ანრი ოხანაშვილი: “ქართული ოცნების” მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
“ქართული ოცნების” გუნდის მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და არასდროს დამდგარა სტრასბურგის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება, თუკი ვინმეს მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს.
„ჩვენ სტრასბურგის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვითვალისწინებთ, პატივს ვცემთ და ვახდენთ მის იმპლემენტაციას, შესაბამისად, საუბარი, ვინ ვის რა წერილი მისწერა, რა პასუხი მოვიდა, აბსოლუტურად უადგილოა მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ თავდაპირველადვე განვაცხადეთ, სრულად შევასრულებდით სტრასბურგის გადაწყვეტილებას და სისრულეში მოვიყვანდით ნებისმიერი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადგებოდა დღის წესრიგში. წერილებზე კომენტარები აზრს მოკლებულია, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და არასდროს დამდგარა “ქართული ოცნების” გუნდის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება, თუკი ვინმეს მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტრასბურგის გადაწყვეტილებები ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგალითად, „რუსთავი 2″- ის საქმეზე, გირგვლიანის საქმეზე და ა.შ. ეს ადამიანები თავს ესხმიან სტრასბურგს და მის გადაწყვეტილებებს, ხოლო „ქართული ოცნება” ყოველთვის არის მტკიცედ იმ აზრზე, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას შევასრულებთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.