რუსთავში, სტუმართმოყვარე ქართულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი-ფთიზიატრია (ფთიზიო-პულმონოლოგი)… პარალელურად ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, არის მწერალი – პროზაიკოსი და დრამატურგი.
მუშაობდა თბილისის ფთიზიო-პულმონოლოგიურ ცენტრში ექიმ – ფთიზიატრად, იყო ამავე ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე.
2007-2015 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფთიზიო-პულმონოლოგიური ცენტრის გენერალურ დირექტორად, ასევე – ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მენეჯერად.
იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე.
ამჟამად განაგრძობს სამედიცინო საქმიანობას შპს სამკურნალო – დიაგნოსტიკურ ცენტრში „მზე“, ფთიზიო-პულმონოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელად. აქტიურად არის ჩართული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პროგრამაშიც.
სამედიცინო საქმიანობის პარალელურად, მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის პოლიტიკის მთავარ რედაქციაში და უძღვებოდა საავტორო გადაცემათა ციკლს -„მთის სატკივარი, ერის სატკივარი“. ჰქონდა საბავშვო შემოქმედებითი გადაცემათა ციკლი ტელეჟურნალ „თბილისი და თბილისელებში“… არაერთი შემოქმედებითი გადაცემის ავტორია, საზოგადოებრივი ტელევიზიის ლიტერატურულ და ახალგაზრდულ რედაქციებში… იმავდროულად, საქართველოს რადიოს თეატრალურ რედაქციაში უძღვებოდა საავტორო გადაცემათა ციკლს – „ექიმი და თეატრი“…
1988 წელს ახალგაზრდა მწერალთა კავშირის სწავლული მდივანი და ალმანახ „გულანის“ პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1993 წლიდან კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების გამგეობის წევრია, იყო თავმჯდომარის (მუხრან მაჭავარიანის) რეფერენტი.
გამოცემული აქვს მოთხრობებისა და პიესების რამდენიმე კრებული… მისი მოთხრობები ითარგმნა – გერმანულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ივრითულ და აფხაზურ ენებზე… მისი სცენარით და პროდიუსერობით, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი – „მაგრამ, რა მერე?!“ (რეჟისორი რამაზ იოსელიანი), რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა პიესა „დოქტორ პაპატაჩის ვალსი“ (რეჟისორი ზაზა წაქაძე), საქ. საზოგადოებრივ რადიოში დაიდგა (რადიოდადგმა) მისი პიესა „ქარის წართმეული იები“ (რეჟისორი თამაზ მესხი).
მოღვაწეობდა უცხოეთში, ისრაელში, მოამზადა გადაცემათა შემოქმედებითი ციკლი (ისრაელის და საქართველოს თემატიკაზე) კანადის ტელეკომპანია „თრინითი ენდ სელფში“ …
მრავალი შემოქმედებითი პროექტის გამარჯვებულია.
2018 წლის 26 ოქტომბერს, არჩეულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
წარმატებით გაიარა სრული კურსი, გია მაისაშვილის, ლიდერთა სკოლაში. იყო მისი აქტიური თანამებრძოლი.
ამჟამად აქტიურად განაგრძობს როგორც სამედიცინო, ასევე შემოქმედებით საქმიანობას. არის საქართველოს მწერალთა კავშირის (გამგეობის) წევრი, აკაკი წერეთლის და ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემიების ლაურეატი. შარშან მიენიჭა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია.
წითელი ჯვრის მოხალისეა და კარდაკარ დადის, რათა მდგომარეობა შეუმსუბუქოს შეჭირვებულ ადამიანებს. – ექიმისა და მწერლის, ირმა კეკელიძის პერსონა.
– რუსთავში დავიბადე. მშობლები პროფესიით ქიმიკოსები იყვნენ. გვქონდა ძალიან კარგი, თბილი, სტუმართმოყვარე, ტრადიციული, ქართული ოჯახი. მე და ჩემს ძმას, დათოს, როგორც იმ პერიოდის ბავშვების უმრავლესობას, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. ვიყავით გათამამებულები, ყველა იმ ფუფუნებით და შესაძლებლობებით, რასაც მშობლები გვიქმნიდნენ და გვთავაზობდნენ…
რუსთავი არის ქალაქი, სადაც მე ვეზიარე მუსიკის, თეატრის, ხელოვნების და რაც მთავარია, გარშემომყოფი, ადამიანების სიყვარულს… ჩემი ბავშვობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკას, თეატრს. მუსიკალური განათლება მივიღე, რუსთავის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, რომელსაც დიდი შემოქმედებითი ტრადიციები ჰქონდა. სადაც მოღვაწეობდნენ – მერაბ კოსტავა, ანზორ ერქომაიშვილი, ციცინო ციცქიშვილი, ჯუმბერ ყოლბაია, თეიმურაზ ჯანელიძე და სხვა დიდი ხელოვანი ადამიანები, ერის ღირსეული წარმომადგენლები…
როდესაც თეატრზეა საუბარი, დღესაც კი, ჩემი ცხოვრების (ნახევარ საუკუნეზე მეტი) გადასახედიდან, რუსთავის თეატრი მიდგას თვალწინ.
ეს არის თეატრი, რომელმაც ბავშვობიდანვე, სკოლის მერხიდანვე, თეატრის სიყვარულს მაზიარა. მიყვარს მისი პარტერი, სცენა და რაც მთავარია, მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც ამ თეატრის სცენას ამშვენებდნენ და დღესაც წარმატებით, დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს.
არასოდეს დამავიწყდება ამ თეატრის მსახიობები, რომლებთანაც (დიდი ასაკობრივი სხვაობისა) მეგობრობა მაკავშირებდა… ლეილა შოთაძე, ია ხობუა, ოთარ სეთურიძე, გია ტყეშელაშვილი, გია ლეჟავა, ნუკრი გამყრელიძე (რომელმაც სულ ახლახან დაგვტოვა) და სხვები, რომელთაც ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს.
დღეს დიდი მეგობრობა მაქვს თეატრის მოქმედ მსახიობებთან: ნათელა მუხულიშვილთან, ლარისა ხაჭაპურიძესთან, ბადრი კაკაბაძესთან, თამარ კანდელაკთან და სხვებთან. ყველანი ძალიან მიყვარს და ვაფასებ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი მშობლიური, რუსთავის თეატრის, ერთგულ დარაჯებად რჩებიან. არ შემიძლია, არ მოვეფერო, ქალბატონ ლარისა ხაჭაპურიძეს, რომელსაც ცხოვრებამ დიდი განსაცდელები მოუტანა (უდროოდ დაკარგა საყვარელი მეუღლე და შვილი). მიუხედავად უდიდესი სატკივარისა, გმირულად აგრძელებს საყვარელ საქმეს.
არ დამავიწყდება, წლევანდელი 14 იანვარი, ქართული თეატრის დღე, როდესაც ქალბატონი ლარისა, უდიდესი ქართველი მსახიობის, აკაკი ვასაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. ეს არის არა მხოლოდ ქალბატონი ლარისას, არამედ მასთან ერთად, რუსთავის თეატრის გამარჯვებაც…
– 1986 წელს დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი-ფთიზიატრი (ფთიზიო-პულმონოლოგი) ხართ…
– პროფესიით ექიმი ვარ. დედას უნდოდა მუსიკოსობა. ბავშვობაში მეც ასე მეგონა, რომ ამ გზას ავირჩევდი, მაგრამ დიდობაში გამიჩნდა სურვილი, რომ ექიმი გავმხდარიყავი, რაც არასდროს (დღევანდელი დღის ჩათვლით) არ მინანია…
რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა. სტუდენტობის დროსაც კი, სანამ მე-6 კურსამდე არ მივედი, არც მიფიქრია, ამ მხრივ თუ რამეს შევძლებდი. სამედიცინო ინსტიტუტში (როგორც იმ პერიოდის, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში) იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. ერთხელაც, ქართული ენის პედაგოგმა, ქალბატონმა (გვარად გვერდწითელი იყო, სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს), პრაქტიკული მეცადინეობის დროს, სტუდენტებს მოგვთხოვა, რაიმე ჩანახატის დაწერა. შემდეგ პრაქტიკულზე, როდესაც ნიშნები გამოაცხადა, ჩემი გვარი მათ შორის არ იყო. გავირინდე, ხმა არ ამომიღია. გავიფიქრე, ან გამორჩა, ან რაღაც სისულელე დავწერე-მეთქი.
შესვენების დროს მორიდებით მივედი და ვკითხე: ჩემი ნაწერი არ გაგისწორებიათ-მეთქი?.. გვარი რომ მკითხა, უცებ სახეზე ორაზროვანმა ღიმილმა გადაურბინა. გვერდზე გადადებული რვეული აიღო და მკითხა: შენი დაწერილია, თუ სხვისი შემოქმედება მიითვისე?..
არ ველოდი, გავშრი. ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა. ბოლოს მითხრა: არ შემიფასებია, მინდა დავრწმუნდე, შენი შემოქმედებაა, თუ სხვისი მიითვისეო…
შემდეგი პრაქტიკული მეცადინეობის დროს ცალკე დამსვა და სხვა დავალება მომცა. მეც ჩემთვის ვიჯექი და ვწერდი. შესვენების დროს გადავეცი ნაწერი და გარეთ გავედი. როდესაც მეცადინეობა გაგრძელდა, საგანგებოდ განაცხადა, ჯგუფში მწერალი მყოლია და არ ვიცოდიო…
შემაქო, უმაღლესი შეფასებით შემაფასა და მადლობაც გადამიხადა, ჩემი ნაშრომით მიღებული სიამოვნებისთვის…როგორც ჩანს, იყო ეს ყველაფერი ჩემში სადღაც დაბუდებული. ძირითადად წერა, ბოლო კურსებზე და შემდეგ, ახალბედა ექიმობის დროს დავიწყე…
– პირველი ნაწარმოებები…
– პირველი ნაწარმოებები იყო, მოთხრობები: მომავალ წლამდე, ქალაქში, ვარდი, დეიდა მარგალიტა, შემოდგომას ქრიზანთემები უხდება, უმადური და ა.შ… თან იმ პერიოდისათვის, ყველაზე ცნობილ გამომცემლობებს, პერიოდიკას, მივადექი, როგორიც იყო – „ლიტერატურული საქართველო“, „ცისკარი“, „მნათობი“, „საქართველოს ქალი“ და ა.შ.. .პრობლემა არსად შემქმნია. ყველგან ჩათვალეს, რომ უნდა დავბეჭდილიყავი და ასეც მოხდა…
– წლების მანძილზე მუშაობდით ექიმ-ფთიზიატრად… ხანგრძლივად – თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ფთიზიო-პულმონოლოგიური ცენტრის გენერალურ დირექტორად. 2015 წლის 21 დეკემბრიდან კი მუშაობა განაგრძეთ ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე...
– რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ფთიზიატრობას, ესეც ალბათ უფლის ნება იყო. როდესაც მწერლობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მწერალთა კავშირში უნიჭიერესი ქართველი მწერლის, მაკა ჯოხაძის წიგნის წარდგენას დავესწარი, სადაც პირველად შევხვდი დიდ კლასიკოს მწერალს (შემდგომში ჩემს უფროს მეგობარს) – რევაზ ინანიშვილს.
პრეზენტაციის შემდეგ, საინტერესო საუბარი მქონდა ბატონ რეზოსთან, რომელსაც შემოუერთდნენ უნიჭიერესი მწერლები: ვოვა სიხარულიძე და გურამ სხირტლაძე. ბატონმა რეზომ, თავის მხრივ, გურამთან წარმადგინა და თან ხაზი გაუსვა ჩემს პროფესიას, რომ მეც ექიმი ვიყავი…
საუბრის შემდეგ გურამმა მირჩია, რომ მისი კოლეგა გავმხდარიყავი და სპეციალობად ფთიზიატრია ამერჩია. გურამს ვოვა სიხარულიძეც აჰყვა და თან დააყოლა: „ფთიზიატრია ძალიან საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, დასაფასებელი პროფესიაა. რატომ აირჩია გურამმა ეს პროფესია, როგორც ექიმმა, თავად მას ჰკითხე და გიპასუხებს”…
გურამმა შეკითხვა არც დამაცადა, იქვე დასძინა: „იმიტომ, რომ ტუბერკულოზი რომანტიკოსთა დაავადებაა. სამყაროს დიდი მწერლების უმრავლესობა სწორედაც რომ ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. არაფერს ვამბობ ჩეხოვზე, როგორც ექიმზე, რომელიც ტუბერკულოზთან ბრძოლის ჟინით იყო შეპყრობილი…
როგორც ავადმყოფზე, შორს აღარ წავალ, მაგალითად ლადო ასათიანიც კმარა. მისი ულამაზესი ლექსი გავიხსენოთ: „როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!”..
ამ შეხვედრის შემდეგ ვიყავი აბასთუმანში.მოვინახულე ლადო ასათიანის „თეთრი პალატა”. გამახსენდა მისი ლექსი – „აბასთუმანი – ხაბაზთუმანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა, ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა”…
ბევრიც აღარ მიფიქრია, სპეციალობად ფთიზიატრია ავირჩიე. დავიწყე საექიმო საქმიანობა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლის მთავარი ექიმიც მწერალი გურამ სხირტლაძე გახლდათ. იმავე დაწესებულებაში შევხვდი და დავუმეგობრდი ჩემს უფროს კოლეგას (საკმაოდ ხანდაზმული ასაკში), ლადო ასათიანის მკურნალ ექიმს, ბატონ არჩილ მხეიძეს…
რაც შეეხება ჩემს შემდგომ ნაბიჯებს, ვიყავი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელიც (გენდირექტორი), ვიმუშავე ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ნაწილშიც…
და რაც მთავარია, ყველა ჩემი საქმიანობა, მიყვარდა და მიყვარს დღესაც. მიყვარს ჩემი კოლეგები, რომელთა გვერდითაც მე ვმუშაობდი (დღესაც გვაქვს კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა), ყველას ერთნაირად გვიყვარდა და გვიყვარს ჩვენი პროფესია, ჩვენი საქმე…
– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდით… ალბათ გიფიქრიათ ქართულ-აფხაზური საკითხის მოგვარებაზეც, მით უფრო, რომ თქვენი ოჯახისთვის აფხაზეთი ძალიან მშობლიურია, იქ სახლი გქონდათ…
– ქართულ-აფხაზური საქმის მოგვარებაზე, აფხაზეთის მთავრობაში მისვლამდეც, იქ ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც ბევრს ვმუშაობთ და ვფიქრობთ, მეც და ის გუნდი, ვისთან ერთადაც ვმოღვაწეობ, აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ.
ყველა ერისა და ქვეყნის მოყვარე, ჭეშმარიტი ქართველისთვის, აფხაზეთი და სამაჩაბლო, დიდი ტკივილია…
აფხაზეთთან მაკავშირებს ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ოჯახი, წინაპრები და ყველაფერი. აფხაზეთი ისეთივე მშობლიური კუთხეა საქართველოსი, როგორც იმერეთი, კახეთი, ქართლი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი და ა.შ…
ჩვენს ოჯახს აფხაზეთშიც, გუდაუთაშიც ჰქონდა სახლი (მამითადი), ბინა ბიჭვინთაში (ჩვენი ლამაზი ნავსაყუდელი)…
ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი აფხაზ მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად გავატარე. ყველაფერი მესმოდა, რასაც აფხაზურად ლაპარაკობდნენ. ჩემი უფროსი თაობა, რომელიც იქ იყო დაბადებული, კარგად ფლობდა აფხაზურ ენას. ზამთრობით, მეგობარი, აფხაზი ბავშვები, აქეთ ჩამოდიოდნენ, ჩვენთან…
როდესაც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი, აფხაზეთში ჩასვლის დროს, მეზობლები ჟრიამულით მხვდებოდნენ. თუ ვინმე ავად გახდებოდა, ექიმთან მისვლა აღარ სჭირდებოდათ. მე ვიყავი მათთვის ყველაფერი. როდესაც ჩემი თბილისში წამოსვლის დრო დადგებოდა, ცხვირჩამოშვებულები იყვნენ – უპატრონოდ დავრჩითო…
განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ჩვენი ახლო მეზობელი, აფხაზი ალიოშა ბჟანია (ვიტალი დარასელიას ბიძა, დედის ძმა), რომელსაც ყველა ჩასვლის დროს ნემსებს ვუკეთებდი. ხმამაღლა მოთქვამდა, წასულია ჩემი საქმე,მიდის ჩემი პატრონიო… არ ვიცი, რა ვთქვა… ძალიან მენატრებიან და გულწრფელად მიყვარს ყველა…
ამას წინათ, ჩემმა ახლობელმა გოგომ, სოცქსელში ზღვის ტალღების ფოტო დადო, მხოლოდ ტალღები ჩანდა… თან შეკითხვა დასვა, თუ მივხვდებოდით, სად იყო ეს ტალღები გადაღებული. ჟრუანტელმა დამიარა. მეცნო, ასეთი ტალღები მხოლოდ გუდაუთაში მინახავს… გავეცი პასუხი. მართალი აღმოვჩნდი. წყალი ტალღები ვიცანი, თავისი ფერით და ხიბლით…
აფხაზეთის ა/რ-ის განათლების და კულტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. დღესაც მაქვს და მომავალშიც მექნება მათთან ურთიერთობა… ძალიან ძნელია, როდესაც გინდა აკეთო საქმე, რომელიც შენს ერსა და ქვეყანას წაადგება. თან იცი, რა და როგორ უნდა აკეთო, მაგრამ ყველას არა აქვს ამის სურვილი და ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელს გიშლის… აქ მე პირადს არ ვგულისხმობ… ხელს უშლის ქვეყნის სამომავლო, სასიკეთო საქმის კეთებას და თავის თანამდებობრივ მდგომარეობას, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს…
აღარ მინდა ამაზე საუბრის გაგრძელება, გასულ წელს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (18.01.2021) ხაზგასმით ვთქვი ჩემი სათქმელი. სატელევიზიო სივრცითაც მქონდა საავტორო გადაცემათა ციკლი… აღარ მინდა ამით თავი შეგაწყინოთ!..
რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნამ, მით უმეტეს, დევნილ მთავრობაში, სერიოზული გამოცდილება შემძინა. ბევრი რამ უფრო ცხადი გახადა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად. მთავარია, იყოს კეთილი ნება, სწორი საკადრო პოლიტიკა, რეალური ნაბიჯების გადადგმა სახალხო დიპლომატიის გზით და შედეგიც არ დააყოვნებს, აუცილებლად დადგება…
კიდევ ვიმეორებ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და არა მხოლოდ სამინისტროში (მთელ უწყებაში) ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე… ძალიან მიყვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, რომელთა უმრავლესობასთანაც ძალიან კარგი და საქმიანი ურთიერთობა მაქვს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ოკუპირებული აფხაზეთის, დაბრუნების გზების ძებნას ემსახურება…
აფხაზეთის მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობამ, როგორც მწერალს, მომცა უდიდესი და სერიოზული მასალა… მასალა, სერიოზული დრამატული ნაწარმოების შექმნისა.
რეალურად, ვამთავრებ პიესას, რომელიც აუცილებლად აღმოჩნდება ერთ-ერთი ქართული თეატრის, და არა მხოლოდ ქართული თეატრის სცენაზე… დაწყებული მაქვს, სერიოზული მოლაპარაკებები, ყველაფრის (შემოქმედებითი თვალსაზრისით) რეალობაში მოსაყვანად…
– სამედიცინო საქმიანობის პარალელურად, 1987 წლიდან მუშაობდით საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის პოლიტიკის მთავარ რედაქციაში და უძღვებოდით საავტორო გადაცემათა ციკლს – „მთის სატკივარი, ერის სატკივარი“.
გქონდათ საბავშვო შემოქმედებითი გადაცემათა ციკლი ტელეჟურნალ „თბილისი და თბილისელებში“… არაერთი შემოქმედებითი გადაცემის ავტორი ხართ… მათ შორის, საავტორო გადაცემათა ციკლის – „ექიმი და თეატრი“… ეს თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის კიდევ ერთი ახალი მხარეა…
– საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოში მოღვაწეობის პერიოდი – ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მჩქეფარე და სიცოცხლით სავსე ეტაპი. ძალიან ბევრი კარგის გახსენება შემიძლია.
პირველად, ჩემგან, როგორც ახალგაზრდა ექიმთან და მწერალთან, ინტერვიუ ჟურნალისტმა და რეჟისორმა მარიკა პაპაშვილმა აიღო (მარიკა დღესაც წარმატებული რეჟისორია, საზოგადოებრივი ტელევიზიის)…
საკმარისი იყო, ერთი მისვლა და ინტერვიუს ჩაწერა (ალბათ ესეც ბედისწერაა), რომ ძალიან ბევრი მეგობარი და თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ჩემთვის უჩვეულო სივრცეში… მალევე შემომთავაზეს, დამეწერა სცენარი და გამეკეთებინა საინტერესო გადაცემათა ციკლი.
მეც დავწერე, მივიტანე სცენარი, ქალბატონ ლია ბურჭულაძესთან (პოლიტიკის მთავარ რედაქციაში), რომელმაც დადებითი რეზოლუცია დაადო ჩემს ნაშრომს და აქედან დაიწყო… შემდეგ (მთავარი იყო, დრო და სურვილი მქონოდა) ლიტერატურულ, ახალგაზრდულ და სხვა რედაქციებში გზა ხსნილი მქონდა. ძალიან მიყვარდა რადიოს თეატრალური რედაქცია. მისი მთავარი რედაქტორი, აწ გარდაცვლილი, შოვინა ქაცარავა. ახალგაზრდა რედაქტორი, ნიჭიერი და კეთილშობილი მანანა თევზაძე და მისი მეუღლე, ცნობილი მხატვარი (ტელევიზიის მთავარი მხატვარი) მალხაზ კუხაშვილი. მუსიკალური რედაქტორი, სიკეთის, სითბოს მფრქვეველი, ლალი სეთურიძე (ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე).. .ჩვენ დღესაც დიდი სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს…
რადიოში ვამზადებდი გადაცემებს. განსაკუთრებით დიდი მონდომებით გავაკეთე გადაცემათა ციკლი – „ექიმი და თეატრი“, სადაც ჩართული მყავდა დიდი ქართველი ექიმები (შემოქმედები), ვახტანგ ბოჭორიშვილი, თემიკო ჩირგაძე, გურამ სხირტლაძე და სხვები. რადიოში წარმატებით დაიდგა ჩემი პიესა – „ქარის წართმეული იები“.
ტელევიზია იყო ჩემი მეორე ოჯახი, სამსახური, შემოქმედებითი ნავსაყუდელი. ძალიან კარგად და ხალისით ვუთავსებდი ერთმანეთს საექიმო საქმიანობას, მწერლობას, სატელევიზიო სივრცეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიყვარდა და მიყვარს!
– თქვენი სცენარით და პროდიუსერობით საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი – „მაგრამ, რა მერე?!“ (რეჟისორი რამაზ იოსელიანი), დაიდგა სპექტაკლებიც… როგორ მუშაობდით?
– რთულ პერიოდში მოგვიწია ფილმის გადაღება, მაგრამ ტელევიზიის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფილმი შემდგარიყო. დადგა ის დღე, როდესაც ფილმი „მაგრამ რა მერე?!” გავიდა ეკრანზე… ფილმმა სათქმელი თქვა!.. იქაც აფხაზეთის ტკივილიანი თემა იყო წამოწეული. მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი ექიმი გახლდათ. ფილმის რეჟისორი იყო რამაზ იოსელიანი. მონაწილეობდნენ: ეკა ჩხეიძე, თენგიზ გიორგაძე, სოსო ლაღიძე, ხათუნა იოსელიანი, ირინე გუდაძე, დონარა გვრიტიშვილი, ლეილა ჭავჭანიძე, ნინო ლეჟავა, რამაზ იოსელიანი და სხვები.
შემდგომში უკვე ფილმი უჩვენეს მარჯანიშვილის და თუმანიშვილის თეატრებში. ჩვენებამ წარმატებით და კარგად ჩაიარა. შემდეგ გავაკეთე სპექტაკლი „დოქტორ პაპატაჩის ვალსი”, რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. რეჟისორი – ზაზა წაქაძე. მონაწილეობდნენ მსახიობები: ლეილა შოთაძე, გია ლეჟავა, დონარა გვრიტიშვილი, ზურა ინგოროყვა, ეკა ქვრივიშვილი, ლეილა ჭავჭანიძე და სხვები. სპექტაკლმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო და წარმატებით მიდიოდა, რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე…
– გამოცემული გაქვთ მოთხრობების და პიესების რამდენიმე კრებული… მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური და პოლიტიკური წერილები იბეჭდებოდა და იბეჭდება უამრავ ჟურნალსა და გაზეთში… არცთუ დიდი ხნის წინ ჟურნალ „რიწაში“ გამოქვეყნდა თქვენი ,,ქრისტეშობიდან ქრისტეშობამდე”, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება და ზვიად გამსახურდიას შეხვდით… როგორ დაიწერა ეს ნაწარმოები?
– ქვეყნის პირველ პრეზიდენტს შევხვდი ჩეჩნეთში, გროზნოში.
ეს იყო დრო, როდესაც რეალურად მოვწყდი ყველას და ყველაფერს. მთელი არსებით მოცული ვიყავი, ისე როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართველი, პრეზიდენტის ბედით. ზვიადის გზას შევყურებდით… ზვიადის, რომელიც იყო რეალური წინამძღოლი ქვეყნის ჭეშმარიტი, ნათელი მომავლისა. მე და ჩემი მეგობარი გოგო, ნინო ნიშნიანიძე არაერთხელ დავდგომივართ გროზნოს გზას. ეს არ იყო გზა მხოლოდ იმისა, რომ დევნილი პრეზიდენტი გვენახა და უკან წამოვსულიყავით. ეს იყო ძალიან სახიფათო გზა, რომელსაც დიდი, სასიცოცხლო რისკი, დიდი დატვირთვა და პასუხისმგებლობა ახლდა…
„ქრისტეშობიდან ქრისტეშობამდე” – ეს არის ერთი ეპიზოდი იმ რეალური გზისა, რასაც ზვიადისკენ მიმავალი გზა ერქვა.
ეს მოთხრობა აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს დავწერე. ზვიადის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჟურნალ „რიწის” რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ, მთხოვა დამეწერა რაიმე, რაც ზვიადთან ჩემს ურთიერთობას შეეხებოდა. თავს ვიკავებდი. დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერა და ვერ დავჯექი, რომ ფურცელზე გადამეტანა. ბოლოს ნანამ დამაძალა. სკოლის პედაგოგივით მადგებოდა თავზე და მეკითხებოდა – „მომიტანეთ თქვენი დოკუმენტური პროზა?”..
თავს ძალა დავატანე, დრო გამოვნახე და ერთ დღეში დავწერე ის, რაც დავწერე და გამოქვეყნდა ჟურნალ „რიწის” იმ ნომერში, რომელიც ზვიადის ხსოვნას მიეძღვნა. გამოქვეყნების შემდეგ, მადლობა გადავუხადე ნანას, რომ მაიძულა ამ დოკუმენტური პროზის შექმნა. ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ზვიადთან ურთიერთობისა. უფლება არა მაქვს, რომ არ გამოვცე წიგნად, დოკუმენტური პროზის სახით, ის პერიოდი, რომელიც პრეზიდენტთან ურთიერთობას, დევნას, იმ საშინელ დროს ეხება, რომელიც ახალგაზრდობაში გადავიტანე, უფრო სწორად გადავიტანეთ მთელმა ერმა… რამდენიმე ეპიზოდი სოცქსელშიც გამოვაქვეყნე, მაგრამ ეს არ არის ის, რაც რეალურად უნდა დაიწეროს და გამოიცეს, დოკუმენტური პროზის სახით… ზვიადის დევნაში ყოფნა, პირდაპირ იყო დაკავშირებული აფხაზეთის პრობლემებთან. ზვიადი იყო გარანტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა, რაც დღეს სახეზეა.
დაამხვეს ეროვნული მთავრობა, მოგვიკლეს პრეზიდენტი, ოკუპირებულია ქვეყნის უმშვენიერესი ტერიტორიები, აფხაზეთის და სამაჩაბლოს სახით. არაფერს აღარ ვამბობ, შემდგომში კოდორის ხეობის, გარეჯის, გადაცემა-გაჩუქებაზე და ა.შ…
– მრავალი პრემიის ლაურეატი ხართ. ბოლოს ჯემალ აჯიაშვილის პრემიაც მიიღეთ… რამდენად სტიმულის მომცემია პრემია მწერლისთვის?
– ნებისმიერი ჯილდო, მით უმეტეს პრემია, ყველა ადამიანისთვის (მათ შორის ჩემთვის), არ არის მხოლოდ ჯილდო, საჩუქარი და ა.შ… მწერლისთვის პრემია არის, შემოქმედების შეფასებაც და დაფასებაც…ზოგადად, პრემიას თანამდებობრივ სარგოს ეძახიან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მას შემოქმედებით სარგოც შეიძლება ვუწოდოთ… მოკლედ რომ ვთქვათ, პრემია ჩემთვის არის სიხარულის, სტიმულის და ახალი შემოქმედებითი საქმის დაწყების ძალიან სასიამოვნო და დიდი ბიძგი…
რაც შეეხება ჯემალ აჯიაშვილის პრემიას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მქონდა მასთან მეგობრული, შემოქმედებითი ურთიერთობა (საზოგადოებრივ ტელევიზიაში). იგი იყო უნიჭიერესი პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე…და რაც მთავარია, იყო ძალიან დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება… ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ამაყი ვარ იმ დიდი ჯილდოთი, რომელიც მერგო, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის სახით.
– პანდემია… როგორც ექიმს, ალბათ პირდაპირ შეგეხოთ, ვგულისხმობ კოვიდიან პაციენტებთან ურთიერთობას, როგორც მწერლისთვის, დადებითად იმოქმედა თუ პირიქით?
– პანდემია, ნამდვილად პირდაპირ შემეხო, რადგანაც პროფესიით ფთიზიო-პულმონოლოგი ვარ. კოვიდის ძირითადი გართულება სასუნთქი გზების დაზიანებაა. განათლების და კულტურის სამინისტროში მუშაობის დროსაც (ვინც მიცნობს), არ აინტერესებდათ, სად ვმუშაობდი, რა საქმით ვიყავი დაკავებული, ყველა მიყურებდა, როგორც ექიმს.
მოკლედ რომ ვთქვათ, პაციენტები არ მაკლდა, დღესაც ასევე გრძელდება. პანდემიამ, როგორც ექიმს, როგორც მწერალს, ვერ ვიტყვი, რომ დადებითი ფონი შემიქმნა. ამ მხრივ ნამდვილად ნეგატიური განწყობა მაქვს…
– წითელი ჯვრის მოხალისე და ქველმოქმედი კარდაკარ დადიხართ და ადამიანებს ეხმარებით…
– მინისტრის მოადგილე ვიყავი, მაგრამ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მთხოვეს ჩავრთულიყავი რთულ და საპატიო საქმიანობაში, გავმხდარიყავი წითელი ჯვრის მოხალისე. რთულია კარდაკარ სიარული. ძირითადად, ხანდაზმულებთან მიწევდა მისვლა. ზოგი დიდ სითბოს გამოხატავდა, ზოგიც ჩხუბობდა. არ მოსწონდათ თავიანთი ყოფა და გულისჯავრს ჩემზე იყრიდნენ და ა.შ… მაგრამ ვალდებული ხარ, ყველაფერი მოითმინო, ყველას მოეფერო და დაამშვიდო.
ფიზიკურადაც ძალიან დამღლელი და მძიმეა. ჩემი მეუღლე რომ არ დამდგომოდა გვერდით, ვერაფერს შევძლებდი. ის ჯილდო, რაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადმომცა, რეალურად მასაც ეკუთვნის. ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, ვისაც რა შეგვიძლია, ის ვაკეთოთ, ერთმანეთს (მით უმეტეს – ხანდაზმულებს) გვერდით დავუდგეთ…
– ჰობი…
– თუ ქველმოქმედება შეიძლება ჰობად ჩაითვალოს, ჩემთვის ყველაზე დიდი ჰობია!.. როდესაც მაქვს საშუალება (შემიძლია), ადამიანს უანგაროდ გავუკეთო ის, რაც მას შვებას მოჰგვრის და პრობლემას მოუხსნის, თავადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– შემოქმედებითი ოჯახი გაქვთ… მეუღლე – თენგიზ გიორგაძე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, ვაჟიშვილი – აკაკი გიორგაძე, II კურსის სტუდენტია…
– მეუღლე, თენგიზ გიორგაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობია. გაიზარდო, იცხოვრო, რუსთაველის თეატრის ცხოვრებით, ბევრს ნიშნავს, ბევრ პასუხისმგებლობას გაკისრებს, როგორც ხელოვანს, შემოქმედს. ახალგაზრდობიდანვე პირველი სცენა მისთვის რუსთაველის თეატრის სცენა იყო. მისი პირველი როლი, კოტე იყო, რობერტ სტურუას სპექტაკლში „ხანუმა”. პირველივე როლიდან, მისი პარტნიორები, მისივე მეგობრები გახდნენ. მან ითამაშა რამაზ ჩხიკვაძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან, სალომე ყანჩელთან და სხვა დიდ არტისტებთან ერთად.
შეიძლება ითქვას, რომ ქართული თეატრის უახლეს ისტორიაში ყველა დიდ მსახიობთან მოუწია პარტნიორობა… თენგო, განსაკუთრებით დაინტერესებულია ჩემი შემოქმედებით. ჩემი მოთხრობების, პიესების, პირველი მკითხველი ის არის. პირველ შეფასებას, კრიტიკას მისგან ვიღებ. შეიძლება ითქვას, უმეტეს შემთხვევაში ამართლებს. თენგო ჩემთვის დიდი საყრდენია…
ჩვენი ვაჟი – აკაკი, სტუდენტია. ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული ბიჭია. მეგონა, მამის პროფესიას აირჩევდა, მაგრამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. უყვარს ტექნიკური საგნები – ფიზიკა, მათემატიკა. ამიტომაც, ახალი ტექნოლოგიების და ინფორმატიკული მეცნიერების მხრივ მოინდომა სწავლის გაგრძელება. ჩვენც პატივს ვცემთ მის არჩევანს.
– როგორც შემოქმედი, ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმები….
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვამთავრებ პიესას. უახლოეს დროში უნდა გამოვცე მოთხრობების კრებული.
ვმუშაობ დოკუმენტურ პროზაზე, რომელიც ცალკე წიგნად გამოვა… ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილის და ბატონი აკაკი დაუშვილის სახით. ინტენსიურად იბეჭდება ჩემი მოთხრობები მათი ორგანიზაციის ჟურნალებში – „ათინათი“ და „ოლე”… ზოგადად, პერიოდულად ყველგან ვიბეჭდები (ქართულ პერიოდიკაში).
მთავარია, მქონდეს სურვილი და განწყობა, შემოქმედებითი საქმიანობისა…
თამარ შაიშმელაშვილი