„ფავორიტებში ბოტიჩელიც მყავს, თუ მოვახერხე მუყაოს რენესანსული მორჯულება“ – „ორი სალომე“ და კუბისტური ფორმებით შექმნილი დეკორაციების ექსპრესია

მარტვილის რაიონში გაატარა ბავშვობა და სკოლის პერიოდი… შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი ასრულა. პროფესით ქართული ენის, ლიტერატურის და ხელოვნების მასწავლებლია, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
ასწავლი ერთერთ კერძო სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.
პედაგოგიურ საქმიანობაში 10-წლიანი წყვეტის შემდეგ წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა  და ისევ დაუბრუნდა პროფესიას.
რაც შეეხება ხელნაკეთებს, 10 წლის წინ ამზადებდა თოჯინებს მავთულის კარკასით, პოლიმერული თიხით და ნაჭრებით. მისი ნამუშევრები სამჯერ იყო გამოფენილი ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, მაგრამ რატომღაც მოგვიანებით ეს საქმე შეაჩერა. ხელნაკეთების შექმნა ზუსტად 2 თვის წინ ისევ დაიწყო, ამჯერად  კუბისტური  გეომეტრიული ფორმებით შექმნილი ექსპრესიით…
ფილოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის – სალომე გოლეთიანის პერსონა.

დავიბადე მარტვილის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ნაჯახაოში. დავამთავრე ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა. ვიზრდებოდი მშობლებთან და სამ დასთან ერთად პასტოზურ პეიზაჟებში.
დედა პროფესიით ექიმია და დღემდე აქტიურად არის ჩართული საყვარელ საქმიანობაში. მამა კი ინჟინერია. მათ დიდი დამსახურება აქვთ ჩვენს წინაშე – ჩვენს ოჯახში  სწავლის აუცილებლობა მუდამ პირველ პლანზე იდგა და ოთხივე წარმატებით ვასრულებდით ამ საქმეს.
90-ანების ბავშვი ვარ და, შესაბამისად, ბევრი საინტერესო მოგონების მატარებელი, თუმცა სევდაც ბევრი იყო ქარის ზუზუნში, ლამპის შუქის მბჟუტავ სინათლეში  და უსასრულო ზამთრის ღამეებში. მაშინ ოცნება და დაუსრულებელი წერა მშველოდა. ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს…
ახლა რომ ვკითხულობ ჩანაწერებს, ცოტათი ფერად გრაფიკას ჰგავს ბავშვობა – მხიარული სევდით…
გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად შემოდგომის პირას, სუსხიანი ქარის დაქროლვაზე ყვითელი ფოთლების შრიალში, შორეული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე უგუნებობა მეწყებოდა, წარმავლობის, ამაოების ხმას ჰგავდა, მისტიკურ შეგრძნებებს მიჩენდა… დღემდე ასე ვარ….
– პროფესიით ქართული ენის, ლიტერატურის და ხელოვნების მასწავლებელი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა?
– 2001 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის განხრით,  რომლის დასრულების შემდეგაც მომენიჭა ქართული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების მასწავლებლის კვალიფიკაცია. პროფესიის არჩევაშიც დიდი როლი ოჯახურმა გარემომ შეასრულა. ბაბუაჩემი – ვალერიან გოლეთიანი ფილოლოგი იყო, ჯავახიშვილის სახელმწიფო  უნივერსიტეტის 1939 წლის გამოშვება, აკაკი შანიძის და სხვა ღვაწლმოსილი ადამიანების სტუდენტი. დღემდე რელიკვიად ვინახავთ მის ჩათვლის წიგნაკსა და დიპლომს. ალბათ ერთგვარი მემკვიდრეობა გადმოგვცა, რადგან ჩემი ერთი დაც ბაბუს გზას გაჰყვა. რაც შეეხება ხელოვნებას – დედაჩემის დიდ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილმა წიგნებმა შემაყვარა.
ძალიან პატარა აკაკი გელოვანის  „მარად ცოცხალი ხელოვნების“ ილუსტრაციების დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. შემეძლო, დაუღალავად მეთვალიერებინა. ასევე მიყვარდა გივი ბარამიძის წიგნი – „მზე ოქროს ჩარჩოში” , რომელიც პოსტიმპრესიონისტებზე მოგვითხრობდა.  გარეკანზე გამოსახულმა გოგენის ნახატმა – „როდის თხოვდები” იმდენად მომნუსხა, შემეძლო ცუდი განწყობის გასაქარვებლად მეორე სართულზე ამერბინა და მისთვის მეცქირა. დღემდე ძალიან მიყვარს.
– ასწავლით კერძო სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, პარალელურად ხელნაკეთებს ქმნით… როგორც ვიცი, 10 წლის წინანდელ საქმიანობას ისევ დაუბრუნდით, ოღონდ ამჯერად ახალ ამპლუაში…
– ვასწავლი ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლა „ახალ თაობაში“, სადაც გარემო და სტანდარტები ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, მათ ასაკში ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. აუცილებელია კომუნიკაციის სწორი ფორმით დამყარება, რათა ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. ისინი ბევრად ფრთხილები და ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩემი თაობის ბავშვები ვიყავით. შეცდომებს არ პატიობენ. მე მომწონს მათი თავდაჯერებულობა.
წლების წინ თოჯინებს ვაკეთებდი შერეული ტექნიკით – მავთულის კარკასით, პოლიმერული თიხით და ნაჭრების კომბინაციით. რამდენიმეჯერ გამოიფინა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში. შემდეგ მუხტი გაქრა. უნდა გამოგიტყდეთ,  ტყუპები ვარ ზოდიაქოთი.
მუდმივი შტორმია ჩემს ნავსაყუდელში – ერთ სალომეს ეზარება, მეორე სალომე სულ ფორიაქობს, ვერ ისვენებს, ჰოდა, არასდროს მაქვს სიმშვიდე, იმიტომ რომ ორთაბრძოლა დიდ ენერგიებს მოითხოვს. ამიტომაც მუდმივად ახალი გამოწვევების ძიებაში ვარ. მთავარია, სადღაც არ დაიწუნოს იმ აფორიაქებულმა სალომე, თორემ ეს ნამდვილად დასასრულია…
– პედაგოგიურ საქმიანობაში 10-წლიანი წყვეტა გქონდათ. წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოგენიჭათ და პედაგოგიური საქმიანობაც განაგრძეთ…  რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგობა?
– ათი წლის შემდეგ გადავწყვიტე, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიას. დედაჩემის დიდი წვლილია ამ ამბავში, რისთვისაც მადლობა მას. ძალიან მოვინდომე და, შესაბამისად, მარტივად მოვახერხე ყველაფერი. პედაგოგობა მარტივი არ არის, თუმცა ბავშვებთან კომუნიკაცია და მუდმივი ჩართულობა  ამ პროცესში ამსუბუქებს ამ პასუხისმგებლობას.
– გაქვთ გვერდი „გობი“, სადაც თქვენი ნამუშევრები – დეკორაციები თავსდება. როგორ ქმნით ამ ნამუშევრებს? რა მასალას იყენებთ? რატომ „გობი“?
–  რამდენიმე თვის წინ დაიბადა ეს იდეა. ჩემს მეგობარს გავანდე და ის მაქსიმალურად გვერდში დამიდგა.  დღემდე ერთად ვქმნით. კონსტრუირება რთული პროცესია, ასევე ფილის დამუშავება, რომელიც მთლიანად ხელით ხდება. ამ ტიპის კერამიკის დეკორაციების კეთების პრაქტიკა მსოფლიოს ბაზარზე არსებობს, თუმცა ჩემთვის ეს შორი მიზანი იყო, რადგან, მოგეხსენებათ, თიხას პროფესიონალური ცოდნა  სჭირდება. ჩემმა მეგობარმა მუყაოს არტი შემომთავაზა, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარულია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან მზადდება.
საკმაოდ დამღლელი პროცესია. იხატება ესკიზი, იჭრება მუყაოზე, შემდეგ მუყაოს ფენებს შორის მთელ მოცულობაზე მაგრდება  მავთულის კარკასი, რაც სიმყარის დიდი გარანტია, შემდეგ ფაქტურის მისაცემად პევეა წებოთი ედება რამდენიმე ფენა ქაღალდი. იღებება აკრილით და სურვილის შემთხვევაში ესხმება მაღალი ხარისხია ლაქი. დეკორაცია ძალიან მყარია, სისქე 3 სანტიმეტრამდეა. ლაქის შესხმის შემთხვევაში კერამიკის ფაქტურა აქვს და ძალიან მომხიბვლელია.
როცა მარტო ვარ, ვესაუბრები, სანამ დამკვეთი წაიღებს.
„გობი“ მარტივად მოვიფიქრე, მოგეხსენებათ, ერთიანი ხისგან გამოთლილი ჭურჭელია, თან ქართულია, თან აგებულებით და ენერგეტიკულად უწყვეტობის თვისების მატარებელია, ერთგვარი  მოძრაობაა, დინამიკაა, უსასრულო მოქმედების ფორმულას ჰგავს, თან ჩემი გვარის ინიციალია. მოკლედ, ყველაფერი ერთ სახელში მოვინდომე.
კუბისტური ჟანრის მთავარი პრინციპი, წახნაგებით და გეომეტრიული ფორმებით შექმნილი ექსპრესიაა... – მართლაც, ეს ექსპრესია მნახველზეც გადმოდის…
– ზოგადად, ყველა ადამიანი, ვინც ხელოსანი და ხელოვანია, თავის შემოქმედებას განსხვავებულად და საინტერესოდ აღიქვამს. ეს, რა თქმა უნდა, ადამიანის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. ყველა მიმდინარეობას თავისი თაყვანისმცემელი ჰყავს, ამიტომაც ასეთ შეფასებებს გვიწერს ის, ვისთვისაც მარტივი, უტრირებული პირობითი ფორმები, ზოგჯერ ბრუტალურიც კი უფრო ღრმა განზოგადების გამომწვევია.
– ყველასაგან განსხვავებული და საინტერესო არტი – წერენ შთაბეჭდილებებს. როგორ შეაფასებთ თქვენს ნამუშევრებს?
– ბოლოს შევქმენით ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“, „გობისეული“ ინტერპრეტაცია. იმდენად მხიბლავს ეს კამერული პორტრეტი, ცდუნებას ვერ გავუძელი და კუბიზმიდან ბაროკოში გადავინაცვლე. ვფიქრობ, ამ ხაზსაც გავაგრძელებ. ფავორიტებში ბოტიჩელიც მყავს, თუ მოვახერხე მუყაოს რენესანსული მორჯულება.
– პანდემია და შემოქმედება… როგორ იმოქმედა თქვენს შემოქმედებაზე პანდემიამ?
– პანდემიამ დასაწყისში ძალიან ცუდად იმოქმედა, ახალ რეალობას თვალი ვერ გავუსწორე, მაგრამ ბოლოს  ორთაბრძოლაში მაინც გადაწყდა, საკუთარი თავის ძიებისა და შეცნობის პროცესი გამეგრძელებინა და ახლაც ამ გზას ვადგავარ, თუმცა უფრო შემართებით, ვიდრე ოდესმე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი მუზეუმებში ბოდიალი და მობილური ფოტოგრაფიაა. როცა ვმოგზაურობ, პირველი, რასაც ვსტუმრობ, მუზეუმია. აუცილებლად – მეგობრები, წიგნები და მუსიკა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ გვაქვს გეგმები, მიზნები, ოცნებები და იმედია, ყველაფერი გამოვა… არსებობს იდეა, რომლის შესახებაც ახლა არ ვისაუბრებ და იმედია, მალე დღის შუქს იხილავს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები