დაიბადა თბილისში. 2021 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატი, პროფესიით იურისტია, თუმცა ბავშვობიდან ხიბლავს ხელოვნება. ამბობს, რომ ეს განაპირობა ხელოვანთა – მუსიკოსებისა და მხატვრების ოჯახში გაზრდამ და ამ გარემომ ბავშვობიდანვე დიდი გავლენა მოახდინა მასზე.
დედასთან ერთად, რომელიც პროფესიით მუსიკოსია, დაიწყო თუშური და მირინოსის მატყლის დამუშავება.
„პირველად რომ ვნახე მისი ნამუშევარი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. მალევე მეც გამიჩნდა მატყლზე მუშაობის სურვილი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მე და დედა ერთ საქმეს დავადექით, შემასწავლა და ვეხმარებით ერთმანეთს.
ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, დიდ ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ.
ვამზადებთ: მოსაცმელებს, ყაბალახებს, ქალისა და მამაკაცის შარფებს, აქსესუარებსა და ფაჩუჩებს.
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ნატურალურ და სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტს, რომელიც ათბობს და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მათ.
ჩემი და, რომელიც პროფესიით პედიატრია, ასევე გატაცებულია ხელოვნებით და თავისუფალ დროს აქტიურად ერთვება. ბოლო 2 წელია, საახალწლო დეკორაციებმა გაიტაცეს. ამზადებს ულამაზესი საახალწლო გირჩის ფერადი მძივებით გაფორმებულ ნაძვის ხეებს. რეალიზებას, უმეტესად, გამოფენებში მონაწილეობით ვახდენთ, ასევე – ვიღებთ შეკვეთებს. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა დაინტერესებული მომხმარებლებისათვის“. – ხელოვან ნინო დარჩიაშვილის პერსონა.
– მუსიკოსებისა და მხატვრების ოჯახში გაიზარდეთ…
– ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე მუდმივად მათბობს მშობლების სიყვარულით სავსე დამოკიდებულება ერთმანეთის და ჩვენდამი, ყოველთვის თანატოლებივით და მეგობრებივით რომ გვეპყრობოდნენ მე და ჩემს დას. მახსოვს კვირა დღის განსაკუთრებულობა, როცა მთელი ოჯახი ერთობით მივდიოდით ტაძარში და დღემდე გრძელდება ჩვენი ასეთი ერთსულოვნება. პაპა ინსტრუმენტებს ამზადებდა და დღემდე ხშირად ვგრძნობ და მახსენდება მისი ხით გაჟღენთილი თითების სურნელი. მახსოვს, მამა ბავშვობიდან როგორ მასწავლიდა ხატვას, კიდევ – გრძელი ზაფხულის არდადეგები, რომელსაც ოჯახურად ვატარებდით ზღვაზე.
– პროფესიით იურისტი ხართ, თუმცა ხელოვნება, ხატვა, ცეკვა გიყვართ და გიტაცებთ… თექამ გაგიტაცათ, დედასთან ერთად დაიწყეთ თუშური და მარინოსის მატყლის დამუშავება. გვიამბეთ დედაზე, როდიდან მუშაობს თექაზე და თქვენს ერთობლივ მუშაობაზე…
– დედა – ხათუნა დარჩიაშვილი თექაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია აქტიურად მუშაობს. მას შემდეგ, რაც გაიარა თექის ტექნოლოგიის შემსწავლელი სპეციალური კურსი. დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი იქნება, რაც ქმნის თექის ნამუშევრებს.
რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ ნამუშევრებს, მე ძირითადად ტექნიკურ მხარეს ვასრულებ, შემდგომ უკვე დედა აფორმებს სხვადასხვანაირი ნახატებით და ამით ასრულებს მთლიანად ნამუშევარს. ვმუშაობთ ჰარმონიაში, აზრის ურთიერთგაცვლითა და შეთანხმებით. ჩვენი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი თექის ყვავილებს, რომლებსაც მრავალი დატვირთვა აქვს, მათი გამოიყენება შეიძლება როგორც აქსესუარის სახით, ასევე, როგორც ქამრად, საყელოდ, სამაჯურად, თმის საბნევად დ სხვ.რომელიც ყველამ შეიძლება ინდივიდუალურად მოიხდინოს.
– როგორც ვიცი, თქვენ ფაჩუჩების დამზადებაში შეგაქვთ წვლილი… თქვენს გვერდზე ნაირნაირ ფაჩუჩებს შეხვდებით… მუშაობის პროცესზე რას გვეტყვით?
– სიმართლე რომ გითხრათ, ფაჩუჩების მომზადება საკმაოდ შრომატევადია, ათასი დეტალის ცოდნას მოითხოვს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვარჩევ ფერს, თუ რა ფერებში მინდა ფაჩუჩის დამზადება, შემდგომ ვფენ მატყლის ექვს ფენას, სპეციალური ქაღალდი გვაქვს, რაზეც ხდება ეს ყველაფერი. ამ ექვსივე ფენას სათითაოდ ვამუშავებ, ვთექავ. ჯერ ერთს რომ ვაფენ, ვთექავ, მერე მეორეს ვფენ და კვლავ ვთექავ და ასე გრძელდება მეექვსე ფენის ჩათვლით… შემდგომ ისევ ვამუშავებ, რომ კარგად შეიკრას მასალა, მერე მაკრატლით გამოვჭრი ფაჩუჩის საყელოს, უკვე გამზადებულს ვსვამ შესაბამისი ზომის ყალიბში, და ბოლოს, უკვე ამ ყალიბიანად ვთექავ, რომ მიიღოს ყალიბის ანუ ფაჩუჩის ფორმა. სანამ არ მიიღებს მის ფორმას, იქამდე საჭიროებს დათექვას.
ეს არის პროცესი, რომელიც მართლაც დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა, ამასთანავე, სასიამოვნო პროცესია. შემდეგ უკვე ვიწყებთ აპლიკაციის შერჩევას, რომელიც იქმნება ცალკე, შემდეგ კი ფაჩუჩზე თავსდება და კვლავ ითექება.
– და – მარიამ დარჩიაშვილი, რომელიც პროფესიით პედიატრია, საახალწლო დეკორაციების შექმნითაა გატაცებული. საახალწლო გირჩის ფერადი მძივებით გაფორმებულ ნაძვის ხეებს ამზადებს… ალბათ ამ წელსაც საინტერესო დეკორაციები ექნება…
– მარიამი, გარდა თავის პროფესიისა, ხატავს, მღერის, ქმნის დეკორაციებს, სამაჯურებს. შეიძლება ითქვას, მუდმივად ხელოვნებით სულდგმულობს. მან შარშან შექმნა პირველი გირჩის ნაძვის ხე მეგობრისთვის, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყვიტა, უფრო გაემრავალფეროვნებინა, დაეხვეწა, მთლიანი სერია შეექმნა. წელს მეც არ ველოდი, ახალი ნაძვის ხეები რომ ვნახე, ყოველგვარ მოლოდინის გადააჭარბა. წელს უკვე აპირებს ნამუშევრების საახალწლო გამოფენაზე გატანასაც.
თითოეული დეტალი დიდი გემოვნებით და ყურადღებითაა შერჩეული, ფერთა შეხამება, სპეციალური სადგამები ნამუშევრებს უფრო დახვეწილს ხდის. გვაქვს ნაძვის ხეები, სათითაო და ჯგუფური პეიზაჟური იერით.. მათ აქვთ დეკორატიული დატვირთვა, რომელიც დაამშვენებს საახალწლო სუფრასა თუ სახლს, ვფიქრობ, ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.
– როგორ ახდენთ პროდუქტის რეალიზებას? ალბათ სოციალური ქსელი დიდად გეხმარებათ… მაინც რაზეა დიდი მოთხოვნილება?
– ჩვენი პროდუქტის რეალიზებას ვახდენთ გამოფენების მეშვეობით, რომლებიც ყოველ წელს ეწყობა – ხან სად და ხან სად.
მაგალითად, წელს ზაფხულში გვქონდა გამოფენა ბათუმში, სასტუმრო „გალოგრეში“, უკვე მეორედ, ასევე, აპრილში გვქონდა გამოფენა ბერძენიშვილის „მუზაში” – უკვე მეორედ და ახლაც, 17-18 დეკემბერს, ამავე ადგილას იგეგემება წინასაახალწლო გამოფენა.
ზაფხულის პერიოდში სისტემატურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენაში, რომლებიც ტარდება ერას მოედანზე, ძველ ბათუმში, ბატონ კახაბერ ცისკარიძის თანავტორობით.
დიახ, ონლაინ, ინტერნეტის მეშვეობითაც ვახდენთ ჩვენი პროდუქტის რეალიზაციას, სხვადასხვა ჯგუფის თუ გვერდების საშუალებით. ჩვენთან, სახელოსნოშიც, მუდამ მოდიან მომხმარებლები და მათთვის სასურველ პროდუქციას არჩევენ. ყველაზე დიდი მოთხოვნილება ზამთრის პერიოდში არის შარფებზეც და ფაჩუჩებზეც, რადგანაც ორივე სეზონურია – ძალიან თბილი, პრაქტიკული და ზუსტად ზამთრის ცივი დღეებისთვის განკუთვნილი.
– საინტერესო ამბავი – თქვენი შემოქმედებითი საქმიანობიდან…
– შემოქმედებითი საქმიანობიდან განსაკუთრებული ამბავი არ მახსენდება თუმცა შემიძლია გიამბოთ ის, რომ როდესაც ჩემმა ერთმა ახლობელმა ნახა ჩემი ნამუშევრები – თექის ფაჩუჩების გარდა ეს არის მოხატული ყუთები, საფულეები, ბეჭდები, სააღდგომო კვერცხები… ძალიან მოეწონა და შემომთავაზა – არ გინდა, გამოფენა გააკეთეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და სიხარულის მომგვრელი. ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი ჰობია, ნივთების მოხატვა თუ გაფორმება ფერადი მინანქრის სამკაულებს დავუკავშირო.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი, თექის ფაჩუჩების და ყვავილების კეთების გარდა, არის ასევე სხვადასხვა ნივთის მოხატვა, გაფორმება, მათ შორის – სააღდგომო კვერცხების, საახალწლო ნივთების, გვირგვინების გაწყობა. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა და საახლობლო გარემოცვაში ხშირად ვიბედნიერებ ცეკვით თავს. ვფიქრობ, საკუთარ თავს დიდ სიხარულს ვანიჭებ.
– ახალი წელი მოდის, როგორ აპირებთ შეხვედრას მთელი ოჯახი. მოგვიყევით ტრადიციულად როგორ ხვდებით. ალბათ თქვენივე შექმნილ შემოქმედებით გარემოში…
– გვაქვს ოჯახური ტრადიცია და განსაკუთრებულად ახალ წელს ვხვდებით 14 იანვარს, ვინაიდან ამ რიცხვში ჩვენს ოჯახში სრული დღესასწაულია – გვყავს ოთხი იუბილარი, დედა, დეიდა, დედას უახლოესი მეგობარი და მისი მეუღლე. ასე რომ, ჩვენ – ყველანი ახალ წელთან ერთად ვდღესასწაულობთ ოთხი ადამიანის დაბადების დღეს და არის ბედნიერების ფეიერვერკი.
ახალ წელს შევხვდებით ჩვენივე შექმნილი დეკორატიული ნივთების გარემოცვაში. ახლა კი დაგეგმილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავდგათ ნაძვის ხე, რომელიც ჩვენივე შექმნილი თექის ულამაზესი ყვავილებით იქნება გაფორმებული.
– სამომავლოდ?..
– სიმართლე რომ გითხრათ, სამომავლო გეგმებზე საუბარი დიდად არ მიყვარს და არც გვაქვს ასე დიდად დაგეგმილი რაიმე განსაკუთრებული, თუმცა გეტყვით, რომ ახლა ამ კვირაში, 17-18 დეკემბერს, დაგეგმილია გამოფენა ბერძენიშვილის „მუზაში”. გვესტუმრეთ.
თამარ შაიშმელაშვილი