საგარეო უწყება: 20 წლის წინ აშშ-ში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა

20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების თქმით, დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.

ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად.

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები