ბრიუსელში მიმდინარე, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართა შეხვედრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო,ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატო-ს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ნატო-სა და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს. საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.