მათიკაშვილი – გახარიაზე: ყველა კანდიდატი ვალდებულია, საზოგადოების წინაშე მაქსიმალურად გახსნილი იყოს და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და კახა კალაძეს თბილისში ამ მიმართულებით არაერთი რამ აქვს გაკეთებული.
„ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი თავისი დამოკიდებულება მან ასევე გამოხატა იმით, რომ ნარკოტესტი ჩააბარა, და იგივე შესთავაზა მერობის სხვა კანდიდატებს. სამწუხაროდ, ამ თხოვნის იგნორირება მოხდა, ზოგიერთმა კანდიდატმა არასერიოზულადაც მიიღო, გახარიამ თქვა, რომ არ სცალია ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველას ვალდებულებაა, საზოგადოების წინაშე მაქსიმალურად გახსნილი იყოს და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი წარმატებით გაიარა. კახა კალაძე ანალოგიური ქმედებისკენ კონკურენტებსაც მოუწოდებს. ექსპრემიერი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს.