ხუთი დღე უდაბნოში წყლისა და საკვების გარეშე – სასწაულებრივად გადარჩენილი ავსტრალიელი ახალგაზრდები

21 წლის შონ ემიჯის და 14 წლის პატრიკ მაჰეშის ძებნა გასულ სამშაბათს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ისინი ჰერმანსბურგში – აბორიგენთა თემში არ დაბრუნდნენ. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდები უდაბნოში დასასვენებლად წავიდნენ. მათ ოთხი საათი იარეს დაუსახლებელ მიდამოში, რის შემდეგაც მათი ცისფერი Nissan Navara ქვიშაში ჩაეფლო.

შონმა და პატრიკმა ღამე მანქანაში გაატარეს, მომდევნო დღეს კი, წყლის საძებნელად გადაწყვიტეს წასვლა. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებმა ხუთი კილომეტრი გაიარეს ახლომდებარე გორაკის მიმართულებით. მათ ეგონათ, რომ გორაკის მიღმა ავტომაგისტრალი იქნებოდა, რომელიც რეგიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აერთიანებდა. როცა მიხვდნენ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, გაჩერდნენ და ღამე გორაკზე გაატარეს, სადაც გაუმართლათ და წყალი იპოვეს. ბოლოს მათ წყალი სამშაბათს დალიეს.

სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკარგულებს ვერტმფრენის საშუალებით და მიწაზე ადგილობრივი აბორიგენების დახმარებით ეძებდნენ. ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც ამ რეგიონში 40 გრადუსს აღწევს, ყველა საშინელებას ელოდა, მაგრამ ორშაბათს პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი ცალ-ცალკე იპოვეს – გაუწყლოებულები, მაგრამ ცოცხლები.

პატრიკმა უდაბნოში მარტომ 35 კილომეტრი გაიარა. ის სრულიად გამოფიტული იყო, ხოლო ფეხები სისხლიანი ჰქონდა. რაღაც მომენტში, ღობეს გადააწყდა და მის ჩაყოლებაზე მიდიოდა სამხრეთის მიმართულებით ორი დღის განმავლობაში.

„მხოლოდ სასწაულის შედეგია ის, რომ ადგილობრივებმა შეამჩნიეს და დაეხმარნენ შინ დაბრუნებაში“,- აცხადებს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი კრისტენ ენდელში.

პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ პატრიკმა პოლიციას მიმართულება უჩვენა, სადაც მისი მეგობარი უნდა მოეძებნათ.

შონი მხოლოდ ერთი დღის შემდეგ იპოვეს. მაშველები ახლაც ვერ ხვდებიან, როგორ გადარჩნენ ისინი ასეთ პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები