ბავშვობიდან ხატავს, თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, თეატრის მხატვარ-დეკორატორად მუშაობს. სცენოგრაფია გაუკეთა ორ სპექტაკლს, ასევე 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის მხატვარია. ამბობს, რომ ყოველთვის უყვარდა რაღაცების კეთება (განსაკუთრებით – საახლწლო ნივთების) და დიდ სიამოვნებას გვრიდა.
მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედება აქვს. თუმცა საოცრად თავმდაბალია და საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს. მაგრამ მისი საახალწლო ნამუშევრები დახვეწილი გემოვნებით და ფერადოვნებით გამოირჩევა. – მხატვარ-დეკორატორ ნატალია შალიკაშვილის პერსონა.
– თეატრის მხატვარ-დეკორატორად მუშაობთ. ასევე ხართ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის მხატვარიც. გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე თეატრსა და კინოში…
– რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, სხვა პროფესია არც მიფიქრია. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში თეატრის მხატვარ-დეკორატორად. საუკეთესო წლები იყო. ბევრი რამ ვისწავლე იქ. რასაც დღემდე ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში. ორჯერ მომიწია თეატრში სცენოგრაფად მუშაობა, ეს დიდი სიამოვნება და გამოცდილება იყო ჩემთვის. ასევე მხატვრულ დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია” და კიდევ ორი ფილმის დამდგმელი მხატვარი ვიყავი.
რადიკალურად განსხვავებული იყო ფილმზე მუშაობა. თან როცა დოკუმენტურს ეხები, ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს დაცული.
– თქვენს ფეისბუქზე უამრავი საახალწლო ნივთი და აქსესუარია – ანგელოზები, თოჯინები, ნაძვის ხის დეკორაციები…
– ხელნაკეთ ნივთებს ბავშვობაშიც ვაკეთებდი, ოჯახის წევრებს, ტრადიცია გვქონდა – ერთად მოგვერთო ნაძვის ხე, და ყოველთვის ერთ სათამაშოს ჩვენ ვქმნიდით. ერთხელ საჩუქრად წავიღე ჩემი სათამაშო და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მაბედნიერებს, როცა ასე მოსწონთ. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.
– „კარანტინი. მე-2 სერია ძველ თბილისში“; „კარანტინი, ყველას ფანჯარაში შევიჭყიტე“ – თქვენს შემოქმედებაში ორიგინალურად აისახა პანდემიის გამოძახილი… ერთმა დაგიწერათ, ძველი წიგნის ნახატები გამახსენდა და გულში სითბო ჩამეღვარაო, მეორემ – ჰიჩკოკის ხედი ფანჯრიდან გამახსენაო…
– რთული იყო კოვიდის დრო, ყველაფერი ჩაიკეტა. ხატვისთვის უფრო მეტი დრო დამრჩა, იმავდროულად ეს პერიოდი სწავლისთვის გამოვიყენე და ონლაინ ვისწავლე არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი.
– Artferi • არტფერი თქვენი ხელნაკეთი ნივთების გვერდია, სადაც მითითებულია: „მხატვარ–დეკორატორი ნატალია შალიკაშვილი წარმოგიდგენთ: ვიტრაჟებს, ნახატებს, სათამაშოებსა და სხვადასხვა დეკორაციულ აქსესუარს“…
– სამომავლო გეგმა ბევრი მაქვს, სამწუხაროდ, კოვიდის პერიოდში განსახორციელებლად ხელი შემეშალა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ.
თამარ შაიშმელაშვილი