როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს ძველ თბილისში

თბილისი, მულტიკულტურული ქალაქი, ადგილი, სადაც მრავალი ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობდა, ცხადია, მრავალფეროვანი ყოფითი კულტურით იყო სავსე და მრავალ დღესასწაულს ზეიმობდა. ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული სწორედ ახალი წელი გახლდათ. აქ თავს იყრიდა ზოგადქართული ტრადიციები და საზეიმო ცერემონიები, რომელთაც თავისებური, ქალაქური ელფერი ჰქონდათ. ახალ წელს ყველა ოჯახი დიდი მოლოდინითა და სიხარულით ხვდებოდა. ამ პროცესში მთავარი სახლის მორთვა იყო. განსაკუთრებულად მორთავდნენ ხოლმე სახლს, გააწყობდნენ საახალწლო სუფრას და მეკვლეს ელოდებოდნენ.

მეკვლე ორნაირი იყო. ერთ შემთხვევაში, ოჯახის უფროსი გადიოდა სახლიდან და შინ დიდ ხონჩაზე სპეციალურად დალაგებული ტკბილეულით ბრუნდებოდა. ოჯახის წევრებს დალოცავდა, ახალ წელს მიულოცავდა და ღმერთს სთხოვდა, მომავალი წელი ბარაქიანი და წარმატებული ყოფილიყო იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ის.

მეორე შემთხვევაში, მეკვლე ოჯახის ახლობელი იყო, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ტკბილეულით დახუნძლული მოდიოდა. მისი დახვედრის რიტუალს ჩვენს ქალაქში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. თუ ვინ იქნებოდა მეკვლე, ასაკის განურჩევლად, წინასწარ იყო შეთანხმებული. ხშირ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაებედებოდათ მისი მოსვლა წინა წლების განმავლობაში. როდესაც მეკვლე შემოდიოდა, დალოცავდა ოჯახს, ბედნიერებას უსურვებდა და შემდეგ საახალწლო ლხინი ეწყობოდა. ხშირ შემთხვევაში ოჯახის მეკვლე წლების მანძილზე ერთი და იგივე ადამიანი იყო. თბილისურ საახალწლო სუფრაზე მთავარი ადგილი ტკბილეულს, განსაკუთრებით – გოზინაყს და ასევე, ღორის ხორცს ეკავა. ხშირად საახალწლო დღესასწაულზე, ისევე, როგორც საშობაოდ, ღორის თავს მოხარშავდნენ და დიდ ხონჩაზე მოათავსებდნენ. ეს ბარაქის ნიშანი იყო. გარდა ამისა, არსებობდა მეორე დღის მეკვლის ტრადიციაც. ეს ტრადიცია განსაკუთრებით რეგიონებში იყო გავრცელებული და მისი მთავარი დატვირთვა შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამრავლება, შესაბამისად, ამ მხრივ ბარაქიანი წელიწადის მოლოდინი იყო.

ცოტა მოგვიანებით, თოფის სროლით ახალი წლის მიგებების ტრადიცია გაჩნდა. ძირითადად, თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც საზოგადოების მაღალ ფენას წარმოადგენდა. საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისისთვის დამახასიათებელი იყო ქუჩაში გამოსვლა და სეირნობა იმ დროს, როცა უკვე ახალი წელი დადგებოდა. ასეთი ადგილები იყო ე.წ. სალაყბოები, სადაც მოქალაქეები იკრიბებოდნენ: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ბაზრებთან ახლოს, ორთაჭალის, კრწანისის და სოლოლაკი ბაღები, ასევე ორბელიანის მამულები. ამ დროს იმართებოდა როგორც სამოქალაქო სეირნობა, ასევე ლხინის სუფრები. თქვენ წარმოიდგინეთ, იანვრის სიცივის მიუხედავად, მტკვრის ნაპირზეც კი ქეიფობდნენ. მტკვარი თბილისელებისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, მტკვარზე ტივით გასეირნება და ზედ გამართული ქეიფი ხომ მთავარი ამბავი.

მოგეხსენებათ, თბილისი დუქნებით იყო დატვირთული. ახალი წლის მეორე და მესამე დღეს ხალხი ასეთ დუქნებშიც იყრიდა თავს. როგორც მე-19 საუკუნის, ასევე, 1918-1921 წლების პრესაში ვხვდებით ისეთ მასალებს, რომლებიც დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებს, სპექტაკლებს, საახალწლო ნაძვის ხის მორთვასა და მსგავს საკითხებს ეძღვნებოდა. სხვათა შორის, რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ცნობასაც ვაწყდებით – საახალწლო სპექტაკლების ბილეთებიდან შემოსული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებოდნენ. ქალაქში საახალწლოდ რთავდნენ მაღაზიებსა თუ დუქნებს. გარე ფასადების მორთვით, საახალწლო ზეიმი მთლიან ქუჩებსაც ეტყობოდათ ხოლმე.

ტრადიციულ სუფრასთან ერთად, აცხობდნენ საახალწლო კვერებს, რომელთაც ოჯახის წევრებს, მეკვლეებს და ყველა სტუმარს ურიგებდნენ. დასავლეთ საქართველოში ამ კვერებს ბასილასაც უწოდებდნენ. ის ხან ტკბილი ქადები იყო, ხანაც მშრალი, როგორც პური.

გარდა ამისა, თბილისისთვის დამახასიათებელი იყო ქუჩებში გამართული ტრადიციული თამაშობები. მეტწილად, ახალგაზრდა ბიჭები თეატრალური ჩაცმულობით დადიოდნენ ქუჩებში, სტუმრობდნენ ოჯახებს და საშობაო-საახალწლო სიმღერებს მღეროდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ეს ტრადიციები ტრანსფორმირდებოდა. მე-19 საუკუნიდან ნაძვის ხის კულტურამ მოიკიდა ფეხი. სახლის მორთვის ტრადიცია მანამდეც არსებობდა და მეტ-ნაკლებად ჩიჩილაკსაც იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩიჩილაკი დასავლეთ საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი უფროა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა თბილისური ტრადიციების შენარჩუნება, მისი საზეიმო აღნიშვნა, ეს ყოველივე ხომ ჩვენი ქალაქის ისტორიულ-კულტურულ ცხოვრებას უსვამს ხაზს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი ახალი წელი მივულოცო როგორც ჩვენს დედაქალაქს და მის მაცხოვრებლებს, ისე სრულიად საქართველოს. წარმატებულ წელს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას!

სტატიის ავტორი: მირიან ხოსიტაშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები