აფხაზეთში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყება – პედაგოგები ჯერ აცრილები არ არიან

ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი პირველ სექტემბერს დაიწყება – ეს იმ პირობებში, როდესაც პედაგოგებს ვაქცინაცია ესაჭიროებათ და ე.წ. რესპუბლიკაში რუსული პრეპარატის
მორიგი პარტიის მოლოდინში არიან.

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ “დელტა” შტამი ხშირად ბავშვებშიც ვრცელდება.

თუმცა, ირკვევა ისიც, რომ აცრა მასწავლებლისთვის უნდა იყოს სავალდებულო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკლასო ოთახში ვერ შევა, რადგან “ბავშვებისგან შესაძლოა, მაღალი ვირუსული დატვირთვის წინაშე აღმოჩნდეს”.

როგორც მთავარმა ე.წ.სანიტარმა, ლიუდმილა სკორიკმა თქვა, სკოლებში ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის ყველა მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ყველა პედაგოგი – აცრილი.

მისი თქმით, არსებობენ მასწავლებლები, რომლებსაც არ ეტაპზე აცრა სამედიცინო კუთხით არ შეუძლიათ, მაგრამ ასეთი მასწავლებლები სამსახურებში ვერ დარჩებიან, რადგან ბავშვებისგან მომდინარე ვირუსული დატვირთვა იქნება მაღალი.

სკორიკის განცხადებით, “ვერ ვაიძულებთ ბავშვებს გაკვეთილებზე პირბადით ყოფნას”.

სანიტრის თქმით, პედაგოგების იმუნური სისტემის შემოწმება უკვე 15 სექტემბრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს დე ფაქტო ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ “რუსული ვაქცინის 100 ათასი დოზის მიღების განაცხადი რუსეთის მთავრობაში დევს”. მისივე თქმით, მოსკოვი სოხუმს ვაქცინას გადასცემს, თუმცა, ამის ზუსტი თარიღი უცნობია.

ამ განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა ის, რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილმა დე ფაქტო მთავრობას მიმართა, შემოიტანონ უცხოური პრეპარატებიც და ამისთვის მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის ჯანმო, გაერო და სხვა სტრუქტურები.

ანქვაბმა კი კატეგორიულად თქვა, რომ სხვა მწარმოებლების ვაქცინების შეტანის საკითხი არც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები