კინო, ქართული ფილმი… მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო, ლამაზი პერიოდი იყო. დაახლოებით ასამდე ფილმის ტიტრებში ნახავთ მის გვარს – რეჟისორად, ოპერატორად თუ მონტაჟის რეჟისორად… შემდეგ კინოს სიმღერა და გალობა მოჰყვა, პარალელურად ფსიქოლოგიამაც დააინტერესა.
ხოლო როდესაც პოსტკოვიდურმა სიტუაციამ ადამიანი შიშებთან, შფოთთან და პანიკურ შეტევებთან მარტო დატოვა, როგორც ამერიკისა და ევროპის კრიზის-ცენტრის ფსიქოთერაპევტი, 200-მდე ადამიანს დაეხმარა.
და მაინც, როგორ უნდა იცხოვრო შიშის გარეშე? – რეჟისორის და ფსიქოლოგის – მარინა კოლხიდაშვილის პერსონა.
– პროფესიით რეჟისორი და ფსიქოლოგი ხართ… ერთხანს „ქართულ ფილმში“ მუშაობდით… მუსიკალური შემოქმედების პარალელურად რეჟისორიც, ოპერატორიც, მონტაჟის რეჟისორიც იყავით… რას გაიხსენებთ თქვენი ცხოვრების ამ პერიოდიდან?
– ქართულ ფილმთან ჩემი პირველი შეხება ორი კვირის ასაკში დაიწყო, იმ დროს, როცა მე დავიბადე, ქალბატონებს სადეკრეტო შვებულება მხოლოდ ორი კვირა ჰქონდათ, დედას ან ბაგაში უნდა წავეყვანე, ან – სამსახურში. დედა კინოსტუდიაში მუშაობდა მხატვარ-ფოტოგრაფად. აი, ასე აღმოვჩნდი ფირის კალათაში, რომელიც ჩემი აკვნის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ჩემი პირველი სათამაშო „ბაბიშკა“ იყო (რგოლი, რომელზეც ფირს ახვევენ).
კინო, ქართული ფილმი… ჩემი ცხოვრების ყველაზე შესანიშნავი, საინტერესო, ლამაზი პერიოდია. მივლინებები სხვადასხვა ქვეყანაში, დიდი რეჟისორები, მსახიობები, დრამატურგები, მხატვრები, კომპოზიტორები. მათთან მეგობრობა, მათ გვერდით შრომა და ქართული კინოს შექმნა.
დაახლოებით ასამდე ფილმზე ვარ ნამუშევარი და ამით ყოველთვის ვიამაყებ. რეჟისორი, მხატვრული ფილმის მონტაჟის რეჟისორი, ძალიან ბევრი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმის ტიტრებში წაიკითხავთ ჩემს გვარს.
რაც შეეხება ფსიქოლოგიას, მისი ინტერესიც კინომ გამოიწვია, იცოდე კინოენა, გამოსახულებით მოჰყვე ამბავი, გამოიწვიო ემოცია და ემპათია ფილმის გმირებისადმი, მონტაჟში სხვადასხვა კადრის გადაბმით ხდება. კინოენით მოჰყვე და არ დაარღვიო რეჟისორის ჩანაფიქრი და მსახიობის მიერ ნათამაშები, გახსნილი პერსონაჟი გარკვეულ ცოდნას ითხოვს, მონტაჟი „ვგიკ“-ში (მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში) ვისწავლე, მუსიკა – თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში, მუსიკის თეორია – ლიტერატურის განხრით, ფსიქოლოგია კი – თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. უკვე მრავალშვილიანმა დედამ დავამთავრე და გავხდი ფსიქოანალიზის მაგისტრი.
– პარალელურად მღერით, თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრეთ… ბულგარეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გრან–პრის მფლობელი გახდით. ნომინაციაში „ვოკალური ჟანრი – ფოლკლორი“ გრან-პრი აიღეთ…
– სიმღერა მუდმივად ჩემი ოცნება იყო, ძალიან მომწონდა და შევხაროდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმებში სიმღერა შეეძლოთ… ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მე ამას შევძლებდი, მრავალი ფესტივალის, მათ შორის ბულგარეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მორსკა პერლა“ („ზღვის მარგალიტი“) გრან-პრის მფლობელი და, უფრო მეტიც, ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდებოდი. ანსამბლი „ინანა“, რომლის პროგრამაშიც მრავალი ქართული, სხვადასხვა კუთხის სიმღერები იყო, ჩემ მიერ მოძიებული „ნანებისა“ და „იავნანების“ პოპულარიზაციასაც ეწეოდა. სიმღერა კი გალობით დავიწყე, დაახლოებით, 45 წლის ასაკში.
– რასაც უჩვეულო ამბებიც დაერთო…
– 1999-ში, ისრაელში, გადაღების დროს, მოვილოცე ყველა ის ადგილი, სადაც ქრისტემ ფეხი დადგა თუ იქადაგა, ქრისტეს გზა… დაბოლოს – საფლავი.
საფლავთან საოცარი ემოცია მქონდა, ერთი მხრივ, ბედნიერი ვიყავი, რომ ქრისტე, თვით შემოქმედი, განკაცდა ჩვენთვის და, მეორე მხრივ – უბედური, რომ ადამიანებმა ვაწამეთ. ერთდროულად სიხარული და მწუხარების ცრემლი მდიოდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ „მამაო ჩვენოც“ არ ვიცოდი ზეპირად, მწამდა ჩემთვის, არც მაზიარებელი ვიყავი.
დავბრუნდი საქართველოში, დავიწყე ეკლესიაში სიარული. პირველად 2000 წლის 7 იანვარს ვეზიარე, ტაძარში მოვისმინე გალობა და გამიჩნდა სურვილი, მეც მემსახურა, მეგალობა უფლისთვის.
ჩემი გალობის პირველი მცდელობა დამთავრდა იმით, რომ მთხოვეს, ჩუმად ვყოფილიყავი და პირველ ეტაპზე მხოლოდ მესმინა. ახლაც მახსოვს ღვთისმშობლის საგალობელი – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“…
მოვდივარ სახლში, ვიძინებ და მთელი ღამე სიზმარში ულამაზესი დედა მასწავლიდა საგალობელს, დილით საგალობელი ზეპირად ვიცოდი. ასე გავხდი მგალობელი… შემდეგ ფანდურიც ჩემით შევისწავლე და მას მერე ვმღერი… ასე ამისრულდა ოცნება….
ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩემ მიერ გადაღებულმა საავტორო ფილმმა „ტაო – შემაძრწუნებელი ბედნიერება“ საერთაშორისო ქრისტიანულ კინოფესტივალზე გაიმარჯვა… ნომინაციაში – „საუკეთესო ფილმი“ და მე დავჯილდოვდი ანდრია პირველწოდებულის მედლით.
კიდევ ერთი ოცნება, რომელიც ამისრულდა – სულ მქონდა სურვილი, დავხმარებოდი ადამიანებს და დღეს ეს ჩემი უმთავრესი საქმეა. დაამთავრო ბაკალავრიატი, მერე მაგისტრატურა.. ამით ცოდნას შეიძენ და ფსიქოლოგი ნადვილად ხარ, მაგრამ ეს არაა საკმარისი, რომ გახდე ფსიქოთერაპევტი. ამ ოცნების შესრულებაში დამეხმარა პოსტდიპლომური EAIP – ევროპული განათლების სტანდარტების მქონე სასწავლო სივრცე საქართველოში, მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
– მენტალური ჯანმრთელობის და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამთავრების შემდეგ კი ფსიქოლოგობა გახდა უმთავრესი საქმე… ალბათ ცხოვრებაც შეიცვალა, უფრო შფოთიანი ხანა დადგა…
– ამ ეტაპზე ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი ვარ, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პტიპორი, ველოდები პროფესორის სერტიფიცირებას „ეაპიდან“. ასევე შევისწავლე ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულება – არტ თერაპია, ფსიქოსინთეზი, გენშტალტ თერაპია… პოზიტიურო, სიბითი, ჰიპნოთერაპია, ფსიქოსომატიკა, მოზარდთა ფსიქოტერაპია, ქოუჩინგი… ვსწავლობ და სულ მალე ფსიქოსექსოლოგიის და სისტემურ ოჯახური თერაპევტ-კონსულტანტიც გავხდები.
– ჩვენ პოსტკოვიდურ პერიოდში ვცხოვრობთ, რასაც თან ერთვის შფოთი, უძილობა, პანიკური შეტევები… როგორც ამერიკის და ევროპის კრიზის-ცენტრის ფსიქოთერაპევტი, რას გვეტყვით თქვენს საქმიანობაზე? ვის დაეხმარეთ და ადამიანებს, ძირითადად, მაინც რა სახის დახმარება სჭირდებათ?
– დღეს ფსიქოთერაპია ყველაზე საჭირო და აუცილებელი გახდა. როდესაც პანდემია დაიწყო, ყველას გვახსოვს, დაიწყო სრული გაურკვევლობის პერიოდი, დაირღვა პირადი თუ ფინანსური უსაფრთხოება, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ფსიქიკური მდგომარეობა გახდა გაუსაძლისი. იქ, სადღაც, სამშობლოდან, ახლობლებისგან შორს, უცხო ქვეყანაში, სრულ ქაოსში აღმოჩნდნენ, ვერც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, წუხდნენ ახლობლების გამო, გაჩნდა სიკვდილის შიში. არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ.
ჩვენმა თანამემამულეებმა შექმნეს ჯერ ევროპის, ხოლო შემდგომ ამერიკის კრიზის-ცენტრი, სადაც გავერთიანდით სხვადასხვა პროფილის ექიმები. კრიზის-ცენტრის მესვეურების თავდადებული შრომა (ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ მარტონი არ იყვნენ) ფასდაუდებელია. ბევრი იყო ისეთი შემთხვევა როცა ადამიანებს არ ჰქონდათ კოვიდი, მაგრამ შიშის ნიადაგზე კოვიდის სიმპტომებისთვის დამახასიათებელი რეალური შეგრძნებები ჰქონდათ.
მე, პირადად, 200-მდე პაციენტს აღმოვუჩინე დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პერიოდს შიშის პანდემიასაც დავარქმევდი…
ეს ეტაპები, თითქოსდა, გადალახულია, მაგრამ პოსტკოვიდურ პერიოდში ვართ, ადამიანებს აწუხებთ შფოთვა, პანიკური შეტევები, უძილობა… ჰაერის უკმარისობა, კანკალი, თავბრუსხვევა, ხელ-ფეხის სიცივე, რაც შიშის ბუნებრივი ფიზიოლოგიური გამოვლინებაა… მიუხედავად იმისა, რომ ეს შეგრძნებები ირეალურია, ადამიანებს ამის რეალური განცდა აქვთ და ეს მათთვის ძალიან მტანჯველია.
– სოციუმთან ურთიერთობების ნაკლებობამ გაამძაფრა მარტოობის შიში. ურთიერთობების კოლაფსი აშკარაა…
– დაირღვა ადამიანი!!! ყველამ ვიცით, რომ ადამიანი არის ფსიქო-ენერგეტიკული, ბიოლოგიური და სოციალური არსება… თუ ადამიანი რაიმეს აშავებს, მას ციხეში სვამენ და ამით სჯიან. დღეს ყველა ნებაყოფლობით მსჯავრდებულები ვართ, მოვწყდით მიკრო და მაკროსოციუმს, აღარ გვაქვს ცოცხალი ურთიერთობები. სამყარო ვირტუალური გახდა, აღარ ხდება ენერგიების ცვლა. მუდმივად შიში დაგვდევს, „სიკვდილის შიში“.
საინფორმაციო საშუალებები მრავალფეროვნად და მრავალხატოვნად ტირაჟირებენ სიკვდილს. ვეღარ უძლებს ადამიანის ფსიქიკა, ეშინია ადამიანს, შფოთავს, არ სძინავს, ნერვიულობს, განიცდის. აღარ ვლაპარაკობ მათზე, ვინც ახლობლები დაკარგა, ჩვენ – ყველა განვიცდით, ბუნებით თანამგრძნობი და ემპათიური არსებები ვართ… სურათი ნათელია – მასობრივი ფსიქიკური აშლილობა… მასობრივი ფსიქოზი, მასობრივი შფოთი, უძილობა და ა.შ.
ფსიქოენერგეტიკა.. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ენერგეტიკული არსებები ვართ, ჩვენი ენერგეტიკული ველი აგზავნის ვიბრაციებს და ერთდროულად ვიზიდავთ მსგავს ენერგიებს – როგორც სატელიტური თეფში, ჩვენი მიმართულება განსაზღვრავს, თუ რა მოხვდება ჩვენს ენერგეტიკულ ველში. რასაც მიიზიდავ, ის ხდება შენი ველის ენერგეტიკული საკვები.
სამყარო ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება. მატერია, ენერგია და სული წარმოადგენს ვიბრაციულ ერთობლიობას. სული ანუ ფსიქო ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია. ვიბრაციის რაოდენობა იზომება ჰერცებში, ყველაფერს ჩვენ გარშემო გააჩნია სიხშირე, პირდაპირი გაგებით ყველაფერს და ყველა ფერი სიხშირეა. როგორც ფერებს, ბგერებს, სურნელს და ფიზიკურ ობიექტებს, ჩვენს ემოციებსაც აქვს სიხშირეები.
ადამიანები დაბალი ვიბრაციებით ხშირად მიდრეკილნი არიან, გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორებიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან უარყოფითი აზროვნებით. მაგალითად, შიში – 02.2 -2,2 ჰერცია, წუხილი, შფოთი – 0.1 – 0.2 – ია.
– სამწუხაროდ, ამ სიხშირეზეა ადამიანთა უმრავლესობა…
– წარმოიდგინეთ, როგორი დაბალია დღეს ჩვენი ვიბრაციები, რამდენი ადამიანი მასობრივად ამ ვიბრაციას გამოსცემს და იგივეს იღებს.
რა სიხშირეზეა ადამიანების უმრავლესობაა? როცა ადამიანის ვიბრაციები დაბალია, უმეტესწილად, ფიქრობს თვითგადარჩენაზე. ძირითადად, ასეთი ადამიანები მხოლოდ „იღებენ“ ცხოვრებიდან და სისტემიდან, ვიდრე „გასცემენ“. მათი ზეგავლენა ვრცელდება იმ ენერგეტიკული ველის ადამიანთა ჯგუფზე, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს. ადამიანები დაბალი ვიბრაციებით ხშირად მიდრეკილნი არიან, გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორებიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან ნეგატიური აზროვნებით – ადამიანის პირადი უარყოფითი განწყობის და ემოციის, გრძნობათა ვიბრაციის, კლასიფიკაციის სკალა ასეთია: 0,1-დან 3,1 ჰერცის ფარგლებში ფიგურირებს…
– გამოსავალი სად არის?
– როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს? – მადლიერებით. მადლიერება = 45 ჰერცია. ჰოდა, დავიწყოთ მადლიერებით. არაფერი გაქვთ სამადლობელი?! დაფიქრდით! – ყველას თავისი წილი სამადლობელი აქვს უზენაესის წინაშე და ეს არის: ბავშვები, ოჯახი. თუნდაც გასარეცხი ჭურჭელი, გასაწმენდი ხალიჩა, ფანჯრები. სახლი, საცობები გზებზე – ავტომობილი გყავთ;
გაკვეთილები და გამოცდები, – განათლების მიღების საშუალება გაქვთ; გყავთ ადამიანები, ვინც გახარებენ და ტკივილს გაყენებენ, გაქვთ საშუალება. საპასუხოდ აპატიოთ და სიყვარული აჩუქოთ, თანადგომა, თანაგრძნობა, მიმღებლობა…. უსმინეთ მუსიკას, ქართულ „ნანებს“ და „იავნანებს“…
გაზარდეთ ვიბრაციის სიხშირე, იყავით გულღია, მადლიერები, მოწყალენი, მიტევება ერთადერთი გამათავისუფლებელი ძალაა სამყაროში და ამიტომ… .შეხედეთ სამყაროს სიყვარულით სავსე თვალებით!
როგორ ვიცხოვრო? ჰკითხე საკუთარ თავს, მასზე უკეთ არავინ იცის, ჭეშმარიტად რა გჭირდება, ვინ ხარ? მოგწონს თუ არა? რას შეცვლიდი, რომ იყო ის, ვინც გინდა… გააცნობიერე ქალის და მამაკაცის დედამიწისეული მისია, მთავარი ოჯახია… შვილები, ბევრი, მინიმუმ ჩემსავით – 6 ვაჟი მყავს….. მოვასწარი? ვახერხებ? ავაწყვე კარიერა? თვითონ განსაჯეთ.
– ჰობი…
– ჰობიც მაქვს – ვქარგავ… მქარგავ- ხატმწერი ვარ და ბევრ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა… 65 წლის ასაკში ვსწავლობ და სამომავლო გეგმებიც მაქვს. მინდა მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსომატული რეგიონალური ცენტრი გავხსნა. ეს ოცნებაც ამიხდება…. მოუსმინეთ გულს და აჩუქეთ საკუთარ თავსაც და სამყაროს უანგარო სიყვარული! ჩემი კრედოა – ვხედავდე მშვიდ და გაღიმებულ ადამიანებს… გაიღიმეთ!!!
თამარ შაიშმელაშვილი