ვახტანგ ხარჩილავა: უკვე დაწერილია სცენარი, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს ხმათა 43 პროცენტი
“შინაური თუ გარეული მართლაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების 43 პროცენტი ვერ აიღოს”, – ამის შესახებ “საერთო გაზეთის” მთავარი რედაქტორი, ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში კოალიციური მმართველობის პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან ბუნება და ხასიათი ამას ეწინააღმდეგება.
“მეგრულად “მიშელი” “შედის” ნიშნავს, ხოლო “მიშულა” “შესვლას”. რამდენი ხანია გვეუბნებიან “მიშელი”, “მიშელი”, მიშელი””! – მაგრამ პარლამენტში ბოლომდე ვერა და ვერ შევედით. ვერც ნატოში “მიშულას”, ანუ შესვლას დაადგა საშველი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველოდან გაქცეული მიშა სააკაშვილს არც “მიშულა” უნდა და არც “მიშელი”, მაგრამ მაინც არსად გვიშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ თურმე, კარი ყველგან ღია გვაქვს… აი ასეთ უბედურ დღეში ვართ და ამასობაში შარლ მიშელის დოკუმენტმაც მოგვისწრო. პარალელურად პარლამენტში ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა “შარლ მიშელის დოკუმენტის მხარდამჭერი ფრაქცია”. მოკლედ მოხდა ის, რას მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიას არ ახსოვს, – ვიღაც კერძო პირის სახელი დაარქვეს ფრაქციას. სხვათაშორის ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებიდან პირველად ლენინის ძეგლი საქართველოში დაიდგა…
დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად წერია – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდესო! ამ ლოგიკით, ჟორიკა რურუა და ნიკანორ მელია პოლიტპატიმრები არიან, უგულავაზე და ოქრუაშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვაცხადებ პირდაპირ – ვინც ჩვენ ამას გვეუბნება, სწორედ ის ამკვიდრებს საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.
საკმარისია ხელისუფლებამ ვინმე დაიჭიროს, მაშინვე მიანიჭებენ “პოლიტპატიმრის” სტატუსს… საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დამნაშავეების გირაოს თანხას ევროკავშირი იხდის.
ყველაზე სავალალო კი ის გახლავთ, რომ უკვე დაწერილია სცენარი, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს ხმათა 43 პროცენტი, რათა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შეიქმნას კოალიციური მთავრობა.
შინაური თუ გარეული მართლაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების 43 პროცენტი ვერ აიღოს… დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებაშიც” აღმოჩნდებიან ძალები, რომელებიც ამ პროცესს წაახალისებენ. ისე კი, ძალიან ცუდად უნდა იცნობდე საქართველოს, რომ აქ კოალიციური მთავრობის შექმნა მოინდომო. ეს არის საქართველოს დაღუპვისა და საბოლოოდ დაშლის გზა. საქართველოს ისტორიაში კოალიციური მმართველობის პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან ბუნება და ხასიათი ამას ეწინააღმდეგება. კოალიციური მთავრობა საქართველოში ბიუჯეტს დაამტკიცებს და მინისტრებს დანიშნავს? ეს იქნება გაუთავებელი ჩხუბის, აყალმაყალისა და დაპირისპირების მიზეზი, ხოლო ქვეყანა ამდენ რყევასა და ჯანჯღარს ვეღარ გაუძლებს. ამას დავუმატოთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო ატეხილი გეგმური აჟიოტაჟი.
პროცესებს, რომ ვაკვირდები კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს გაურკვეველი სქესის მქონე ტელევიზიები წინდაწინ ქმნიდნენ სასურველ ფონს, რათა ამერიკელი სენატორების თვალში საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ. დიახ, სწორედ ამას ემსახურებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დისკრედიტაცია. ასეთია სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მოქმედების სტილი, სწორედ ასეთი პროვოკაციული, ბინძური მეთოდებით ებრძვიან ისინი ქართულ სახელმწიფოს, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მათი სექტის ნაწილი არ არის. მათი მიზანია ჩვენი იდენტობის, ქართული ეროვნული ფესვების გადაჭრა და “ახალი ქართველის” შექმნა. გაიხსენეთ, როგორ მოუწოდა სააკაშვილმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკში შეყრილ ბავშვებს ბუჩქებში გადასულიყვნენ და ახლა ნინოწმინდის პანსიონზე ალაპარაკდნენ? ისე კი, ეს ომი ქართული ცნობიერებისა და საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ამ 30 წლის წინათ, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაამხეს. ამით საქართველოს დამოუკიდებლობაც დასრულდა და თავიდან გვაქვს მოსაპოვებელი. რაც შეეხება საქართველოს, მას ახლა კაცი ვერ გადაარჩენს, ის ღმერთმა უნდა გადაარჩინოს”, – განაცხადა ხარჩილავამ.