კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მეორე კვარტალში 4800 კონცენტრაცია განხორციელდა

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების შეუტყობინებლობის გამოვლენის მიზნით, სააგენტომ, 2021 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში, რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს 4795 შემთხვევაში – არ აკმაყოფილებდა, დარჩენილი 5 შემთხვევა – აკმაყოფილებდა, თუმცა 4 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში ექცევა.
რაც შეეხება 1 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში 2021 წლის 20 აპრილს განხორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ქეისზე – გარიგებაში მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო კონცენტრაციების კონტროლს ორფაზიანი სისტემის ფორმატში ახორციელებს – მარტივი და რთული.
კერძოდ, სააგენტო 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს – კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან.
საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში – ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები