დაიბადა თბილისში. საშუალო განათლება 129-ე საჯარო სკოლაში მიიღო და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც მიენიჭა მედიკოსის მაგისტრის ხარისხი. პროფესიული საქმიანობაც იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში დაიწყო.
შემდეგ საქმიანობა სპორტულ–გამაჯანსაღებელ სარეაბილიტაციო კომპლექს SPORT TIME–ში განაგრძო – იყო ჯერ დირექტორის მოადგილე, უკვე მერვე წელია კი, დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.
2018 წელს დააფუძნა ონლაინ სამედიცინო პლატფორმა – MED ROOM-ი, რომელიც აბსოლუტური ინოვაცია იყო ქართულ რეალობაში და ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანს ეხმარება.
მისი თქმით, გმირი მედპერსონალი გვყავს, იმ დროს, როდესაც წარმოუდგენლად დატვირთული რეჟიმი აქვთ სამსახურში, ეს ადამიანები მაინც ახერხებენ და სრულყოფილ კონსულტაციას სრულიად უანგაროდ უწევენ პაციენტებს.
ამბობს, რომ ყველაზე მეტად სხვა ადამიანების გახარება და მათზე ზრუნვა უყვარს. ეს არის მისი ენერგიის წყარო. – მარი ხანიკაევის პერსონა.
– ბავშვობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ უბანში, ყოველთვის ვიყავი განებივრებული ძალიან თბილი, ყურადღებიანი ადამიანებით: მეზობლებით და მეგობრებით. ჩვენ 90-ანი წლების თაობა ვართ, ეს იყო დრო, როდესაც ყველას ერთად უხაროდა, ყველას ერთად სტკიოდა, ერთი ძალიან დიდი ოჯახი ვიყავით. ბავშვობამ მაჩუქა არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებსაც დღესაც დიდი ადგილი უკავიათ ჩემს ცხოვრებაში.
მყავდა და მყავს ძალიან ყურადღებიანი ოჯახი. დედა და მამა, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ ჩემი და ჩემი დის კეთილდღეობაზე, განათლებაზე. რთულ 90-ან წლებშიც კი ჩვენს ცხოვრებას და თითოეულ დღეს ისე ალამაზებდნენ პატარა დეტალებით, რომ ნამდვილ დღესასწაულს გვჩუქნიდნენ.
რისი ინტერესი მქონდა?! რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა ექიმობა. მყავდნენ წარმოსახვითი პაციენტები, ვიპარავდი სამედიცინო ყუთს და „ვმკურნალობდი“ ჩემს თოჯინებს და მეგობრებს. 2005 წელს დედამ განახლებულ სასწრაფო დახმარების ცენტრში დაიწყო მუშაობა – აქ უკვე რეალურად დავინახე ის რეჟიმი, რა რეჟიმშიც ცხოვრობდა მედპერსონალი და დავრწმუნდი, რომ მედიცინა სწორედ ის იყო, რაც ნამდვილად მინდოდა და მიყვარდა.
– თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. რატომ მედიცინა?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ბავშობის სურვილი იყო. ოჯახს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა მედიცინასთან. ამ რითმმა, იმ განცდამ, რაც პაციენტის გადარჩენას მოჰყვება – ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
პირველივე დღიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა პრაქტიკანტად, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
– მოგენიჭათ მაგისტრის ხარისხი და თქვენსავე უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში მუშაობდით…
– დაახლოებით მესამე კურსზე ვიქნებოდი, როდესაც შემომთავაზეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობა. ხალხთან, მედიასთან ურთიერთობა,
სხვადასხვა პროექტის ორგანიზება/გაშუქება და არანორმალური რითმი ყოველთვის მიყვარდა, შესაბამისად, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს ახალ ამპლუაში. ჩემი ცხოვრება იყოფოდა ორ ნაწილად – დილით ვიყავი სტუდენტი, მქონდა პრაქტიკულები კლინიკებში, შემოვლები პაციენტებთან ხოლო დღის მეორე ნახევარში ვმუშაობდი ჩემს ლექტორებთან ერთად ადმინისტრაციულ ნაწილში. ეს იყო სამსახური, რომელმაც ძალიან გამზარდა. ყოველი დღე, და, მით უმეტეს, პროექტი ახლაც კარგად მახსოვს. ჩვენი დეპარტამენტი ქმნიდა უნივერსიტეტის იმიჯს და ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო – როგორც თანამშრომლის, ასევე სტუდენტის მხრიდან.
– უკვე მერვე წელია, სპორტულ–გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კომპლექს SPORT TIME-ის დირექტორი ხართ. რით არის განსაკუთრებული თქვენი სპორტული კომპლექსი?
– 2014 წელს გადავინაცვლე საწყლოსნო სპორტში და დავიკავე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კომპლექსის SPORT TIME-ის დირექტორის პოზიცია. არასდროს მქონია შეხება ამ სპორტთან და წარმოუდგენლად რთული მეჩვენებოდა ყოველდღიური საქმიანობა. თუმცა მთავარია, შეიყვარო და შეიგრძნო ის საქმე, რასაც აკეთებ და სადაც ხარ, დააფასო გუნდი, ვისთანაც მუშაობ – ეს უპირობოდ არის წარმატების საწინდარი.
„სპორტ ტაიმი“ აერთიანებს რამდენიმე საცურაო აუზს, ფიტნესის დარბაზს, სარეაბილიტაციო კაბინეტს, საუნის ოთახებს, საწყლოსნო სასწავლო ჯგუფებს და სხვა. ჩართულები ვართ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში, რომ ეს სპორტი მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის. წყალი სპორტის ის სახეობაა, რაც განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობას.
8 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ყოველდღე (პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით) წყლის ხარისხს პირადად ვამოწმებ შესაბამის სამსახურთან ერთად. ეს ჩემი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა. ხშირად გაიგებთ მოცურავეებისგან – ქლორის სუნი მომენატრაო – ეს ნამდვილად ასეა. აუზმა და წყალმა ნამდვილად იცის, როგორ შეგაყვაროს თავი.
– 2018 წელს დააფუძნეთ ონლაინ სამედიცინო პლატფორმა – MED ROOM-ი, რომელიც ინოვაციაა ქართულ რეალობაში. რა მიზანი გქონდათ?
– 2018 წელს, მაშინ, როდესაც პანდემია არ არსებობდა და ვცხოვრობდით COVID 19-ის გარეშე, დავაფუძნე პირველი სამედიცინო პლატფორმა MED ROOM-ი. ჯგუფის დაარსების მიზანი და მიზეზი იყო მედპერსონალისა და არასამედიცინო განათლების მქონე პირების დაკავშირება მარტივი საკომუნიკაციო წყაროს საშუალებით. ხშირად ვაწყდებოდი უარყოფით გამოხმაურებას მედპერსონალის მიმართ, რაც, ვფიქრობ, ხშირად უსამართლოა. MED ROOM-მა შეძლო და მეტად გააღრმავა ამ ორ რგოლს შორის სანდოობა, პატივისცემა და ეს დასტურდება იმ გამოხმაურებებით, რომლებსაც ჩვენი მედპერსონალი ყოველდღიურად იღებს ჯგუფში.
– MED ROOM-ი ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ეხმარება. „ეს არ არის მუშაობა ენთუზიაზმით, ეს არის მუშაობა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად“! – ამბობთ თქვენ. როგორ აუდიხართ ამდენ კითხვას და რჩევებს? ვინ გეხმარებიან ამაში?
– ჯგუფი აერთიანებს 80 000-მდე ადამიანს, ყოველდღიურად ჩვენთან შემოდის 150-250 წერილი როგორც საქართველოდან, ასევე იმ ადამიანებისგან, ვინც ემიგრაციაში იმყოფება. „მედ რუმის“ ადმინისტრირებაში ჩართულია 7 ადამიანი – ანა კირკიტაძე, ნინო მაღრაძე, ელენე პაპიძე, სალი ჩუგოშვილი, თათა ჭარელი, თამუნა გოგოჩაშვილი, სალომე მოსიავა და მე…
ჩვენ გვაქვს განაწილებული დღეები, საათები, ღამის საათები, თითოეული დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს, რათა შევძლოთ და დროულად დავეხმაროთ ადამიანებს.
როდესაც შემოდის კითხვა, არაკომპეტენტური პასუხისგან თავის აცილების მიზნით, ინიშნება კითხვის შესაბამისი პროფილის ექიმი და უშუალოდ ექიმსა და კითხვის ავტორს შორის გრძელდება კომუნიკაცია. ყოველთვის ვამბობ და არ დავიღლები გამეორებით – ჩვენ გვყავს ნამდვილად გმირი მედპერსონალი. იმ დროს, როდესაც წარმოუდგენლად დატვირთული რეჟიმი აქვთ სამსახურში, ეს ადამიანები ახერხებენ და სრულყოფილ კონსულტაციას სრულიად უანგაროდ უწევენ პაციენტებს. #ექიმიგმირია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ ჩვენი ექიმები!
– უმთავრესად, მაინც რა შეკითხვებით მოგმართავენ ადამიანები? საინტერესო მოსაყოლი ბევრი გექნებათ…
– იმდენად დიდია აუდიტორია, რთულია, რომელიმე მიმართულების გამოყოფა. ჩვენი ექიმების გუნდი, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია ყველა ვიწრო სპეციალობით ფსიქოლოგების ჩათვლით. პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით „პირველი ტალღის“ დროს, ფაქტობრივად, ყველა შეკითხვა მოდიოდა ვირუსთან დაკავშირებით, ახლა კითხვების უმრავლესობა ვაქცინაციის საკითხს ეხება.
მახსოვს, „პირველი ტალღის“ დროს, როდესაც ვუჰანში იყო კოვიდაფეთქება, დაგვიკავშირდა საქართველოს მოქალაქე, რომლის მეგობარს ჩინეთის მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება, რადგან იქ ადგილები აღარ იყო კლინიკებში და ინფიცირებული ვერ იღებდა დახმარებას.
ვუჰანის მაცხოვრებელი დავაკავშირეთ ჩვენი ჯგუფის ექიმ-ინფექციონისტს ნათია შავგულიძეს, რომელმაც, ფაქტობრივად, სრულად და წარმატებით მართა პაციენტი საქართველოდან. თებერვლის თვიდან, როგორც კი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, ექიმებმა, ერთი-მეორის მიყოლებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების გამართვის სურვილი გამოთქვეს და სწორედ აქედან დაიწყო კამპანია – #ექიმიგმირია
– კორონავირუსის დროს მართლაც დიდი როლი აკისრია თქვენს პლატფორმას, რომელსაც 80000 ათასამდე გამომწერი ჰყავს… ყოველდღიურად ადამიანები გვეღუპებიან ვირუსისგან… თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ ვითარებიდან? და მაინც, რას ეტყოდით მათ, ვინც ჯერ არ აცრილა?
– სამწუხაროდ, მდგომარეობა კრიტიკული და უმძიმესია. ისეთი პატარა ქვეყნითვის, როგორიც ჩვენ ვართ, 80 კი არა, 1 დაღუპული პაციენტიც უდიდესი დანაკარგი და ტრაგედიაა. პანდემიის დამარცხების რეალური ბერკეტი არსებობს – აცრა, აცრა და აცრა! ჩვენ უნდა ავირჩიოთ – ვენდოთ მეცნიერებას, ადამიანებს, რომლებიც წლობით სწავლობენ ამ დარგს თუ ვიკითხოთ ის მავნებლური ინფორმაცია, რასაც აჟღერებენ ყოველგვარ მტკიცებულებას და კვალიფიკაციას მოკლებული გამომცემლობები და ადამიანები.
რას ვეტყოდი მათ, ვინც ჯერ არ აცრილა?! დაიჯერონ სტატისტიკის, დაიჯერონ მეცნიერების და აიცრან საკუთარი ჯანმრთელობისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აცრა უკუნაჩვენებია, აიცრან პატარა ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც აცრა ამ ეტაპზე არ შეიძლება.
– ჰობი…
– ცხენები, მათი მოვლა, მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მამშიდებს. ძალიან მიყვარს ცურვა, ეს არის სპორტი, რომელიც გაძლევს ფიზიკურ დატვირთვას და – ამავე დროს, ყველაზე დიდი რელაქსაცია გონებისთვის.
არ ვიცი, ამას ჰობი ჰქვია თუ არა, მაგრამ ყველაზე კარგად ვარ მაშინ, როდესაც ვეხმარები, ვზრუნავ სხვაზე. დღე შემდგარია, თუ ერთი ადამიანი მაინც გავაბედნიერე – ეს არის ჩემთვის ენერგიის მთავარი წყარო.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 3 წლის შვილი – გუგა. ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენი ოჯახი დამყარებულია ძალიან დიდ სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სამივეს (გუგასაც კი) ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ის ერთად გატარებული რამდენიმე საათი მთელ დღეს უდრის. კონფლიქტი ოჯახში წელიწადში ერთხელ გვაქვს – დეკემბერში, რადგან გრანდიოზული წინასაახალწლო სამზადისი მხოლოდ მე მიყვარს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს, რაც პირდაპირ უკავშირდება მედიცინასა და ადამიანებზე ზრუნვას. ყველაზე მეტად სხვა ადამიანების გახარება და მათზე ზრუნვა მიყვარს. ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. მთავარი გეგმა და მიზანი კი პანდემიის დასრულებაში წვლილის შეტანაა, რადგან, ვფიქრობ, ეს დედამიწის თითოეული მაცხოვრებლის ვალია. ავიცრათ ერთმანეთისთვის!
თამარ შაიშმელაშვილი