სენაკის რაიონის სოფელ ნაქალაქევში დაიბადა. ნაქალაქევის საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლება მიიღო თსუ-ში. დაამთავრა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
ერთხანს სენაკში მუშაობდა, შემდეგ კი – ,,დილის გაზეთისა და ,,ექსპრეს ქრონიკის“ რედაქციებში.
2002 წელს დააარსა და რედაქტორობდა გერმანულენოვან გაზეთს – ,,TBILISSER ZEITUNG“-ი, რომელიც გამოიცემოდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად. 2003 წელს განახორციელა საავტორო პროექტი ორენოვანი ჟურნალისა – ,,GOETHE INSTITUT TBILISI”. 2006 წელს ასევე განახორციელა საავტორი პროექტი და გამოიცა გერმანული ლიტერატურული ჟურნალი – ,,K&L“ (კულტურა და ლიტერატურა) ევრო-კავკასიური უნივერსიტეტისთვის.
2006-2012 წწ. ცხოვრობდა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განხორციელებული პროექტების უმეტესობა უკავშირდება ირლანდიას, ირლანდიელებს, ირლანდიურ კულტურასა და ლიტერატურას.
2017 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მეგობრებთან ერთად დააარსა არაკომერციული საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი (ქართულ–ირლანდიური ცენტრი).
ცენტრის ეგიდით, გამოიცა მისი ესეისტიკის ჟანრის წიგნი – ,,მიგრანტები“ (ორ წიგნად), რომელიც მიეძღვნა ირლანდიის დამოუკიდებლობის მე–100 წლისთავს.
2018 წელს გამოიცა ასევე მის მიერ თარგმნილი ირლანდიელი მწერლის – მიქაელ პატრიკ მულვიჰილის წიგნი – ,,ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი“;
მთარგმნელთა ჯგუფთან ერთად 2021 წელს გამოიცა ,,ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“; ასევე – „უნივერსალური ქართულ-ინგლისურ-ირლანდიური& ირლანდიურ-ინგლისურ-ქართული სასაუბრო“.
სულ ახლახან, დეკემბრის ბოლოს კი, კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა სხვა გამოცემებს – ,,ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები“…
ამბობს, რომ ირლანდიის რესპუბლიკა კი თავისი მწარე ისტორიული წარსულით არის ქვეყანა, რომელმაც ხანგრძლივი მონობის ბორკილებისგან თავი გაითავისუფლა და ერთ–ერთ წარმატებულ ევროპულ ქვეყნად იქცა. ცოცხალი მაგალითია და დაარწმუნებს ქართველ ხალხს, რომ სულაც არ არის შეუძლებელი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა სწორი პოლიტიკით, დაუღალავი ბრძოლითა და შრომით იქცეს ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნად. – ნანა შალამბერიძის პერსონა.
– სენაკის რაიონის სოფ. ნაქალაქევში დაიბადეთ და გაიზარდეთ…
– დიახ, სენაკის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული სოფელი ნაქალაქევი (ეგრისის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი) არის ჩემი მშობლიური სოფელი, სადაც დავიბადე 1951 წელს (მოსამსახურის ოჯახში) და აღვიზარდე 17 წლამდე. დედმამისეული სახლი ჩვენი, სამი დის, ბავშვობისდროინდელ უტკბილეს მოგონებებს უკავშირდება და სათუთად ინახავს. ჩვენ, შემდგომ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მოგვიწია ცხოვრებამ, მაგრამ არდადეგების პერიოდში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უცვლელი დასასვენებელი ადგილი იყო ნაქალაქევი. ამ ტრადიციამ შვილიშვილებზე გადაინაცვლა და ასე გრძელდება.
ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ყოველ წამს ჩამესმის ჩემი დედ-მამის ხმა, ვხედავ მათ გაღიმებულ და მადლიერ სახეებს და თქვენ წარმოიდგინეთ ვგრძნობ როგორ მეფერებიან ხელზე და თავზე…. ან ვხედავ თვალს რომ არ მისწორებენ, როცა, სახლში რაღაცას არასწორს, მათთვის მიუღებელს ჩავდივარ.
მე და ჩემმა დებმა, სამივემ ერთად მათი სიცოცხლის პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არასდროს, არასდროს, როგორი განსაცდელის წინაშეც არ უნდა დამდგარიყო ჩვენი ოჯახები, დედმამისეული სახლი არ გაყიდულიყო და მისთვის შეძლებისდაგვარად მოგვევლო.
რა დამავიწყებს მათ ბედნიერ სახეებს ამის მოსმენისას…
– თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა. რატომ უცხოური ენები და გერმანული?
– ნაქალაქევის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (გერმანული ენის განყოფილება). ჩვენი სოფლის, ნაქალაქევის სკოლებში გერმანულ ენას ასწავლიდნენ. ჩემი შეუდარებელი მასწავლებლების ქალბატონების თინა კვირაიასა და თინა ჟვანიას გავლენით შევიყვარე გერმანული ენა, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი.
– ერთხანს სენაკში მუშაობდით, შემდეგ დედაქალაქში გადმოხვედით. დააარსეთ და რედაქტორობდით გერმანულენოვან გაზეთს – „TBILISSER ZEITUNG“-ი, რომელიც გამოიცემოდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად (2002-2004 წწ)… რა წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში ამ გაზეთმა?
– უმაღლესი განათლების მიღების, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, დავბრუნდი მშობლიურ რაიონში – სენაკში და ვასწავლიდი გერმანულ ენას ქალაქის პირველ, მესამე და მეხუთე საშუალო სკოლებში (1973-1985 წწ). შემდგომ წლებში ვმუშაობდი სენაკის განათლების განყოფილების უცხოური ენების სწავლების მეთოდისტად (1985-1987 წწ) და სასკოლო ინსპექტორად (1987-1995 წწ).
იმდენად დიდი და მრავალწახნაგოვანი იყო განათლების სისტემაში მუშაობით მიღებული 22-წლიანი გამოცდილება, რომ თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლამ არ გააფერმკრთალა. მართალია, მიტაცებდა ჟურნალისტური საქმიანობა და ერთი პერიოდი, მცირე ხნით, ვმუშაობდი კიდევაც გაზეთებში – ,,დილის გაზეთი“ (რედაქტორი მანანა კარტოზია) და ,,ექსპრესქრონიკა“ (რედაქტორი მაკა ჯანაშია), მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა განათლების სისტემაში მუშაობის შედეგად მიღებული მდიდარი გამოცდილება, რომელიც უნდა გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისთვის. ეს დაედო საფუძვლად გერმანულენოვანი, თორმეტგვერდიანი, გაზეთის გამოცემის იდეას, რომელიც შემდეგ პროექტად ჩამოყალიბდა და გაზეთს ,,TBILISSER ZEITUNG“ დაერქვა.
ამ იდეას და პროექტს მხარი დაუჭირა გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების მაშინდელმა ხელმძღვანელმა, საქმიანმა და კეთილშობილმა ქალბატონმა, პროფესორმა ეკა შავერდაშვილმა.
გაზეთს მრავალფეროვანი საინტერესო რუბრიკები ჰქონდა და მის შესაბამისად იბეჭდებოდა სტატიები გერმანელი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების, პოეტების, ხელოვანების და ცნობილი გავლენიანი ადამიანების შესახებ; ასევე ნაწყვეტები მათი ნაწარმოებებიდან, პოეზიის ნიმუშები და რეპროდუქციები; იბეჭდებოდა გერმანული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხები, საბავშვო მოთხრობები და ლექსები, სრულყოფილი ინფორმაცია გერმანიის სხვადასხვა რეგიონებისა თუ ქალაქების შესახებ; ორი გვერდი ჰქონდა დათმობილი სავარჯიშოებს, ნომერში დაბეჭდილი საბავშვო მასალის დამუშავების თვალსაზრისით.
და რაც მთავარია, გაზეთი ასახავდა იმ წლებში (2002-2004) თბილისში მცხოვრები და მოვლინებული გერმანელი სპეციალისტების მოღვაწეობას.
გაზეთი გამოდიოდა თვეში ერთხელ და მიეწოდებოდა საქართველოს ყველა რეგიონის გერმანული ენის მასავლებლებს.
თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ შუქჩამქრალ და თანამედროვე ტექნოლოგიებს მოკლებულ საქართველოს, ადვილი ჩასაწვდომია, რატომ ჰქონდა ამ გაზეთს ასეთი რეზონანსი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის.ამ საქმისთვის შებმა, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ნიშნავდა უკიდეგანო პასუხისმგებლობასა და კოლოსალური შრომის გაწევას, ურთულეს ბილიკებზე ხელის ცეცებით, მაგრამ შეძლებისდაგვარად მყარად სიარულს.
მეშინოდა? არა! „დილის გაზეთისა“ და „ექსპრეს ქრონიკის“ სკოლა გავლილს პროფესიული თვალსაზრისით თუკი რაიმე შეფერხება გადამეღობებოდა წინ, ვიცოდი, მანანასა და მაკას იმედად (რედაქტორები: მანანა კარტოზია და მაკა ჯანაშია) ნამდვილად მსუბუქად აღმოვჩნდებოდი ბარიერის მეორე მხარეს. ეკა შავერდაშვილი და გოეთეს ინსტიტუტის ხალისიანი გოგონები (ნათია, სოფო, თამთა) თავიანთ წილ საქმეს ბრდღვნას რომ აადენდნენ, ესეც უდავო იყო. ამას დამატებული ჩემი დიდი გერმანელი მასწავლებელი ნელი იულევნა, იგივე ლალა კროიცი, ჩემი უჭკვიანესი და უსაყვარლესი (გერმანისტები: მანანა ხაჭაპურიძე, ქეთი ტიბუა, თამრიკო ჯიქია, ჟანა გიგუაშვილი). ტექნიკური უნივერსიტეტის მეგობარი პროფესორების (ხათუნა ჟვანია და დავით კაპანაძე) და მათი კომპიუტერული ლაბორატორიის დროის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივ რეჟიმში მზაობა და შეუპოვარი „მე“, რომელსაც ყოველთვის შემეძლო თავი არ დამეზოგა და საქმე ბოლომდე მიმეყვანა, ეს იყო „კარგად აღჭურვილი“ მთელი დივიზია, აქტიური მოქმედების დასაწყებად.
საქმეს, ჩვენთან ერთად, უკანდაუხევლად შეეჭიდა გაზეთის ხერხემალი, ძირითადი ღერძი, დიდი გერმანისტი და საიმედო პროფესიონალი, ქალბატონი ნათელა ხუციშვილი, რომელმაც იტვირთა გაზეთის სტილისტობა და თავდაჯერებულად და აკადემიურად მიიტანა სათქმელი ადრესატამდე.
ხოლო გოეთეს ინსტიტუტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჰაინლემ, გაზეთის TBILISSER ZEITUNG-ის მაკეტის წარდგენისთანავე, იმავე დღესვე, ინსტიტუტის შენობაში დაგვიდო ბინა, გამოგვიყო ტექნიკური საშუალებები და თავს იდო სტამბის ფინანსური უზრუნველყოფა.
ასე ვტრიალებდი გერმანულ-ქართული ურთიერთობების შუაგულში დედაქალაქში, თან პარალელურად ჩემს კოლეგებს რეგიონებში, ქრონიკის სახით, ვუამბობდი ამ ურთიერთობების შესახებ თვიდან თვემდე, გარდა ამისა ვაწვდიდი ენის სწავლების მეთოდიკის მასალებსა და სიახლეებს ამ დარგში.
– თქვენი საავტორო პროექტი ორენოვანი ჟურნალისა – „GOETHE INSTITUT TBILISI”, მიეძღვნა თბილისში გოეთეს ინსტიტუტის დაარსების 10 წლისთავს და გამოიცა ამავე ინსტიტუტთან ერთად.
ასევე საავტორი პროექტით გამოეცით გერმანული ლიტერატურული ჟურნალი -,,K&L“ (კულტურა და ლიტერატურა) ევრო-კავკასიური უნივერსიტეტისთვის (თბილისი, საქართველო)… რას გამოყოფდით ამ წლებიდან?
– ჩვენი გაზეთისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობის პერიოდს დაემთხვა, ინსტიტუტის 10 წლისთავი და ჩვენმა ერთობლივმა შეხმატკბილებულმა გუნდმა მხარი დაუჭირა ჩემს ახალ იდეას, ამ თარიღისთვის მიგვეძღვნა ორენოვანი ჟურნალი ,,GOETHE INSTITUT TBILISI“. ეს პროექტიც განხორციელდა ამავე ინსტიტუტთან ერთად და 2003 წელს გამოიცა ზემოაღნიშნული ჟურნალი.
რაც შეეხება საავტორი პროექტს ,,K&L“ (კულტურა&ლიტერატურა), თბილისში გერმანელმა მწერალმა ული როტფუსმა, რომელთანაც საქმიანი ნაცნობობა მაკავშირებდა, დაარსა ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი და მთხოვა, მეფიქრა ჩამომეყალიბებინა გერმანულენოვანი ლიტერატურული ჟურნალის პროექტი.
ჩემ მიერ შეთავაზებული პროექტი სიამოვნებით მიიღო ბატონმა ული როტფუსმა და 2006 წელს ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის მიერ გამოიცა გერმანულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი ,,K&L“ (კულტურა&ლიტერატურა).
როგორ შეიძლება გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობის წლები ჩემი ცხოვრების ბედნიერ წლებად არ ჩავთვალო პროფესიული რეალიზების თვალსაზრისით?
– 2006-2012 წლებში ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ცხოვრობდით…
– 2006-2012 წლებში ვცხოვრობდი დუბლინში. ოჯახში შექმნილი ფინანსური სიტუაციის შესაცვლელად, საჭიროდ ჩავთვალე, დროებით დამეტოვებინა ქვეყანა და დუბლინში წავსულიყავი, იქნებ რაიმე სამუშაოს მოვრგებოდი კარგი ანაზღაურებით. დუბლინში სწორედ იმიტომ, რომ იქ ჩემი დის, დიანას, მეგობრები ცხოვრობდნენ და ჩემი სოლიდური ასაკის გამო (მაშინ 55 წლის ვიყავი), ახლოს საიმედო ხალხი უნდა მყოლოდა.
მართლაც მოხდა ისე, რომ ჩემმა იქაურმა კოლეგამ ქალბატონმა შივონ საფლემ, თავის თავზე აიღო ჩემი დასაქმება და ასე მოვხვდი ერთ ირლანდიურ წარმატებულ ოჯახში. ჩემი მოვალეობა იყო, მათი სამი შვილისთვის მეპატრონა, ჯაკი 15-ს იყო მაშინ, ანა-13-ს, ხოლო მაიკლი-10-ს. გარდა ამისა ოჯახისთვის მე ვამზადებდი სადილებს. სამუშაო დრო: დილის 10-იდან საღამოს 6-მდე, შაბათ-კვირის გარდა. მსგავს ანაზღაურებაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა საქართველოში.
მართალია, ცოტა რთული იყო გადართვა განსხვავებულ სამუშაოზე, მაგრამ აქ თბილისში 10 წლის ტყუპი შვილიშვილების პატრონს არ გამჭირვებია მათი პატრონობა, არც სადილების გაკეთება. უფრო მეტიც სახლში ცხოვრობდა ბავშვების 90 წლის ბებია, მისის ნენსი, რომელიც დღის ორი საათიდან, საღამოს 6 საათამდე ისვენებდა და დილის საათებში, ბავშვების სკოლიდან მობრუნებამდე, შეგვეძლო გასეირნებაც და საუბარიც.
მისის ნენსისთან ურთიერთობამ ბევრი რამე განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მალე მიხვდა ნენსი, რომ მე ვერ ვჯდებოდი ბავშვების რიგითი ,,მაინდერის“ ამპლუაში.
სულ რამდენიმე დღის დაწყებული მქონდა სამუშაო, რომ ვხედავ სკოლიდან მობრუნებული მაიკლი, გაკვეთილების მომზადების პროცესში, შიგადაშიგ ოხრავს. დავაკვირდი, შემოვიდა ჯაკი და მაიკლმა რაღაც ჩუმად ჰკითხა. მერე კიდევ განმეორდა ეს ზედიზედ, ანუ მაიკლი ელოდა ჯაკის შემოსვლას, რომ დავალება შეესრულებინა. მაჩვენე ერთი რა დავალებაა მაიკლ, ვთხოვე მე და ჩავიხედე რვეულში. არსებით სახელებზე მოსარგებია არტიკლები a და an.
– გინდა გასწავლო, როგორ უნდა გააკეთო სწორად? – ვეკითხები მე.
– როგორ? მაინდერი ხარ, არ გეცოდინება.
– არის ასეთი მარტივი წესი, როდის გამოიყენო an; სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი არტიკლი a.
მაიკლმა უცებ გააკეთა დავალება და მერე ჯაკთან გადაამოწმა სისწორე, თან ჩუმად უჩურჩულა ნანამ მასწავლაო. საქმეში იმაში გახლდათ, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ინგლისურ ენას გრამატიკის გარეშე ასწავლიან თურმე. მოგეხსენებათ, თანამედროვე ტექნოლოგიების შესატყვისად ოჯახი საღამოს გადაახვევს ხოლმე და თვალს ადევნებს მთელ შენს საქმიანობას დღის განმავლობაში.
მეორე დილას, რომ მივედი, მივუჯექით ჩაის მე და ნენსი, და ნენსიმ ვითომ სხვათა შორის შემომაპარა, გთხოვ, გრამატიკის წესების გარეშე აუხსნა მაიკლს დავალების არსიო. მე დავიცავი თავი, წესი არ მისწავლებია, მხოლოდ მარტივი ხერხი გავაცანი-მეთქი. მერე ბავშვის მამისგან მივიღე მადლობა, მათემატიკაში რომ დავეხმარე, და ასე ვიქეცი მრავალი პროფილის მასწავლებლად, ჩემი უსაყვარლესი ირლანდიელი შვილობილებისთვის.
ინგლისურენოვანი ლიტერატურა და ზოგადად საზღვარგარეთის ლიტერატურა რომ უცხო არ იყო ჩემთვის, ამაშიც უცებ გაერკვია მისის ნენსი. ხოლო როცა დარწმუნდა, როგორი ღირებული იყო ჩემთვის ირლანდიელი მწერლების – ბერნარდ შოუს, უილიამ ბათლერ იეიტსის, ოსკარ უაილდის, შეიმაზ ჰინის, სამუელ ბიკეტის, ბრამ სტოკერის, ჯეიმზ ჯოისისა თუ არა ერთი დიდი მწერლის შემოქმედება და როგორი მიმზიდველი და საინტერესო იყო იმ ლიტერატურული თუ პოლიტიკური პროცესებისთვის თვალის მიდევნება, რამაც აღნიშნულ „ინგლისურენოვან მწერლებს“, როგორც მათ უწოდებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაუბრუნა ნამდვილი სტატუსი, ირლანდიელი პოეტის, მწერლისა თუ ლიტერატორის სტატუსი.
ამან საფუძველი დაუდო ჩვენს უპირობო მეგობრობას, რასაც მოჰყვა, მისი დაუღლელი საუბრები, ამ საკითხებზე და მიმდინარე რეალურ პროცესებზე, რადგან ის სწორედ იმ დღეებში მოევლინა ქვეყანას, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვა ქვეყანამ და მასთან ერთად იზრდებოდა.
– თქვენი პროექტები უმეტესობა ირლანდიას, ირლანდიელებს, ირლანდიურ კულტურასა და ლიტერატურას უკავშირდება. 2017 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, თქვენი ინიციატივით, თანამოაზრე მეგობრებთან ერთად, დააარსეთ საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი (ქართულ–ირლანდიური ცენტრი)… რა მიზანი გქონდათ და რა შედეგები მიიღეთ?
– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემ მიერ განხორციელებული პროექტების უმეტესობა უკავშირდება ირლანდიას, ირლანდიელებს, ირლანდიურ კულტურასა და ლიტერატურას.
მეგობრებთან ერთად 2017 წელს დავაარსეთ არაკომერციული საქართველო–ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრი (ქართულ–ირლანდიური ცენტრი), რომ ცენტრის საინტერესო და აქტუალური პროექტების განხორციელებით მონაწილეობა მიგვეღო და წვლილი შეგვეტანა ამ ორი უძველესი, ერთნაირი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნებს შორის ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
ქართულ–ირლანდიურმა ცენტრმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან ერთად 2017 წლის ივნისში დააფუძნა ტრადიცია და შევუერთდით დუბლინის „ბლუმსდეის ლიტერატურულ ფესტივალს“, რომელიც ორი სახელოვანი ირლანდიელის, პოეტის უილიამ იეიტსისა და მწერალ ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას უკავშირდება. ჩვენი მიზანია ამ ფესტივალის ფარგლებში, ორგანიზება გავუკეთოთ და განვახორციელოთ ჩვენს დედაქალაქში ირლანდიელი მწერლებისა და ირლანდიური ლიტერატურისადმი მიძღნილ სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
2017 წლის „ბლუმსდეის ფესტივალს“ მიეძღვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებული ლიტერატურული საღამო ,,ჯოისისა და იეიტსის დღე თბილისში“. ბუნებრივია, ორივე მწერალი ცნობილია ქართული ლიტერატურული სივრცისთვის და მასში მონაწილეობა მიიღეს მთარგმნელებმა, ქართველმა მწერლებმა, სტუდენტებმა და მკითხველებმა. ამავე დღეს მოხდა ჩემი ,,მიგრანტების“ პირველი წიგნის წარდგინება.
2018 წლის „ბლუმსდეის ფესტივალს“ დავამთხვიეთ ქართულ-ირლანდიური ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოცემული ორი წიგნის პრეზენტაცია:
1. თანამედროვე ირლანდიელი მწერლის მიქაელ პატრიკ მულვიჰილის ქართულ ენაზე, ჩემ მიერ თარგმნილი წიგნი ,,ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი“, რომელშიც დაუფარავად აღწერილია პოსტსაბჭოური ცხოვრება დაშლილ იმპერიაში და იმპერიის ყოფილ „მოკავშირე“ ქვეყნებში.
2. ასევე ჩემი წიგნი ,,მიგრანტები“ მეორე ნაწილი, რომელიც მიეძღვნა ირლანდიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და რომელშიც მოთხრობილია ირლანდიაზე, ირლანდიელებზე და ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებზე.
„ბლუმსდეი 2019“ -ს მიუძღვნა ცენტრმა ,,ირლანდიური პოეზიის საღამო“, რომელიც ჩატარდა ეროვნული ბიბლიოთეკის ინგლისურენოვან კაბინეტში.
პანდემიურ პერიოდს უკავშირდება ჩვენ მიერ განხორციელებული ბოლო სამი პროექტი. გამოვეცით წიგნები: ,,ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“, ,,უნივერსალური სასაუბრო“ /ქართულ-ინგლისურ-ირლანდიური&ირლანდიურ-ინგლისურ-ქართული/ და ,,ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები“.
ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიაზე სამნი ვმუშაობდით მთელი ორი წლის განმავლობაში – მე (პროზაიკოსი და მთარგმნელი), ჩემი უმცროსი და – დიანა შალამბერიძე, უმაღლესი რანგის ფილოლოგი, არა ერთი პოეტური კრებულის რედაქტორი და ყველასათვის ცნობილი პოეტი რომან ზუკაკიშვილი, შვიდი პოეტური კრებულის ავტორი.
ამ წიგნით ქართველ მკითხველს შევთავაზეთ XVIII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე პერიოდის, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის, გამორჩეული პოეტების მიერ ორივე ენაზე – ირლანდიურ და ინგლისურ ენებზე შექმნილი პოეზიის ნიმუშები: 62 პოეტის 163 ლექსი. ეს არის წიგნი, რომელშიც პოეზიითაა გადმოცემული ქვეყნის ისტორია, ის სევდიანი და მწარე წარსული, რომლის დავიწყება შემდგომი თაობების შინაგან ძალებს აღემატება.
უნივერსალურ სასაუბროზე მუშაობა და გამოცემა მიზნად ისახავდა, გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა ირლანდიელი ხალხის მიმართ, ირლანდიური ენის პოპულარიზაციაში. მოგეხსენებათ, ირლანდიაში ოფიციალურად ორი სახელმწიფო ენაა: ინგლისური და ირლანდიური.
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიური ენა სახელმწიფო ენადაა აღიარებული, ის გავრცელებულია ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში და ამ ენაზე დაახლოებით მხოლოდ ერთი მილიონი ადამიანი მეტყველებს, ინგლისის იმპერიის მიერ ირლანდიის კოლონიაში ირლანდიური ენის, ამ კელტური ჯგუფის ერთ-ერთი უძველესი, მდიდარი ენის ინგლისური ენით ჩანაცვლებას მოჰყვა ირლანდიური ენის თითქმის გაქრობა ირლანდიური სივრციდან და რომ არა დასავლეთ ირლანდიაში მცხოვრები ირლანდიელების სიჯიუტე და შეუდრეკელობა ნებისმიერი ინგლისური სადამსჯელო ოპერაციების მიმართ, ირლანდიური ენა ერთ-ერთი მკვდარი ენა იქნებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ბუნებრივია, ირლანდიური ენის მოვლა-პატრონობა გახდა.
ირლანდიის ისტორიამ და ჩვენი ქვეყნის უახლოესმა წარსულმა, – როცა ორჯერ ჰქონდა რუსეთის იმპერიას, მცდელობა განედევნა ქართული ენა და დაემკვიდრებინა რუსული ენა, – დამარწმუნა, თუ რაოდენ სჭირდება პოპულარიზაცია ამ ორ ენას, ქართულსა და ირლანდიურს, ამ ორი პატარა ქვეყნის ერების მშობლიურ ენებს, რომლებიც მუდმივი სამიზნე ხდებიან მეზობელი იმპერიების კოლონიური რეჟიმის პირობებში.
არანაკლებ საინტერესოა ,,ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები“, რითაც ქართველი მკითხველი შეგვყავს მომხიბვლელ ირლანდიურ მითოლოგიურ და ზღაპრულ სამყაროში, რომელიც ძალზე შთამბეჭდავია და, რაც მთავარია, ამ უძველესი ერის არსებობის უტყუარი დასტურია.
წიგნში შესულია თერთმეტი ლეგენდა ირლანდიური მითოლოგიიდან და ირლანდიელი ავტორისა და მეზღაპრის შინეიდ დე ვალერას მიერ შეთხზული ათი ირლანდიური ზღაპრის ქართული თარგმანი.
– რა მიზანს ისახავთ სამომავლოდ, რის გაკეთებას აპირებთ, რომ ქართულ-ირლანდიური ლიტერატურული ურთიერთობები გაღრმავდეს?
– ცენტრის მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ირლანდიაში მცხოვრები თუ დაბადებული, გაზრდილი და განათლებამიღებული ქართველები, რომ მოვიძიოთ და გამოვავლინოთ ის პოტენციური კადრები, ვისაც სურვილის შესაბამისად ძალუძს ცენტრის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით გაწეული მუშაობის შედეგია სწორედ, ახალი ავტორის ლელა შურუპოვას მიგნება, რომელიც საინტერესო ავტორი აღმოჩნდა, უკანასკნელი 15 წელია ცხოვრობს და საქმიანობს დუბლინში. ცენტრის საგამომცემლო ჯგუფმა მოამზადა და გამოსცა მისი წიგნები ,,ფერადი სევდა“, ,,საბავშვო ლექსების კრებული“ და ,,აქტივობის წიგნი“ (პირველი ნაწილი), როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, დუბლინის ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის. მისივე ავტორობით ასევე გამოიცა ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის საჩუქრად განკუთვნილი – 2022 წლის ფერადი საბავშვო კალენდარი.
ლელა შურუპოვა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ქართულ დიასპორას ირლანდიაში, ის ჩვენი ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელია დუბლინში და ცენტრის ბოლო სამი პროექტი სწორედ ერთობლივად განხორციელდა. უფრო მეტიც, ის არის ,,უნივერსალური სასაუბროს“ თანაავტორი ჩემთან ერთად.
ლ. შურუპოვა არის პიროვნება, რომლის ინტერესის სფერო ამოუწურავია, აქვს უნარი არა მარტო შეეჭიდოს, არამედ დაძლიოს დაბრკოლებები და მზად არის ჩაერთოს ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში.
მიმდინარე წელი ჩვენი ცენტრის საიუბილეო წელია. 5 წლის ვხდებით და სურვილი გვაქვს თავმომწონედ აღვნიშნოთ ეს თარიღი. განზრახული გვაქვს, ცენტრის მიერ გამოცემული ბოლო სამი წიგნის წარდგენა, ერთდროულად გავაკეთოთ უახლოეს მომავალში, ხოლო „ბლუმსდეი 2022“ ლიტერატურულ ფესტივალს ორი ახალი წიგნის გამოცემით წარვუდგეთ, რომელსაც სიურპრიზად ვტოვებთ და წიგნების სახელწოდებებს არ დავაანონსებთ.
სამწუხაროდ, ქართული მწერლობას არ იცნობენ ირლანდიაში, არც ჩვენს ლიტერატორებს. მიზეზი განსხვავებული ენაა. მართალია ჩვენი ცნობილი პოეტების არაერთი ლექსია თარგმნილი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ეს ერთეულების პირად სივრცეში რჩება. ამ კუთხით სულ სხვა მუშაობაა გასაწევი. დიდი ხანია ვფიქრობთ ამ საკითხზე და ვმუშაობთ ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის ან ალმანახის პერიოდულ გამოცემაზე. ვცდილობთ ცენტრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან ყველაზე ცუდ ვარიანტში წლის ბოლომდე გამოიცეს პირველი ნომერი.
– ირლანდიის უახლესი ისტორია ჩვენთვის ალბათ სანიმუშო მაგალითად უნდა იქცეს…
– მიზანი, რასაც ჩემი შემოქმედებით ვემსახურები, არის ის, ჩემს ხალხს დავანახვო, რომ მიუხედავად იმისა, როგორი პირობებიც არ უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის იმპერიის მიერ ორჯერ დაპყრობილ (ანექსირებული) და მეოცე საუკუნეში ორჯერ დამოუკიდებლობამოპოვებულ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც დღემდე გრძელდება იმპერიის მიერ ყველანაირი უმსგავსო ხერხით, პოლიტიკური პროვოცირებით თუ მცოცავი ანექსიით ქართული მიწის მისაკუთრება, რისი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ კვლავ „უსისხლოდ შეგვაბრუნონ“ იმპერიაში, – უმთავრესი და ფასეული ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, არის ბრძოლა, დაუღლელი ბრძოლა, რომ შევინარჩუნოთ ეროვნული სახე, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ფასეულობებისთვის ბრძოლა კი მანამ დასჭირდება ჩემს ქვეყანას, ვიდრე ის იარსებებს.
ირლანდიის რესპუბლიკა კი, თავისი მწარე ისტორიული წარსულით, არის ქვეყანა, რომელმაც ხანგრძლივი მონობის ბორკილებისგან თავი გაითავისუფლა და ერთ-ერთ წარმატებულ ევროპულ ქვეყნად იქცა. პარალელის გავლება ამ ქვეყნის ისტორიულ მომენტებთან ცოცხალი მაგალითია და ნათლად დაანახვებს და დაარწმუნებს ქართველ ხალხს, რომ სულაც არ არის შეუძლებელი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა სწორი პოლიტიკით, დაუღალავი ბრძოლითა და შრომით იქცეს ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნად.
თამარ შაიშმელაშვილი
P.S. 2021 წლის სექტემბერში ქალბატონ ნანას 70 წლის იუბილე ჰქონდა. ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ, კვლავაც წარმატებით ეღვაწოს ორი ერის – ქართველებისა და ირლანდიელების მეგობრობის დიდ ასპარეზზე.