაც დაამთავრეთ… სამომავლო გეგმები?
– წელს დავასრულე მაგისტრატურა ჯანდაცვის მიმართულებით, უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს, რომლის განხორციელებასაც დრო და და ენერგია სჭირდება, მინდა მედიცინაში ახალ-ახალი წარმატება, ბევრი სტატია და ბევრი, ბევრი ბედნიერი პაციენტი… მხატვრობას რაც შეეხება, ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე, და რომ საკუთარი სალონი მქონდეს…
თამარ შაიშმელაშვილი