თამარ კეკენაძე – აღარასოდეს დავუშვებთ ტერორიზმის გამარჯვებას თავისუფალ სამყაროზე

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსაც დიდი წვლილი შეაქვს, რისთვისაც ქართულ ჯარს მადლობას უხდის.

“11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულმა დღემ მთელი ცივილური მსოფლიო გაგვაერთიანა საერთო ამოცანის ირგვლივ – აღარასოდეს დავუშვათ ტერორიზმის გამარჯვება თავისუფალ სამყაროზე.

წლებია საქართველოს ღირსეული წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ათასობით სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იცავდა და იცავს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას.

რუსული ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლის და ფუნქციის გადააზრება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში.

აუცილებელია დავიწყოთ ფართო მსჯელობა, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც გაჩნდა რეგიონში რუსეთის როლის გაძლიერებით და ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლით.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების საკითხებზე შევძლოთ პოლიტიკური პოლარიზებისგან თავისუფალი, გონივრული და ერთობლივი პოზიციონირება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავაჩქაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ერთადერთი გზაა ქვეყნის დეოკუპაციისა და აღმშენებლობისთვის” – განაცხადა “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები