12 წლისაა. ხატავს 5 წლის ასაკიდან… ცხოვრობს რუსთავში, წარმოშობით ბათუმიდან არის. სწავლობს ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში… ხოლო ხატვა უსაზღვროდ უყვარს… სულ პატარას ლეიკემია დაუდგინდა და მაშინ დაიწყო ხატვა. ამბობს, რომ ქველმოქმედებით თავადაც ეხმარება თანატოლებს. „მეც დავამარცხე ეს ვერაგი დაავადება და, როგორც მე მახარებდნენ, მინდა ისე გავახარო პატარები“. – თამარ კონცელიძის პერსონა.
– 5 წლის ასაკში, როდესაც იაშვილის კლინიკაში ვიყავი, იქ მოდიოდნენ ხელოვნების მასწავლებლები, რომლებიც გვასწავლიდნენ ხატვას და მათი დამსახურებით შემიყვარდა.
5 წლის ასაკში დამიდგინდა ლეიკემია და სწორედ მაშინ დავიწყე ხატვა. მახსოვს ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე, ხშირად ვხატავდით ერთად… მასაც უყვარს ხატვა…
– ხართ 12 წლის. 5 წლიდან ხატავთ… პირველი ნამუშევრები…
– მართალია, 5 წლის ასაკში ნახატები კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ ყველაფერს სიხარულით ვხატავდი. ყველაფრის ხატვა მიყვარდა, განსაკუთრებით მიზიდავდა პრინცესების და ლამაზი კაბების ხატვა.
– „ჩემი ოჯახი“ – მშობლები ანგელოზების ფრთებით… რისი თქმა გინდოდათ?
– ეს ნამუშევარი დავხატე, რათა გადმომეცა ოჯახისადმი ის სიყვარული, რასაც ვგრძნობ, ვფიქრობ, ამ ნახატით ვამბობ იმას, რომ მყავს ძალიან თბილი და მზრუნველი ოჯახი.
– „ნამუშევრის შინაარსი არის ასეთი: როგორი იქნება მარსზე ცხოვრება მომავალში და მე დავხატე აპარატი, რომლითაც კოსმონავტს შეუძლია მოისმინოს, ჩიტების ჭიკჭიკის, ზღვის, წვიმის და სიმღერის ხმა“, – წერთ ფეისბუქზე… და მაინც, როგორი იქნება მარსზე ცხოვრება მომავალში?
– ჩემი აზრით, თუ გამოიგონებენ აპარატებს, რომლითაც ადამიანებს მიეცემათ საკვები, წყალი, ჰაერი და ბევრი სხვა რამ, მაშინ შესაძლებელი იქნება ადამიანების მარსზე ცხოვრება.
ამბობენ, რომ მომავალში მარსზე ცხოვრება შესაძლებელი იქნება და სწორედ აქედან წამოვიდა ნახატის იდეაც.
ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, ბელორუსიის საელჩოსგან მიიღეს წერილი, ისინი მართავენ კონკურსს და შემოგვთავაზეს, რომ სკოლის ბავშვებსაც მიეღო მონაწილეობა, აქედან ერთ-ერთი ჩემი ნახატი იყო.
– მაისური მოხატეთ…
– მაისურის მოხატვის იდეა უცებ გამიჩნდა და მზის ფორმაში ჩავხატე პეიზაჟი, უფრო დახვეწილად ვაპირებ მაისურების მოხატვას და გაყიდვას.
– ბრელოკი დაამზადეთ, მინდა გავყიდო და დავეხმარო ლეიკემიით დაავადებულებსო – წერდით.
– რაც დავამზადე, ყველა ბრელოკი გავყიდე, დიტო ცინცაძის ფონდში გადავრიცხე, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ასევე დავეხმარე ჩემს თანატოლს და ჩემს მოსახელე გოგონას, რომელიც ამჟამად თურქეთში მკურნალობს და ებრძვის ლეიკემიას. რადგან მეც დავამარცხე ეს ვერაგი დაავადება და, როგორც მე მახარებდნენ, მინდა ისე გავახარო პატარები.
ხატვის გარდა ვამზადებ აქსესუარებს, ყელსაბამებს და სამაჯურებს.
– ხატვა და სწავლა ერთდროულად ძნელია ალბათ? როდის ხატავთ?
– არსებული ვითარების გამო ონლაინ ვსწავლობ, ხატვის გაკვეთილი დღის მეორე ნახევარში მაქვს, ვემზადები სხვა საგნებშიც, სასწავლი ბევრი მაქვს, მაგრამ ხატვა იმდენად მიყვარს, მისთვის დროს ყოველთვის ვნახულობ, ძირითადად ვხატავ მაშინ, როცა სახლში ვრჩები განმარტოებით, როდესაც სიმშვიდეა, ხატვის დროს კი მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა.
– საყვარელი მხატვრები…
– ჩემი საყვარელი მხატვრები არიან: ნიკო ფიროსმანი, ვან – გოგი და პაბლო პიკასო.
– ამჟამად რის დახატვას აპირებთ?
– ამჟამად მხოლოდ პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებ, მაგრამ პეიზაჟის დახატვასაც ვაპირებ.
– სამომავლოდ?
– მომავალში მინდა გაიმართოს პერსონალური გამოფენა. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას სამხატვრო სასწავლებელში, გავხდები დიზაინერი და ავიხდენ ჩემს ოცნებებს.
თამარ შაიშმელაშვილი