საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები ხელს უწყობს თავდაცვის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას.
მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში უნგრეთში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომლის ფარგლებში მინისტრი უნგრელ კოლეგასთან ერთად მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას გახსნის. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.