POLITICO: ანჯელინა ჯოლიმ უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში ვიზიტის შესახებ არ აცნობა

ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც 5 ოქტომბერს, „ომის მემკვიდრეობის ფონდთან“ ერთად უკრაინის ქალაქებს, ნიკოლაევსა და ხერსონს ეწვია, უკრაინის მთავრობას ვიზიტის შესახებ წინასწარ არ აცნობა,- ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ჯოლის სამოგზაურო ჯგუფის წევრს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ადგილობრივ სამხედროებთან ინციდენტი ჰქონდა. თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს ასევე განუცხადა, რომ ჯოლიმ უკრაინის მთავრობას ქვეყანაში ვიზიტის განზრახვის შესახებ არ აცნობა და რომ ის ფეხით შევიდა. თუმცა არ დაკონკრეტებულა, რომელი ქვეყნიდან შევიდა ის უკრაინაში.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ჯოლი შეხვდა სამედიცინო პერსონალს, ადგილობრივ მოსახლეობას და მოხალისეებს.

„ნიკოლაევისა და ხერსონის მოსახლეობა ყოველდღიურად საფრთხეში ცხოვრობს, მაგრამ ისინი არ ნებდებიან. თითქმის ოთხწლიანი კონფლიქტის შემდეგ, მათი დაღლილობა აშკარაა, მაგრამ ასევე აშკარაა მათი მონდომება. ოჯახებს სურთ უსაფრთხოება, მშვიდობა და ცხოვრების აღდგენის შანსი“, – აცხადებს ჯოლი.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჯოლი უკრაინაში უკვე იმყოფებოდა. 2022 წლის აპრილის ბოლოს ამერიკელი მსახიობი ლვოვს ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 2001 წლიდან გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის კეთილი ნების ელჩია, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვიზიტი უკრაინაში პირადი ხასიათის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები