11 აგვისტოს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 178-ე კილომეტრზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მშენებლობის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 11 აგვისტოს 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 1 საათში 15 წუთიანი ინტერვალით, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.