„რამდენი წელია არ მინახავს, როგორ ყვავილობს ნუში“ – ლიტერატურული საღამოები და ზვინი სიყვარულისა – „საქართველოდან ურმით ჩატანილ ქართულ მიწაზე“

თბილისის 169-ე საშუალო სკოლა დაამთავრ. 1989 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი. ამავ პერიოდში სწავლობდა თსუ მეორად ფაკულტეტზე,  ჟურნალსტიკის სპეციალობით.
ამბობს, რომ ბავშვობიდან წერდა, მაგრამ შემდეგ მიატოვ. ბევრს კითხულობდ, შვიდი წლის ასაკში ოთხი წლით უფროსი  ძმა, ექიმის შეცდომის გამო, ყავარჯენს მიჯაჭვა... „მე მისი მარჯვენა ხელი კი  არა, ალბათ სულს ნაწილი ვიყავი. პროტესტმა სამყაროს ჩამახუტა, მაგრამ ის მარტო ჩემი იყო
18 წელი მათემატიკას ასწავლიდა  სკოლაში, მაგრამ  მოსკოვში მაინც მოუხდა გამგზავრება… თითქმის 30 წელია, იქ ცხოვრობს და „ლიტერატურულ საფიხვნოს“  ხელმძღვანელობს.
მისი თაოსნობით, ბევრი თბილი ურთიერთობა, შეხვედრა, საღამო… გაიმართა მოსკოვში.
 ავანტიურისტი შემარქვესო, – ამბობს, –  „ადამიანი მიყვარს და მისთვის დავხატავ, მოვქარგავ, შევკერავ, ავაშენებ და დავანგრევ!… სიურპრიზებსაც გავუკეთებ, გავიღებ ყოველივეს, მე ეს მაბედნიერებს…  უფრო სხვისი მიხარია, ყველასთვის მზად ვარ“! – მოსკოვში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დალი ჯორბენაძის პერსონა.

თბილისში დაიბადეთ… სიყვარული  და სიკეთე თქვენი ოჯახის ბიოგრაფიის თანამდევია…
– ჯორბენაძეები გურულები ვართ, ჩიბათიდან. მამაჩემის მამა  – ალექსანდრე ჯორბენაძე, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში სკოლის დირექტორად დაუნიშნავთ. ოჯახი შექმნა მარიამ ზარანდიასთან, რომელიც იმავე სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შეეძინათ ორი ვაჟი – გურამი და ალექსანდრე. საინტერესო დამთხვევაა  – დედა და შვილები, რომელთა შორის განსხვავება ორი წელი იყო, ერთ დღეს – 10 თებერვალს იყვნენ დაბადებულნი. ბაბუა 28 წლის ასაკში გარდაცვლილა და ბებია დარჩა სენაკში. უნდა აღვნიშნო, რომ ბებია  არასოდეს მინახავს, ჩემს დაბადებამდე, ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მაგრამ მახსოვს, თბილისში ჩვენს ბინაში, მამის გარდაცვალებამდე (2000წ.) ბებიას სურათი კედელზე. მარცხენა მხარის ნაწილს ორდენები და მედლები უმშვენებდა. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი იყო.
სამამულო ომის წლების შემდგომ  თბილისში ობოლი ძმებისთვის ადვილი არ იყო დამკვიდრება. ზოოვეტის სტუდენტებს ძალიან უჭირდათ. ერთმა სწავლა მიატოვა, უფროსი იყო, მეორე სწავლას აგრძელებს და თავის რაიონს სხვადასხვა თანამდებობაზე ნიჭიერ ხელმძღვანელად უბრუნდება. უკარგესი, ნამდვილად უპატიოსნესი ადამიანი (ამას სიამაყით აღვნიშნავ) ალექსანდრე ჯორბენაძე დღესაც ახსოვთ თავის რაიონში.
მამამ, გურამ ჯორბენაძემ,  „თბილმეტრომშენებლობაში“ დაიწყო მუშაობა. თანამდებობა  არასოდეს ჰქონია. მას ვაჟკაცობა, ნამდვილი ადამიანობა ამშვენებდა. ის უძლიერესი იყო. ტკივილს რომ არავის აჩვენებდა და სხვათა შვილებს გზას უკვალავდა.
დედა – თალიკო ნორაკიძე, ექთანი იყო, ულამაზესი ქალბატონი, თავადის ქალს ეძახდნენ, რადგან ადრე მიღებული იყო, თავადის ქალი ლამაზი უნდა ყოფილიყო. დედის უძირო სევდისფერ თვალებში ტკივილი კიაფობდა, მაგრამ სჯეროდა – სიკეთე მთავარი იყო. ექვსი ძმის და, მარტო ძმისშვილების მამიდა არ ყოფილა, ის ყველას მამიდა იყო და იმიერში გულწრფელი, სიყვარულით სავსე ცრემლი გაიყოლა.
ჩვენ სამნი ვიყავით – მანანა, დათო და მე, დალი.
დათო, შვიდი წლის ასაკში, დასასვენებლად წაიყვანეს ბიძაშვილ ფრიდონთან (რეზი ჯორბენაძის მამა) ერთად. გაცივდა. თბილისში დაბრუნებულთ, ათარბეგოვის ქუჩაზე მყოფ ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმის არასწორად დასმულმა დიაგნოზმა, დათო კრუნჩხვებში ჩააგდო და მერე 43 წლის განმავლობაში ყავარჯნით დადიოდა. დადიოდა, მაგრამ უკვდავების წყალი, რომელიც მას მოარჩენდა, და ძირს თუ ეგდო, მისთვის მიუწვდომელი იყო…  მერე იყო ბევრი ბრძოლა, მაგრამ დათოს მდგომარეობა არ შეცვლილა. ის  ჩემი ყველაზე ლამაზი ცისფერთვალება ბიჭია! ჩვენ ბევრს ვკითხულობდით. სანამ დათო  არ წამოიზარდა და თავის თავს ძალა არ დაატანა, უფრო სახლში ვიყავით. მაშინ ინტერნეტი არ იყო, სიამოვნება იყო კითხვა და საუბრები. მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც არაფერს არ აკლებდნენ და მის გვერდით იყვნენ.
 ლამაზი, მაგრამ ტკივილიანი ბავშვობა გქონიათ…
–  როცა ქუჩაში თვალს გაყოლებენ ყავარჯნით მოსიარულეს, როცა ვიღაცა ვითომ შეგიცოდებს, პროტესტი ჩნდება, ეს ახლაა მიღებული – ინვალიდობა თითქოს არ უკვირთ! მაშინ კი, როცა ყველაფერი დამალული იყო, ჩვენ კი, ჩვენს მეგობრებთან ერთად კინოში, თეატრში, დაბადების დღეზე, ზღვაზე დავდიოდით – ეს გმირობის ტოლფასი იყო! რა იქნებოდა ბავშვობაში – თუ არა ცრემლი, ტკივილი, ოცნებების მთვარეზე გამხელა და მზის სხივებით შემოსვა მაინც!
მიყვარს მაინც ის გოგო, ბავშვობა?! უბრალოდ ჩემია და ვერ შევცვლი!
ბავშვობიდან წერდით, მაგრამ არ ამხელდით…
– ბევრს ვკითხულობდით. ხშირად ერთ წიგნს – ერთად. მიყვარდა ფურცლებზე მიმეწერა შენიშვნა (?), მიბრაზდებოდნენ კიდეც. შემდეგ  რვეულთა უკანა ფურცლებს ვიპყრობდი…  არ ვფიქრობდი,  შემენახა. არც ვამხელდი. სკოლის ბანკეტისთვის ვემზადებოდით და მაშინ ლექსი დავწერე, გაუკვირდათ. სიმღერადაც ავაჟღერეთ..
რაზე  ვწერდი?..  იმაზე, რომ ადამიანი მაინც მარტოა და ერთხელ გადაწყვეტ, ეს სისულელეა და ყველაფერს დახევ.
მოხდა ისე, რომ მე იმას, რაც მივატოვე, მხოლოდ სამი ათეული წლის შემდეგ მივუბრუნდი.
თბილისის, 169-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ თსუ ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა. პარალელურად ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი დაამთავრეთ… რატომ ფიზიკა? ის პერიოდი საინტერესო იქნებოდა  – 9 აპრილის დღეებს დაემთხვა…
– მინდოდა აღმომეჩინა რაღაც და გავგიჟდი, გინდა თუ არა, ფიზიკოსი უნდა ვიყო… ასე არ ვფიქრობდი! ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომ არჩევანი მათემატიკასა და ფიზიკას შორის უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოვრებაში მაინც მათემატიკამ გაიმარჯვა. ის ძალიან ჩემია.
მაინტერესებდა,  სამყაროს განზომილება ორია თუ სამი, იქნებ – სულაც ოთხი. მე ვწერ ამ მოცემულ განზომილებაში, მაგრამ გაუგებარია მკითხველისთვის, იმიტომ რომ იმ სხვა განზომილებას ეხება, მაგრამ იქ მკითხველი არის? საერთოდ, როგორ  შეიძლება რაიმე იყოს უწონად მდგომარეობაში?..
მაგრამ ლიტერატურის სიყვარულმა არ მომასვენა და მადლობა ჩემს ლექტორებს – ჯემალ აფციაურს, რამაზ ჭილაიას და რისმაგ გორდეზიანს, რომელთა ლექციებზე ტირილიც კი მინდოდა, იმდენად ღრმა  და ძლიერი იყო  მათი საუბრების მოსმენა. ასე გავხდი ფიზიკოს – ლირიკოსი.
ეს ის პერიოდია, აკაკი ბაქრაძის  ლექციის მოსასმენად, მზად ვიყავით, ცალფეხზეც კი ვმდგარიყავით, ოღონდაც ის სიტყვა დაგვეჭირა, ჩვენს სულს რომ სჭირდებოდა. ეროვნული მოძრაობის ტალღა უფრო მეტს იჭერდა თავისკენ მიმავალთ. ბედნიერებაა, ცოცხალი გმირების, ბატონების – ზვიადის და მერაბის ნაცნობობა (მაპატიეთ,  გავკადნიერდი).
რატომღაც 9 აპრილს სიცხე მქონდა და საღამოს შვიდი საათისათვის სახლში დავბრუნდი. მერე კი გული დამწყდა, იქ არ ვიყავი იმ დროს, როდესაც უნდა ვყოფილიყავი. მე რიგითი ვიყავი, იმ მრავალთაგან, მაგრამ მაინც ჩემი ადგილი მქონდა, სხვათა მსგავსად.
წინა დღეს მოშიმშილეთათვის ლეიბები და მრავალი თბილი ნივთები მოიტანეს.
გვიანი საღამო იყო, ერთი საახლობლო ჯგუფი იქვე ქვაფენილზე ვისხედით. მე შეუძლოდ ვიგრძენი თავი, შემომთავაზეს, ლეიბზე მომესვენა. გავიდა 30 წელზე მეტი და მე ის შეგრძნება არ გამნელებია: ვწევარ, ჩემ გარშემო ადამიანები უფრო მეტად დგანან, მე ცას შევყურებ! ცა სასწაულია, ხატავს ვიღაც თითქოს რაღაცებს, ჩვენ ვერ ვიგებთ, მერე შლის და ისევ ხატავს. მე ხელები უნდა გამეშალა, მათ ფეხებზე მომეხვია, ყველა უნდა ჩამეხუტა, ჩემთან, ჩემთან მყოლოდნენ და იმ წაშლილ ნახატზე, მარტო მოძრაობა ღრუბლისა არ უნდა შემენიშნა…
მას შემდეგ, როცა მთავრობის სასახლესთან  მიწევს გავლა, იმ ადგილს ვეძებ, ცა, უკიდეგანო, მინიშნებას რომ მაძლევდა!
ერთსაც გავიხსენებ, ფიზიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტის მეორე კორპუსშია, გზის იქით, კუთხეში, პატარა მაღაზია იყო, „სახელგამს” რომ ეძახდნენ, წიგნებიც იყიდებოდა.
იქ, ლადო ასათიანის ბროწეულისფერი კრებული, შვლის ნუკრი რომ ახატია,  იყიდებოდა. წიგნი ერთი მანეთი ღირდა. სტიპენდია ორმოცი მანეთი გვქონდა, მე და ჩემმა მეგობარმა  მხოლოდ ბროწეულისფერი ორმოცი წიგნი ვიყიდეთ და ადამიანებს საჩუქრად დავურიგეთ… უცნობებსაც კი… როგორი სიგიჟე იყო, სიხალისე, ორი ახალგაზრდა გიახლოვდებათ და ლადოს კრებულს საჩუქრად გაძლევთ…
18 წელი მათემატიკას ასწავლიდით… ციფრები და სიზუსტე გიყვართ…რას გაიხსენებთ პედაგოგიური მოღვაწეობიდან?
– ფაქტობრივად, 169-ე საშუალო სკოლაში ერთი წელი ვისწავლე, რატომღაც ახლად აშენებულ სკოლაში, სახლის მისამართების მიხედვით გადაგვიყვანეს, რაც სასწავლო წლის დასაწყისში აღმოვაჩინეთ.
ფაქტობრივად, მე თავს 147-ე სკოლელად მივიჩნევ. სკოლის დირექტორი წლების მანძილზე ანზორ ჩაფიძე იყო და ეს სკოლა დღეს მისი სახელობისაა. განუმეორებელი ორგანიზატორი, საუკეთესო ხელმძღვანელი, უმკაცრესი პიროვნება. გვეშინოდა კიდეც ბავშვებს. მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე და მაისის ბოლო დღეებში სახლის ტელეფონზე რეკავს ბატონი ანზორი, მისამართს მკარნახობს და სახლში მეპატიჟება. ეს იყო შოკი. ბატონ ანზორს ჰქონდა რვეული, რაზედაც ეწერა – „ჩემი შვილები“! ეს ჩვენ ვიყავით, ვინც მის სკოლას ვამთავრებდით. იყო ასეთი რვეულიც – „ჩემი შვილიშვილები“!.. ეს უკვე მისი ყოფილი მოსწავლეების შვილები იყვნენ!
ეს ყველაფერი მასთან სტუმრობისას გავიგე. კარების წინ,  კანკალშეპარული ვიდექი ალბათ და კარებს მიღმა, მე უკვე  საყვარელ საქმეზე შეყვარებული, წლებით დახუნძული ადამიანი ვნახე, რომელსაც ყველა მის ყოფილ მოსწავლეზე ინფორმაცია მოძიებული ჰქონდა. ასე მიპატრონა ბატონმა ანზორმა და მე იმ სკოლაში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი ყოფილი მასწავლებლები ისევ იყვნენ!
მერე ისე მოხდა, მოსკოვში წამოვედით, აქ მოგვიწია დარჩენა და ქართულ სკოლაში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემთვის საუკეთესო წლებია. თავიდან  არცთუ მოსაწონი, მკაცრი, ცოტა რომ „ვერა ვარ” – ასეთი ვყოფილვარ. მიყვებიან, ამ სკოლის საუკეთესო ერთი მოსწავლე, ირაკლი კენჯია, საქართველოდან ცოტა დაგვიანებით დაბრუნდა და ჩემზე ინფორმაცია გადასცეს. ირაკლის უთქვამს, მე მოვუვლი მასო და მართლაც, აგერ უკვე, სკოლის დამთავრებიდან ოცი წლის შემდეგაც მივლის. ძალიან ახლობლები ვართ, ოჯახებით  ურთიერთობა და არასოდეს ავიწყდება, იყოს ჩემი თოვლის ბაბუა ხურჯინით და არა მარტო ახალ წელს.
ბედნიერებაა ჩემთვის ჩემი მოსწავლეების არსებობა და ყოველი მათი შემოხმიანება – მე, ხომ „ადვილად ვრჯულდებოდი” ჩემივე ნებით, მათი სიყვარულით!
ციფრები მიყვარს, დათვლა ყველაფრის, რაც გარშემოა, კიბეები, ნათურები, სახლები, მანქანის ნომრების მიმატება-გამოკლება. სიზუსტე მიყვარს. გერმანულად დროის გათვლა და არდაგვიანება. ნივთებს ჩემ გარშემო საკუთარი ადგილი აქვს და შეცვლა არ შეიძლება.
 მოსკოვში „ლიტერატურულ საფიხვნოს“ მესვეურობთ, ფეხდაფეხ მიჰყვებით ლიტერატურულ პროცესებს… შეხვედრებს მწერლებთან, ხელოვანებთან…
– 1994 წელს მეუღლესთან ერთად მოსკოვში ჩამოვედი, რამდენიმე თვით,  და უკვე თითქმის 30 წელიწადია აქ ვართ. ყოველი წელიწადი თითქოს ბოლო იყო აქ ყოფნის, მაგრამ დღესაც მოსკოვში ვცხოვრობთ. გული მწყდება, რბილად ნათქვამია, გული მტკივა და არც ჩაცხრება. სამშობლოდან შორს ყოფნა ძნელია. მოსკოვში ათასი პრობლემა გვქონდა, ბევრი მიტირია და ბევრჯერაც, ამ ცის ქვეშ. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, შეცდომებითაც და გამარჯვებებით.
თუ ჩემი სახლის, ახლობლების გარეშე სამშობლოდან შორს უნდა მეცხოვრა, რატომ აქ? სხვაგან წავსულიყავი, რატომ, რა მინდოდა ამ უმზეო ქალაქში?.. ეს ჩემი დიდი ტკივილია!
რამდენი წელია არ მინახავს, როგორ ყვავილობს ნუში… იასამნის სუნით სავსე ეზო მენატრება, თუთით მინდა მოვითხუპნო სახე, ჭიდან წყალი, თოკზე მოქანავე თოკით ამოვწიო…
მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და საფიხვნო... – თქვენთვის და ყველა მანდაური ემიგრანტისთვის ძვირფასი სახელებია…
– დაახლოებით 1725 წელს, პოლიტიკური არეულობის გამო, ვახტანგ მეექვსე, თავის ოჯახთან და 1200-წევრიან სამეფო ამალასთან ერთად, მოსკოვში 12 წელიწადი ცხოვრობდა და მათ გამოეყოთ საცხოვრებლად ის მიდამოები, სადაც დღეს – დიდი და პატარა საქართველოს სახელობის ქუჩები არსებობს. ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენი მეფე პოეტის მიერ საქართველოდან ურმით ჩამოტანილ ქართულ მიწაზე საფუძველი ჩაეყარა საეკლესიო მშენებლობას.
მოკლედ რომ აღვნიშნოთ, 1991 წლის  20 აგვისტოს, ქართველმა მრევლმა მიმართა თხოვნით რუსეთისა და  საქართველოს საპატრიარქოს და ვახტანგ მეექვსის და შემდეგ მის  შთამომავალთა  მიერ აშენებული ეკლესია დაუბრუნდა ხალხს.
მოსკოვი, ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩა, ნომერი 13, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი…  ეს ის ადგილია, სადაც ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვანი. ეს არის ადგილი, სადაც ქართული სიტყვა მეფობს, სადაც უფალს ქართულად ვესაუბრებით. ულამაზესი ტაძარია. საკუთარი სახლის სუნი ტრიალებს, მშობლიურია ყველა ფრესკა, მოხატულობა ტაძრისა!
ყოველთვის და ყველგან ადამიანები ერთმანეთის მსგავს ქმედებებს ეწევიან. ჩვენს ტაძარშიც იყო და არის საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან, ჩვენს დიდ მწერლებს აცნობენ. არსებობს ბავშვთა მგალობელთა ჯგუფი.
ჩვენს ტაძარში ყოველთვის ტარდებოდა ლიტერატურული საღამოები. სხვადასხვა ცნობილ ადამიანთა შემოქმედებასთან კავშირი არასდროს გაწყვეტილა. ჩვენს ტაძარს ჰყავდა და ჰყავს პოეტი ადამიანები მრევლშიც. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, ტკივილს თუ სიხარულს ფურცლებს ანდობენ.
ერთ-ერთ ასეთ საღამოზე, კარგი ქართველი ადამიანის, სვანი ხოჩა მუშვანის – იაკობ ჩანქსელიანის  იდეით,  წამოწყებით, გადაწყდა, შექმნილიყო კავშირი, ორგანიზაცია რომელიც უფრო ფართო მასშტაბით, უფრო მეტი აქტიურობით იარსებებდა შესაბამისი წესდებით. რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა და ამ ახალ წამოწყებას, რომელიც წინამორბედის  ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა, დაერქვა  „ლიტერატურული საფიხვნო” და ეს იყო, 2019 წლის სამი იანვარი!
თვეში ოთხი საღამო, მთელი კვირის მანძილზე თემის შესაფერისი მასალები „ფეისბუქგვერდზე“. პირდაპირი ონლაინჩართვა  და ალბათ, უკანასკნელი ინტერვიუ ბატონ გურამ დოჩანაშვილთან!
დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი იყო!
უნიკალური საუბრები ალექსანდრე ელერდაშვილთან!
ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან  დიალოგი!
დაუვიწყარი საღამო რეზო ჭეიშვილის ოჯახში მყოფ პოეტებთან!
ჩვენი თემო ჩალაბაშვილი!
ანა კალანდაძის ოჯახში სტუმრობა!
ლადო ასათიანის  სახლ-მუზეუმიდან პირდაპირი ჩართვა მთვარისა ახვლედიანთან!
ცისფერყანწელთა გახსენება!
მურმან ჯგუბურიას იუბილეა!
აფხაზეთის ტკივილი!
სვანეთის კვირეული!
სამეგრელოს დღეები!
გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე!
ჩვენი ქართველი მეფე პოეტები!
დავით გურამიშვილის საღამო!
მუხრან მაჭავარიანის ოჯახთან ონლაინჩართვა!
საქართველოს პატრიარქნი!
დედა ენის დღე!..
ყოველივე ამათგან, ერთ შტრიხს გამოვყოფდი – საღამო ჩატარდა, დამთავრდა ონლაინჩართვა, დარბაზში სიჩუმე არაა… ჩვენ ტაშს ვუკრავთ, ერთმანეთს გადავეხვევით, აუცილებლად არის ცრემლი და სინანული…
მერე, ჩუმად წაღიღინებული სიმღერა ომახიანი ხდება და… არსად არ არის სხვა საქართველო! ის მხოლოდ ჩვენია და ჩვენთანაა!
გვიამბეთ „საფიხვნოს“ საქმიანობაზე, ალბათ ბევრს აკეთებთ, რომ  პატარებს ქართულ ენასთან და კულტურასთან არ გაუწყდეთ კავშირი
საფიხვნო, პირველ ყოვლისა, მრევლია ტაძრისა…  რომ არა თანადგომა ჩვენთან მოღვაწე მამებისა, ტაძრის წინამძღვრის, ჩვენ არც ოთახი გვექნებოდა ჩვენი შეკრებისათვის, არც დარბაზი – საღამოების ჩასატარებლად.
ყოველ კვირას, მსახურების შემდეგ მამა კახაბერი ატარებს ლექციას, სადაც განვიხილავთ სახარების ტექსტებს განმარტებებით, ეს ყველაფერი ვიდეოების სახით ჩვენს გვერდზე იტვირთება. გვაქვს  ფსალმუნების მთლიანი ციკლის ვიდეომონტაჟი.
ჩვენ, ფიხვნელებს, საკუთარი პოეტებიც გვყავს, ნანა კვაშილავა, რომლის მეორე წიგნის წარდგენაც თებერვლის ბოლოს ჩატარდება.
ჩვენი გია ადამია, წლების მანძილზე მის ამღერებულ ლექსებს საკმაოდ ცნობილი შემსრულებლების რეპერტუარში შეხვდებით. გიამ მაიკო კახიძის ლექსები თარგმნა რუსულად და მეგრულად. ბულატ ოკუჯავას ლექსის ქართულად ამღერებაც გიასია. გვყავს  მხატვარი – დიმა შპილერ-კანდელაკი, რომელმაც თავისი ნამუშევარი „ხარება” საფიხვნოს უსახსოვრა.
გვყავს უსათნოესი ეთო, ყოველთვის მოფუსფუსე, ჩვენი ძალაა დოდო, სიკეთის ნაბიჯებით მოსიარულე. ლექსებს  ჩუმად, მხოლოდ თავისთვის წერს ქეთინო, რომელსაც აღარ ვაძლევთ ნებას სიჩუმისას. ტაძარში მყოფ ბავშვებს, სამშობლოს ისტორიას დავითი ასწავლის და ჩვენც სიამოვნებით ვესწრებით მის გაკვეთილებს. გვყავს ბერმუხა ფრიდონი, რომლის 70 წელი მრავალ საინტერესოს მოიცავს.
გვყვანან ადამიანები, მოკრძალებულნი, თავიანთი თანადგომით საფიხვნოს რომ ამშვენებენ – ადამიანი მაიაკოვსკის თანაქალაქელი, სწრაფი გარითმები რომ ეწაფება, ეს დალია გოგოა; ჩვენი ირინა, საბას  ქალაქიდან რომ არის და მასავით ყოველივე ქართულის მოტრფიალეა; ნატო, რომელიც ნოდარ დუმბაძის გმირებივით მზის სხივებს საჩუქრად უგზავნის ადამიანებს; მატრონა, წმინდა მატრონას ჩვენს სიცოცხლეს რომ ავედრებს; ნუკრი, უკეთილშობილესი ადამიანი, ოთხი გოგონას მამა, რომლის შვილები აუცილებლად საკვირაო სკოლის მოსწავლეები რომ უნდა იყვნენ; ჩვენი ქუთაისელი ვიქტორი, რომელიც მუდამ მზადაა, ქართული საქმე გაკეთდეს; ჩვენი ვიდეოინჟინერი კახა, ურომლისოდაც გაგვიჭირდებოდ; ჩვენი ნინო ექიმი, საუკეთესო ლიტერატორი და პიანისტი, რომელიც, ჩვენს საუცხოო დეკლამატორ და მომღერალ ირმასთან ერთად,  საღამოებს მუსიკალურად გვიფორმებს;  ლამარა კვიტო, რომელიც ღამე დასიზმრებულ სოხუმურ საღამოზე სინანულით ყვება; ეთერი, როგორც ზურაბ წერეთლის თანამშრომელი, საინტერესო გამოფენებზე, ექსკურსიებზე გვეპატიჟება…
ეს ერთობაა, ეს საფიხვნოა, ზვინია სიყვარულისა, რომელიც მხოლოდ ერთობით არსებობს და სუნთქავს.
ჩვენ გვყვანან  „პატარა ფიხვნელები”, რომელთაც ქართული ლექსების სწავლისას, ხშირად ტექსტს რომ ვერ იგებენ, რუსულად ვუხსნით, მეტად რომ იგრძნონ, რაზე ყვებიან და არა უბრალოდ, დაიზეპირონ.
ჩვენ გვქონდა ანა კალანდაძის კვირეული, პატარების მიერ წაკითხული ლექსებით. გვაქვს ვიდეომასალები, სადაც  თანამედროვე ავტორთა სხვადასხვა ლექსს გვიკითხავენ.
ტაძართან ახლოს  შოთა რუსთაველის სახელობის სკვერია,  დიდი შოთას ქანდაკებით. ბაღში მოსეირნეთ ხშირად გაუგიათ ქართულ ენაზე, პატარების თუ დიდების მიერ, უკვდავი პოემის სტრიქონები.
შორიდან დანახული საქართველო?
– საქართველო, მისგან შორს მყოფი ადამიანისათვის – ჩვილი ბავშვია, რომელსაც მუდმივი ზრუნვა, თანადგომა სჭირდება. რაღაც, თუნდაც კენჭის მსგავსი, მისი დღევანდელობასა და მომავლისათვის ვერ გაიმეტე, არ შეწირე, მხოლოდ გვარი გრჩება ქართული.
საქართველო სულ გენატრება და რადგან გენატრება, გიყვარს, რადგან გიყვარს, მისი გტკივა და გიხარია კიდეც!
საქართველოში წლების შემდეგ დაბრუნებულ ექვთიმე თაყაიშვილს, რცხვენოდა, გახეული ფეხსაცმელები ეცვაო. როცა ტრაპიდან ფეხი მშობლიურ მიწას დაადგა, დაიჩოქა და მადლობა აღმოხდა – ის შინ იყო!
ნეტავი ყველა ემიგრანტი სამშობლოს, ექვთიმეს მსგავსად, მდიდარი და პირნათელი დაუბრუნდეს!
ფეხსაცმელი?  აკი, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა უნდა გაიარო, რომ მშობლიური იგრძნოო?!

– ჰობი…
– ადამიანებზე ზრუნვა! გაგიკვირდათ, რომ არა ვთქვი – ხატვა, კერვა, სიმღერა?.. „და მაინც, მიყვარხარ, ადამიანო”… ეს ჩემი მეგობრის ლექსიდან არის. ადამიანი მიყვარს და მისთვის დავხატავ, მოვქარგავ, შევკერავ, ავაშენებ და დავანგრევ! სულ მასთან ვიქნები, მისთვის და მის გამო!
სიურპრიზებსაც გავუკეთებ, გავიღებ ყოველივეს, მე ეს მაბედნიერებს! ეს ჩემია! როგორც გინდათ, გამიგეთ…
წერა თუ ჰობია, მე მარტო ამაზე ვწერ, ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, ემოციაზე, ტკივილსა და სიხარულზე…
ჩემი თავი გამოვიჭირე… ტკივილი ბევრჯერ ვახსენე! იქნებ დაგღალეთ კიდეც, მაგრამ, მე ამით ვარ ძლიერი და მტირალაც!
– წერთ პროზაულ ნაწარმოებებს… წიგნის გამოცემას ხომ არ აპირებთ?
– პანდემიისას, ტელეფონით საუბარი დიდხანს გრძელდებოდა ჩემს მეგობართან. ის დოდო ცანავაა. სოხუმიდან.  ძალიან ბევრი რამ მომიყვა, რაც პირადად მას და მის ოჯახს შეემთხვა. ეს ქალბატონი, ენციკლოპედიური განათლების, ნაკითხობის ზენიტია, მისი სამყარო ფერადია სიკეთით, ბედნიერებაა მის გვერდით ყოფნა.
ყოველი საუბრის შემდეგ, ჩემს გონებაში კლავიატურა ასოებით დატვირთული ბეჭდავდა განცდილს. ასე დავწერე რამდენიმე ნოველა მათ საერთო სახელად – „ამბები დოდოს სკივრიდან” დავარქვი.
ერთ-ერთი თქვენს – ჟურნალ „ანეულთან“ არსებულ „ერთი მოთხრობის” კონკურსზეც გამოვაგზავნე, მაგრამ… არც დამწყვეტია გული, ძლიერი საკონკურსო მასალა იყო, თან მამიდას ძალიან გაუხარდა, თავისმა რეზო ჯორბენაძემ რომ გაიმარჯვა.
მხოლოდ ახლობლების დაჟინებული თხოვნით დავიწყე ფიქრი წიგნზე. უბრალოდ, სადმე  რომ იყოს თავმოყრილი და ვერ შევძლო სათითაოდ მორევა და განადგურება.
ერთმა მითხრა, რომ წერ, ისიც ცოდვაა, აქვს უფლება,  მკითხველი ჰყავდესო.
უფლის შეწევნით, ვნახოთ, რა და როგორ მოხერხდება.
– სამომავლოდ…
– მალე დამთავრდეს ეს პანდემიის პერიოდი და ზაფხულში თბილისში ჩამოსულს – ჩემთვის ჩანიშნული საქმეები მომაგვარებინა.
განვაახლოთ საფიხვნოს  საღამოები. მოვახერხო, ვისაც რა დავპირდი, ავუსრულო.
ძალიან მინდა, ჩემი ფიხვნელების დახმარებით, შევძლო ორგანიზება ერთი ლამაზი საღამოსი — „70+”, სადაც ამ ასაკის  ჩვენს მწერლებს ერთად შევკრებთ.
სამომავლო გეგმებში არ მინდა გადამივიდეს, თქვენთვის თამარ მადლობის გადახდა. დაგლოცოთ უფალმა, ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველა ადამიანში სიკეთის მარცვალი აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს, ეს თქვენ ხართ.
წლების წინ, ტკივილით დატოვებულ ქალაქში, თქვენ მე დაბრუნების და საკუთარი განაცხადის გაკეთების საშუალება მომეცით!

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები